„სოსო გოგაშვილი სახალხო პარტიაში 90-იან წლებში იყო“.
„დამოუკიდებელი სანდო საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ყველა საქმეს გამოიძიებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს, სახალხო პარტიაში 90-იან წლებში ვალაპარაკობდით, როცა სოსო გოგაშვილი ჩვენთან იყო“
მარიამ მჭედლიშვილი
ბოლო დროს სახალხო პარტია ყურადღების ცენტრში მოექცა. პარტიასი მიმდინარე პროცესებსა და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს მამუკა გიორგაძეს
_ ბოლო დროს სახალხო პარტიას ხშირად ახსენებენ. კერძოდ, ვვრცელდება ინფორმაციები იმაზე, რომ თქვენს პარტიაში გადმოვიდა ხალხი სხვა ორგანიზაციებიდან. ამ ინფორმაციების უმრავლესობა მართლდება, ზოგი-არა. მანამდე შემოგიერთდათ( უფრო სწორად, დაგიბრუნდათ) სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი. რას იტყვით?
_ ქვეყანაში დუღილია და ბუნებრივია, რომ ეს დუღილი შეეხო პოლიტიკურ ძალებსაც. თვალნათელია, რომ არის ძველით იმედგაცრუება და სხვა იმედი, ახლის ძიება. ადამიანების ნაწილი ხედავს, რომ ჩვენი პარტიაც ახალი გზების ძიებაშია და გვიერთდება. საზოგადოება იაზრებს თავის როლსა და ფუნქციას და აქტიურდება. ჩვენ ამას ხელს ვუწყობთ. ეს არის ჯანსაღი პროცესი. „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში მოდიოდა, ხალხი ამაზე ნაკლებად ფიქრობდა. მაშინ დიდი იყო ზიზღი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და მისი მოშორების სურვილი. 2 012 წელს ადამიანები იმასაც კი არ ეკითხებოდნენ, „ქართულ ოცნებას“ რას აპირებო.
_ ალბათ, კითხვა საჭიროც არ იყო, იმდენი დაპირება ჰქონდათ.
_ დაპირებები იყო, მაგრამ გააჩნია დაპირებებსაც. ჩვენი პარტიის (სახალხო პარტია ედპ-ს განაყოფია)ლიდერი 100 წლის წინ, სპირიდონ კედია იმ დროსაც ურჩევდა საზოგადოებას განესხვავებინა ერთმანეთისაგან რეალობა და ოცნება, ანუ რეალური და ცრუ დაპირებები. ხალხი იმ ეპოქაშიც ტყუვდებოდა. იმ დროს ადამიანები მოიხიბლნენ და ბოლშევიკების ფრაზებით ძმობაზე, ერთობასა და თავისუფლებაზე და თვალი დახუჭეს ბოლშევიკების ძალადობაზე.
_ 2012 წელს რა მოხდა?
_ ხალხს უნდოდა ნაციონალური მოძრაობის მოცილება და მან წაუყრუა იმას, რომ „ოცნების“ დაპირებები არარეალურია. ყველა შეპირება დასაბუთებული უნდა იყოს. „ქართულ ოცნებას“ ამდაგვარი არაფერი წარმოუდგენია. მანამდე სააკაშვილის შემთხვევაშიც იგივე მოხდა. სააკაშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ შევარდნაძეს წაართმევდა ფულს და ამ ფულს ხალხს დაურიგებდა. გავიდა დრო და ხალხმა ბევრი რამ ისწავლა.
_ ზოგიერთი თქვენ გიერთდებათ?
_ ჩვენ ყველა ჩვენს რესურსს ჩავდებთ იმაში, რომ პოლიტიკასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთნენ აქტიური ადამიანები, ვისაც სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში მონაწილეობის სურვილი აქვს. ფული არ გვაქვს, მაგრამ, სხვა, რაც ჩვენს ხელშია, ყველაფერი მოხმარდება საერთო საქმეს. ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ ვფიქრობთ.
_ სამომავლო გეგმებიც გექნებათ.
_ დაგეგმილი გვაქვს თვითკმარი მემარჯვენე-ცენტრისტული ძალის ჩამოყალიბება ეროვნულ-ქრისტიანული იდეოლოგიით. ეს ძალა ითანამშრომლებს დასავლეთთან, გაიზიარებს დასავლურ ღირებულებებს. ოღონდ, დასავლეთის მიმართ არ ექნება მონური დამოკიდებულება. განსხვავებული ძალის გაჩენა გამოიწვევს პოლიტიკური მონოპოლიის და არსებული კლანების დანგრევას. „ქართული ოცნება“ და მისი სპარინგ-პარტნიორი ნაციონალური მოძრაობა ახდენენ ბევრი ტერმინისა და დეფინიციის დევალვაციას და აღრევას. სასაცილოა, როცა ღირებულებებზე საუბრობს ნაცმოძრაობა, „ოცნება“ კი ღაღადებს სახელმწიფოებრივ მშენებლობაზე. ხალხში დამკვიდრა ნიჰილიზმი. საქილოკოდ გახადეს ისეთი დიდი ფასეულობაც კი, როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ცხადია, სიტუაციას ერთი ჯგუფი ვერ შეცვლის და ქვეყანას 5 ან 7 კაცი ვერ ააშენებს.
_ პერსპექტივაში კოალიციურ მმართველობაზე სხვებიც საუბრობენ.
_ მთავარია, აღარ იყოს ბელადომანია და ხალხი არ იყოს ერთი კაცის მოიმედე. ახლა როგორი ვითარებაა? ხალხი ცალკეა, პოლიტიკური ელიტა-ცალკე. ადამიანები პროცესებში არ არიან ჩართული. თვითმმართველობა კი ისეთი რამეა, რომ ხალხთან ყველაზე ახლოსაა. თვითმმართველობაზე დგას მსოფლიოში დემოკრატიაც და კეთილდღეობაც. ყოფით პრობლემებს აგვარებს თვითმმართველობა. ამ არჩევნებისთვის ჩვენ, სახალხო პარტია, ვეპატიჟებით აქტიურ ადამიანებს, მზად ვართ ისინი ჩავსვათ სიაში ყოველგვარი პარტიული ვალდებულებების გარეშე. ჩვენი მთავარი პირობაა, რომ ისინი უნდა ჩაებან რეალურ თვითმმართველობაში. ჩვენ პარტიული ინტერესი არ გვამოძრავებს. მოგეხსენებათ, რომ ამ აჩევნებისთვის ხელისუფლებამ გააქრო კვალიფიციური სუბიექტის ცნება და რა შედეგიც არ უნდა დადოს პარტიამ, მას არც დაფინანსება დაენიშნება და არც სხვა პრივილეგია. როცა მმართველ პარტიას სატელიტები ჰყავს გასაყვანი, ამას ტოვებს. როცა ეშინია, ვინმე დაუმორჩილებელი არ გაძვრესო, მაშინ ყველაფერს აუქმებს. ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებენ.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ დავანებოთ თავი ამ 43%-ს. „ოცნებამ“ შეიძლება ამაზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ ვადამდელი არჩევნები მაინც არ დანიშნოს. მთავარია, რა მოხდება ადგილებზე. ორ-სამ-ოთხ მინიციპალიტეტსა თუ ქალაქში თუ სხვა პარტიამ აიღო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ მონოპოლია დაიშლება. ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ თვითმმართველობაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ მეტი თვითმმართველობა გვინდა, მაგრამ ამ პირობებშიც შეიძლება პრობლემების გადაჭრა.
_ სოსო გოგაშვილი სკანდალური რეპუტაციის ადამიანად ითვლება.
_ სკანდალად შეიძლება აქციო ნებისმიერი თემა და სკანდალურად შეიძლება ჩათვალო ნებისმიერი ადამიანის რეპუტაცია. ვინ დააგინა, რომ რომელიმე ჩვენგანს რაიმე აქვს ჩადენილი? სასამართლომ და პროკურატურამ, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ?! იმისთვის, რომ რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის და პოლიტიკოსის ქმედება გამოიძიო, სანდო და დამოუკიდებელი ინსტიტუტი გჭირდება. დამოუკიდებელი სანდო საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ყველას საქმეს გამოიძიებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს, 90-იან წლებში მაშინ ვლაპარაკობდით, როცა სოსო გოგაშვილი ჩვენთან, სახალხო პარტიაში იყო. ასეთი სტრუქტურა არ შექმნეს არც სააკაშვილმა და არც ივანიშვილმა. შექმნან და ყველა ჩვენგანის საქმეები გამოიძიონ! მანამდე კი ადამიანს ბრალდებებს ნუ წაუყენებენ.
_ სოსო გოგაშვილი პირადად კენჭს იყრის სადმე?
_ სოსო გოგაშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარტიის განვთარებაში. კენჭისყრაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. ამაზე ვიმსჯელებთ და რამდენიმე დღეში საზოგადოებას ყველაფერს ვაცნობებთ.