NEWS.GE 25 თებერვალი
“სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძეს, მიაჩნია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება. მისი თქმით, ეს ოკუპაცია გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ რუსეთს ფიზიკურად აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, არამედ, უფრო მეტად იმაში, რომ ის სახელმწიფოებრივი სისტემა და მენტალიტეტი, რაც მოიტანა ამ ოკუპაციამ, დღემდე უცვლელი რჩება.
„მიუხედავად ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაცხადებული ევროპული არჩევნისა, სახელმწიფოს მართვის სისტემა რჩება ძველი – საბჭოთა-ბოლშევიკური. დღემდე მოქმედებაშია ერთ მმართველ ძალაზე მორგებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკური ძალების ჯანსაღ კონკურენციას და რომელშიც მინიმუმამდეა დაყვანილი მოქალაქეთა უფლება, აქტიურად იყვნენ ჩართულნი თავისი ქვეყნის მართვაში და მისი ბედ-იღბლის განსაზღვრაში.
სამწუხაროდ, 1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული მენტალური ოკუპაცია ისევ გრძელდება და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ მომენტებში, როცა საჭიროა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ პრინციპული და გაბედული გადაწყვეტილებების მიღება და სწორედ ეს მენტალური ოკუპაცია გვიშლის ხელს, მოვახდინოთ სრულყოფილი ადაპტირება დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნების ერთობაში. ამიტომ, დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა წარსულის ამ რუდიმენტისგან გათავისუფლება და საქართველოს მოქალაქეების სულიერი და ფიზიკური რესურსების მობილიზება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ ამ ოკუპაციისგან თავის დაღწევა,“ – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.