„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს.
„ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე – შელახული, ბეთლემი – უკაცური.
ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა… მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს.
მან გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად, დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.
ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.
სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის, იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად – სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.
სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო…
…გარდაცვალება არ ეთქმის მის სიკვდილს. ეს იყო ჯვარცმა და მსწრაფლამაღლება, ეს იყო გარდასახვა, ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამდევი ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.
გვსურს, ვაუწყოთ მრევლს, ჩვენს მორწმუნე ხალხს, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა აღასრულა თავისი ვალი და ილია ჭავჭავაძე – ილია მართალი – წმინდანად შერაცხა.
ამიერიდან მისი სული იკიაფებს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.
ეს არ არის უბრალო განჩინება, ეს არის დიდი განგება ღვთისა… ყოვლადწმინდა სამებამ – მამამ, ძემ და სულიწმინდამ – გამოხატა თავისი ნება და გამოაჩინა ახალი ბრწყინვალე წმინდანი, რომელიც იქნება მფარველი ჩვენი ერისა…
დიდი ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა არ არის მხოლოდ აღიარება მისი დამსახურებისა (დამსახურება კი მისი ერისა და ეკლესიის წინაშე მეტად დიდია), ეს უფრო მეტია. როცა ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზირება, ღვთის ლოცვა-კურთხევით, მას ეძლევა განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული ძალა ერის შეწევნისა. ამიერიდან წმინდა ილია ჭავჭავაძე – წმინდა ილია მართალი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის.
რით დაიმსახურა წმინდა ილია მართალმა ეს პატივი?! რა თქმა უნდა, თავისი ღვაწლითა და მოწამებრივი აღსასრულით.
წმინდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა.
წმინდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა…
…შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა. თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით.
წმინდა ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვრობდა და სიმართლეს ქადაგებდა. სიმართლე არ შეიძლება დაეტიოს ერთ ადამიანში. ისევე, როგორც სიწმიდე და მადლი. ისიც იღვრება, ეფინება ხალხს, ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას, ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.
წიწამური ჩვენი წმინდა გოლგოთაა. სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.
…შევთხოვ წმინდა ილია მართალს, იყოს აწ და მარადის გამორჩეულად მფარველი ჩვენი ახალგაზრდობისა, ჩვენი სტუდენტობასა. ამიერიდან ჩვენი ახალგაზრდობა მიმართავს მას განსაკუთრებული ლოცვით, და წმინდა ილია მართალიც ღვთის წინაშე მისი მეოხი იქნება…
ამიერიდან ის, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი, ჩვენს წმინდანთა შორის ბრძანდება“.
სიტყვა წარმოთქმულია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 1987 წლის 2 აგვისტოს, სინოდის განჩინებით წმინდა ილია მართლის წმინდანად შერაცხვის შემდეგ აღვლენილი პირველი სადღესასწაული წირვის დასასრულს.