ვინ უნდა გააკონტროლოს საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი, რეპუტაციული ზიანი უფრო მოაქვთ საქართველოსთვის, თუ სარგებელი?
ბოლო დროს ჩვენში ძალიან ჩაიხლართა არასამთავრობოთა ქსელი. „ნაცმოძრაობის“ დროინდელმა საეჭვო რეპუტაციის ადამიანებმა ერთი-მეორის მიყოლებით თავი შეაფარეს ამ სექტორს, დაწინაურდნენ „ნაცმოძრაობასთან“ მდგომი ახალგაზრდებიც და ე.წ. სამოქალაქო სექტორად წარმოაჩინეს თავი. სინამდვილეში, საქართველოში ნამდვილი არასამთავრობოები თითზე ჩამოსათვლელია. დღევანდელი გაგებით, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ამოფარება ნიშნავს უწყვეტ ტრიბუნას მასმედიაში და ფულის შოვნის საუკეთესო წყაროს.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასამთავრობოების რეპუტაციული როლი, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების მხრიდან არ არის სათანადოდ გააანალიზებული. მისი აზრით, არც ის არის შეფასებული, თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოების სახელით კონკრეტული ჯგუფები ლაპარაკობდნენ, ვინ მისცა მათ ამის უფლება?
მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ ამის უფლება არასამთავრობოებს მისცა საქართველოს ხელისუფლებამ, დაწყებული შევარდნაძის დროიდან, როდესაც ხდებოდა ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმოჩინება დავალების შესაბამისად. თავის დროზე ჟვანიას აქტიური მონაწილეობითა და შევარდნაძის მითითებით, პოლიტიკურ მოედანზე შემოიყვანეს მათგან კონტროლირებული და დაფინანსებული ე.წ. სამოქალაქო სივრცის წარმომადგენლები. დასავლეთისგან მიცემული ფული საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებებმა გამოიყენეს საკუთარი მიზნებისთვის.
„მოგეხსენებათ, „მოქალაქეთა კავშირი“ ვერ ბედავდა საზოგადოებასთან შეკრებას, ჩინოვნიკებთან დახურულ რეჟიმში ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას, მაგრამ მათ ჰქონდათ ერთგვარი ლაბორატორია, მომზადების ცენტრი, სადაც გამოზარდეს პარაზიტთა და უსაქმურთა ფენა, საუბარია 90%-ზე, თორემ, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორში ღირსეული ადამიანებიც არიან. ასევე ხდებოდა სააკაშვილის დროსაც, ასე ხდება დღესაც, როცა პოლიტიკური თემების შესახებ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები გამოდიან. წარმოიდგინეთ, საკუთარ თავს როგორ უნდა „აფასებდეს“ პარტია, რომელიც მიტინგის წარმმართველად ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივისტებს? ამ პარტიის აქტივისტებს შორისაც მიდის ბრძოლა სამოქალაქო აქტივისტებზე ზემოქმედებისა და გავლენებისთვის. სამოქალაქო სივრცეშიც ერთი ამბავია ატეხილი სწორედ იმიტომ, რომ მოიპოვონ უკანონო შავი ფული, გრანტი კიდევ სხვა თემაა. ამ ყველაფერს ხელისუფლება ძალიან მშვიდად უყურებს“, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
მანვე განმარტა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაუთმო სამოქალაქო სივრცე „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს, მათთან აფილირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს. შეგნებულად დაუთმო ეს სივრცე, რადგან თვითონ არ აიღო ინიციატივა. იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც, ხომ შეიძლება „ოცნების“ ერთი დეპუტატი მაინც წავიდეს და „ევროპის სახალხო პარტიას“ დაელაპარაკოს? მაგრამ არა, მთლიანად დაუთმეს ეს სივრცე სამუშაოდ „ნაცმოძრაობას“.
მამუკა გიორგაძის აზრით, ხელისუფლებას შეეძლო ამ არასამთავრობოთა გაკონტროლება, ამის კანონი რომ მიეღო. მით უმეტეს, მსოფლიოში ასეთი კანონები მიღებულია. მაგალითად, პოლონეთში სამოქალაქო სივრცეს აფინანსებენ მოქალაქეები თავიანთი გადასახადის მცირე პროცენტით. ამით კონკურენტული გარემო ჩნდება. ახლა კი, როგორც პოლიტიკურ პარტიებს და ტელევიზიებშია მონოპოლიური გარემო, ასეთი მონოპოლისტები მოგვევლინენ სამოქალაქო სივრცეშიც, რაც აბსურდია.
„პოლიტიკურ პარტიებში მონოპოლია ქვეყნისთვის დამანგრეველია, მაგრამ ასჯერ უფრო დამღუპველია, როცა სამოქალაქო სივრცეა მონოპოლიზებული და ხელისუფლება აძლევს ამის საშუალებას. სპორტში იტყვიან ხოლმე, მეორე ნომრად ვთამაშობო, ანუ ინიციატივას უთმობენ „ნაცმოძრაობას“ და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს და მერე კონტრშეტევაზე გადადიან. ეს არის ხელისუფლების სპორტული სტილი და ეს ქვეყანას ღუპავს, რადგან შენ ხარ დღეს ხელისუფლება, უნდა ითამაშო პირველ ნომრად. არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა ქვეყანაში იმისთვისაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს რამე რომ გამორჩება, დაუსრულებელი ან მიჩქმალული საქმეები, ამაზე გაამახვილონ ყურადღება, ჩვენთან კი არასამთავრობო სექტორი მთავარი პოლიტიკური ძალაა, რაც თავისთავად ნონსენსია და ამის უფლება ხელისუფლებამ მათ არ უნდა მისცეს“, – მიიჩნევს მამუკა გიორგაძე.