-
გიორგი ყიფიანი გაზეთი საქართველო #3 (2039) 22.10.2010 მასმედია და ტელევიზია თავისი შთამაგონებლობის გამო ზნეობრივი ნორმების ჩამოყალიბების უძლიერეს იარაღს წარმოადგენს. დღის ეთერში დასაშვებად მიჩნეული მასალა საზოგადოებრივი მორალის ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამიტომ მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ დღის სატელევიზიო ეთერი საოჯახო ჩვენებისთვისაა განკუთვნილი და გადაცემები მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც შესაფერისი უნდა იყოს. უხამსობისა და პორნოგრაფიის ტრანსლირება კი ღამის ეთერშიც აკრძალულია. განვითარებულ ქვეყნებში ამ წესების დარღვევა სოლიდური ფინანსური ჯარიმით ისჯება. ახლო ნათესავებთან ლესბოსური სექსი თუ ჯგუფური სექსი ცნობილ ადამიანებთან, პრეზერვატივის გამოყენების მოწოდებები და ტოტალიზატორების მისამართების რეკლამა - ამ თემების ანონსებსა და რეკლამებს თქვენ მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ ქვეყანაში – საქართველოში თუ ნახავთ მთავარი ტელეარხებით ყოველ 15 წუთში ერთხელ. რა განაპირობებს იმ სავალალო ვითარებას, რომ საქართველოში არც ტელეკომპანიები ერიდებიან დღის საათებში მცირეწლოვნებისთვის შეუფერებელი მასალის გადაცემას და არც მაყურებელთა აქტიური პროტესტი ისმის?
სულ რაღაც 20 წლის წინ ტრადიციული ქართული საზოგადოებისთვის ამ საკითხებს ტაბუ ჰქონდა დადებული და ტელეეკრანზე მათ განხილვას არავინ მოაწყობდა. ასეთ თემებზე საუბარი ბავშვებისა და ქალების თანდასწრებით ქართული ოჯახების უმრავლესობაში დღესაც მიუღებლად ითვლება.
რა შეიცვალა?
იქნებ ფიქრობთ, რომ საზღვარგარეთთან ახლო კონტაქტებმა ან დასავლური პროდუქციის შეუფერხებელმა ნაკადმა შეცვალა ქართული მენტალიტეტი? თუ, ფიქრობთ, რომ ევროპის ტრადიციულ ქვეყნებში, ან პურიტანულ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დაძლიეს საზოგადოებრივი მორალის ჩარჩოები და საქართველოც ამ გზას დაადგა?
საქართველოს ტელევიზიებმა უკვე ყველა ის ეთიკური ბარიერი გადალახეს, რომელთა დაცვაზე საზღვარგარეთ საზოგადოება გულმოდგინედ ზრუნავს. აშშ-ში ერთი ბილწი სიტყვაც კი საკმარისია, რომ მხატვრული ფილმი 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის შეუფერებლად ჩაითვალოს, რაც განაპირობებს დღის საათებში ამ ფილმის რეკლამის შეზღუდვას. ჩვენთან ბილწსიტყვაობა და გინება შეიძლება მთელი დღე გადაიცემებოდეს ახალი ამბების გამოშვებაშიც კი. საზღვარგარეთ ზოგიერთ არხზე პირდაპირ ტრანსლიაციაზე ხშირად ცენზურის გარკვეული ფორმაც კი არის დაწესებული და რეპორტაჟი 7 წამით გვიან გადაიცემა, რათა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის შეუფერებელი მასალა არ მოხვდეს სატელევიზიო ეთერში. მითუმეტეს, რომ ჯარიმა ასეთი დარღვევისათვის შეიძლება 325 ათას დოლარს აღწევდეს.
რამ განაპირობა ზნეობრივი ნორმების ასეთი სწრაფი ცვლილება საქართველოში? XX საუკუნის 90-იან წლებში სატელევიზიო ცენზურის შეწყვეტის შემდეგ, საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, რეგულირების ზემოთ აღნიშნული ფორმები 10 წლის განმავლობაში არ შემოუღიათ. მიზეზი, ალბათ, ტელეკომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნა იყო. ტელეკომპანიები ყოველგვარი კონტროლის გარეშე დღის სააათებში აჩვენებდნენ ისეთ ფილმებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ღამის ეთერში გასაშვებადაც კი აკრძალულია. თვითონ ტელეკომპანიები არავითარ ინიციატივას არ იჩენდნენ, რათა მოეხდინათ საზოგადოებრივი მორალის ნორმების ან მცირეწლოვანთა დაცვა მავნე ზემოქმედებისგან. ამან, რა თქმა უნდა, თავისი დაღი დაასვა მაყურებელთა გემოვნებას და ზნეობრივ კრიტერიუმებს. ის, რაც ადრე ტრადიციული მენტალიტეტისთვის მიუღებელი იყო, ახლა საჯაროდ გამოხატული პროტესტის გარეშე ჩაივლის და იშვიათად თუ ხდება მსჯელობის საგანი. ქართველი მაყურებელი უკვე ერიდება წინააღმდეგობის საჯაროდ გამოხატვას, შეგუებულია აზრს, რომ ტელევიზიის კომერციულ ინტერესებს საზოგადოებრივი ინტერესი უნდა შეეწიროს და აღარც ეწინააღმდება იმას, რაც სხვა ქვეყნებში აღშფოთებას იწვევს.
