სპ. კედია – ფიქრები და მოგონებანი

თებერვალი 1921 წელი         სპ. კედია,    საქართველოს გუშაგი

# 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი.

საქართველოს ბედის წერის თვე და წელიწადი! გრძნობდი, რომ კვლავ იმართებოდა, მთელი საუკუნის ტყვეობის შემდეგ სამი წლის წინად აღმდგარი ერი და ქვეყანა! რომ კვლავ საოცნებოდ ხდებოდა ასი წლის ნატვრის, ბრძოლის და სხვერპლის შედეგად შობილი ეროვნული თავისუფლება.

გრძნობდა შვილიქვეყნისა, სამშობლოს სხეულში გაელვებულ ტრაღედიას და ამ ტრაღედიის მიმდგარს ფატალურ განხორციელებას. ამის ხილვა ძნელი არ იყო. ეს არ მოითხოვდა განსაკუთრებულ რამ მისნობას.
თავიდანვე ბნელი დაჰყვა 1918 წლის 26 მაისის ნათელს!
რუსეთის რევოლუციამ საქართველოს კარები რომ გაიხურა, უკან დაბრუბენის გზები მას უკვე დაზღვეული ჰქონდა. ჩვენი ქვეყანა ამ დროს ხელთ ეპყრა, რუსეთისავე წყალობით, ამავე რევოლუციის ქართველ ადეპტებს. ეს არ იყო უბრალო საქმე.


ამ ფაკტით შობითვე იყო გადაწყვეტილი რუსთა ბატონობისაგან განთავისუფლებული საქართველოს ახალი ბედი.
ჟორდანია და მისი შტაბი, ძველი საქართველოს ახალი ბატონი, მთელი სიცოცხლე რუსეთის ერთობისა და ცენტრალიზმის ყურმოჭრილი მონა-მსახური იყო. ამ სარწმუნოებამ მას ფატალურ ვალდებულებად საქართველოს უარყოფა დააკისრა და უნდა სიმართლე ითქვას ამ მოვალეობისათვის ამ ხალხს არასოდეს არც უღალატნია. იგი დარჩა რუსეთის მთლიანობის თავგამოდებული აგენტი იმ დროსაც, როდესაც რუსეთი დაშლილი იყო და საქართველო მისგან ფაკტიურად მოწყვეტილი!
ჟორდანია და მისი შტაბი ატარებდა, იცავდა და ასრულებდა რუსეთის სოც. დემ. პარტიის ნებას და მიზანს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კიდევ დიდხანს.
საქართველოს პრეზიდენტი და მინისტრები რუსული პარტიის წევრობას არ თმობდნენ!
ეროვნულად რუსეთისგან ოფიციალური გამოყოფის შემდეგ, პარტიულად მალულად მაინც რუსეთთან რჩებოდნენ!
პირველი აკტი იყო ნაძალადევი, მეორე სპონტანიური და ნებისმიერი. ამ ხალხის სული და გული რუსეთისკენ გარბოდა!
ჟორდანიას სიტყვა პირველ ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის ნოემბერში ამ მობის სამარცხვინო დემონსტრაცია იყო!
უკვე მთელ საქართველოში ეროვნული თავისუფლების ძლიერი ქარიშხალი ქროდა. მთელი ქართველი ხალხი _ და ამ ხალხში თვით სოც. დემოკრატიული მასაც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდა.
ამ საერთოეროვნულ აღტყინებაში რუსეთის ბატონობის ერთგულებას მარტო ჟორდანია და მისი შტაბი იცავდა!
ყველა ფრონტზე და ყველა საშუალებით ეს ხალხი ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ებრძოდა რუსეთისა და მისი დემოკრატიული მთლიანობის სახელით!
მეტი დაყოვნება შეუძლებელი ხდებოდა, ასე თუ ისე, ეს საკითხი უნდა გადაჭრილიყო. თბილისში იმართება სოც. დემ. პარტიის საგანგებო კრება. მთელი კრება ემხრობა საქართველოს დამოუკიდებლობას.
ამ დადგენილებას წინ აღუდგა ორად-ორი ადამიანი! ერთი იყო ბ-ნი ჟორდანია. ეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი!!
და რომ თავისი გაბოროტება უფრო მზად ეყო და საშვილიშვილოდ დარჩენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ მისი შეურიგებელი მძულვარების ნაშთი, _ ხასიათიც ასეთი უნდა! _ ნოე ჟორდანიამ ოქმში საგანგებოდ შეატანია, რომ იგი წინააღმდეგი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის!
