“16 წლის ვიყავი, მერაბი რომ დაიჭირეს” – როგორ იკვრებოდა ეროვნული მოძრაობის ბირთვი ახალგაზრდებში

123

რთული და ტკივილიანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სავალი გზა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი მხრებით მოუტანეს სამშობლოს 90-იან წლებში თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმე იყო საბჭოთა გულაგებში, სუკის იზოლატორებსა და მკაცრი რეჟიმის კოლონიებში თავის გადარჩენა და ღირსებით ატანა ყველა იმ ტკივილისა თუ პროვოკაციის, რასაც საბჭოთა რეჟიმი დისიდენტებს უწყობდა. ამ პროცესში კი საქართველოს ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავა მართლაც რომ გამორჩეული იყო. მის სიძლიერეს არა მხოლოდ ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეები, არამედ “კანონიერი ქურდებიც” აღიარებდნენ, რომლებიც გაოცებულნი იყვნენ საბოთა ციხეებში კოსტავას ღირსეული, კაცური საქციელით.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე მედია სააგენტო “24”-თან ინტერვიუში საინტერესოდ მოგვითხრობს 80-90-იანი წლების საქართველოს ისტორიისა და ეროვნული მოძრაობის შესახებ, რომელიც განსხვავებულად მოაზროვნეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად დაიწყეს. გიორგაძე იხსენებს პატიმრობის პერიოდებსაც და საბჭოთა მილიციის და უშიშროების დამოკიდებულებას დისიდენტების მიმართ.

– მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან სიონის ეზოში შედგა კომუნიკაცია. როცა დავინტერესდით, კონსპირაციულად მოგვცეს ლიტერატურა, მასალები. კომუნიკაცია კი შედგა, თუმცა ეს არ იყო ორგანიზაციული სახის. მერაბი 1977 წელს დაიჭირეს. მაშინ 16 წლის ვიყავი. ამ ასაკის ბავშვთან ლაპარაკი ორგანიზაციულ თანამშრომლობაზე ზედმეტია, მაგრამ ლიტერატურა და მასალები ჩვენამდე აღწევდა. მაშინ გამოდიოდა არალეგალური გამოცემები, ჟურნალი „საწმისი“ და ჩვენც ვეცნობოდით. დანარჩენებთან დაკავშირება სხვადასხვაგვარად მოხდა – სიონში გავიცანით ერთმანეთი, ლიზიკო ქავთარაძესთან, ირაკლი წერეთელიც ლიზიკოსთან გავიცანი. როცა გაიგებ, რომ სადღაც, რაღაც ღონისძიებაა და ხელმოწერები გროვდება, მიდიხარ. იქ ხვდები ვიღაცებს და ასე ხდება დაახლოება.

აკაკი ბაქრაძის ლექციებზე შეკრებილი ახალგაზრდების გზა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში

თავიდან ბევრი ხალხი იყო, თანდათან დაიწრიტა ურთიერთობები. შემდეგ კაკო ბაქრაძის ლექციებზე ვიყრიდით თავს დაინტერესებული ადამიანები და ასე ვეცნობოდით ერთმანეთს. ბაქრაძის ლექციები რომ აკრძალეს, თვითონ კაკოს არ გაუპროტესტებია, მაგრამ რაღაც გარკვეულმა ჯგუფმა გავაპროტესტეთ. სხვაგვარად მოაზროვნეებს, როგორებიც ჩვენ ვიყავით, გვაახლოებდა აგრეთვე ძეგლების აღდგენაზე მუშაობა, ალპინიადა. ახლა რომ ზაარბრიუკენის მოედანია (ყოფილი ვორონცოვის მოედანი) იქ იყო აღჭურვილობის გაქირავების ცენტრი და იქიდან ვიღებდით პლაკატებს, ტანსაცმელს და ა.შ. ალპინიადა ეწყობოდა, ძეგლებზე გასვლა და თითოეული ასეთი გასვლა, ვიღაცასთან გვაკავშირებდა.

ჩვეულებრივი ახალგაზრდული ურთიერთობები იყო. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ საქმეში და შეხვედრის ადგილი იყო სუფრა. მაშინდელი ტრადიცია ე.წ. ჩანგალზე ასვლა, ჩვეულებრივი იყო. უცნობთან ისე ახვიდოდი, როგორც არაფერი. ასე მოვიდოდა შენთანაც. ასე დამეგობრდებოდი. შემდეგ იყო ჩვეულებრივი თბილისური ჩხუბები – სადღაც, რატომღაც, ვიღაცის გამო. ძირითადად, როგორც წესი, გოგოს გამო. მერე – შერიგება, სუფრა. მერე აღმოჩნდებოდა, რომ თურმე უფრო მეტი ძმაკაცი ის არის შენი, ვისაც ეჩხუბები და არა ის, ვისაც საჩხუბრად წაყევი. აი, ასე შეიკრა ეს ბირთვი. დროთა განმავლობაში ვიღაცები ჩამოგვცილდნენ. ცნობილ საზოგადო მოღვაწედ რომ მოაქვს თავი, ერთი დღე სტიქარი ჩაიცვა და მერე კომკავშირის კომიტეტში რომ დაიბარეს, იმის მერე, აღარც გვინახავს.

– ვის გულისხმობთ?

– ბუღაძე რომ არის, მამა. პიროვნული მომენტები არ გვინდა. თუ გინდა, გეტყვი, კი არ მერიდება. სოსო წერეთელი და გია ბუღაძე კურსელები იყვნენ სამხატვრო აკადემიიდან და მეორე დღეს აღარ გამოჩნდა. ვიღაც მესამე დღეს დაიკარგა. ვიღაცა ჩუმად რომ იდგა, თურმე ის ყოფილა შენი ძმა, ხმას რომ არ იღებდა, იმიტომ, რომ ერიდებოდა. ასე ნელ-ნელა შევგროვდით. აცხონოს ღმერთმა, ერთი ძალიან კარგი ბიჭი იყო რომა ფხალაძე. რა პროფესიის ხარო რომ ეკითხებოდი ( სულისკვეთება მინდა გადმოგცეთ), კარგ ხალხს ვახვედრებ ერთმანეთს უახლოეს რესტორანშიო. 1983 წელს, როცა დაგვიჭირეს, რომაც ჩვენთან ერთად იყო და თავისი იუმორით ძალიან მამხნევებდა.

– რის გამო დაგიჭირეს?

– 83-ში გეორგიევსკის ტრაქტატის აღნიშვნას ვაპროტესტებდით. მანამდე, 1981 წელს, სვეტიცხოველთან – იქ აფხაზეთის თემა იყო.

– რამდენადაც ვიცი, როცა სვეტიცხოველთან ეროვნული მოძრაობის წევრების დააპატიმრეს, ძალიან იყოჩაღა მარიკა ბაღდავაძემ. ირაკლი წერეთელიც იმ დღეს დაიჭირეს?

– კი, ირაკლი წერეთელიც დაიჭირეს. უნიკალური შემთხვევა მოხდა. 1981 წელს, სვეტიცხოვლობაზე, ხელმოწერები იყო შეგროვილი აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, მარიკა ბაღდავაძეს ჰქონდა ეს ყველაფერი. სვეტიცხოველთან ზვიად გამსახურდია დაიჭირეს, სრულიად გაურკვეველი იყო, რის გამო. როცა მანქანისკენ მიჰყავდათ, მარიკა (მარიამ) ბაღდავაძე მანქანას საბურავებში ჩაუხტა, ასფალტზე გაგორდა და ასე გააჩერა მილიციის მანქანა. გივი კვანტალიანი იყო მაშინ ქალაქის სამმართველოს უფროსი. გივი ზვიადს სვამდა დაქოქილ მანქანაში. მანქანა მოდიოდა უკვე და ამ დროს მარიკა გაგორდა პირდაპირ საბურავებისკენ. მოკლედ, ძლივს მივასწარით მე და ვახტანგ გვარამიამ (საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო) მარიკას გადარჩენა. უცებ მივვარდით მე და ის და მარიკა გადავარჩინეთ, მანქანას რომ არ გადაევლო.

200 მილიციელის ცემის ბრალდებით დაკავებული 4 გოგოს სასამართლო

 

მარიკა ბაღდავაძე

– ზვიადი დააკავეს, წაიყვანეს. ამ ინციდენტის გამო საპროტესტო მსვლელობა გადავწყვიტეთ სვეტიცხოვლიდან. ოძელაშვილის ძეგლთან არმისული, ისევ თავს დაგვესხნენ. იფიქრეს, რომ მარიკას ხელმოწერები ჩანთაში ექნებოდა. გამოეკიდნენ და დაიჭირეს. იქ ატყდა ჩხუბი, აყალ-მაყალი. საბოლოო ჯამში, ირაკლი წერეთელი და კიდევ 4 გოგო – თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე, მარიკა ბაღდავაძე და კოშკაძე გაასამართლეს. რაც შეეხება ბრალდებას, ბრალში ჩაიწერა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან არ აწყობდათ, პეტიციის და ხელმოწერების ხსენება. საინტერესო ის იყო, რომ ძირითადად მოწმეები იყვნენ მილიციელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თავს ჩვენ დავესხით. თურმე, 200 მილიციელი რატომღაც მშვიდად იდგა სვეტიცხოველთან და ჩვენ, ველურები გამოვვარდით ტაძრიდან და თავს დავესხით, გავლახეთ და ა.შ. მოთქვამდნენ მილიციელები, ეს ამხელა კაცები – რატომ, რისთვის შვილებო და ა.შ. განაწილებული ჰქონდათ, რომ ეთქვათ – აი, ამან დამარტყა ხელი, რომ დაედასტურებინათ, თითქოს დაპატიმრებულებმა დაარტყეს.

– მაინც და მაინც ქალებზე რატომ მიიტანეს აგრესია?

– ესენი შერჩათ ხელში, ასე ვთქვათ. ჩვენ იმ მომენტში ვერ დაგვიჭირეს, იმიტომ, რომ საპატრიარქოს სტიქაროსნების და მგალობლების ჯგუფთან ერთად ვიყავით. თან უფრო ჯანზე ვიყავით, როგორც იტყვიან. რაგბისტების ჯგუფი მახლდა. თან ერთი მომენტია – იცოდნენ, რომ პეტიცია მარიკა ბაღდავაძეს ჰქონდა. მილიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ პეტიცია გოგოებს ჰქონდათ და ხელმოწერებს აგროვებდნენ. ერთ-ერთი მოწმე სასამართლოზე ამბობდა, – ჩხეიძე მომვარდა და პაგონები დამახიაო, სახეში მირტყამდაო, გამიკვირდა და ვუთხარი, – რას მერჩი შვილო, რა გინდა ჩემგანო? არ გაჩერდა და იძულებული გავხდი, დამეკავებინაო. მოსამართლემ ჰკითხა, – ბრალდებულთა შორის, რომელია ჩხეიძეო? – გახედა ამათ და იმის არ შერცხვა, რომ შვილის ტოლა ბავშვზე ტყუილი თქვა. მაგრამ, რომ გახედა, 4 გოგოა დაჭერილი და ერთი ბიჭი, გოგოსთვის ხელის დადების შერცხვა და ირაკლი წერეთელს დაადო. რა ფენომენია ეს, არ ვიცი. ტყუილის თქმა, ჩაშვება, ხელის დადება არ შერცხვა, მაგრამ სასამართლო დარბაზში ხელის დადება, ასე ვთქვათ, ამოცნობა შერცხვა. მოსამართლეს გაუკვირდა, ეს წერეთელია და არა ჩხეიძეო და მილიციელს უხსნის: ჩხეიძე გოგოა, წერეთელი – ბიჭი. მაგრამ არ უნდა ამ მილიციელს გოგოზე ხელის დადება. მეტი ვერაფერი მოიფიქრა – რა ვიცი, ჩხეიძე იყო და გოგო იყო თუ ბიჭი, ვერ გავარკვიეო. – აი, ასეთი კურიოზები იყო.

ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი, ზვიად გამსახურდია – ფოტო მერაბ კოსტავას დაკრძალვიდან

– ალბათ, მძიმე იყო საბჭოთა გულაგებში პატიმრობა?

– მე გულაგში ყოფნა არ მომიწია. საქართველოს ფარგლებს გარეთ არ ვყოფილვარ. ძირითადად ქართულ იზოლატორებში ვიყავი. რთული იყო ჩვენი უფროსი თაობისთვის. 50-იანი წლების ბოლოს ვლადიმერ ბუკოვსკი შევიდა ციხეზე, სადაც კრიმინალური სამყარო, როგორც მტერი, ისე შეხვდა. რთული იყო დავუშვათ, მერაბ კოსტავასთვის. ბევრი ტკივილის ატანა უწევდათ. რთული იყო, დავუშვათ, ვასილი სტისისთვის, მარჩენკოსთვის, რომლებიც ციხეში დაიღუპნენ. მაგრამ ჩვენ, აი, ამ წინა თაობის კაცობა დაგვხვდა ციხეებში. მაგალითად, მერაბ კოსტავა ჯერ პერმში იყო, პოლიტიკურ საპატიმროში, მოგვიანებით ციმბირში, ქალაქ კვიტოკში. პროვოკაციის შედეგად დამატებით 5 წელი მიესაჯა და ანგარსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც ყველაზე უფრო სერიოზული პატიმრები იყვნენ, კრიმინალები. იმ ზონაში ქართველი კრიმინალებიც იყვნენ. მერაბმა თავისი კაცობით, გაუტეხელი ხასიათით პატივისცემა დაიმსახურა.

მერაბ კოსტავა

პატიმრები ძირითადად სამუშაოდ გაჰყავდათ, მაგრამ კოსტავამ უარი თქვა – ციხის კედლებს არ შევარემონტებო! ამ კრიმინალებისთვის, ეს როგორი რამე იყო, იცით? ამით კოსტავამ თავისუფლებისადმი სიყვარული გამოხატა, კრიმინალები კი ვერ იგებდნენ ამის მდგომარეობას. „კანონიერმა ქურდმა“ ანზორ აღაიანმა თურმე მერაბზე თქვა, ქურდი არ არის, მაგრამ ქურდივით ცხოვრობს, ქურდულად იქცევაო. კაცი, კარცერში წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, გაჭირვებულ მეგობარს თუ დაეხმარებოდა. ამ ადამიანებმა ისეთი სახელი მოიპოვეს ციხეებში აირიკიანმა და სხვა დისიდენტებმა. ამიტომ სუკის იზოლატორი ჩვენთვის უკვე შედარებით იოლი იყო. იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენზე უფროს თაობას, არა მარტო ციხის და კოლონიის ადმინისტრაციასთან უწევდა დაპირისპირება, არამედ პატიმრებთანაც. საკანში კრიმინალებთან ისინი ცდილობდნენ, რომ ზეგავლენა მოეპოვებინათ. ბევრი კრიმინალი ადმინისტრაციასთან იყო შეკრული და მათი მეშვეობით უნდოდათ გაეტეხათ ის ხალხი, ვინც პოლიტიკურზე იჯდა.

 

ესაუბრა გიორგი გლოველი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress