ახალი თაობა 3.08.2022 „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარება არ უნდა და დასავლეთს იმიტომაც დაუპირისპირდა“ მამუკა გიორგაძე: „ორპოლუსიანობა ადვილად ვერ დაინგრევა“

mamuka4441
მარიამ მჭედლიშვილი
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ჯერჯერობით მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები საუბრობენ. მმართველი პარტია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკაში დარჩენა-არდარჩენა არ არის დაკავშირებული სამართლის აღსულებაზე. თუ სააკაშვილი ნამდვილად
გაერიდება პოლიტიკას, იქნება თუ არა ეს ორპოლუსიანობის დასასრული საქართველოს
პოლიტიკაში?
_ორპოლუსიანობა ადვილად ვერ დაინგრევა. მანკიერი ორპოლუსიანობის ტრადიციას დიდი
ისტორია აქვს. დაახლოებით 35 წელიწადია, ამის მომსწრენი ვართ. ორპოლუსიანობაში
მონაწილეობდნენ პარტიები, რომლებსაც ახლა არც იხსენებენ-მაგალითად, მოქალაქეთა
კავშირი და აღორძინება. წინა პლანზე გამოსული პარტიები ამ პერიოდის განმავლობაში
მუდმივად ქმნიდნენ მტერს, მტრის სახეს, რომელსაც უპირისპირდებოდნენ. მტრის სახის
გარეშე ეს პოლიტიკური სისტემა არ მოქმედებს.
_ სააკაშვილი გამოკვეთილი ლიდერი, ფაქტობრივად, ბელადია და თუ ის გავიდა
პოლიტიკიდან, ეს ხომ აისახება ამ პოლიტიკურ სისტემაზე?
_ გარკვეულად, აისახება. თავიდან შეიქმნება ვაკუუმი. მერე შეეცდებიან ამ ვაკუუმის შევსებას. სააკაშვილს თავისი მიზნები აქვს. ის არ არის ნელსონ მანდელა, რომ იდეისთვის 27 წელი ციხეში იჯდეს, არც მერაბ კოსტავა, რომ თავი გაწიროს. სააკაშვილის მიზანია გათავისუფლება. ყველა მისი ნაბიჯი მიმართულია საკუთარი თავის გადარჩენისკენ.
ნაცმოძრაობა მყარი ერთობა არ არის. სააკაშვილს პარტიის წევრების მიმართ უკმაყოფილებაც დაუგროვდა.
_ იმის გამო, რომ არასასაკმარისად იაქტიურეს მის გამო?
_ რასაკვირველია. სააკაშვილს ეგონა, რომ ნაციონალური მოძრაობა მას დაიცავდა, მეტ სოლიდარობას
გამოუცხადებდა, მის გამო იაქტიურებდა. სააკაშვილს მათთან შედარებით ამ შემთხვევაში მორალური უპირატესობა აქვს. სააკაშვილის ლოგიკა ასეთია-ათი წელიწადი გათრიეთ ჩემი მხრებით, თქვენ კი არ დამიცავითო.
_ ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერება საქართველოში დიდი ხანია, შეინიშნება. ბოლო დროს ამ კამპანიაში დაუფარავად და ენერგიულად ჩაებნენ „ქართული ოცნების“ წევრები და მმართველი პარტიიდან ფორმალურად გამოსული დეპუტატები. რასთან გვაქვს საქმე?
_ ამაში განსაკუთრებულად ახალი არაფერია. საქართველოს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლება აგულიანებდა პრორუსულ ძალებს. იგივე შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი. ეს სჭირდებოდათ (ახლაც ასეა) ორი რამისთვის. ჯერ ერთი, დასავლეთს აჩვენებდნენ, აი, როგორი რუსეთუმეები არიან ქვეყანაში, მე უკეთესი ვარ და ზოგიერთ ნაკლოვანებაზე თვალი დამიხუჭეო. მეორე მხრივ, რუსეთს აგებინებდნენ, თქვენიანებს არ ვერჩიო. ბოლოს ყველაფერი გაიშიფრა. ახლა სიტუაცია სხვანაირია. ომმა უკრაინაში ბევრი რამ შეცვალა. თუკი ომამადე ივანიშვილს მანევრირების საშუალება ეძლეოდა, დღეს ეს საშუალება მოესპო.
_ და საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, მკაფიოდ დადგეს რომელიმე მხარეს?
_ ცხადია. საქართველო არ გახლავთ თურქეთი და ჩინეთი, რომ ამ სიტუაციაში თავისუფალი ცურვა შეძლოს. ამიტომაც გამოჩნდა ის, რაზეც ვლაპარაკობთ. ვიღასაც ტყუილად ჰგონია, რომ ამ ვითარებაში რეფორმებზე და დემოკრატიული ცვლელებებზე ხელი უნდა აიღოს.
უკრაინა ომშია ჩაბმული და დასავლეთი მასაც კი მოუწოდებს ანტიკორუფციული ნაბიჯებისაკენ, სხვა რეფორმებისაკენ. თუ ომში მყოფ უკრაინას ეუბნებიან, სხვა საკითხებსაც მიხედეო, მშვიდობიან მდგომარეობაში საქართველოს არ ეტყვიან იმავეს?
საქართველოსაც მოუწოდებენ, მიხედოს სასამართლოს, დაამყაროს კანონის უზენაესობა, გაათავისუფლოს ბიზნესი. ესენი ამბობენ, საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება იოლიაო და ავიწყდებათ, რომ ბიზნესს მარტო დარეგისტრირება არ უნდა. უკრაინას ომის
კანონების დარღვევასაც არ პატიობენ. საქართველომაც უნდა გადადგას ნაბიჯები განვითარებისკენ.
_ მით უმეტეს, საქართველოს დაევალა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ?
_ მოვლენები დაჩქარდა. საქართველოს ხელისუფლება 2 024 წელს აპირებდა განაცხადის შეტანას ევროკავშირის წევრობაზე. ეს მოხდა 2 წლით ადრე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც დაგეგმილზე ორი წლით ადრე მოხდა. იმის მაგივრად, რომ იმუშაონ რეფორმებზე, გაატარონ ცვილელები, ყურადღება გადააქვთ. ლაპარაკობენ იმაზე, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ითრევდა და საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა იხსნა.
_ „ტვინების გამორეცხვა“ მიდის?
_ ვაკვირდებით საბჭოურ მოვლენას. საბჭოთა კავშირი, სანამ არ დაინგრა, ვაშენებდით ილუზორულ კომუნიზმს. 2 008 წელს ომში „გამარჯვება“ აზეიმეს ხალხს. ნატოდან „მაპზე უკეთესიც“ მოგვცეს. მუდმივად ხდება ხალხის გაბრუება ხელოვნური სცენებით, ყურადღების გადატანა რეალური, სასიცოხლო პრობლემებიდან უაზრო კინკლაობაზე,
ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ჩაკვლა.
_ ამას დაემატა თავდასხმები დასავლეთის მიმართ, განსაკუთრებით მიზანში ამოიღეს აშშ-
ის ელჩი?
_ სრული აბსურდია, როცა ელჩს უსვამ შეკითხვას შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ბიძინა
ივანიშვილთან. დალოცვილო, თუ ცნობისწადილი გკლავს, ადექი და ჰკითხე ივანიშვილს!
იმის თავი არა გაქვს, რომ ივანიშვილს ჰკითხო და მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს
ელჩს სთხოვ პასუხს?
_ ამ ყველაფრის შედეგად მმართველი გუნდის საგარეო კურსი ბუნდოვანი ხდება?
_ უცნაური მდგომარეობაა. ჩნდება კითხვებია: თუკი ასე ექცევი დასავლეთის ფლაგმანს, მაშინ რატომ გიწერია კონსტიუტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფება? თუ ევროატლანტიკური კურსის მიმდევარი ხარ, მაშინ რატომ აგინებს აშშ-ის ელჩს? ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ ფიქრობს პოლიტიკაზე,
ქვეყანაზე. ამ ხალხისთვის მთავარია ბელადზე ორიენტირება და მისი მომსახურება. ისეთი
პერიოდია, რომელიც ქვეყნისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჩნდება შანსები საქართველოსთვის.
ამის მაგივრად „ქართული ოცნება“ ბელადს ემსახურება. ბელადომანია ვერ დავძლიეთ. ეს მარტო „ოცნების“ პრობლემა არ არის. პოლიტიკოსების უმრავლესობა, როცა წარსულს იხსენებს, იმას კი არ ამბობს, ამა და იმ პროცესში მეც ვმონაწილეობდი, რაღაც შესანიშნავად
გამოგვივიდა, რაღაც ვერ გავაკეთეთო. ეს ადამიანები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამა და იმ ბელადთან იყვნენ, მის გვერდით ტრიალებდნენ. ხრუშჩოვმა ამხილა სტალინი, ბრეჟნევმა-ხრუშჩოვი, სისტემა კი არ შეცვლილა. საბჭოთა ბელადებს მუდმივად ჰყავდათ მტრები.
იქმნებოდა მტრის ხატები. დახვრეტილი სანდრო ახმეტელის მაგივრად სხვა დაინიშნა,
ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გაუშვეს, მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს.
პოლიტიკას ჩამოაცილეს მამულიშვილები. ამიტომ ვიმყოფებით ასეთ მდგომარეობაში.
უკრაინის ომმა მოგვცა შანსი, ახლა მაინც დავიწყოთ პარტნიორების დახმარებით სახელმწიფოს აღმშენებლობა.
_ პატნიორები თავდასხმების ობიექტები არიან..
_ „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარება არ უნდა და დასავლეთს იმიტომაც დაუპირისპირდა. დასავლეთი თავისი რეკომენდაციებით, პრაქტიკულად, ეუბნება დეპუტატებს, თქვენი სახელითა და გვარით უნდა მოხვდეთ პარლამენტშიო.
_ ამისთვის, სულ ცოტა, აუცილებელია ნორმალური საარჩევნო გარემო და დამოუკიდებელი
სასამართლო?
_ ცხადია. რეფორმები მოიტანს იმას, რომ დეპუტატები ბელადს კი არ აეკიდებიან, თვითონ იმუშავებენ იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. ის დეპუტატები, რომლებიც აშშ-ის ელჩს უპირისპირდებიან, სადღაც გულწრფელები არიან: ამ ადამიანებს არ სურთ რეფორმები. ურჩევნიათ, რომ ბელადმა გაამწესოს პარლამენტში.
_ უმრავლესობიდან ფორმალურად გამოსული დეპუტატები, სავარადუდოდ, პოლიტიკურ
ორგანიზაციაში გაერთიანდებიან? თუ ასე მოხდა, „ქართული ოცნება“ და ეს ჯგუფი კოალიციის შეკვრას ხომ არ დაგეგმავენ?
_ ჯერჯერობით, ეს საკითხი ღიად რჩება. ჯერ ბიძინა ივანიშვილმაც არ იცის, რა და როგორ იქნება. სიტუაცია როგორც მოითხოვს, იმის მიხედვით იმოქმედებენ. შეიძლება გამოსული დეპუტატები ახალ პარტიაში შეიყვანონ, შეიძლება-უკან, „ქართულ ოცნებაში“ დააბრუნონ.
მთავარია, საზოგადოებამ აკონტროლოს ხელისუფლება. თავის დროზე, მილოშევიჩმა რაც ჩაიდინა, იმაზე მისთვის საკუთარ მოსახლეობას პასუხი არ მოუთხოვია. ამის შედეგი სერბებმა მოგვინებით იწვნიეს. ახლა კოსოვოში რაც ხდება, იმასაც უნდა დაკვირვება.
_ ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაცია ამ ეტაპზე ჩაცხრა.
_ რა მოხდა სინამდვილეში: სერბეთმა 5 წლით გააფორმა ხელშეკრულება კოსოვოსთან იმაზე, რომ სერბები ისარგებლებდნენ სერბული მანქანების ნომრებითა და დოკუმენტებით. ამის შემდეგ 5 კი არა, 7 წელიწადი გავიდა. კოსოვომ გამოაცხადა, რომ თვითონ ვალდებულება შეასრულა, ახლა სერბეთმაც უნდა შეასრულოს. თავის დროზე შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება სოხუმიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის შესახებ. ცოტა ხანში სოხუმი დაეცა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ხელისუფლების არასწორი სვლების გამო ზარალდება ხალხი. ახლა საქართველოს, როგორც გითხარით, ეძლევა კიდევ ერთი შანსი,
დაიწყოს აღმშენებლობა. საზოგადოებამ ეს უნდა გაიაზროს და გააქტიურდეს.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress