მამუკა გიორგაძე: „ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა შეთანხმებულად აკეთებენანტიქართულ საქმეს“
„სააკაშვილი ავადა თუა, ახლა ნაცმოძრაობაში ერთმანეთს არ უნდა დაერიონ“
მარიამ მჭედლიშვილი
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს,
ყოფილ დისიდენტსა დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ თქვენი აზრით, რის მომასწავებელია გავრცელებული ვიდეოები მიხეილ სააკაშვილის
მდგომარეობაზე, ასევე ხელისუფლების განცხადებები სააკაშვილის თემაზე? რა აქვს
გადაწყვეტილი ხელისუფლებას?
_ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, იმას ამტკიცებს, რომ ხდება სააკაშვილის პოლიტიკური
ცხოვრების ხელოვნური აქტუალიზაცია. პაციენტის მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად
არსებობს რეანიმაცია. სააკაშვილის პოლიტიკურად გაცოცხლება ხელოვნური მეთოდებით
ხდება ისევე, როგორც რეანიმაციაში მძიმე პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა. ამას
ერთვის პროცესები ნაციონალურ მოძრაობაში. ამ შიდაპარტიულ ამბებზე ისეთი ამბავია
ქვეყანაში ატეხილი (ხელისუფლების მონაწილეობით), რომ აბსოლუტურად ყველა პრობლემა გადაიფარა. ნაციონალური მოძრაობის საკითხმა უკრაინის ომიც კი დაჩრდილა.
უკრაინის პრობლემატიკა დაჰყავთ ნაცმოძრაობამდე და ვინმე არესტოვიჩის გამონათქვამებამდე. გამაოგნებელია, რომ ევროკავშირში ქვეყნის შესვლასაც (წევრობის
კანდიდატობას) კი უკავშირებენ სააკაშვილის მდგომარეობას. იმის მაგივრად, რომ განვავითაროთ ქვეყანა ყველა მიმართულებით, მოვახდინოთ რეალური
დემოკრატიზაცია, ვიმსჯელოთ ევროკავშირის 12 პუნქტზე, თვითმმართველობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ყველა საჭირბოროტო საკითხზე, ჩვენ გაუთავებლად ვლაპარაკობთ ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილზე.
_ რაც ხელისუფლების ინტერესს შეესაბამება?
_ რასაკვირველია. „ქართული ოცნებისთვის“ ნაციონალური მოძრაობა შესანიშნავი სავარჯიშო ობიექტი და სპარტინგ-პარტნიორია. ამას ემატება უფრო სათუთი საკითხი და ხდება სააკაშვილის თემის გამოყენება. საქმე ისაა, რომ ვეღარ ქაჩავს ეს თემა. თქვენ მიერ ნახსენები გამოქვეყნებული კადრები ამის ნაწილია. ესეც ემოციებზეა გათვლილი. ცეცხლი რომ ქრება და ფიჩხს შეუკეთებენ ასაგიზგიზებლად, -ასე მოიქცნენ ამ კადრების გავრცელებისას. თან ზოგი აგისტოშია გადაღებული, ზოგი-სექტემბერში, ზოგი-ოქტომბერში. თუ აქვეყნებდნენ, ბარემ, ყველაფერი გამოექვეყნებინათ.
_ სპარინგ-პარტნიორობის პრაქტიკა გასაგებია. სააკაშვილის ყოფნა სად უფრო აწყობთ?
სასაჯელს გადაუვადებენ ან საერთოდ გაათავისუფლებენ სასამართლოს გადაწყვეტილებით?
_ სააკაშვილს (მის თემას) ლიმონივით ბოლომდე რომ გამოწურავენ, მერე შეიძლება გაათავისუფლონ კიდეც. არ არის გამორიცხული, რომ ის პრეზიდენტმა შეიწყალოს.
_ სააკაშვილის ოჯახი ლაპარაკობს ღალატზე. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ-მას თანაპარტიელებმა უღალატეს?
_ ეს ადამიანები სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. ავიღოთ მისი ახლანდელი
მდგომარეობა და პარტიაში მიმდინარე დავიდარაბა. სააკაშვილი ავად თუა, ახლა ნაცმოძრაობაში ერთმანეთს არ უნდა დაერიონ. თუ ეს კაცი მძიმედ არის, რა დროს პარტიის თავმნჯდომარის არჩევნები იყო?! სწორე ახლაა ატეხილი ამბავი. ეს პოლიტიკოსები აფთრებს მაგონებენ. რუსულად უფრო კარგად გამოითქმის სიტყვა „შაკალი“. აფთრებივით გამოჩნდნენ და „შაკალებივით დაერივნენ ერთმანეთს. სააკაშვილის სახელს იყოფენ.
უნდათ, სააკაშვილი პოლიტიკურად მოიცილონ და სააკაშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური სივრცე დაიტოვონ თავისთვის.
_ ბოლო დროს გამოიკვეთა მერაბიშვილის ფიგურა..
_ გვარებს, ფიგურებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამ ადამიანებმა იგრძნეს სააკაშვილის პოლიტიკურად დავარდნის სუნი და დაიწყეს ბრძოლა პარტიული მემკვიდრეობისათვის. მგლების ხროვა რომ იგრძნობს ბელადის დაუძლურებას, ასეთი სიტუაცია აქვთ. ეს საკითხები არ არის ქვეყნის მთავარი პრობლემატიკა. ამაზე საუბარი არ ნიშნავს პოლიტიკურ დუღილს. ჩვენთან ამას ყველაფერი გადაფარა. ეს ყველაფერი აჩვენებს
ქარტული პოლიტიკური კლასის სიდამპლეს.
_ სხვა პარტიები როგორ იქცევიან?
_ ე. წ. ოპოზიციის მანტია მოირგეს პატარა ადამიანებმა. ისინი წახალისებული არიან ხელისუფლებისგან. ხელისუფლებისთვის ეს პატარა ვაი-პოლიტიკოსები საფრთხეს არ წარმოადგენენ. საზოგადოებაში ეს პირები ზიზღს იწვევენ, „ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზა კი ივსება. ისევ გვაყურებინებენ პოლიტიკურ სპექტაკლებს.
_ ამ ფონზე ანტიდასავლური დემაგოგია და პრორუსული პროპაგანდა გრძელდება?
_ დიახ. ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდა ძლიერდება. ამ სიტუაციაში უნებლიეთ მხარედ გვევლინებიან დასავლეთის წარმომადგენლები. კერძოდ, ევროპარლამენტის წევრები. სინამდვილეში, ისინი ობიექტურები არიან, მხარეს არ წარმოადგენენ. უნდათბ საქართველოს წინსვლა.
_ სააკაშვილის მეხოტბე ევროდეპუტატებიც არსებობენ..
_ ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა ობიექტური სამართლიანი ხალხია. მათ
ნაწილს ვიცნობ. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ის, რომ ისინი თანამშრომლობენ მარტო იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც პოლიტიკურ სივრცეში ჩანან, არიან პარლამენტში. ერთი მხრივ, ეს სწორია. მეორე მხრივ, ანგარიშგასაწევია საქართველოს რეალობა. ის, ვინც პოლიტიკურ სივრცეში ჩანს, ხელოვნური პოლიტიკური სპექტრია. ისინი სპექტაკლების მონაწილეები არიან. ნამდვილი ძალები გარიყულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ევროპარლამენტარები უნებლიეთ ხდებიან მხარე. ამის შედეგად „ოცნების“ მომხრეები ლანძრავენ ევროპას. ნაციონალური მოძრაობაც თავისი დამაზიანებელი მოქმედებებით სახელს უტეხს დასავლეთს.
_ ადრეც გითქვამთ, რომ საქართველოში მედასავლეთეების რაოდენობა ცრუ მედასავლეთე პარტიებმა შეამცირეს.
_ ეს ასეა. 1 995-97 წლებში საქართველოში პროდასავლური იყო მოსახლეობის 99%. მაშინდელი კანონმდებლობა მთლიანად ევროპაზე იყო ორიენტირებული. მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ყალბი დასავლური დროშით ფრიალით მოახდინა დასავლეთის დისკრედიტაცია. სწორედ ესაა მიზანი-დასავლეთის სახელის შებღალვა და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის გაღვივება.
_ 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში მეორე ფრონტის თემაც გააბათილა. ევროპარლამენტმა გამოაცხადა, რომ ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმაზე,
თითქოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ომში ჩართვას აიძულებდნენ. თქვენი აზრით, ეს ფეიკები შეწყდება?
_ არ შეწყდება. ევროპა საერთოდ არაფერ შუაში იყო. ნახეთ, რა ამბობენ ვითომ პროდასავლური პარტიები! იქიდან ბანს აძლევთ ვიღაც არესტოვიჩი. მეორე ფრონტის გახსნა არათუ არაპოპულარული, დანაშაულებრივიცაა. დანაშაულია ამაზე დეზინფორმაციის გავრცელებაც. ამ თემაზე აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა.
„ქართული ოცნება“ ამას ეხმიანება შეძახილით-ნახეთ, ომში გვითრევენო. ნაციონალური მოძრაობა თუ გაჩერდება, აღარც „ქართულ ოცნებას“ ექნება საპასუხო არგუმენტი. რატომღაც უკრაინის თემა დაუკავშირეს ნაცმოძრაობას. იმასაც კი ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას მიჰყავს ხალხი უკრაინაში საომრად.
_ უკრაინაში ბევრი ქვეყნისა და ავტონომიის წარმომადგენელი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.
_ დიახ. არსად არ გამხდარა ეს პოლიტიკური დავის საგანი. საქართველოში – გახდა. ესეც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებულად აკეთებენ ანტიქართულ საქმეს.
ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს ცუდსა და უარესს შორის. ნაცმოძრაობას „ოცნება“ ურჩევნია. სხვათა შორის, ასე ხდება ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც.
მაგალითად, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს (მიუხედავად იმისა, რომ ომი წააგო) ირჩევენ იმიტომ, რომ არ მოვიდეს რობერტ ქოჩარიანი. უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდათ პეტრო პოროშენკო.