ახალი თაობა 21.04.2021 „დასავლეთი ცდილობს, საქართველო როგორმე გამოგლიჯოს რუსეთს“

1580333096-მამუკა-გიორგაძე-
მამუკა გიორგაძე: „საქართველოში კრიზისი ხელოვნურია და მისი მონაწილეები ასე ადვილად არ გაჩერდებიან“
მარიამ მჭედლიშვილი
იწყება თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ოპოზიციის ნაწილმა მმართველ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს. არის ეს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის დასაწყისი?
_ მადლობა ევროკავშირს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი სხვა სახისაა და ადვილად ვერ დაიძლევა. ეს კრიზისი ინსპირირებულია, მას არ გააჩნია ბუნებრივი საფუძველი. მონაწილე სუბიექტები მას საკუთარი საჭიროებისთვის იყენებენ. კრიზისი ხელოვნურია და და მისი მონაწილეები ასე ადვილად არ გაჩერდებიან.
_ ქაოსი მომავალშიც არ არის გამორიცხული?
_ რასაკვირველია. ბუნებრივი კონკურენციით, ჯანსაღი არჩევნებით, იდეების ჭიდილით გარკვეული პოლიტიკური აქტორები ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ამ მოთამაშეების პატრონების გეგმების თანახმად, ქვეყანაში უნდა მეფობდეს ქაოსი, მოსახლეობა კი მუდმივად სტრესის მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. ეს რომ ნორმალური, ჩვეულებრივი კრიზისი იყოს, აქედან გამოსვლის გზები გამოინახებოდა.
_ კლასიკური კრიზისის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები იქნებოდა გამოსავალი?
_ ვადამდელი არჩევნებიც და სხვა მეთოდებიც. ჩვენთან სხვა მდგომარეობაა. კრიზისი არის თვითმიზანი. ამის შემყურე ხალხს უტყდება გული, ის ვარდება ნიჰილიზმში. ჩვენი საგარეო პარტნიორები ხვდებიან, რაც ხდება, მაგრამ ხანდახან ამაზე თვალს ხუჭავენ. ერთი-ორჯერ პირდაპირ გვითხრეს (არენაზე მყოფ პარტიებს უთხრეს) კიდეც, რუსეთის თამაშს თამაშობთო. მათ რაც შეუძლიათ, აკეთებენ. თუ ჩვენ არ მოვინდომეთ და ქვეყანაზე არ ვიფიქრეთ, ისინი რას იზამენ?! ნახევარი წელიწადია ვიმყოფებით ამ ხელოვნურ ქაოსში. აღარც კოვიდ-თან ბრძოლისთვის გვცალია, არც ტერიტორიული მთლიანობისათვის, აღარც რეგიონული პრობლემებისთვის, არც შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, არც იმისთვის, რომ ხალხი შიმშილობს. რეფორმები არც ერთ სფეროში არ გაგვიტარებია. ქორწილში ორი მთვრალი კაცი რომ ერთმანეთს ეჩხუბება, ისე მივჩერებივართ ორი პოლიტიკური სუბიექტის გაწევ-გამოწევას.
_ სასამართლო, საარჩევნო რეფორმები ნახსენებია შარლ მიშელის დოკუმენტში. იქნებ, ახლა მაინც დაიწყოს რეფორმების განხორციელება?
_ სავალალოა, რომ 30 წელიწადი გავიდა და ერთი საფუძვლიანი რეფორმა ვერ გავატარეთ, დემოკრატიულის ინსტიტუტები ვერ ჩამოვაყალიბეთ. ეს არ გააკეთა არც ერთმა ხელისუფლებამ. სასამართლო რეფორმის ოთხ ტალღაზე გვესაუბრებოდნენ, სინამდვილეში, არაფერი გაკეთებულა გარდა იმისა, რომ ერთი მოსამართლე მეორით შეიცვალა. ამ პერიოდში სიტუაცია სულ დაძაბული იყო. პრობლემები იფარებოდა სამხედრო, პოლიტიკური, სიტყვიერი, პიროვნული დაპირისპირებებით. იხარჯებოდა ამაო დრო, ფული და რესურსები.