ამ დღიდან ერთი წუთით არ შემდგარა საქართველოს სათავეში პირველადვე დაგუბებული შხამის მუშაობა. იგი წვეთ-წვეთად უვლიდა საქართველოს სულისა და სხეულის ხვეულებს და ნელ-ნელა აავადებდა.
26 მაისები ეროვნული დღესასწაულებია. ჟორდანია დასეირნობს ყვავილებით მორთულ თეთრ ცხენებიან ეტლში, მაგრამ მისი პრესსა აღმაშფოთებელი ცინიზმით ქართველ ერს აუწყებს _ საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის ჩვენი მთავარი საზრუნავი, ჩვენი `ფეტიშიო~!
ამ ხალხს უფრო სხვა იტაცებს_სოციალიზმი და მისი დამყარება. მაგრამ პატარა ქართულ მაშტაბში ეს შეუძლებელიც არის და უინტერესოც. ამიტომ ბ-ნი ჟორდანია ლენინს დეპეშას უგზავნის_ სოციალიზმი ერთად დავამყაროთო და ყველაფერს ამ საზომით სჭრის და კერავს. ამისთვის მას ესაჭიროება პირველ ყოვლისა კლასიკური ჯარი და ჟორდანია ჰქმნის გვარდიას, რომლის თავჯდომარედ ბოლომდის რჩება და მას ათასი პრივილეგიით ჰსჭურავს. ძველი ოფიცრობა და რეგულიარული ჯარი, ეს მხოლოდ ძალად შეწყნარებული ბოროტება იყო, ისე როგორც თვით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
იდება ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთისა და მენშევიკურ საქართველოს შორის. აქ აშკარავდება თვალუწვდენი უფსკრული ჟორდანიას და მისი შტაბის გაუნათლებელი უვიცობისა და უგუნურობის. საქართველო უკვე დაღალატიანებულია და გაცემული!
მისი საზღვრები მთებიდან ვაკეზეა ჩამოტანილი საქართველოს გაჩენიდან მისი სიმტკიცის ბუნებრივი კედლები და იწროები `აყრილია და გახსნილი~!
საქართველოდან განდევნილია ანტანტის [ინგლისის] შემოსული ჯარები.
საქართველოში ნება დართულია ბოლშევიკური პროპაგანდა ამ პროპაგანდის ყოველნაირი ღონისძიება წინასწარ შეწყნარებულია, როგორც ნორმალური და ამიტომ ყოველგვარი დასჯისგან თავისუფალი მოქმედება!!
შურისძიებაც ასეთი უნდა! საქართველო განიარაღებულია და ხელფეხ შეკრული. რუსეთის უკან დაბრუნების გზები შეკეთებულია და უზრუნველყოფილი. ლენინი მოწვეულია.
მოვლენები ამას თანდათან ააშკარავებენ. აღებული აზერბეიჯანი, აღებულია სომხეთი. ჯერი საქართველოზეა მომდგარი. ბოლშევიკები უცერემონიოთ გვექცევიან და შეურაცყოფას შეურაცყოფაზე გვაყენებენ. ჟორდანიას და მის შტაბს მოსდის უტყუარი ცნობა, რომ გეკერი საქართველოზე თავდასხმას ამზადებს. ჩვენი სამხედრო შტაბი მცონარეობს ზარმაცი და უნებისყოფო. მთავრობა მტრის საქმეს აკეთებს. სამხედრო მინისტრად ინიშნება ყოვლად უმწეო ადამიანი, სრული არარაობა. ჩვენი ფრაქცია დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან მას უნდობლობას უცხადებს. მთავრობა იცავს თავის მინისტრს და მენშევიკური უმრავლესობაც მას მხარს უჭერს.
სამიოდე კვირის წინ, ვიდრე რუსეთი შემოგვიტევდა, ხდება ახალგაზრდა ქართული ჯარის საკადრო მასალის დემობილიზაცია! დამფუძნებელი კრება ჯერ კიდევ ადრე მთავრობას უხსნის, მისივე წინადებით, 75000 ჯარის კაცის გამოსაყვანად საჭირო კრედიტს. ომის დროს მხოლოდ ამის მეშვიდედი აღმოჩნდება! სასროლი მასალა არსენალში გამოლეულია და მინისტრები-კი ყოყლოჩინობენ ასე კარგად მომზადებული არასდროს არ ვყოფილვართო!
თვით ჟორდანია დამფუძნებელ კრებაში გაალმასებული იბრძვის… დეპუტატ ნინიძის წინააღმდეგ. ეს დეპუტატი, უკვე ოპოზიციაში გადასული, `სხივის~ ჯგუფს ეკუთვნის_მისი ოჯახობით ჟორდანიამ ქუჩაში გაჰყარა და რეკვიზიცია ქმნილ ბინაზე თავისი ფავორიტი ჩაასახლა. მოგეხსენებათ ჟორდანიას ოპოზიცია არ უყვარს და ოპოზიციონერის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს არ არჩევს…
მთავრობის ეს განკარგულება შეკითხვის საგნად გადაიქცა. მიმდინარე კამათი მოურიდებელის სიშიშვლით ამჟღავნებს ჟორდანიას, მისი შტაბის და საერთოდ მთელი მართველი ძალის უკიდურესს დაკნინებას, დაწვრიმალებას, გათახსირებას.
საერთო სურათი ჟორდანიას და მისი შტაბის მმართვა-გამგეობისა უაღრესად დამაწყლულებელია და სასოწარმკვეთი! ხან დანაშაული გადმოსწონის უგუნურებას, ხან ცინიზმი დანაშაულს. ერთსა და მეორე შემთხვევაში ხარჯებს საქართველო ასწორებს თავს ვერაფრით ინუგეშებ. ყველაფერი ღაღადებს რომ საქართველო საბოლოოდ განწირულია, მომპალია თვით მისი მმართველი თავი. ან ეს თავი უნდა მოაშორო ქვეყანას, ან ქვეყანა დაიღუპება,_ასეთია დილემა. შიგადაშიგ არის ნიშნები ერის გამოფხიზლების, შეგნებული პატრიოტული ძალების ამოქმედებისა, მაგრამ ეხლა გვიანაა.
_ : _
დრო არ იცდის… უკვე თერთმეტი თებერვალია. საქართველოში მტერი შემოიჭრა. ჩვენი ჯარის სამი მეოთხედი ბორჩალოშია ჩაყენებული. მტრის მოულოდნელი (!) თავდასხმა მას არარად აქცევს. ნაწილი იქვეა გაწყვეტილი, ნაწილიც უწესრიგოდ იხევს თბილისსა და მტერს შორის ბრძოლისთვის გამოსადეგი ქართული ძალა უკვე აღარ არის. მტერი რომ პირდაპირ წამოვიდეს, თბილისს ისე დაიჭერს რომ თოფის გასროლა არ დასჭირდება. მაგრამ მტერი მომენტით ვერ სარგებლობს. მას ვერ წარმოუდგენია ჩვენი ამგვარი უმწეობა და სიფრთხილეს იჩენს. მთავრობა უკმაყოფილოა გენერალ ოდიშელიძის, ქართული ჯარის მთავარი სარდლის და მას სამსახურიდან ითხოვს. იგი მიმართავს, როგორც არა ერთხელ მიუმართნია ხოლმე გასაჭირის დროს, გენერალ კვინიტაძეს და მას ოდიშელიძის ადგილზე ნიშნავს. ეს იყო 16 თებერვალს. წინებზე, სამხედრო ოპერაციები გენერალ კვინიტაძეს ყოველთვის ქართული ჯარის გამარჯვებით დაუგვირგვინებია. ვინ იცის იქნებ ეხლაც ასე მოხდეს. ყველას სჯერა მისი იღბლიანი ბედისა…
დიდსა და პატარას სასწაული უნდა…
თბილისი და მთელი საქართველო მწარე განცდებშია ჩაძირული. უკვე სარამოს ათი საათია. ოცდა ათამდე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის კაბინეტში ვართ. ვუცდით მოვლენათა განვითარებას. თავის მაგიდას უზის თავჯდომარის ამხანაგი ბ-ნი ა. ლომთათიძე. სახეები ღრმა სევდითაა აღბეჭდილი. ქვეყნის უბედურებას ყველა თავისთვის განიცდის. საერთო სიჩუმეა. ხანდახან მეზობლად მჯდომნი ერთმანეთში თითო ოროლა სიტყვას გასცვლიან. და კვლავ თავიანთ თავს დაუბრუნდებიან. მოულოდნელად თავს წამოგვადგება ნაბადში გახვეული, თბილისის ქალაქის თავი და დამფუძნებელი კრების წევრი ბ-ნი ბ. ჩხიკვიშვილი. ის გამოგზავნილია ჟორდანიას მიერ და ამ უკანასკნელის სიტყვიერ დანაბარებს გადმოგვცემს_ჟორდანიამ შემოთვალა რომ მთავრობა ამავე ღამით თბილისს სტოვებს და ვისაც წამოსვლა უნდა, დილის ორ საათისთვის სადგურზე გამოვიდესო. ეს ნურავის შეაკრთობს. ანდერძი კაცს არა ჰკლავსო. ამ სიტყვებით თვით სიკვდილის ზარები ჩამოირეკა. თბილისის მიტოვება დაცვის უცდელად, წინააღმდეგობის გაუწევლად, სხვერპლის გაუღებლად. მის კალთებზე მამულიშვილის წმინდა სისხლის დაუპკურებლად? ეს ხომ საქართველოს თავისუფლების მიტოვებაა, მისი დამოუკიდებლობის სრული ლიკვიდაციაა! სად, როდის, ქართული ისტორიის რომელ ეპოქაში, ან რომელი მეფის დროს მომხდარა ასეთი სამარცხვინო ამბავი?! დამარცხება? არა! ერი სხვა დროსაც დამარცხებულა! მაგრამ მას ამ სხვა დროს დამარცხებიდან თავისი სახელი, პატივი და სულის სიდიადე ყოველთვის გამარჯვებული გამოუტანია. არა, ეს დამარცხება კი არ არის, არამედ უუმძიმესი შეურაცყოფა საქართველოს ქალწულებრივი ეროვნული ნამუსისა, უღმერთო შელახვა ჩვენი დიდი ისტორიის ხელუხლებელი ღირსებისა! გმობა და უარყოფა მთელი ჩვენი ამაყი წარსულისა! ინოგურაცია ახალის ღირსება-ახდილი ეპოქის ქართლის ცხოვრებაში. ჟორდანიამ არ გვაკმარა რაც დღემდე დამცირება და უბედურება მოგვიტანა. იგი ბოლომდე მიჰყვა შურისძიებას! ამ ეროვნული ტრაღედიის უუსაშინელეს წუთებში იგი ბელზებელობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის თანამედროვე თაობას სამუდამოთ სახელი გაუტეხოს, ჩირქი რამ მოსცხოს მოუშორებელი და ასე შერცხვენილი ერთიცა და მეორეც დაუსრულებლივ ატაროს საქართველოს წარსულის პანთეონშიაც და მომავლის პროსპეკტებზეაც!
ნუ თუ ბოლომდე უნდა შესვა, ბედ უბედურო სამშობლოვ, შენივე უღირსი მმართველის მიერ საწამლავით აღვსებული ფიალა?!
ან ვინ გამოიტანა ეს წარსული საქართველოს თავის მოკვეთის განაჩენი?
ვინ ინება მომავალი საქართველოს გაუნამუსობა? ჟორდანიამ მარტო, თუ მთავრობამ კოლეკტიურად? ვინ არის ავტორი ამ უსაზღვრო დანაშაულის?..
. . .
აქ უცბათ გაგონდება ნოე ჟორდანია 1916 წელს, ბელინსკის ქუჩაზე, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში. დიდი ომის მეორე წელიწადია. პატრიოტულად მოაზროვნე და განწყობილი ქართველობა გრძნობს სანატრელი ცვლილების მოახლოვებას. პერსპეკტივაში მოსჩანს რუსეთის დამარცხება. იმედი ფრტას ისხამს. თავისუფლების სიო იშვა შორეულ მხარეში და თანდათან საქართველოსკენ მოიწევს…
მეფის მთავრობას მოაგონდა რომ ჩვენი ქვეყანა მოკლებული იყო იმ რეფორმებს, რომელიც შიდა გუბერნიებში ნახევარი საუკუნის წინად იყო შემოღებული. ოფიციალურ წრეებში და მათთან ახლო მდგომ საზოგადოებაში მუშავდება ერობის შემოღების პროეკტი. ძალიან მწვავე ხასიათს ღებულობს საერობო ტერიტორიული ერთეულების საკითხი. კავკასიის მთავრობის აშკარა თანაგრძნობის ჩრდილის ქვეშ ჩვენი მეზობლები საქართველოს მიწა-წყლის გასაწეწად ილაშქრებენ.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველ საზოგადოებაში ხდება კრებები. იმართება მოხსენებები. დღეს მომხსენებელია ბ-ნი ჟორდანია. საკრებულოს დარბაზი სავსეა ხალხით. კრებას თავმჯდომარეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშალი, თავადი კონსტანტინე აფხაზი. ყველა დიდი ცნობის მოყვარეობით მოელის მომხსენებლის სიტყვას. ჟორდანია აქა-იქ მიჩნეულია როგორც ხვალინდელი დღის ბელადი. რითი გაუმასპინძლდება იგი ქართველ საზოგადოებას? მარქსისტული შაბლიონით, თუ მშობლიური სინამდვილის ქართული გაგებით? საზოგადოება მოხსენებას გაფაციცებით თვალყურს ადევნებს. მოხსენებაში წამოყენებულია წვრილი კანტონალური სისტემის პრინციპი. უარყოფილია ეროვნულ-ტერიტორიული საფუძველი საერობო გადამიჯვნაში. ავტორი წარბ.შეუხრელად მიექანება ამ დებულებათა ლოღიკური დასკვნისკენ… და თბილისი საქართველოს მოშორდება…
არც აცივა, არც აცხელა, ჟორდანიამ თბილისის საქართველოს მკერდს მოჰგლიჯა და იგი მის საზღვრების გადაღმა მოაქცია, როგორც კავკასიის საერთაშორისო ქალაქი…
თბილისი, გული ქართლისა, ღერძი მისი ისტორიისა; მისი თავი და ბოლო: რომლის დაცვას შესწირვიან თაობათა მთელი წყებანი და გრძელი ქართული საუკუნენი,_ეს ჩვენი თბილისი ჟორდანიამ, საქართველოს ამ მომპვალმა ბელადმა, პირველად რაც საქართველო არსებობს, ქართული სხეულიდან ამოსთხარა და იგი უცხოთა საკუთრებად გამოაცხადა. ჟორდანია, მარქსიზმის ბელადი საქართველოში, თავის რწმენითა და გრძნობით თბილისის გამცემი აღმოჩნდა! ამას მოჰყვა მსმენელთა დიდი აღშფოთება.
დღეს მეოთხე წლის თავზე იგი ამასვე იმეორებს, უკვე როგორც საქართველოს პრეზიდენტი!!..
. . .
ესა და სხვა მრავალი ამგვარი ფიქრი და გრძნობა ელვის სისწრაფით ტვინსა სერავენ…
მაგრამ ჟორდანიას ამ ზარდამცემ განცხადებაზე, არსად სჩანს თავისუფალი, გულის სიღრმიდან აღმომხდარი შეტაკება, შეტევა, რეაქცია პირდაპირ საშინელი ჰხდება. ცოცხლად მიცვალების სურათია ეს სანახაობა. დამსწრეთა დიდი უმრავლესობა მმართველი ფრაქციის წევრია. სჩანს, აქ მორჩილებაა მათი `დალაი-ლამის~ გარდაწყვეტილების წინაშე ასეთივე გაქვავება ეტყობა სოციალისტურ ოპოზიციებს. ბოლოს ეს მღელვარე და აღშფოთებული გრძნობები ბუნებრივ გამოსავალს მოსძებნიან ჟორდანიას შიკრიკისა და დამსწრეთა გასაგონათ… დასკვნად, შეუქცეველი გარდაწყვეტილების ტონით განვაცხადებ, რომ შეუძლებელი იყო თბილისის ასე დატოვება და მოვითხოვ თვით ჟორდანიას გამოცხადებას ჩვენს წინაშე.
_ ჟორდანიას არ სცალიან, ვერ მოვაო, იყო ამაზედ დეპუტატი ჩხიკვიშვილის პასუხი.
ამ სიტყვებმა ყველას შიგ გულში უჩხვლიტეს: ამაზე დიდი საქმე რა უნდა ყოფილიყო, რომ ჟორდანიას ამისთვის არ მოეცალა… მე ჩემი მოთხოვნა კიდევ განვიმეორე. პირველმა საერთო გაოგნებამ, სჩანს, გადაიარა. ეხლა აღშფოთებამ თავი სხვებშიაც იჩინა. უკმაყოფილებამ გარეთ გამოჟონა. სჩანს, რომ დამსწრეთაგან ეს გარდაწყვეტილება არავინ იცოდა. იგი არ იცოდა არც დამფუძნებელი კრების თავმჯდომარემ ბ.ა. ლომთათიძემ. საქვეყნო საქმის დაზიანებასთან ერთად ჩადენილია ბევრი პირადი შეურაცყოფა: ჟორდანიას მიერ სრული იგნორაცია გავლენიანი პასუხისმგებელი პირებისა თვით საკუთარი წრიდანაც-კი ეჭვს არ სტოვებს. უკვე გაიმართა აზრთა წესიერი გამოთქმა. ჩემს მოთხოვნას ყველამ მხარი დაუჭირა. თბილისის ქალაქის თავი წავიდა ამ დავალების შესასრულებლად. დამფუძნებელი კრების თავჯდომარე შეეცადა ჟორდანიასთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ…
_ : _
რამის თორმეტი საათი ახლოვდებოდა, როდესაც ბ-ნი ჟორდანია მოვიდა, ჩვეულებივი, ისეთი, როგორც ყოველთვის; ოღონდ უფრო საწყალი. საერთოდ, სრული ტიპი უსაგზლო ადამიანისა; ბუნება პრტყელი. უგანო და უღრმო მისი გრძნობა გონების ჯიბე-უბეები გადმობრუნებულია, და ცარიელი. ვერავითარ ახალ იდუმალ ძალას მასში ვერ აღაგრძნებს ვერც დიდი გასაჭირი, ვერც დიდი ბედნიერება. განგებას სიუხვის სარეზერვო კუნჭული მასში არ გამოუნასკვავს. საწვავი მასალა, ეს ღვთის მადლი არ გამოყოლია. ჟორდანიამ განიმეორა, რაც ბ-მა ჩხიკვიშვილმა მისი სახელით გადმოგვცა. არ დავიწყებოდა თავისი `უძლიერესი არგუმენტიც~ `ანდერძი კაცს არა ჰკლავსო~… ცოტა ხანს დაცული სიჩუმე, მალე დაირღვა. ეხლა უკვე მომეტებულის აღშფოთებით ყველანი თავს დავესხით ჟორდანიას გარდაწყვეტილებას, მის აზრებს და საბუთებს. ატონია და ინდიფერენტიზმი გაიფანტა. დარბაზს გამოცოცხლება დაეტყო. ყველამ აკტიური პოზიცია დაიჭირა: თბილისს მეგობრები აღმოუჩნდნენ. საქართველოს ნამუსს_დამცველები: ფედერალისტებიდან სამსონ და კიდევ სხვები; ესერებიდან ი. გობეჩია და ი. ლორთქიფანიძე; აგრეთვე `სხიველები~ და ბოლოს თვით მთავრობის ფრაქციის წევრები.
ამ დროს დარბაზში შემოდის ჩიხასა და ნაბადში დამფ. კრების წევრი ბ.შ. ქარუმიძე, რომელიც მთავრობის დავალებით ფშავ-ხევსურეთში იყო გაგზავნილი მოხალისე ცხენოსანთა მოსაკრებად. იგი კრებას აცნობს მთის მხნე სულიერ განწყობილებას და მის მზად ყოფნას ტრადიციული საქმისათვის_სამშობლოს გულისათვის თავის დადებას. მეორეს მხრით ძლიერ პათეტიურ სიტყვაში იგი თავს ესხმის მთავრობის წრეში დამკვიდრებულ სულმდაბლობას და თბილისის დატოვების სამარცხვინო გადაწყვეტილებას.
_ თბილისის დატოვების შემდეგ, ოთხ საათში, ლიხის მთასთან მისვლამდე, თქვენ დაჰკარგავთ მთელ აღმოსავლეთ საქართველოს და ამის უმალვე მთელ საქართველოსაც. თქვენ მოკლებული ხართ იმის გაგებას რომ თბილისი ისტორიულად ქართლის ცხოვრების თილისმაა, მისი სიცოცხლის მაჯის ცემა. თბილისი უნდა დავიცვათ, თუნდაც მარტო ჩვენი ისტორიის პატივისცემისათვის… სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება დასტოვა. ჩამოვარდნილ სიჩუმეში თავის სავარძლიდან წამოდგება დამფ. კრების თავმჯდომარე ა. ლომთათიძე. იგი მთელი ეს დრო ხმას არ იღებდა, ერთობ მძიმე ღელვასა და მწუხარებაში ჩაძირული.
_ `მთავრობაც რომ წავიდეს და თქვენც რომ მას თან გაჰყვეთ, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. ეს სიტყვები ნათქვამი იყო ისეთი შინაგანი რწმენის ხმით, რომელსაც ურჩობას ვერ შეჰბედავდი. მორჩა. დარბაზში ჟორდანიას მომხრე არავინ იყო.
უკანასკნელი შეკითხვა იყო, თუ რა აზრისა იყო ამ საგანზე თვით მთავარსარდალი. ჟორდანიამ გვიპასუხა, რომ ისიც მისებრ ფიქრობდა. ჩვენ მაინც მოვისურვეთ მთავარსარდლის ნახვა და მასთან მოლაპარაკება. ამ მიზნით იმ წამსვე კომისია იქმნა არჩეული, რომელშიც შედიოსნენ: ი. გობეჩია, იმნაიშვილი და მე. სულ რამდენსამე წუთში უკვე მთავარსარდლის სამუშაო ოთახში ვიყავით. ყველგან რუკები_კედლებზე, მაგიდაზე და მათ შორის მარტო გენერალი კვინიტაძე და სხვა არავინ.
ავუხსენით ჩვენი მოსვლის მიზეზები და შევეკითხეთ, თუ რას ფიქრობდა,_მართლა სტოვებდა თბილისს, თუ პირიქით, მის დაცვას აპირებდა. მთავარსარდალი გაოცებული დარჩა თბილისის დატოვების გაგონებაზე.
_ მირჩევნია თავში რევოლვერი დავიცე, ვიდრე თბილისის დაცვაზე ასე ხელი ავიღო, იყო სიტყვა-სიტყვით მისი პირველი რეპლიკა. ამას მოაყოლა მდგომარეობის დასურათება; გვითხრა, რომ ეს მდგომარეობა იყო კატასტროფიული; რომ გარდა ერთი საყარაულო ბატალიონისა, რომელსაც გენერალი მაზნიაშვილი უფროსობდა და რომელიც ფრონტზე სულ სამიოდე საათის წინ იყო გაგზავნილი, ერთი ჯარის კაცის არ მოეძებნებოდა; რომ თბილისი, ამგვარად, მტრისათვის სრულიად ღია იყო; მაგრამ რომ მას უკვე დაბარებული ჰყავდა გორის, ბათომის და კიდევ ორიოდე სხვა ბატალიონი; რომ თუ მტერი ერთ-ორ დღეს დაგვაცლიდა, იგი მას ამ მცირე ძალებითაც შეებმოდა და თბილისის დაცვას მოაწყობდა; გვითხრა, რომ გენერალურ შტაბს კერძოდ თბილისის დასაცავად არავითარი წინასწარი მუშაობა გაწეული არა ჰქონია და რომ საერთოდ მას არც ქვეყნის თავდაცვის გეგმა ჰქონია შემუშავებული. მოკლე და ენერგიული სიტყვებით დაგვარწმუნა, რომ იგი იზამდა ყველაფერს, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო. რათა დაეცვა ქართული მხედრობის ღირსება და საქართველოს სახელი; რომ ეს იყო მისი უაპელაციო გარდაწყვეტილება.
მთავარი სარდალი თბილისს იცავდა, მას უბრძოლველად არ სტოვებდა!
კომისიამ მადლობით აღნიშნა მისი სულიერი სიმხნე და თავის მხრივ ყოველგვარი დახმარება აღუთქვა. დამფუძნებელ კრებაში აღტაცებით მოისმინეს მთავარსარდლის გარდაწყვეტილება.
ჟორდანია დამარცხდა: თბილისს არ ვსტოვებდით! საქართველო თბილისის კედლებზე საომრად გადიოდა…
გუნება შეიცვალა. იმედებმაც შეისწორეს თავიანთი ჩამოყრილი ფრთები. მთავარსარდალს თავის განკარგულებაში 17 და 18 თებერვალი დაურჩა. ბატალიონები ჩამოუვიდა. მათ თავისი სამხედრო სკოლის შეგირდებიც მიუმატა და თბილისს გარშემო დაცვის სარტყელი შემოუჭირა… პირველი შეტაკება ღამე თვრამეტიდან ცხრამეტამდე მოხდა. იგი მტრის დამარცხებით და მისი სრული უკუგდებით დამთავრდა. 19 თებერვალს დილით ცხენოსანმა შიკრიკმა თბილისი გარდი-გარდმო გაირბინა და მცხოვრებთ ჩვენი ჯარის გამარჯვება ახარა. მშვენიერი, მზიანი ამინდი იდგა. დამფ. კრების წინ დიდძალი ხალხი დაგროვდა.
დიდი საერთო აღფრთოვანებაა. სასახლის აივნიდან დეპუტატები ხალხს გამარჯვებას ულოცავენ. ამასობაში ჩამოატარეს პირველი სამხედრო ტყვეები. ერთი თვალის დაკვრით, რვაას, ცხრაას კაცამდე მოსჩანდა. საშინელი სანახაობა კი იყო! ყველა დაფლეთილია. ეს რა ველური და მაწანწალა სახეებია! საზოგადოება ტაშის კვრითა და ვაშას ძახილით იხსენიებს ქართველ ჯარს და მის მთავარსარდალს. იმედი იზრდება, დღეები გადის. ბრძოლები გრძელდება, თბილისის ჰაერს განუწყვეტლივ ზარბაზნის გუგუნი არხევს. ამ გუგუნზე დამფ. კრება საქართველოს კონსტიტუციის უკანასკნელ თავებს არჩევს… მტრის შეუჩერებელი მძაფრი იერიშები ქართველ მეომართა მამაცობაზე იმსხვრევა. კოჯორში, ტაბახმელაზე და სხვაგან ხდება იშვიათი გმირობის აკტები. საქართველო თავის წარსულის ღირსებას აწმყოშიაც გვაძლევს! სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა.
თბილისი თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ხშირად ყოფილა ამ დღეში. მისი ისტორია მოგვითხრობს რომ იგი მტრის მიერ უმეტესად ოთხმოცისა ყოფილა აოხრებული. რა იქნება ეხლა? მთელი ქართველი ერის გულისყური ზედ თბილისის მკერდზეა დასვენებული. საქართველო დღეს მარტო თბილისის სიცოცხლით სცოცხლობს. ყველა გრძნობს, რომ საქართველოს ბედი დღეს მთლიანად თბილისის ბედზეა დამოკიდებული. და ყველანი ამიტომ თბილისისთვის ლოცულობენ. მაგრამ არა! ზოგი ვინმე სხვა რამითაც იყო გართული. და საზოგადოებაშიაც აუწერელი აღშფოთებაა: ამ დროს ჟორდანია და მისი თითო ოროლა მინისტრის ბინებიდან ხალხმა ყურმოგლეჯილი კასროლების, ფეხმოღრეცილი სკამებისა და სხვა ამგვარი საოჯახო ნაყარ-ნუყარის წესიერი ევაკუაცია დაინახა!.. ჟორდანია და მისი მთავრობა თბილისს კი სტოვებდა, მაგრამ თავის ყურმოვარდნილ კასროლებს-კი არა!.. ეს ზომავს ამ ხალხის სულის პატიოსნებას…
ქვეყანამ ეს დაინახა და დრტვინვა დაიწყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო…
მოულოდნელად და წინააღმდეგ ამ დღეებში აღორძინებული იმედებისა, თებერვლის ოცდა ოთხს ღამის თერთმეტ საათზე გავრცელდა თბილისიდან დახევის ზარდამცემი ამბავი. სიცოცხლის ძარღვი გადაუჭრესო მთელ საქართველოს. გულები შედგნენ. სამარის სიჩუმე დამყარდა. ქართველები ლანდებად გადაიქცნენ. ხანდახან გამოისმის თითქოს საიქიოდან მოსული და შორს მგზავრობით დაღლილი ხმა მათი… საშინელი ღამეა. ცივი. ჰყინავს კიდევაც და ჰთოვს კიდევაც…
ასპარეზზე სხვა გამოდის_მტერი და მისი მეგობრები. უკვე გათამამდნენ, გაბედულათ ლაპარაკობენ. აქა-იქ თავს ესხმიან ჩვენებს…
თბილისი კიდევ ერთხელ აოხრდა…
მეორე დღეს დილის ოთხ საათზე თბილისში უკვე არც ჯარი იყო, არც მტავრობა და არც დამფუძნებელი კრება…
გამოგვყვა მხოლოდ რამოდენიმე დღის სახელოვანი ბრძოლა რამაც საქართველოს სამუდამო სირცხვილი ააშორა.
სპ. კედია

საქართველოს გუშაგი
# 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress