საქართველოს სტრატეგიული პოლიტიკური პარტნიორები არიან აშშ და ევროკავშირი, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი სახელმწიფოს, თუმცა მყიფე, მაგრამ მაინც უსაფრთხოებას, ხოლო სავაჭრო პარტნიორებში ლიდერობენ: რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი (ამ უკანასკნელის წილი სულ უფრო და უფრო იზრდება საგარეო სავაჭრო ბრუნვაში), მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორები ჩვენივე პოლიტიკური პარტნიორების, რბილად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგეები არიან, რაც ძალზე კომიკურიცაა და, ვფიქრობ, არანაკლებ სახიფათოც. ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12.05,2021
– მართლაც უცნაური კონფიგურაციაა, არის თუ არა ეს ნორმალური და, რაც მთავარია, პოლიტიკურ პარტნიორს აქვს უფრო მეტი გავლენა თუ ეკონომიკურს?
– შეკითხვა, რომელიც ახლა თქვენ დასვით, არის საკითხი, რომელზეც დღეს უნდა მსჯელობდეს ქართველი საზოგადოება. ამას უნდა განიხილავდნენ როგორც აკადემიური, ისე პოლიტოლოგიური წრეები და პარტიის ლიდერები, მაგრამ თქვენ, ფრაგმენტული ინტერვიუების გარდა, ვერ ნახავთ ამ საკითხზე სერიოზულ მსჯელობას, იმიტომ რომ ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა და რეალური სურათის დადება ავტომატურად აჩვენებს ჩვენს რეალურ მდგომარეობას. ახლა ვსაუბრობთ ტერმინებზე, მაგრამ ამ ტერმინებს ვანიჭებთ მნიშვნელობას? ეს ტერმინები ჩვენთვის ნამდვილად ფასეულია? აქაც მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. როდესაც ვამბობთ – „ჩვენი პარტნიორები“, ვიცით, რით გამოიხატება პარტნიორობა? ვამბობთ „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“ – კი ბატონო, დასავლეთს საქართველოსადმი აქვს ინტერესი, დასავლეთი დაინტერესებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობით, დაინტერესებულია, რომ იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, აშენდეს სახელმწიფო, დაინტერესებულია იმით, რომ აქ განხორციელდეს რეფორმები და ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის ამ რეფორმების მნიშვნელობა და მიმართულება.
მაგალითად: ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური საარჩევნო კანონის შემუშავება, რომელიც საზოგადოებაში არსებულ განწყობას რეალურად ასახავს საპარლამენტო არჩევნების შედეგით;
მეორე – ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ რიგითმა მოქალაქემ და პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლონ, დაიცვან თავი;
მესამე – პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და ძალაუფლების გადანაწილება. არ შეიძლება, ერთი ადამიანის, ან ერთი ჯგუფის ხელში იყოს ძალაუფლება, ვინადან ბოლშევიზმია, გავლენა გქონდეს პარლამენტზეც, მთავრობაზეც, სასამართლოზეც, კრიმინალზეც, ბიზნესზეც და ასე შემდეგ.
და მეოთხე მიმართულებაა თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა. ამას გარდა, კიდევ არის სამხედრო მიმართულების საკითხები, რომლებიც მოიცავს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ოფიცრების მომზადებას, ჯარისკაცების მიმართ ადამიანურ მოპყრობას, შეიარაღების განვითარებას, ტაქტიკური და თეორიული ბაზის შექმნას, თავსებადობას ნატოს ჯარებთან და შავ ზღვაზე ერთობლივ პარტნიორობას.
ამ მიმართულებებით საქართველოში არაფერი კეთდება და მაშინ როგორ ვართ ჩვენ პარტნიორები, როგორ გვქვია სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ვმუშაობთ მხოლოდ ამ სამი მიმართულებით: პირველი – ფული გამოვართვათ მათ, მეორე – სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით მოვიპოვოთ ინდულგენციები, რომ ამერიკამ თვალი დახუჭოს რეფორმების არარსებობაზე და მესამე – იმ საკითხების ნაწილი, რომლებიც დასავლური საზოგადოებისთვის მტკივნეულია, მაგრამ ღირებულებების დონეზე არ განიხილება, გადმოგვაქვს დაპირისპირების საგნად. ვგულისხმობ, თუნდაც, უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს, რომლებიც გადმოგვაქვს დამახინჯებულად, შინაარსობრივად ვცვლით და, საბოლოოდ, ეს საზოგადოებაში იწვევს ანტიდასავლური განწყობების მატებას. ფაქტობრივად, არანაირი პარტნიორობა საქართველოს არც დღევანდელ და არც ერთ წინა ხელისუფლებას არ ეტყობა და მათ ამ პარტნიორობისკენ ნაბიჯები არც გადაუდგამთ და არც დგამენ.
– თქვენ ჩამოთვალეთ რეფორმების მიმართულებები, რაც გვაქცევს დასავლეთის პარტნიორად და ამასთან, სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, იფუნქციონიროს გავლენების გარეშე, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი მომენტი: ქართული პოლიტიკური კლასი, ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და სამოქალაქო სექტორი, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში, არის კი მზად ისეთი თავისუფალი გარემოს შესაქმნელად, რაზეც თქვენ ილაპარაკეთ? თავისუფალი გარემო რომ შექმნა, ამ თავისუფალი გარემოს ზიდვის თავი უნდა გქონდეს – გვყავს ჩვენ ასეთი საზოგადოება, პოლიტიკოსების ჩათვლით? კრიტიკულ რაოდენობას ვგულისხმობ.
– პირველი: ჩვენ საკუთარ თავს უნდა ჩავუნერგოთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ყველანაირად უკეთესია, ვიყოთ თავისუფლები, ვიცხოვროთ თავისუფალ გარემოში და კეთილდღეობის მაქსიმალური გარანტიის პირობებში და ამას გვეუბნება ჩვენ დასავლეთი. ანუ, რაც ჩვენთვისაა უკეთესი, იმას გვთხოვს დასავლეთი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დასავლეთი უფრო მეტად წუხს ჩვენს მდგომარეობაზე, ვიდრე ჩვენ.
მეორე – ვართ კი ამისთვის მზად?! ეს უკვე სხვა საკითხია, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის 200-წლიანმა წყვეტამ და საბჭოთა სისტემაში აღზრდილი ადამიანების მენტალობამ, რაც მმართველ ძალაზეა ორიენტირებული, თავისი შედეგი გამოიღო. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები, თუნდაც, ეროვნული მოძრაობის პერიოდში ლოიალურები იყვნენ ხელისუფლების მიმართ, რაც მე ძალიან მიკვირდა და შემდგომ მათ გააგრძელეს ეს ყველა ხელისუფლების მიმართ.
იმის თქმა მინდა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ამისთვის მზად არ არის. ქართული პოლიტიკური კლასი მიჩვეულია წაწოლას. ეროვნული მოძრაობის დროიდან მოგვყვება „წაწოლის თეორია“. ეს პრობლემაა, მაგრამ როდესაც ეს პრობლემაა, მის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ და აქ უკვე პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს, არსებული პრობლემები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
თავის დროზე, როდესაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ამერიკულ დემოკრატიაზე დაიწყო მსჯელობა, ნაზარბაევმა ძალიან სერიოზულად გამოთქვა ასეთი აზრი: მეც მინდა ამერიკული დემოკრატია, მაგრამ ამდენი ამერიკელი ყაზახეთში საიდან მოვიყვანოო. არ უფიქრია ნაზარბაევს დემოკრატიაზე. 30 წელი იყო ხელისუფლებაში, ახლა შვილებს გადააბარა, მისი წარმოდგენით, დემოკრატია ეკუთვნის ამერიკელს.
– თუმცა ნაზარბაევმა ძალიან უმტკივნეულოდ „ჩააჩოჩა“ რუსული ენა, სადავო ტერიტორია დაიტოვა, უჩუმრად გაისტუმრა ქვეყნიდან რუსი მოსახლეობა და საკმაოდ გააძლიერა ყაზახეთის ეკონომიკა, ანუ მოაგვარა სოციალური პრობლემები.
– ჯერჯერობით ყველაფერი წინ აქვთ და მეორე, ჩვენი ყოფა და მოთხოვნები განსხვავდება მათგან.
– ცხადია, იმიტომაც ვთქვი, ის სხვა კულტურაა.
– ამიტომ შედარებები ზუსტად უნდა ასახავდეს განწყობებს. თავის დროზე, საბჭოთა კავშირში უზბეკეთის კომპარტიის წევრების წინააღმდეგ საქმე აღძრეს ბამბის თემაზე. პარტიის 20 000 წევრი დაჰკითხეს უზბეკეთში და მათგან არც ერთს არ უთქვამს, რომ ქრთამი მისცა. თითოეული მათგანი იმეორებდა, უფროსს პატივი ვეცითო, ერთ-ერთმა კი ისიც თქვა, რომ არათუ ცეკას მდივანს, ჯოხი რომ დაგერჭოთ მინდორში და დაგეწერათ „ხელმძღვანელი“, იმასაც ვცემდი პატივსო. საქართველოსთვის ჩვენ სხვა რამ გვინდა, საქართველო არ არის ასეთი ტიპის ქვეყანა და ამიტომ, როდესაც ხელისუფლებები ცდილობენ მოსახლეობის დამონებას და ამას ემატება ის პრობლემები, რომლებიც ბოლშევიზმიდან გადმოჰყვა ჩვენს ქვეყანას – თავად ევროპული ცხოვრება უნდათ, ხალხისთვის კი – საბჭოთა, ვითარება მძიმდება. დღეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და ამასაც გვიკიჟინებს დასავლური სტრუქტურები – მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ჩვენთან ეს თემა მინუსებშია და ესეც საბჭოური სისტემის გავლენაა. ჩვენს ქვეყანაში ადამიანი არაფერს წარმოადგენს. აი, ესაა პრობლემა, ამიტომ სტრატეგიული პარტნიორობა სჭირდებათ იმისთვის, რომ სხვანაირად ვერ იქნება, ხოლო ფულის შოვნა სჭირდებათ საკუთარი კერძო ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ამ შემთხვევაში ეს აისახება კიდეც ეკონომიკურ დამოკიდებულებაში რუსეთსა თუ სხვა სახელმწიფოებზე.
აქ არის კიდევ ერთი პოლიტიკური ასპექტი, ამ სურათმა განაპირობა ის, რომ საქართველოში ანტიდასავლურმა განწყობებმა იმატა. დემოკრატია მაშინაა ქმედითუნარიანი, თუ მას სახელმწიფო ინსტიტუტები უზრუნველყოფს, მაგალითად, როდესაც მოსამართლეს შეუძლია, გააუქმოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება. მაგალითად, ტრამპმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჰაიტის მოსამართლემ, ტრამპის მიერვე დანიშნულმა, დაარტყა ჩაქუჩი და შეაჩერა დედამიწაზე ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მთელი ამერიკის ტერიტორიაზე. როცა ინსტიტუტია, მაშინაა გარანტირებული დემოკრატიის სიკეთეები. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მოსამართლე დამნიშნავეს გაუწევს წინააღმდეგობას საქართველოში?!
– მაგ წინადადებაში საკვანძო სიტყვაა „საქართველოში“.
– დიახ. ამიტომ ხდება ის, რომ, ერთი მხრივ, დემოკრატია იქცა ქილიკისა და ზიზღის საგნად და, მეორე მხრივ, დემოკრატია მონოპოლიზებულ ქვეყნებში არის ოლიგარქების საყვარელი სათამაშო, – სწორედ, ასე უწოდებენ. რა კარგია დემოკრატია, როდესაც ოლიგარქი ხარ და ინსტიტუცია არ მუშაობს?! რაც გინდა, იმ გადაწყვეტილებას მიიღებ, რაც არ გინდა, იმას არ მიიღებ, მედიაში, როგორც გინდა, ისე გააშუქებ ან არ გააშუქებ. ძალიან მოირგო საბჭოთა ოლიგარქიამ დემოკრატია: რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. რა ხდება ხელისუფლებებში?! ოლიგარქებს შორის ბრძოლა მიჩნეულია პოლიტიკურ პროცესად. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ეს და იმ ადამიანებმაც, რომლებსაც ქვეყნისთვის ოდნავ მაინც შესტკივათ გული. ამის დეფიციტის გამო გახდა პოლიტიკური პროცესი ყველაზე კარგი ბიზნესი. რაც დრო გადის, შეხედეთ, რამდენი ბიზნესმენი შედის პარლამენტში?!
– ზოგადად, პარტიულ სიებშიც მოდური იყო და არის ბიზნესმენების შეყვანა.
– ჩვენ თვალწინ პოლიტიკოსები გაჰყავთ პოლიტიკური მოედნიდან და შემოჰყავთ კლანები. ჩვენთან არ არსებობს პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. პარტიების წინააღმდეგ ისტერიაა და თუ პარტია არ იქნება, მათ ადგილს იკავებს კლანი და დღეს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, რომელიც პოლიტიკურ ველზე ჩანს, ეს არის კლანები, იმიტომაც გადადიან ასე მარტივად ერთი პარტიიდან მეორეში, მეორიდან – მეოთხეში. პარტიებში მსოფლმხედველობითი ერთობის მოთხოვნა არ არსებობს, უბრალოდ, რაღაც ეტაპამდე კლანებს შორის გარიგება იდება და როდესაც გარიგება სრულდება, შემდეგ ახალი კონფიგურაციით ლაგდება პოლიტიკური პარტიები.