ქართულ სპორტს საკმაოდ მძიმე დღეები უდგას. „ქართული ოცნების“ განხორციელებული „რეფორმების“ წყალობით დღეს სპორტსმენები ზონდერებთან და კრიმინალებთან ასოცირდებიან. ამაში საკუთარი წვლილი თავად სპორტსმენებმაც შეიტანეს. არადა, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გიორგაძე გვიყვება, რომელიც რაგბს თამაშობდა, კუნთმაგარ ხალხს ყველა ხელისუფლება იყენებდა ოპონენტებთან საბრძოლველად.
მას კარგად ახსოვს, თუ როგორ გამოიყვანეს ეროვნული მოძრაობის მიტინგის დასარბევად „აიას“ რაგბისტები. დარბევა მხოლოდ იმიტომ ვერ შედგა, რომ რაგბისტები ეროვნული მოძრაობის მხარესაც იყვნენ და მათ ერთმანეთზე ხელის აღმართვა არ ისურვეს.
რატომ არის აუცილებელი ლუსტრაციის კანონის მიღება და ვინ უშლის ამას ხელს? როგორ ხდებიან ტიტულოვანი სპორტსმენები ზონდერები? რატომ ვერ თქვა ქართულმა სახელმწიფომ უარი ბოლშევიზმზე? რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდა სპორტსმენებმა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მამუკა გიორგაძე ესაუბრება:
_ ბატონო მამუკა, თქვენ რაგბისტი იყავით და იცით რაგბისტების მენტალიტეტი. ისინი არასდროს ასოცირდებოდნენ მოძალადეებთან. დღეს კი სხვაგვარად არის საქმე. როცა ადამიანზე ამბობენ, რომ რაგბისტი ან მოჭიდავეა, ყველა ფიქრობს, რომ ის მოძალადეა. როგორ მივიდა საქმე აქამდე?
_ რაგბისტები და მოჭიდავეები სადამსჯელო რაზმად არ ჩამოყალიბებულან. ვიღაცას აწყობს, რომ საქართველოში აღარ დარჩეს წმინდა ადგილი. ვიღაცა ძალიან ცდილობს, რომ საქართველოში აღარ არსებობდეს პატივსაცემი წრე ადამიანებისა. შეგნებულად ხდება მთელი რიგი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ერთი და ორი დამნაშავის გამო ყველა არ უნდა გაილანძღოს. რას ჰქვია, რაგბისტები ცუდი ხალხია?! რას ჰქვია, სპორტსმენები დამნაშავეები არიან?!
_ დანაშაულს თუ სჩადიან, არ არიან დამნაშავეები? რაკი სპორტსმენები არიან, თვალი უნდა დავხუჭოთ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე?
_ დანაშაულის ჩადენაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, დანაშაულს ვინც ჩაიდენს, ყველა უნდა დაისაჯოს, _ დარგსა და პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ დამნაშავეა კონკრეტული ადამიანი და არა მთლიანად სფერო. თუნდაც 10 უღირსი კაცის გამო როგორ შეიძლება, მთელ მიმართულებასა და დარგს მიაყენო შეურაცხყოფა?!
ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურ ქვეტექსტს ვხედავ. გამოდიან ვითომ პოლიტიკოსები და დაუღალავად ლანძღავენ მთელ დარგს. ექიმებშიც არიან უღირსები და რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვიყვიროთ, რომ ექიმები ცუდები არიან? მსგავსი ქმედება არც ერთი სფეროს წარმომადგენელზე არ შეიძლება. ამით კიდევ ერთხელ ითესება ზიზღი და სიძულვილი.
რამდენიმე ადამიანმა თუ არასწორად იჩხუბა, ამის გამო რაგბის მთელ ოჯახს შეურაცხყოფა რატომ უნდა მიაყენო? კონკრეტულ ადამიანებზე ილაპარაკე. ჩემი თაობის რაგბისტებში მსგავსი რამეები არ ყოფილა. ჩვენს დროსაც იყო ჩხუბი, მაგრამ არავინ დაჩაგრულა, არც ზედმეტად გამოგვიყენებია ჩვენი კუნთები. სისასტიკე საერთოდ გამორიცხული იყო.
_ რამდენიმე კაცი ერთ კაცზე გაიწევდა თქვენს დროს?
_ გამორიცხულია! ჩვენ რომც გვეჩხუბა, მეორე დღეს ეს ყველაფერი მორიგებითა და ერთმანეთთან ჩახუტებით მთავრდებოდა. ახლა დაპირისპირება სულ სხვანაირად სრულდება. ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ, თუ რამ მიგვიყვანა აქამდე. გასარკვევია, რატომ წამოვიდა ახალგაზრდებში ასეთი სისასტიკე. საშინელება მოხდა, თავის დროზე, ხორავას ქუჩაზე და ახლა უკვე არაგვის ხიდებთან. აუცილებლად უნდა გავიგოთ მიზეზი, თუ რატომ უსწორდებიან ახალგაზრდები ასე დაუნდობლად ერთმანეთს? რატომ არიან ადამიანები ასე გაბოროტებულები?
მეორე უბედურებაა ის, რომ ასეთ ტრაგედიებსაც კი მედია და პოლიტიკოსები სათავისოდ იყენებენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ დესტაბილიზაციას. თითქოს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში სიმშვიდე არ იყოს. ჯოჯოხეთში ასეა, რომ ყველას თავისი წილი მუგუზალი მიაქვს, რათა იქ კარგად გიზგიზებდეს ცეცხლი. დესტაბილიზაციის შესაქმნელად ყველას მიგვაქვს ჩვენი წილი მუგუზალი და ვერ ვხვდებით, რომ ამ ცეცხლით ყველა ვიწვებით და ის კუპრიც ყველას გვესხმება. რაც მთავარია, ზარალდება სახელმწიფო. ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესებთან გვაქვს საქმე. მეტი სიფრთხილისა და წინდახედულების გამოჩენაა საჭირო.
_ ისევ სპორტს დავუბრუნდეთ: რატომ გადაიქცნენ ამ სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები მოძალადეებად? კომუნისტები იყენებდნენ სპორტსმენებს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ?
_ სპორტსმენებს ყოველთვის იყენებდნენ სათავისოდ, მაგრამ სპორტი სულ სხვა რამეა. ეკლესიაზე ამაღლებული დაწესებულება არ არსებობს, მაგრამ იქაც კი მოიძებნება რამდენიმე უღირსი. ყველა ოჯახს ჰყავს ერთი ცუდი, გამონაკლისი ვერც სპორტი იქნება. სამწუხაროდ, ასეთი უღირსი სპორტსმენები ყოველთვის ჰყავდა საქართველოს. ისეთი ხალხი სჩადიოდა უღირს საქციელს, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან გაგიკვირდებათ, მათ ვინაობას რომ გაიგებთ.
_ ვისზეა საუბარი, შეგიძლიათ გვითხრათ?
_ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ძალიან ცნობილ სპორტსმენებზე ვსაუბრობ. ისინი მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ. ამ ათლეტებს ქართველმა ხალხმა ძეგლები დაუდგა. ეს ხალხი, თავის დროზე, „ენკავედეში“ მუშაობდა და პატიმრების ცემაში მონაწილეობდა.
_ ამის შესახებ, ალბათ, ბევრმა არ იცის, თორემ ძეგლებს როგორ დაუდგამდნენ?!
_ არაა ეს სპორტის სფეროში დამალული ამბავი. როცა ასეთი მწამებლების ძეგლები გვიდგას და ისინი გმირებად გვყავს გამოცხაებული, მაშინ ახალგაზრდების ჩხუბიც ნუღარ გვიკვირს. ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ლუსტრაციაა. ლუსტრაცია იმიტომ კი არ მინდა, რომ ვიღაცები დავსაჯოთ ძველი ცოდვებისთვის, რაღაცები უნდა ვიცოდეთ, თუნდაც იმისთვის, რომ მერე მოოძალადეების ძეგლები აღარ დავდგათ და თაობებს არ ვუჩიჩინოთ, ამათ მაგალითზე უნდა გაიზარდოთო.
_ ბევრი სახელოვანი სპორტსმენი იყო მოძალადე?
_ სამწუხაროდ, მრავლად იყვნენ. პატიმრების გაუპატიურებაც სპორტსმენების სახელს უკავშირდება.
_ ახლა თუ კომუნისტების დროს?
_ კომუნისტების დროს და ამაში ძალიან ცნობილი გვარები არიან გარეული. ვიმეორებ, რომ საჭიროა ლუსტრაცია. ლუსტრაცია საჭიროა იმისთვის, რომ ხვალ არ განმეორდეს ის, რაც იყო გუშინ. როდესაც ჩვენ ამ მოვლენაზე არ ვსაუბრობთ და ინფორმაცია არ გამოგვაქვს, ნუღარ გვიკვირს, რომ რამდენიმე ნაძირალა დღესაც აღმოჩნდეს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რომ მთელ სახეობას ვაგინოთ.
თვალში საცემია, რომ რაგბსა და ჭიდაობას ის ხალხი ლანძღავს ყველაზე მეტად, რომელიც თავის დროზე არის მსგავს რაღაცებში შემჩნეული.
_ ამათი წარსული დღეს დანაშაულის ჩამდენებს ვერ გაამართლებს.
_ რა თქმა უნდა. მაგიტომ ვითხოვ ლუსტრაციას, რომ ახალგაზრდებმა აღარ დაუშვან შეცდომები და მცდარ გზას არ დაადგნენ. ძალიან მძიმე და სერიოზული თემაა. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამაზე დავფიქრდეთ. სახარებაში არის ასეთი სიტყვები: თქვენ ძეგლებს უდგამთ მამებს, რომლებმაც წინასწარმეტყველები დახოცეს.
ჩვენც იმ ხალხს ვუდგამთ ძეგლებს, რომლებმაც სიწმინდეები შეურაცხყვეს, იმათ ვცემთ პატივს, ვინც საქართველოში დიდი სიბინძურეები შემოიტანეს. ასეთ ხალხს მედიაც დითირამბებს უმღერის. როცა მათ საზოგადოება ტაშს უკრავს, რაგბისტის ან მოჭიდავის უმსგავსო ქმედება რატომღა გიკვირს? მიაღწევს ვიღაც მსოფლიო ჩემპიონობას და რამდენიმე წლის შემდეგ ციხეში ან პოლიციაში ზონდერად იმუშავებს. შესაძლოა, არც ხალხის გამაუპატიურებლად მუშაობაზე თქვას უარი. ასეთი რაღაცები ჩვენთვის უცხო, სამწუხაროდ, არ არის.
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ პოლიტიკოსები, ეს მართლა აგენტები და ნაძირალები, სარგებლობენ ამ ფაქტორით და რეალურ პრობლემაზე საუბრის ნაცვლად, მოჭიდავეებსა და რაგბისტებს ლანძღავენ.
_ რეალურ პრობლემაში რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ საბჭოური სისტემა დღემდე ვერ დავამარცხეთ ქვეყანაში. ისევ საბჭოთა სისტემით იმართება სახელმწიფო. საბჭოთა სისტემის გადმონაშთია აგენტურა და ზონდერები. კუნთებს ისევ არადანიშნულებისამებრ იყენებენ. ამაზე უნდა იყოს დღეს ყურადღება მიმართული. ეს ვითომ პოლიტიკოსები კი ათასობით ახალგაზრდას ლანძღავენ.
_ ათასობით ახალგაზრდა როდის გალანძღეს?
_ ყველა მოჭიდავე და რაგბისტი რომ მოძალადედ და კრიმინალად გამოაცხადეს, ათასობით ახალგაზრდის გალანძღვაა, აბა, რა არის! სპორტზე ათეულობით ათასი ახალგაზრდა დადის _ ისინი ვარჯიშობენ და სჯერათ, რომ ხვალ და ზეგ წარმატებას მიაღწევენ და სამშობლოს ასახელებენ. რამდენიმე ნაძირალა სპორტსმენის გამო ახალგაზრდებისა და ბავშვების ლანძღვა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.
არც ის მესმის, როგორც შეიძლება საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში იჩივლო იმის გამო, რომ ერთი-ორმა ადამიანმა რაღაცა დააშავა? ამის გამო ხვალ შეიძლება, ათასობით ახალგაზრდას პრობლემა შეუქმნან.
_ რანაირად?
_ მონაწილეობა თუ აგვეკრძალა საერთაშორისო ტურნირებზე, ეს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ყოველგვარ მოტივაციას დაუკარგავს. რამდენიმე ნაძირალას ნუ გადავაყოლებთ ნურც ქვეყანას და ნურც ახალგაზრდების მომავალს.
_ საერთაშორისო ფედერაციებში ჩივილი თქვენთვის მიუღებელია და იმაზე რას იტყვით, რომ ფედერაციები მოძალადე სპორტსმენებს არ გმობენ და მათ არ ემიჯნებიან? ეს ხომ ხალხის მრისხანებას ოდნავ მაინც გაანელებდა?
_ მე მათგან სხვანაირად მოქცევას არც ველოდი. საქართველო დღემდე საბჭოური სისტემით იმართება. საბჭოთა გადმონაშთია ეს სპორტული ფედერაციებიც. დღემდე ვერ ამიხსნია, თუ რატომ არიან პარლამენტის წევრები ფედერაციების პრეზიდენტები? რატომ არის დღემდე კლანური სისტემა? რატომ არ განვითარდა პოლიტიკური ინფრასტრუქტურა? აი, ესაა უმთავრესი პრობლეები. ამის აღმოფხვრა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.
_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ლუსტრაცია. მარტო სპორტის სფეროში ითხოვთ ლუსტრირებას, თუ ამ კანონის მიღება გსურთ?
_ მარტო სპორტში არა, სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი ლუსტრაციის შესახებ. ეს იმისთვის არ ხდება, რომ ვიღაცას ანგარიში გავუსწოროთ. ძველი ამბების გასაჯაროება იმიტომ არის საჭირო, რომ მომავალში ახალგაზრდებმა არ გააკეთონ იგივე. მომავალმა ჩემპიონებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არაფერი დაიმალება და მათ არავინ სცემს პატივს, თუ ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ წავლენ. ეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც ეხება.
ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის უნდა ეპატიოს. ის, ვინც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება საკუთარის საზიანოდ, ვერასდროს იქნება დაფასებული. ორჯონიკიძეობა სამარცხვინო უნდა იყოს. გვარ ორჯონიკიძეს არაფერს ვერჩი. ძალიან ბევრი ახლობელი მყავს ორჯონიკიძეებში.
ერთიც უნდა ითქვას, რომ მოღალატედ მხოლოდ ორჯონიკიძე ითვლება და მახარაძე. არადა, ძალიან ბევრ გვარს ჰყავს გამყიდველი და მოღალატე. უბრალოდ, ესენი გახდნენ ღალატის სიმბოლოები.
კომუნიზმი, როგორც იდეოლოგია, დავამთავრეთ. ასევე დავასრულეთ მარქსიზმ-ლენინიზმი. სამაგიეროდ, ბოლშევიზმს, როგორც ცხოვრების წესს, ვერ შეველიეთ. უარი არც კერპთაყვანისმცემლობაზე გვითქვამს. არც იმაზე ვამბობთ უარს, რომ, რატომღაც, მხოლოდ ერთი პარტიაა რეფორმების თავში. ამ ერთ პარტიას სურს ქვეყნის კეთილდღეობა და დანარჩენი ყველა მტერია.
_ ისევ ლუსტრაციის თემას დავუბრუნდები. რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანონი ლუსტრაციის შესახებ? რამდენიმე მოწვევის პარლამენტში დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უშედეგოდ.
_ ამ კანონის მიღება ვერ ხერხდება იმიტომ, რომ უმრავლესობაში ყოველთვის ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ლუსტრაციის კანონის მიღება არ აწყობდათ.
_ არც ახლა ღებულობენ და ახლაც ასეთი ხალხია უმრავლესობაში?
_ რა თქმა უნდა! საქართველოში ამ კანონის მიღება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მის გარეშე ქვეყნის განვითარება შეფერხდება. გამუდმებით ილაპარაკებენ, რომ სპორტსმენები ზონდერები არიან.
_ ამ კანონს, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ მიიღებენ. თქვენ, როგორც ყოფილი სპორტსმენი, რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ?
_ ამ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა: მე და ჩემი თაობის რაგბისტებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და ნორმალური სახელმწიფო გვქონოდა. როგორ შევძელით, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჩვენ თავი არ დაგვიზოგავს. ვიბრძოდით როგორც სპორტულ მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩვენ ყველგან გაგვქონდა ქართული ღირებულებები. ჩვენ რუსთაველზე მთავარი ლელოს დადებაშიც მივიღეთ მონაწილეობა. მაქსიმალურად ვიცავდით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნულობის იდეას.
ახალი თაობა, ახალი ფორმებით, ახალი ლექსიკით, ძველი შემართებითა და ახალი ენერგიით უნდა შეეცადოს ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი გააკეთონ, რათა არ წამოეგონ დღეს შემოთავაზებულ ხრიკებს. ასეთი ხრიკები ჩვენს დროსაც მრავლად იყო. ჩვენ ამ ხრიკებისგან თავის დაღწევა შევძელით.
საქართველოში ჩხუბი ყოველთვის იქნება და ვიღაცეებიც გაილახებიან. მთავარია, უსამართლოდ არავის დაარტყან ხელი. სასიკვდილოდ გამეტებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ახალგაზრდებმა სისასტიკე საერთოდ უნდა დაივიწყონ. ბოდიშის მოხდა და შეცდომის აღიარებაც უნდა შეეძლოთ მათ.
_ თქვენ იხდიდით ხოლმე ბოდიშს?
_ ჩვენი თაობა ამით ცხოვრობდა _ არც დანაშაულის აღიარება გვიჭირდა და არც ბოდიშის მოხდა. სისასტიკე და უსამართლობა გამორიცხული იყო. რაგბის სულია ასეთი. რაგბი ასეთი მხოლოდ საქართველოში არ არის: ირლანდიელი, ქართველი, ახალზელანდიელი თუ სხვა რაგბისტის ფსიქოლოგია ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ეს სულ სხვა სამყაროა.
_ რაგბი ჩვენც სხვა სამყარო გვეგონა და ამიტომ გაგვიკვირდა, რომ რაგბისტები ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობენ.
_ უღირსი შვილისგან არც ერთი ოჯახი არ არის დაზღვეული. ამ ხალხსაც სჭირდება დალაპარაკება და შემოძახილი, დანარჩენს კი _ მოტივაცია.
მივმართავ პოლიტიკოსებს: ნუ ვაცდუნებთ ამ ბიჭებს!
1988 წლის 10 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის მიტინგი გაიმართა ქუთაისში. ამ მიტინგის დასარბევად მაშინდელმა ხელისუფლებამ ქუთაისის „აიას“ გარკვეული შემადგენლობა გამოიყვანა.
_ რაგბის გუნდ „აიაზეა“ საუბარი?
_ დიახ. მათ რიგებში იყო აწ გარდაცვლილი დუგლას კავთელაშვილი. რაიკომის მდივანმა და „კაგებემ“ დაავალეს და გამოვიდნენ, მაგრამ დასარბევად ხელი არ აღუმართავთ.
_ რატომ შეიკავეს თავი?
_ ჩვენი მოერიდათ. რაგბისტები ეროვნულ მოძრაობაშიც ვიყავით და ქუთაისში მიტინგის ჩასატარებლად ჩვენც წავედით. ჩვენ რომ დაგვინახეს, შერცხვათ. რაგბისტები ხომ ერთი ოჯახი ვართ. ქუთაისში არც დარბევა ყოფილა იმ მიტინგზე და არც სხვა რაიმე სახის გართულება. არადა, თავიდან რაღაც აგრესია წამოვიდა იქითა მხრიდან. შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა.
ასეთი რამეები ჩემთვის ახალი არაა. მცდელობა იმისა, რომ გამოიყენო კუნთმაგარი ადამიანები, ყველა ხელისუფლებას ექნება. ხელისუფლება სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც იყენებს ხოლმე სათავისოდ. ესეც მიუღებელია. ჩემი თაობის რაგბის თემი არ გაყოფილა. ჩვენ არ გავმხდარვართ ამა თუ იმ პარტიის მომხრეები.
_ დღეს რაგბის თემში ამ მხრივაც არ არის სახარბიელო ვითარება.
_ დღეს რაგბის თემი გაყოფის პირასაა. მე ამ საფრთხეს ნათლად ვხედავ. ვიღაცა ამას ძალიან ცდილობს.
_ რა მცდელობებზეა საუბარი?
_ პარტიულ კლანებად და შიდა პარტიულ კლანებად დაყოფის მცდელობები მიმდინარეობს. ასეთი რამე რაგბისთვის დამღუპველია.
_ ასეთი გაყოფა სპორტის ნებისმიერი სახეობისთვის არის დამღუპველი.
_ ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ თავი დავანებოთ ამ ახალგაზრდებს. პოლიტიკოსები საერთოდ არ უნდა გაეკარონ სპორტსა და ხელოვნებას. სამაგიეროდ, ყველა ერთად უნდა ჩავერთოთ პოლიტიკაში, ოღონდ სტანდარტების დაცვით.
შორენა მარსაგიშვილი 14.07. 2020 ქრონიკა +
მამუკა გიორგაძე – „ციხეებში პატიმრების გაუპატიურება სპორტსმენების სახელს უკავშირდება“
August 18th, 2020 shalva chkhaidze