სახალხო პარტიის 2013 წლის 25 ივლისის კონფერენციის
რეზოლუცია
1.-საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის გასვლის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის სულიერი და მატერიალური მდგომარეობა გაუსაძლისია;
ქართველების ერთი ნაწილი დღეს, ახლა, ამ წუთებში, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებთ, იტანჯება დამპყრობლებისა და სეპარატისტული რეჟიმების უღელქვეშ;
ქართველების მეორე ნაწილი სამშობლოდანაა გადახვეწილი და უუფლებო, მონური შრომით, ექსპლუატაციის პირობებში იბრძვის ლუკმაპურის საშოვნელად;
ქართველების მესამე ნაწილი სამშობლოშია ქცეული მეორეხარისხოვან, უფლებაარილ და ძირითადად გაღატაკებულ მასად. მათ საქართველოში ვერ მოუპოვებიათ სიცოცხლის, სიტყვის, შრომის, ღირსეული არსებობის საშუალება;
2. ქართველების მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილი – ხელისუფლება და მასთან დაკავში- რებული ჯგუფების ზედა ფენების წარმომადგენლები – გრძნობს თავს კარგად და ლაღად.
მათი მედროვეობა, ხელისუფლებით ტკბობა და ქართველი ხალხისათვის არჩევნების მოპარვა, გარე ინტერესების მსახურება, ხელისუფლების უზურპაცია, უკვე მერამდენეჯენ, როგორც წესი, ამ პიროვნებათა პოლიტიკური კრახით, ხოლო მთელი საქართველოსთვის ტრაგედიით მთავრდება,
დროთა განმავლობაში იცვლებიან პერსონები, იცვლება პარტიების სახელები, თუმცა, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის თვისება, შინაარსი არ იცვლება.
საქართველოს უბედურების თავი და თავი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არაეროვნული, უვარგისი, არაეფექტიანი ხელისუფლებაა, რომლის საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ის კი არაა, თუ რა სურს ქართველ ხალს, რა არის კარგი საქართველოსათვის, არამედ, რაღაც სხვა, პირად–ჯგუფური ინტერესებიდან გამომდინარე და, ხშირად, ქვეყნის გარეთ შეთანხმებული ინსტრუქციები.
სიტუაცია არ შეცვლილა არც კოჰაბიტების დროს – 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე. სცენაზე მთავარ როლებში გამოდიან სხვა აქტიორები, თუმცა, პიესა და რეჟისურა უცვლელია.
3. სიტუაციის ძირეული ცვლილებისთვის საჭიროა საქართველოში ხალხის მთავრობისადმი მსახურების სისტემის შეცვლა მთავრობის ქართველი ხალხისადმი, საქართველოს განვითარების იდეისადმი მსახურების სისტემით. ამ ცვლილების განხორციელება შეუძლია ხალხს, მაგრამ არა უბრალოდ ხალხს, მხოლოდ მაშინ, თუ იარსებებს ხალხის ენერგიის გამაერთიანებელი და სწორად წარმმართველი პოლიტიკური ორგანიზაცია. სახალხო პარტია, მიუხედავად პოლიტიკური არენიდან მის განსადევნად პერმანენტულად განხორციელებული შემოტევებისა და დარტყმებისა, ქმედითუნარიანია და განაგრძობს ბრძოლას ქართველი ხალხის ინტერესებისთვის.
სახალხო პარტია ამ ბრძოლაში ითანამშრობლებს თანამოაზრე პარტიულ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ადამიანთა ჯგუფებთან და ცალკეულ პიროვნებებთან. ბრძოლა იქნება ყველა მიმართულებით – სახალხო პარტია დღევანდელ კონფერენციაზე ადასტურებს ამ ბრძოლისათვის მზადყოფნას.
4. უახლოესი შესაძლებლობა პოლიტიკური ბრძოლით ხელისუფლების ხარისხის შესაცვლელად – ესაა საპრეზიდენტო არჩევნები.
სახალხო პარტია მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს არჩევნები ეტაპობრივია; რადგანაც, ის განსაზღვრავს, შეიცვლება თუ არა პოლიტიკურ ძალთა ბალანსი და, შესაბამისად, სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში მომავალი წლების განმავლობაში.
ამ არჩევნების დროს სახალხო პარტია მიზნად ისახავს მინიმუმ ორ ამოცანას: პირველი – ჩატარდეს არჩევნები გაყალბებების გარეშე, საქართველოში დამკვიდრდეს ნდობა ხელისუფლებისა და დემოკრატიისადმი და, მეორე – დავასრულოთ საქართველოში ერთპარტიული სისტემის უარყოფითი, საბჭოთა-ბოლშევიკური გამოცდილების გამოყენების პრაქტიკა, მმართველ პარტიის დიქტატს არდაქვემდებარებული პრეზიდენტის არჩევის გზით.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში სახალხო პარტიის მონაწილეობის მობილიზებისა და კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, ა.წ. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ რიცხვებში ჩატარდეს პარტიის ყრილობა.
6. სახალხო პარტიის ყრილობის ჩატარების ორგანიზების ხელმძღვანელობა დაევალოს მთავარ კომიტეტს.