_ მიშელის დოკუმენტს დავუბრუნდეთ. ოპოზიციის ნაწილმა მას ხელი მაშინვე მოაწერა. არ არის გამორიცხული, მათ სხვებიც შეუერთდნენ. ზოგისთვის ეს მიუღებელია. სალომე სამადაშვილს უთანხმოების გამო ნაცმოძრაობის დატოვებაც მოუხდა.
_ ამ პოლიტიკოსებს შორის თვისებრივი განსხვავება არ არის. ამ ხალხს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ მინიჭებული.
ყველა ერთნაირი საბჭოთა ერთპარტიულობის დროს იყო. ახლა ერთპარტიულობა ვერ იქნება. ვითომ მრავალპარტიულობაა. თანაც, აუცილებელია დრამატიზმი თავისი განცდებითა და ექსპრესიულობით, ინტიმით. სხვანაირად დამაჯერებელი სპექტაკლი არ შედგება. ყველა რადიკალი ვერ იქნება. ზოგს ზომიერის როლი აქვს დაკისრებული. გოჩასა და ხვიჩას ეპიზოდისა არ იყოს, თვალზე ცრემლი გადგება.იმასაც ხვდები, რომ საქართველოსთვის არც ერთი არ იბრძვის. ყველა ერთ ფაბრიკაშია დამზადებული. ამას აკვირდება დასავლეთი. იქ ეჭვი ეპარებათ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელ ერთან ურთიერთობენ. არ სჯერათ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ აქ შეიძლებოდა შექმნილიყო. პოლიტიკური სპექტაკლები მიდის ნამახვანიჰესის, გარეჯის, ადამიანების შიმშილის ფონზე. იკორთიდან წმინდანთა ნეშტის გადატანამ შეუმჩნევლად ჩაიარა. სამაგიეროდ, გაუთავებლად მიდის საუბარი მელიასა და რურუას პოლიტპატიმრობაზე.
_ რა არის ხელოვნური ქაოსის მიზანი?
_ ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის, ერის დეგრადაცია. ვიღაცა იფირებს, რომ ეს დაკავშირებული არაა პოლიტიკასთან. არადა, არის. დეგრადირებული და ამორალური საზოგადოების ხელში ქვეყანა წარმატებას ვერ მიაღწევს. მტერს ეს უნდა. მაშინ, როცა ანზორ ერქომაშვილის გასვენების დღე იყო, გურამ დოჩანაშვილი კი ახლად გარდაცვლილი გახლდათ, ქალაქის ცენტრში კონცერტი და ცეკვა-თამაში იყო გაჩაღებული. ეს საშინელებაა. ერთი წუთითაც ვერ გამოდიან როლებიდან.
_ ევროკავშირის წარმომადგენელი მედიატორები დიდ აქცენტს აკეთებენ საარჩევნო საკითხებზე. იქნებ, მოხერხდეს ისეთი სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება, რომ პარლამენტში კონკურენციის გზით მოხვდნენ პოლიტიკური ძალები?
_ ამის იმედი არ უნდა დავკარგოთ. პესიმისტურად არც მე ვარ განწყობილი. რუსეთი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ ქაოსის რეჟისორია, სუსტდება. სხვა არაფერი შეუძლია და ქაოსს იწვევს. შავ ზღვაზე რუსეთი დომინანტური როლი დამთავრდა. რასაკვირველია, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები გასატარებელია. ევროკავშირიც ამას გვირჩევს. ეს თუ გაკეთდა, რუსული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსები უკანა პლანზე გადავლენ. რუსეთი ერთ ამბავშია-ბოლო წლებში თავისი სპეცსამსახურები გაააქტიურა და პოლიტიკურ ველზე გამოიყვანა. იმედია, საზოგადოება თავის წვლილს შეიტანს რუსეთიდან თავსმოხვეული ხელოვნური ქაოსის დაძლევაში.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress