NEWS.GE 25 თებერვალი
“თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დაახლოებით 13.000 ადამიანი მუშაობს. მოხელეთა ეს რაოდენობა აშკარად ხელოვნურად არის გაზრდილი ფუნქციების დუბლირების, საარჩევნო სტაფისა და ერთგული პარტიული ფუნქციონერების დასაქმების ხარჯზე,” ამის შესახებ “სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავდ ამისა, მას გაუმართლებლად და აშკარად ანტიკონსტიტუციურად მიაჩნია პარლამენტის მიერ 5 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.
,,ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დარღვევა და მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ იმის წინაპირობის შექმნა, რომ, ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ, პირადი სიმპათიის მიხედვით დააკომპლექტოს თბილისის თვითმმართველობის სტუქტურებში ხელოვნურად გაჩენილი 13.000 ვაკანსია.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით განაგრძობს ,,ნაციონალური მოძრაობის” პრაქტიკას და მშვენივრად ირგებს საკუთარ თავზე იმ მახინჯ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. როგორც ჩან, მართლდება ჩვენი პროგნოზი და მმართველი კოალიციის საარჩევნო ლოზუნგი იქნება _ „დავასაქმებთ მხოლოდ ჩვენიანებს!“ – განაცხადა გოგი ლორთქიფანიძემ.