როდესაც 10 წლის შემდეგ, 2001 წელს ევროპის საბჭოს რეკომენდაციებისა და საზღვარგარეთული გამოცდილების საფუძველზე არასრულწლოვანთა მავნე ზემოქმედებისგან დაცვის კანონი შეიმუშავეს, არ შეუქმნიათ მისი ამოქმედების მექანიზმი. ამიტომ რამდენიმე წელიწადი ტელეეთერში ყოველგვარი რეგულირების გარეშე გადაიცემოდა ძალადობის, ბილწსიტყვაობის, სექსისა და ნარკოტიკების მოხმარების სცენები. ასევე საზღვარგარეთული გამოცდილების საფუძველზე უნდა დამკვიდრებულიყო 2003 წლიდან ახალი რეგულირების მოდელი საქართველოში, რაც გულისხმობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მაუწყებელთა დაჯარიმებას უხამსობისა და არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელი მასალების დღის საათებში ჩვენებისათვის. დარღვევის შემთხვევაში ტელეკომპანიას დეკლარაციაც უნდა გაეკეთებინა ამ დარღვევის შესახებ ეთერის საუკეთესო დროს. ეს ზნეობრივი და ასაკობრივი სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნებოდა. რეგულირების ამ სქემამ მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა, მაგრამ საზოგადოებას არც გაუგია ამის შესახებ, რადგან ტელეკომპანიები არ აწვდიდნენ მოქალაქეებს ინფორმაციას დარღვევათა განხილვის მიმდინარეობაზე.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე ტელეკომპანია დააჯარიმეს და ტელეკომპანიათა უმეტესობას მოუწია დღის ეთერის შესავსებად დამატებითი თანხების გაღება, 2005 წლიდან იწყება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მაუწყებლებისთვის ნაკლებ შემზღუდველი პირობების შექმნის მიზნით. დაჯარიმებულმა ტელეკომპანიებმა კი დარღვევის შესახებ დეკლარაციის ნაცვლად სრულიად საპირისპირო ინფორმაციები გაუშვეს ეთერში. კანონმდებლობაში ცვლილებები, უპირველესად, არასრულწლოვანთა მავნე ზემოქმედებისგან დაცვის კანონის შეჩერებაში გამოიხატა 2005 წელს სამაუწყებლო ქცევის კოდექსის მიღების საბაბით. შემდეგ გააუქმეს ცენტრი ახალგაზრდობის დეპარტამენტში, რომელიც მხატვრული ფილმების ასაკობრივ კლასიფიკაციას ახდენდა, ხოლო D2006 წელს არასრულწლოვანთა მავნე ზემოქმედებისგან დაცვის კანონიდან ტელე- და კინოჩვენების მარეგულირებელი მთელი თავი ამოიღეს, რის შედეგადაც კიდევ სამი წელი სატელევიზიო მაუწყებლობა რეგულირების გარეშე მოქმედებდა. კინოთეატრებში ასაკობრივი შეზღუდვები დღესაც გაუქმებულია. რა თქმა უნდა, ასეთი რეგულირების რეჟიმი ხელს აძლევს კინოთეატრებსაც და ტელევიზიებსაც.
2004 წლიდან კომუნიკაციების კომისია და ტელეკომპანიები ათობით საჩივარს იღებდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისაგან მაუწყებლობის კანონის დარღვევათა აღკვეთის და მაუწყებელთა ქცევის კოდექსში 2001 წელს მიღებული რეგულირების სქემის აღდგენის მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი საზოგადოებრივი აზრისA გაუთვალისწინებლად იქნა მიღებული 2009 წელს.
ამდენად, ევროპული რეგულირების მოდელი საქართველოში პრაქტიკულად რამდენიმე თვეში გაუქმდა. 2006 წელს კი საქართველოში უკვე არა მხოლოდ ჯარიმები გააუქმეს კანონის დარღვევისათვის, არამედ ტელეკომპანიის გადაცემის გასაჩივრებაც კი აიკრძალა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოში (მაუწყებლობის კანონის 59-ე პრიმა მუხლი). “იმედში” სპეციალური სამსახურების შეჭრა ტელეკომპანიებისთვის აბსოლუტური თავისუფლების უზრუნველსაყოფად გამოიყენეს. ვინმეს კიდევ რომ არ გაებედა ტელევიზიების შეუზღუდავი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მოქალაქეებს სასამართლოსთვის მიმართვა საერთოდ აუკრძალეს.
2009 წელს კომუნიკაციების კომისიამ სატელევიზიო გადაცემის გასაჩივრების იმიტაცია თვითონ ტელეკომპანიებში შექმნა: თქვენ შეგიძლიათ ესა თუ ის გადაცემა მხოლოდ ტელეკომპანიაში გაასაჩივროთ ორ ეტაპად: ტელეკომპანიაშივე ხდება საჩივრის შეტანა ეგრეთწოდებულ “თვითრეგულირების ორგანოში”, რომლის გადაწყვეტილება ისევე ტელეკომპანიასთან არსებულ სააპელაციო ორგანოში შეგიძლიათ გაასაჩივროთ. მაგრამ სააპელაციო საბჭო თქვენს საჩივარს, როგორც წესი, განუხილველად დატოვებს. მაუწყებლობის კანონის ამ “დემოკრატიულ” მექანიზმს აგვირგვინებს უკვე ხსენებული მუხლი, რომლის მიხედვით სააპელაციო ორგანოს პასუხს ვერსად გაასაჩივრებთ. საქართველოში ტელეკომპანიები უკვე სასამართლოს ყველა ინსტანციის _ სააპელაციო და უზენაესი ინსტანციების _ ფუნქციებს ითავსებენ (მალე ტელეკომპანიები, ალბათ, პროკურატურის ფუნქციასაც შეითავსებენ, რისი ნიშნებიც უკვე იკვეთება “კავკასიის” ინციდენტში).
გასაჩივრების ეს ანეგდოტური სქემა “თავისუფლების ინსტიტუტისა” და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი პროდუქტია და თვითრეგულირების უცხოური მოდელის პროფანაციას წარმოადგენს. საზღვარგარეთ სხვადასხვა ტელეკომპანიები ერთიანდებიან და ქმნიან დარგობრივ ერთობლივ თვითრეგულირების ორგანოებს საერთო წესებისა და ქცევის კოდექსის დასადგენად, საჩივრების განსახილველად. საქართველოში თვითრეგულირება კი ასე წარმოუდგენიათ -ს თვითონ ტელევიზიის თანამშრომლებმა ორგანიზაციის შიგნით უნდა შექმნან ახალი ორგანო საჩივრების განსახილველად. რეალურად ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიას შეუძლია, რაც მოეხასიათება, ის გაუშვას ეთერში. მაგალითად, დღის საათებში განათავსოს გადაცემა ტრანსსექსუალი მეძავის საქმიანობის ინტიმურ დეტალებზე (“სიმართლის დრო”) და საბავშვო გადაცემებისთვის საუკეთესო დროს – მულტფილმი მარიხუანისა და მეძავების ფასებით (“სამსონაძეები” – ტელეკომპანია “იმედი”). თქვენ შეგიძლიათ წეროთ საჩივრები, ტელეკომპანია მაინც გააგრძელებს თავის “განმანათლებლურ საქმიანობას”, რადგან “იმედთან” არსებული სააპელაციო ორგანო ამ გადაცემებს მცირეწლოვანებისთვის შესაფერისად მიიჩნევს და ყველა საჩივარს განუხილველად დატოვებს. კიდევ უფრო ანეგდოტურია, რომ მაუწყებელი თვითონვე ჩაატარებს წელიწადში ერთხელ თავისივე თვითრეგულირების სისტემის აუდიტს და კომუნიკაციების კომისიას მისწერს, სულ რამდენი საჩივარია შემოსული. მოკლედ, დემოკრატიისა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ეტალონი უკვე შექმნილია და ისღა დაგვრჩენია, სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ გამოცდილება!
როგორც ვხედავთ, თითქმის ორმა ათეულმა წელმა საქართველოში ისე ჩაიარა, რომ სატელევიზიო ეთერში პრაქტიკულად რეგულირება არ ხდებოდა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი 4 წლის მანძილზე განიხილებოდა, რადგან კომუნიკაციების კომისიას არ სურდა დაინტერესებული საზოგადოების, მათ შორის, საპატრიარქოს, ელემენტარული მოთხოვნების გათვალისწინება. ტელეკომპანიები ამასთანავე ცდილობდნენ, მინიმალურად გაეშუქებინათ ეს თემა, მაყურებლებს არ სთავაზობდნენ ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ და არცერთ ტელეკომპანიას არ მოუწყვია ამ კოდექსის განხილვა. ამ 2 ათეული წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა, საჯაროდ გამართულიყო მაუწყებლობის სფეროში ზნეობრივი ნორმების დაცვაზე დისკუსია, საგულდაგულოდ იქნა აცილებული.
საბოლოოდ, 2009 წელს მიღებულმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსმა საქართველოს სატელევიზიო ეთერში პრაქტიკულად ახალი ზნეობრივი სტანდარტები დაამკვიდრა. ამ კოდექსის მიხედვით, შიშველ სხეულად ადამიანის სხეული მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, თუ სასქესო ორგანოები ან/და ქალის მკერდი სექსუალურ კონტექსტშია;. ეს “წინსვლა” ასევე “თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელობის დამსახურებაა (2001 წლის კრიტერიუმებში შიშველი სხეულის განმარტება მოიცავდა იგივე სტანდარტებს, რაც მსოფლიოშია აღიარებული და არ იყო აუცილებელი სექსუალური კონტექსტი). ამ კოდექსით ასევე ნებადართულია დღის საათებში გვამების, დაჭრილთა წამების, თვითმკვლელობის, სიკვდილით დასჯისა და ძალადობის 15 წამის ხანგრძლივობის სცენების თავისუფლად ჩვენება (45-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) და ზ) ქვეპუნქტები, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ფსიქოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ძალადობის ასეთმა მოზღვავებამ სხვისი ტანჯვისადმი მგრძნობელობის დაქვეითება და ახალგაზრდობაში სისასტიკის ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს.
ანტიკონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში _ სასამართლოში მიმართვის აკრძალვა _ არ გააპროტესტა არც სახალხო დამცველის აპარატმა და არც ადამიანის უფლებათა დამცველმა სხვა ორგანიზაციამ, რომლებიც ამ სფეროში თავის დროზე უხვი საგრანტო დაფინანსების ასათვისებლად შეიქმნა. მეტიც, საქართველოში სასამართლოში მიმართვის ანტიკონსტიტუციურ აკრძალვას სახელისუფლო პრეს-ცენტრი საზღვარგარეთ რეკლამას უკეთებდა, როგორც ევროპაში მაუწყებლობისთვის ყველაზე დემოკრატიული გარემოს შექმნის მაგალითს.
ანტიკონსტიტუციური აკრძალვა მხოლოდ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გააპროტესტა კანონში ცვლილების მიღებიდან რამდენიმე თვეში. სარჩელის განხილვა 2007 წლის 4 ივნისს უნდა დაწყებულიყო და 10 თვეში დამთავრებულიყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში გადაიტანეს და ბოლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში იქნა გამოტანილი. საბოლოოდ, საქართველოს კონსტიტუციურმა სასამართლომ მას-მედიაში მხოლოდ უხამსობასთან დაკავშირებული საჩივრის აკრძალვა მიიჩნია არაკონსტიტუციურად და გააუქმა პარლამენტის გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ნაწილში. რაც შეეხება ტელეეკრანზე ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამებთან დაკავშირებულ აკრძალვას, ის ისევ მოხსნილი უნდა დარჩეს, რადგან კონსტიტუციური სასამართლოს წევრების აზრით, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ევროპული კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ აწესებს ზნეობის საკითხებთან დაკავშირებით. ქვევით ვნახავთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ საკითხზე სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს და მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მორალის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს.
ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო უფრო შორს მიდის და თვლის, რომ საქართველოში ზნეობის ნორმების დადგენაც სირთულეს წარმოადგენს: “ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა – არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას” (გადაწყვეტილება საქმეზე 421, 422, გვ.17; http://www.constcourt.ge/act_files/421.422.doc. სინამდვილეში კი ჩვენ ვხედავთ,. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტებს “თავისუფლების ინსტიტუტის” შიშით უძნელდებათ გაარჩიონ, რა რეკომენდაციებს ადგენს სტრასბურგის სასამართლო თუ ევროსაბჭო. რაც მთავარია, იმის გარკვევაც კი აღარ შეუძლიათ, თუ რა ითვლება უზნეობად ჩვენს საზოგადოებაში. ეტყობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უკვე განთავისუფლდა საზოგადოებრივი მორალის შემზღუდველი არტახებისაგან, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოში ზნეობრივ სტანდარტებზე მსჯელობა ისევ დასაშვებია, რადგან ცალკეული შტატისთვის შეიძლება განსხვავებული ზნეობრივი ნორმა დადგინდეს. ყოველ შემთხვევაში, იქ ჯერ-ჯერობით თავში არავის მოსდის, სასამართლოში მიმართვის ან რაიმე საკითხზე მსჯელობის აკრძალვა დააწესოს. საზღვარგარეთ ხშირ შემთხვევაში სწორედ სასამართლოში გრძელდება პროცესები მაუწყებლობისას ზნეობის ნორმების დარღვევაზე, რაც დასავლეთის განვითარებულ დემოკრატიებში განაპირობებს ზნეობრივი კრიტერიუმების მუდმივ დაზუსტებას, განმარტებასა და განახლებას.
როგორც ვხედავთ, სასამართლოში მიმართვის აკრძალვამ და საზოგადოებრივი ეთიკის ნორმებზე სასამართლოში მსჯელობის დაუშვებლად მიჩნევამ, ფაქტიურად მოშალა ზნეობრივი ნორმების განახლების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. ამ ვითარებაში, როდესაც სატელევიზიო ეთერშიც ბლოკირებულია ზნეობის თემებზე დისკუსია, სულ უფრო ადვილი ხდება ახალი ზნეობრივი სტანდარტების შთაგონება ახალგაზრდებისთვის.
ასეთ სიტუაციაში ჩვენი ტელევიზიები უკვე წინააღმდეგობის გარეშე ტრადიციად ამკვიდრებენ სექსის “კულტურის” პროპაგანდას პრეზერვატივების, ინტიმური ტელეფონებისა და პორნოსაიტების დანიშნულების განხილვით მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემებში (საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები 2007-2009 წლებში “კედელი” და “მოკლე ჩართვა”), რაც წარმოუდგენელია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. როდესაც ბავშვი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პატარობიდანვე, ყოველ 15 წუთში ერთხელ ხედავს ნახატი ფილმის გმირს – პრეზერვატივ “შიცო”-ს, რომელიც მოუწოდებს “მომირგე და იმოქმედე”, ეს, რა თქმა უნდა, ნაადრევი სექსუალური აქტიობისკენ ბიძგია, რადგან ბავშვისთვის ნახატი ფილმითა და მუსიკით მიწოდებული თემა ყველაზე კარგი რეკლამაა. ქვეყნის ხელისუფლების მიდგომა ასეთი თემებისადმი უკვე დიდი ხანია გამოკვეთილია: უკვე 10 წელია ყოველწლიურად ათასობით ლარი იხარჯება სწორედ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაზე, რომელიც საზღვარგარეთული ფონდებისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მხარდაჭერილი. საზღვარგარეთული ფონდების დაფინანსების პრიორიტეტებიც სწორედ ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. რუსეთში, პირიქით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მითითებას აძლევს USAID-ს, რომ არ მოახდინოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გავრცელებისა და სექსუალურ უმცირესობათა მხარდამჭერ პროექტთა დაფინანსება, რადგან რუსეთში ასეთი პროგრამების წახალისება გარკვეული ჯგუფების პროტესტს იწვევს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო და თვით უწმინდესი და უნეტარესი ილია II უკვე რამდენიმე წელია თხოვნით მიმართავენ ხელისუფლებას და ტელეკომპანიებს, საერთაშორისო სტანდარტებს დაუქვემდებარონ მდგომარეობა ქართულ ტელეეკრანზე. ერთერთი ქადაგების დროს ილია II-მ ისიც აღნიშნა, რომ “ისეთი უზნეობა, რომელიც დღეს საქართველოში ინერგება – არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება. ამაშიც პირველები ვართ!” (საპატრიარქოს უწყებანი, #10, 14 მარტი, 2010, გვ.3)
მას შემდეგ, რაც “კვირის პალიტრის” 29 მარტის ნომერში (# 13) გამოქვეყნდა ჩვენი სტატია “უზნეობისა და ძალადობის პროპაგანდა ქართული ტელევიზიით?!”, ტელეკომპანიებმა “სექსუალური რევოლუციის” ფრონტზე კიდევ რამდენიმე გარღვევა მოახდინეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდნენ: ტელეკომპანია “მზემ” მოზარდებისათვის განკუთვნილ გადაცემაში “ჩვენი ექსპრესი” 30 აპრილს პორნოგრაფიიის (ავტორის ე.დეისაძისავე განსაზღვრებით) რჩეული ნაწყვეტები მოზარდებს შესთავაზა, როგორც ორიგინალური, აქტუალური და ჭეშმარიტი ქართველისთვის აუცილებლად წასაკითხი ნაწარმოები. ტელეკომპანია “იმედმა” მაყურებელს გადაცემა “სიმართლის დროს” ანონსებში ახლო ნათესავებთან ლესბოსურ სექსსა და 15 წლის გოგოებთან ორგიების შესახებ შეკითხვები შესთავაზა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებისათვის განკუთვნილ გადაცემაში “ჩვენი ექსპრესი” ე.დეისაძის წიგნის წასაკითხად რეკომენდაციას გადაცემის არასრულწლოვანი წამყვანები იძლეოდნენ, რაც ფაქტიურად სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე პრიმა მუხლის დარღვევაა (არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიის რეკლამირებაში ამ მუხლით გათვალისწინებული და დასჯადი ქმედებაა).
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის პროტესტის გააქტიურება სწორედ ამ ტელეგადაცემისა და ინტერნეტში განთავსებულ სიუჟეტში აშკარად მკრეხელური სათაურის მქონე (ყველა მორწმუნე ადამიანისთვის უხამსი ანალოგია საიდუმლო სერობასთან) და პორნოგრაფიული შინაარსის წიგნის რეკლამამ გამოიწვია. ტელეკომპანია `კავკასიის~ გადაცემაში `ბარიერი~ ისინი სწორედ ამ საკითხის აქცენტირებას აპირებდნენ. არადა მას-მედიაში ხშირად შეხვდებით თვალსაზრისს, თითქოს მშობელთა კავშირის მთავარი მოთხოვნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და წიგნის წაკითხვის აკრძალვა იყო. თუ თვითონ წიგნის ავტორი დეისაძე თვლის, რომ მოზარდებს მის წიგნში დაამახსოვრდებათ მხოლოდ პორნოგრაფია და სექსი, ამასთან “მწერალს” თავის მკითხველად 15 წლის გოგოები წარმოუდგენია, რომლებიც მასთან სექსუალურ ურთიერთობას დათანხმდებიან მშობლების დაუკითხავად (7 ივნისის გადაცემა “სიმართლის დრო”), რა გასაკვირია, რომ საზოგადოებას პროტესტი გასჩენოდა საბავშვო გადაცემაში მკრეხელური და პორნოგრაფიული ნაწარმოების ასეთ თავხედურ პროპაგანდაზე!
პირველი საჯარო კონფლიქტი და დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან 4 მაისს შედგა. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია “მზეში” საჩივარი მოთხოვნით, არ მომხდარიყო ეთერში 30 აპრილის “ჩვენი ექსპრესის” გადაცემის გამეორება და ინტერნეტის გვერდიდანაც მოხსნილიყო სიუჟეტი პორნოგრაფიულ წიგნზე, 5 მაისს შევიდა. მაგრამ გადაცემა ისევ გაიმეორეს 4 და 6 მაისს. ინტერნეტში დღესაც ნახავთ ამ გადაცემას სხვა, მოზარდებისთვის შეუფერებელ სიუჟეტებთან ერთად: “სატანისტი”, “ლგბტ ჟურნალი “მე”, “თბილისელი გოგო ირჩევს… გოგოს”, “პატრიარქი” (იხილე http://blog.teentv.ge შენიშვნა: ტეენტვ მოზარდების ტელევიზიას ნიშნავს). 10 მაისს საჩივარი კომუნიკაციების კომისიაშიც შევიდა, მაგრამ დღემდე არც საჩივარი განუხილავს და არც რეაგირება მოუხდენია ისეთ მძიმე დარღვევაზე, როგორიც მოზარდებისთვის პორნოგრაფიის რეკლამაა.
როგორც ვხედავთ, 7 მაისისთვის უკვე აშკარა იყო უნივერსიტეტისა (განათლების სამინისტროს) და ტელეკომპანიის უპასუხისმგებლო და კონფრონტაციული მიდგომა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შესაძლო შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი მორალის ნორმების უგულვებელყოფის მიმართ. ფაქტიურად, მათ მოქმედებაში საზოგადოება ხელისუფლების ნებას ხედავდა, რაც კიდევ უფრო ამწვავებდა დაპირისპირებას.
საგულისხმოა, რომ 7 მაისს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა, იგრძნეს რა კონფლიქტის სიმწვავე და მოსალოდნელი პროვოკაციის დიდი ალბათობა, საპროტესტო აქცია, ექსცესების აცილების მიზნით, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან განათლების სამინისტროსთან გადაიტანეს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სპიკერმა ლევან ჩაჩუამ “კავკასიის” ინციდენტამდე ორი დღით ადრე რადიო “ობიექტივის” ეთერში ისაუბრა ტელევიზიითა და ინტერნეტით გადაცემული პორნოგრაფიული წიგნის რეკლამაზე. ამ ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი ყველასათვის ხელმისაწვდომია საიტზე http://www.obiektivi.net/ (იხილე 5 მაისის ვიდეო) და ამავე რადიოს გაზეთში. ლ.ჩაჩუა აპირებდა იგივე თემაზე ესაუბრა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერშიც, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან გადაცემის წამყვანმა სიტყვა არ მისცა და მოგვიანებით ამ გადაცემისას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის გამო დააპატიმრეს. ისმის კითხვა _ თუ ლევან ჩაჩუა ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ერთ რადიოს, რატომ უნდა ნდომოდა მას ინფორმაციის მეორე საშუალების _ “კავკასიის” – ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მით-უმეტეს მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში დეისაძის წიგნის პრეზენტაციის დამცველებმა გადაცემის შუაშივე დემონსტრატიულად დატოვეს სტუდია? ტელეეკრანზეც ჩანდა, რომ პირადად ლ.ჩაჩუას მხოლოდ რამდენიმე რეპლიკის გამოთქმის საშუალება ჰქონდა, მაგრამ მას ესეც კი არ გაუპროტესტებია, არცერთი ოპერატორისთვის ხელი არ შეუშლია და სტუდია მხოლოდ მაშინ დატოვა, როდესაც მასთან ერთად მიწვეული სხვა სტუმრები სცემეს და გადაცემის ჩაშლის ბრალდებით დააკავეს. ვიდეოჩანაწერებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ სტუდიის გარეთ დაწყებულ კონფლიქტში პოლიციის თანამშრომლები არ ერევიან, ისინი არც სტუდიის დაცვას ცდილობენ უცხო პირთაგან. გადაცემაში მიწვეული სტუმრები კი ფაქტიურად სტუდიის გარეთ პროვოცირებული კონფლიქტის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, რომელიც უცხო პირებმა წამოიწყეს.
საყურადღებოა თვითონ ტელეკომპანია “კავკასიის” მიდგომა მცირეწლოვანთა მავნე ზემოქმედებისგან დაცვის პრობლემასა და სამაუწყებლო კოდექსის განხილვის მიმდინარეობასთან. 4 წლის განმავლობაში “კავკასია”, ისევე როგორც სხვა ტელეკომპანიები საქართველოში, ცდილობდა მინიმალურად გაეშუქებინა ეს საკითხი. “კავკასიის” დირექტორი აცხადებდა ტელეეთერში, რომ, ფსიქოლოგთა უმეტესობის აზრით, ძალადობა ეკრანზე არ ახდენს მავნე ზეგავლენას, თუმცა საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევა სრულიად საპირისპირო შედეგს აჩვენებს. ამ არხზე ხშირია ისეთი მუსიკალური კლიპების დემონსტრირება, რომლებიც უხამსი და შეუფერებელია დღის საათებში დემონსტრირებისთვის.
საპატრიარქომ და უწმიდესმა სინოდმა ბოლო წლების განმავლობაში, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის განხილვის დროსაც, არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, გაეთვალისწინებინათ საზღვარგარეთული გამოცდილება სამაუწყებლო სფეროში. ეს მიმართვები, პრაქტიკულად, გაუთვალისწინებელი დარჩა. საპატრიარქოს ბოლოდროინდელი ინიციატივა, _ რომ დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა რელიგიური გრძნობების დაცვასთან დაკავშირებით, _ სწორედ ზემოთაღნიშნული ვითარებით არის განპირობებული.
“კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის წინმსწრები მოვლენების განხილვა ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის კონტექსტში საკმაოდ კარგად მეტყველებს ქართული კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო სტრასბურგში, რომლის გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს სასამართლოში, სპეციალურად და ხაზგასმით მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი მორალის და რელიგიური გრძნობების დაცვა შეურაცხყოფისგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესია, რომლის გამოც უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე პრეცედენტი, – კერძოდ, ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ წიგნის Little Red School Book akrZalva (Handyside v. United Kingdom, 1976), ნამუშევრების კონფისკაცია და ხელოვანის დაჯარიმება უხამსი პუბლიკაციებისათვის (Mьლლერ ვ შწიტზერლანდ, 1988), ავსტრიის ხელისუფლების მიერ კერძო კინოთეატრში ფილმის ჩვენების აკრძალვა და კონფისკაცია იმ მიზეზით, რომ ის კათოლიკეთათვის შეურაცხმყოფელი შეიძლება ყოფილიყო და რელიგიური ომის პროვოცირება მოეხდინა ინსბრუკში (OტტოPრემინგერ Iნსტიტუტე ვ Aუსტრია, 1994), ინგლისში ფილმისთვის დემონსტრაციის უფლების აკრძალვა, რადგან ქრისტიანებს ის შეიძლება მკრეხელობად ჩაეთვალათ (ჭინგროვე ვ თჰე Uნიტედ Kინგდომ, 1996) – ადასტურებს, რომ ევროპის სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებაში დაპირისპირების აცილების მიზნით, მორალისა და წესრიგის დასაცავად ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
უნივერსიტეტში დეისაძის წიგნის პრეზენტაცია 15 აპრილს უკვე ქმნიდა იმ სიტუაციას, როდესაც საზოგადოების ნაწილს შეეძლო გაეპროტესტებინა სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი და მორალური სტანდარტებისადმი შეუფერებელი წიგნის წარდგენა. როგორც ვნახეთ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლება საზოგადოებაში დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ახდენს მსგავსი პროდუქციის კონფისკაციას. ჩვენს შემთხვევაშიც ხელისუფლებას (განათლების სამინისტროს) ან უნივერსიტეტის რექტორატს შეეძლოთ განემუხტათ სიტუაცია უნივერსიტეტში წიგნის მხარდამჭერი აქციისადმი უარყოფითი ან ნეიტრალური პოზიციის გამოხატვით. მაგრამ მათ ეს პრეზენტაცია გამოხატვის თავისუფლებასთან გააიგივეს და შემდეგ წიგნის აქტიური მხარდაჭერის და მოწინააღმდეგეებთან კონფრონტაციის გზა არჩიეს, რაც “კავკასიის” გადაცემა “ბარიერშიც” გამოჩნდა. მაგალითად, მედია-ექსპერტ ზ.ქორიძეს მიაჩნია, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორატის ასეთი მოქმედების მიზანი შეიძლება ქართული საზოგადოების პროვოცირება ყოფილიყო (http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=1982).
საზოგადოებაში დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა 15 აპრილის პრეზენტაციის შემდეგ წიგნის შესახებ სახოტბო სიუჟეტის განთავსებამ INთEღNEჭშ-ის მიერ მოზარდებისათვის განკუთვნილ საიტზე ინტერნეტში და 30 აპრილს ტელეკომპანია “მზის” მოზარდებისათვის განკუთვნილ გადაცემაში მცირეწლოვნებისთვის ადვილად მისაწვდომ დროს – 19 სააათსა და 30 წუთზე. ის, რომ სააგენტო INTERNEWS დღესაც განათავსებს სიუჟეტს დეისაძის წიგნის შესახებ ინტერნეტში, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოების გარკვეული წრეები ისევ პროვოცირების პოლიტიკას აგრძელებენ ნაცვლად იმისა, რომ ეხლა მაინც აღკვეთონ დაპირისპირების წყარო. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში შესაბამისი კანონისა და სამართლიანი სასამართლოს არსებობა აუცილებელია საზოგადოებაში რელიგიური შეურაცხყოფის აღკვეთისა და დაპირისპირების აცილების მიზნით.
ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ თუ დასავლეთში მაუწყებელთა კომერციულ ინტერესებთან დაპირისპირებაში საზოგადოებრივი ინტერესები დაბალანსებულია, საქართველოში საქმე პირიქითაა, ტელეკომპანიების პრიორიტეტი კანონმდებლობაში ყოველწლიურად იზრდება მედიისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების საბაბით. საზღვარგარეთ მოქალაქეთა მედიის რეგულირებაში მონაწილეობის სხვადასხვა მექანიზმი იქმნება, იზრდება ჯარიმები სატელევიზიო ეკრანზე ზნეობრივი ნორმების დარღვევისთვის, ჩვენთან, პირიქით, მოქალაქეს მაუწყებლობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას კანონის ძალით(!) ართმევენ და ამას საკონსტიტუციო სასამართლოც ადასტურებს. ეს კი ქართული სამართალმცოდნეობის ღრმა კრიზისზე მიუთითებს.
მიმდინარე წელს ტელეკომპანია “იმედსა” და კომუნიკაციების კომისიას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ათობით საჩივარი აქვს მიღებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ურიცხვ დარღვევაზე, რადგან ჯარიმების არარსებობის გამო ტელეკომპანიები არ იცავენ წესებს. სამწუხაროდ, არც ამ დარღვევათა განხილვა ხდება და არც მათზე რეაგირება.
საყურადღებოა, რომ ტელეკომპანიების შემოსავალი 2005 წლიდან სამჯერ გაიზარდა და 30-დან 90 მილიონ ლარს მიაღწია. შესაბამისად გაიზარდა კომუნიკაციების კომისიის შემოსავალიც. ეს შემოსავლები ჩვენი საერთო საკუთრების _ სიხშირის _ ექსპლუატაციის ხარჯზე მიიღება, ამიტომ, ჩვენ, ტელემაყურებლებს, არ უნდა წაგვართვან უფლება, მოვითხოვოთ ჩვენი ინტერესების გათვალისწინება, მითუმეტეს, რომ მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოები სხვა ქვეყნებში, რომელთა ანალოგიითაც შეიქმნა საქართველოში კომუნიკაციების კომისია, მოიცავს მომხმარებელთა საბჭოს და ითვალისწინებს მისი საქმიანობის დაფინანსებას; მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც შესაბამისად ორი მხარის – საზოგადოებისა და მაუწყებელთა – ინტერესების დაბალანსების მიზნით უნდა შექმნილიყო. მაგრამ, როგორც დავრწმუნდით. საქართველოს მაუწყებლობაში საზოგადოების მომხმარებელთა ინტერესები ფაქტიურად უკვე საკანონმდებლო დონეზეა იგნორირებული.
როგორც ვხედავთ, საქართველოში უკვე საქმე ისეა, რომ, თუ ვინმე მკრეხელური ნაწარმოების სასწავლო დაწესებულებაში ან საბავშვო გადაცემაში პორნოგრაფიული წიგნის რეკლამას საჯაროდ გააპროტესტებს, მის ქცევას რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის დამღას მიაკერებენ. ან კი რაა გასაკვირი, თუ კანონი სასამართლოში მიმართვას კრძალავს! ბუნებრივია, ვინც ამას გააპროტესტებს, კანონს ეწინააღმდეგება და, რა თქმა უნდა, ექსტრემისტი და რადიკალია, რადგან არ უნდა, რომ მორჩილად დაელოდოს 2 თვე თავის საჩივარზე უარყოფით პასუხს. “კავკასიის” ინციდენტი მოგვაგონებს სიტუაციას, როდესაც საბჭოთა კავშირში მორწმუნეებს და განსხვავებულად მოაზროვნეებს ფსიქიატრიულ სააავადმყოფოებსა და ციხეებში ამწყვდევდნენ.
საყურადღებოა, რომ საინფორმაციო სააგენტოთა და ექსპერტთა ნაწილი საპატრიარქოს ინიციატივას გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაც არასწორად ესმით. სააგენტო წწწ.მედია.გე-ს ცნობით, ბექა მინდიაშვილს საპატრიარქოს მიერ კანონის მიღების მოთხოვნა უხამსობისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ცენზურის დაწესებად მიაჩნია (№1129 – 16 მაისი, 2010). მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს საზოგადოების უმრავლესობისთვის რელიგიურად და მორალურად მიუღებელი აზრის გავრცელებას. მინდიაშვილს ავიწყდება, რომ ესა თუ ის აზრი მორწმუნისთვის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს და პროპაგანდის სახეს არ უნდა ატარებდეს (როგორც დეისაძის წიგნის შემთხვევაში). ამავე სააგენტოს ცნობით, მედია ექსპერტი ზ.ქორიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მოთხოვნა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, რადგან რთული შესაფასებელია, რა არის უხამსობა. მისი აზრით, კანონით უხამსობის აკრძალვა ადამიანების დევნის დაწესებას ნიშნავს. როგორც ვხედავთ, ამ ექსპერტთა მიდგომა იმეორებს “თავისუფლების ინსტიტუტის” კონცეფციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში შეუძლებელია მორალის ნორმების დადგენა. როგორც ჩანს, ამ ექსპერტისთვის უცნობია, რომ საქართველოს მაუწყებლობის კანონი უკვე შეიცავს უხამსობის აკრძალვას და მას განმარტავს, როგორც ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ამდენად, აშკარა ხდება, რომ ამ ავტორებს აღარ სურთ საზოგადოების უმრავლესობის მიერ დადგენილი ნორმები ანგარიშგაწევის საგნად ჩათვალონ!
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული წრეები დაინტერესებულნი არიან, “კავკასიის” ინციდენტის გაცილებით უფრო მძიმე სურათი დახატონ – პროვოცირებული კონფლიქტი მართლმადიდებლების აგრესიულობით ახსნან და ამ გზით გაამართლონ მორწმუნეთა სამართლებრივი დევნა. ძირითადად რუსული სააგენტოები ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მშობელთა კავშირის ექსტრემისტებმა წიგნის ავტორი დეისაძე და ტელეკომპანიის ხელმძღვანელი გადაცემის დროს სცემეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება.
საქართველოში ხელოვნურად გამოწვეული ზნეობრივი დეგრადაციის პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება. ამის დასტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სადისკუსიო გადაცემა “აუდიტორიაში” “ექსპერტების” მიერ გადაცემა “სიმართლის დროს” ქება-დიდება, როდესაც იქ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მეძავთა ბენეფისი იმართება.
როგორც ვხედავთ, საზოგადოებაში დაპირისპირების სერიოზული საფრთხე იქმნება, გამოსავალი კი მხოლოდ ერთია: აღდგენილ იქნეს სამაუწყებლო კანონმდებლობა და პრაქტიკა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით იყო შექმნილი. რაც მთავარია, `კავკასიის~ ინციდენტზე სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს წინმსწრებ მოვლენათა გათვალისწინებით სტრასბურგის სასამართლოს მიდგომის კონტექსტში, რაც მოვლენათა განვითარებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას თვალნათლივ წარმოაჩენს. ახლა კი ხელისუფლება მორწმუნეთა სამაგალითო დასჯას აპირებს მხოლოდ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებიც მიუთითებენ, რომ მშობელთა კავშირის წევრები აგრესიულად იქცეოდნენ, მაგრამ კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ ასახელებენ. თვალსაჩინოა, რომ ამ ინციდენტს წინ წლების განმავლობაში საზოგადოებრივი ინტერესებისა და კონსტიტუციური ნორმების აბსოლუტური უგულებელყოფა უძღოდა, რასაც სატელევიზიო ეთერში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი ნორმების უხეში დარღვევა დაერთო. ეს კი სრულიად ბუნებრივად გამოიწვევდა და კიდევ გამოიწვევს მწვავე დაპირისპირებას საზოგადოებაში. ამდენად, თუ გვსურს კონფრონტაციის შემცირება, უმჯობესია კონფლიქტის ყველა პირველადი მიზეზი მოიხსნას; პირველ რიგში, კი პროვოცირებული დაპირისპირების შედეგად დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანები უნდა განთავისუფლდნენ, რაც საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნდობას აღადგენს.
P.შ. ეს სტატია სასამართლო პროცესის დასრულებამდე დაიწერა. პროცესზე დაზარალებულებმა აქუბარდიამ და გეგეჭკორმა მიუთითეს, რომ 8 განსასჯელს მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და, რომ მათ მიმართ არა აქვთ პრეტენზიები, ხოლო “კავკასიის” ჟურნალისტებმა აჩვენეს, რომ მათი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელი არავის შეუშლია. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ რვავე განსასჯელს, უდანაშაულო ადამიანებს, 4,5 წელი მიუსაჯა.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 4 მაისს ახალგაზრდების ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან დაპირისპირების გამო და იმ 8 განსასჯელიდან ორს მალე დამატებით კიდევ 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
როგორც ვხედავთ, ზნეობრივი ნორმების ცვლილებას ფართო საზოგადოება უკვე შეგუებულია საინფორმაციო ბლოკადის გამო (ამ სტატიაში გადმოცემული ფაქტების გახმაურებაზე უარს ამბობენ ტელეკომპანიები და დიდი ტირაჟის გაზეთები). რამდენიმე ადამიანი, ვინც ხმას იმაღლებდა და ჯერ კიდევ აპროტესტებდა უზნეობას ტელეეკრანზე, უკვე ციხეში იმყოფება. ასე რომ, საქართველოში უზნეობის პროპაგანდა უკვე ხელისუფლების, პროკურატურისა და მას-მედიის ხელშეწყობით მიმდინარეობს.
გიორგი ყიფიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოციირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
გაზეთი საქართველო #3 (2039) 22.10.2010
ზნეობრივი ნორმების ცვლილება ქართულ კანონმდებლობაში და… `კავკასიის ინციდენტის მიზეზები
February 27th, 2014 shalva chkhaidze