ახალი თაობა 18.01.2022
მამუკა გიორგაძე: „არანაირი დასავლეთისკენ არ მივდივართ“
„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, შეეგუება კომუნისტური ცხოვრების წესს თუ მოახდენს ცვლილებებს“
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურები გადაქცეული არიან ცენტრალური ხელისუფლების დანამატებად“
მარიამ მჭედლიშვილი
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობიდან გადმოხტა და დაიღუპა ერთ-ერთი დევნილი. მანამდე ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები აწყობდნენ საპროტესტო აქციებს. ხელისუფლების წამომადგენლების აზრით, ამის პროვოცირება მოახდინა რადიკალურმა ოპოზიციამ. ტრაგედია მოხდა მაშინ, როცა დევნილებს დაჰპირდნენ საცხოვრებლებს მიმდინარე, 2 022 წელს. სახლებში გადასვლამდე მათ ქირით უნდა ეცხოვრათ.
_ ეს ტრაგიკული შემთხვევა ადასტურებს, რომ პოლიტიკურ დონეზე პირველ კლასში ვიმყოფებით. აქამდე ვერ გაგვირკვევია, რომ ყველაფერზე, რაც ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება. ხელისუფლება იღებს კანონებს, აღასრულებს მათ და იღებს გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენს შემთხვევაში ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და ყველაფერი გადააბრალოს სხვას. მოკრივეებს სავარჯოშოდ აქვთ „გრუშა“. „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი სავარჯოშოა ნაციონალური მოძრაობა. მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ არ არსებობს არანაირი კონფეფცია აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თაობაზე, დევნილების საკითხების გადაჭრის შესახებ. ამ მხრივ ყველა ხელისუფლება ერთნაირი იყო.
_ რომელ ხელისუფლებებზე საუბრობთ?
_ არც შევარდნაძეს ჰქონია კონცეფცია, არც სააკაშვილს, არც „ქართულ ოცნებას“ აქვს. შევარდნაძე პრობლემას გამსახურდიას აბრალებდა, სააკაშვილი-შევარდნაძეს, ივანიშვილი-სააკაშვილს. დევნილებზე არ ზრუნავენ ისინი, ვისაც ეს პირდაპირ ევალება.
_ ანუ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას?
_ რასაკვირველია. ეს სტრუქტურები ხელოვნურად არის შემორჩენილი. ისინი გადაქცეული არიან ცენტრალური ხელისუფლების დანამატად. ცენტრალური ხელისუფლების გამაგრების გარდა, ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ზრუნავენ საკუთარო ოჯახების კეთილდღეობაზე. მათ ახლობლების კეთილდღეობა და მომავალი უზრუნველყოფილი აქვთ. სხვა დევნილებისთვის არაფერი გაუკეთებიათ. მას შემდეგ, რაც სახალხო პარტია არ არის პარლამენტში წარმოდგენილი (20 წელიწადი), პარლამენტს კონცეპტუალურად არ განუხილავს აფხაზეთის თემა. ყოფილა მსჯელობა მხოლოდ ცალკეულ საკითხებზე. სინამდვილეში, კონკრეტული საკითხები უნდა იყოს კონფეფციის ნაწილი. ყველა ხელისუფლება ცდილობს, პრობლემა სხვას გადააბრალოს. მიდის ან გადაბრალება, ან იმის გამოცხადება, რომ დარეკეს ცხელ ხაზზე და რომელიმე საშინელება შეატყობინეს უცხოელ პარტნიორებს. უცხოეთს რომ აგებინებ, კარგია, მაგრამ თავად შენ რას აკეთებ?! რა შეიცვლა ხელისუფლების ქმედებებში ოთხოზორიას მკვლელობის, ტატუნაშვილის ტრაგედიის, ან ახლანდელი ტრაგიკული გადმოხტომის შემდეგ?! საქმე ისაა, რომ არც ხელისუფლებას და არც ე. წ. მთავარ ოპოზიციას ნაციონალური მოძრაობის სახით არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ბმა ეროვნულ პრობლემატიკასთან. თავის დროზე სპირიდონ კედია და მიხაკო წერეთელი ამბობდნენ იმდროინდელ მმართველებზე, რომ მათ გვარების გარდა არაფერი აქვთ ქართული. ისინიც, ვისზეც ვსაუბრობ, ასე არიან. საქართველოსთან სულიერი ბმა არა აქვთ. ასეთებისთვის აფხაზეთი მხოლოდ კურორტია, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლო სხვა კურორტით. ასეთია მთელი პოლიტელიტა-მმართველი პარტიაც და ე. წ. მთავარი ოპოზიციაც.
_ იანვარი მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი მოვლენებით დაიწყო. გაიმართა მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და მოსკოვს, ნატოსა და მოსკოვს შორის. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ეს შეხვედრები საქართველოს პირდაპირ ეხება.
_ მსოფლიოში მიდის ახალი წესრიგის დამყარების, ახალი ურთიერთობების დამყარების პროცესი. მსგავსი მოვლენები ხდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის წინ. ასეთ დროს წარმატებას აღწევს ის ქვეყანა თუ რესპუბლიკა, რომელსაც უკეთესი სასტარტო პირობები აქვს. სხვა ხდება მაჩანჩალა. სხვანაირად რომ ვთქვა, დუღილის პროცესია. ღვინის დუღილის დროს შეიძლება დაამატო ინგრედიენტები, ანუ შეიტანო ცვლილებები. დუღილი რომ მორჩება, ეს დაგვიანებულია.
_ საქართველო როგორ იქცევა ამ დროს?
_ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვხვდით დუღილის პროცესში. ჯერჯერობით, ისე ვიქცევით, რომ კიდევ ერთხელ დავრჩეთ მაჩანჩალა.გადართული ვართ არაარსებით საკითხებზე და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაზე. აქტუალურია, შეჭამა თუ არა არაჟანი სააკაშვილმა და როგორ გუნებაზეა ხელისუფლება. ხელისუფლება და მისი პარტნიორი ოპოზიცია-ნაცმოძრაობა დაკავებული არიან საზოგადოების მანიპულირებით და ერთმანეთში ფუნქციების გადანაწილებით.
_ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტები ხელისუფლებას სხვადასხვა საგარეო რეკომენდაციას აძლევენ. ზოგი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებს, დიალოგი გამართოს რუსეთთან, ზოგი კი ამბობს, რომ საქართველო მეთვალყურის სტატუსით უნდა შეუერთდეს „3+3“-ის ფორმატს.
_ ჯერ ჩვენ ყველამ მოვილაპარკეთ, რა გვინდა?! ასეთ საკითხებზე თანხმობა ხომ უნდა იყოს! არ შეიძლება გადაწყვეტილებები მიიღოს ერთმა კაცმა ან ვიწრო ჯგუფმა. იგივე ხდება ეროვნული თანხმობის პროცესში. იქაც ერთი ჯგუფი მონაწილეობს.
_ თქვენმა პარტიამ რომ მოინდომოს პროცესში ჩართვა, არ მიგიღებენ?
_ პრეზიდენტმა გამოაშკარავა, რომ არ აქვს ამის სურვილი. ასეთი შეხვედრები ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი ამოცანაა სახელმწიფოებრივი საკითხების შეთანხმება. შეხვედრაზე ორბელიანების სასახლეში ჩვენ არ მიგვიწვიეს. დამოუკიდებელი, განსხვავებული პოზიციის მქონე ძალები სპექტაკლებში არ ვეწერებით. პრეზიდენტიც ჩართულია პოლიტიკურ თამაშში. შეიძლება რომელიმე მიზანსცენა არ მოეწონოს, მაგრამ ისიც მონაწილეობს სპექტაკლში. ვინ მიიჭვიეს, იმათაც თავიანთი როლები აქვთ. ამ დროს 20 წელიწადია არ მომხდარა მსჯელობა არც ერთ კონცეპტუალურ თემაზე. თუნდაც, რუსეთთან დამოკიდებულებაზე. არ ვიხილავთ, როგორ ახერხებს რუსეთი საკუთარი ინტერესების გატარებას. კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ვადგავართ ევროატლანტიზმის გზას. ეს ჩანაწერი ფიქციაა.
_ რატომ?
_ ევროატლანტიკური კურსის მომხრეს შეიძლება ნორმალური სასამართლო არ ჰქონდეს? შეიძლება, რომ ასეთი ქვეყანა არ ცდილობდეს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას, ჯარის აღმშენებლობას და სხვა? რომელ დემოკრატიულ საზოგადოებაში გინახავთ, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობდეს დისკუსია პრობლემებზე?
_ ოპოზიცია საქართველოშიც არსებობს.
_ არა. ჩვენ ბოლშევიკური მმართველობა გვაქვს. ვინც ხელისუფლების პოზიციაზე არ დგას, ცხადდება მტრად და ხდება კლასობრივი მტერი. ასეთი მეთოდები გამოიყენება ნაცმოძრაობის მიმართაც. თამაშდება სპექტაკლი „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის მონაწილეობით. დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალებს ყველგან კარს უხურავენ. საუბედუროდ, არანაირი დასავლეთისკენ არ მივდივართ. საქართველოში არის ერთპარტიული დიქტატურა, არ არსებობს ნორმალური სასამართლო, სამოქალაქო კონტროლი ძალოვან უწყებებზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო და ისიც გააუქმეს. ამას დაარქვეს რეორგანიზაცია. ყველაფერი აგებულია ერთი კაცის ხუშტურებზე. „ოცნების“ წარმომადგენლები რომ რიხიანად გველაპარაკებიან ტელევიზორებიდან, ისინიც იმ ერთმა კაცმა შეიყვანა საარჩევნო სიაში, თორემ პოლიტიკაში ვერ მოხვდებოდნენ. ამ ყველაფერის უკან იკარგება სახელმწიფოებრივი ინტერესები. რუსეთს საქართველოში უნდა ქაოსი და ამას აღწევს კიდეც აგენტურის მეშვეობით. „წამყვან“ პოლიტიკურ ძალებს უზრუნველყოფილი აქვთ ძალაუფლება, მატერიალური და საინფორმაციო უზრუნველყოფა. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ქართველი ხალხი საბჭოთა იმპერიის დროსაც გამოვიდა, როცა კი ამის შანსი მიეცა. ჩვენი ხალხის მენტალიტეტი არ შეცვლილა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, შეეგუება ამ მდგომარეობას, იმავე კომუნისტური ცხოვრების წესს თუ მოახდენს ცვლილებებს. უსაშველო არაფერი გვჭირს. ხალხმა უნდა იაქტიუროს და მომავალი უნდა ანდოს პასუხიმგებლობის, შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების მქონე პიროვნენებს, რომლებც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ.