“სახალხო პარტიის” ლიდერი, მამუკა გიორგაძე, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში, “რეალური პოლიტიკა” აფასებს, თუ რა შანსები აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შეუძლია თუ არა პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნდეს გიორგი გახარია, როგორც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი.
06 მაისი 2021
“ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ აქ არ მიმდინარეობს ჯანსაღი შიდა პოლიტიკური ჭიდილი, რომ პიროვნებებმა თუ ჯგუფებმა ურთიერთკონკურენციის ნიადაგზე მიაღწიონ წარმატებას. ჩვენთან საკმაოდ დიდია გარეშე ფაქტორების მნიშვნელობა და უპირველესად, “შედეგს აღწევს”, ბრჭყალებში, თუ ეს შედეგია, ის ადამიანები, რომლებიც დაშვებულები ხდებიან თამაშში.
იგივე იყო სააკაშვილზეც, თავის დროზე. რომ არა შევარდნაძე, ის ვერ მოხვდებოდა პოლიტიკაში.
როცა ამა თუ იმ პოლიტიკოსის წარმატებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავარკვიოთ მთავარი, თუ რამდენად დაშვებულია ის თამაშში. დღეს ძალიან დიდია სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენები ქვეყანაში და ძალიან დიდია პოლიტიკური კლანების ძალაუფლება.
ძირითადად, ეს ჩვენი ისტორიული მეზობლის სპეცსამსახურებია. მაგრამ ისიც აღარ არის ისეთი ძლევამოსილი და მთლად ასპროცენტიანი გავლენა ვეღარ აქვს, მაგრამ ხელს უწყობს კლანების ჩამოყალიბების პროცესს, რაც არის პარტიების ალტერნატივა და ამათ შორის ურთიერთობით იმართება ქვეყანა”, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.