ადამიანის, ერის, სახელმწიფოს ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა თუ განსაკუთრებული მოვლენა და მათზე რეაგირება ნათელ წარმოდგენას ქმნის ამ სუბიექტის რეალური მდგომარეობის შესახებ.
გამოწვევებზე პასუხი სრულად ასახავს მის შესაძლებლობებს, სურვილებს და მისწრაფებებს. არა ლამაზ ან „სწორ“ ფრაზეოლოგიაში, არამედ მის საფარქვეშ მიმდინარე ქმედებებში იკვეთება სახელმწიფო, პირადი თუ ჯგუფური ინტერესები.
დღევანდელ ეტაპზე გლობალურ მოვლენად და მსოფლიო გამოწვევად იქცა – Covid -19 -ის პანდემია.
ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე თუ ჯგუფურად, თავის პარტნიორებთან ერთად, ცდილობს ერთი მხრივ, მინიმალიზაცია გაუკეთოს ადამიანურ მსხვერპლს თუ პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს, მეორე მხრივ, ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული და ამბიციური ლიდერები მაქსიმალურად იყენებენ შექმნილ ვითარებას, მათი ქვეყნების წინაშე არსებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად.
ორივე კომპონენტის ჯამი და ქმედებების ეფექტურობა საზოგადოებას საშუალებას მისცემს ზუსტად შეაფასოს სუბიექტის, როგორც პროფესიონალიზმის და წესიერების, ასევე, მისი შესაძლებლობის დიაპაზონისა და ქვეყნისადმი ერთგულების ხარისხი.
Covid -19 -ზე რეაგირება თითოეული ჩვენგანის – პიროვნების, საზოგაზოებისა თუ ხელისუფლების – დიდი გამოწვევა და საცდურია.
როგორ გავუმკლავდებით მას გამოაჩენს ჩვენს ნამდვილ სახეს.
ეს მძიმე წუთები შეგვკრავს ერთიან ერად, ერთიანი ეროვნული ამოცანის გადასაჭრელად თუ შექმნილ ვითარებას ცალ-ცალკე გამოვიყენებთ კერძო თუ ჯგუფური ინტერესებისთვის. კრიტიკულ სიტუაციაში შევძლებთ გამოვავლინოთ ადამიანის საუკეთესო თვისებები თუ, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, გაგრძელდება მავნე პრაქტიკა – როცა მცირე ჯგუფი ადამიანებისა, თავისი თავდადებით შეეცდება პრობლემის მოგვარებას, დანარჩენი ერზე ზრუნვის მჭმუნვარე სახით, საკუთარი პრივილიგირებული მდგომარეობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს (როგორც, აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლების დროს).
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ექიმთა თავდადებული ჯგუფის (მადლობა მათ ყველაფრისთვის!) პროფესიონალიზმზე არაა დამოკიდებული, არამედ ის საჭიროებს სწორ სახელმწიფოებრივ ორგანიზციას.
სიმშვიდე, ერთიანობა, თანაგრძნობა და თითოეულის ინტერესის ერთიან ეროვნულ ინტერესად ქცევა საფუძველთა საფუძველია წარმატებისა.
ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების და მისი განხორციელების უფლება და ვალდებულება მხოლოდ ხელისუფლებას გააჩნია. მისი მხრიდან, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, საჭიროა კომპლექსური ქმედებები და არა მაღალ ემოციურ ფონზე ფრაგმენტული(ერთჯერადი) გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს, ქმედებების იმიტაცია.
თუ მთელი ენერგია მოხმარდა მხოლოდ პანდემიის შეკავებას და ქვეყნის პარალიზების თავის არიდებას შორის ბალანსის დაცვის ძებნას, მაშინ მომავალში კიდევ უფრო მეტ სირთულეებს უნდა ველოდოთ.
ამიტომ, ხვალ რომ მორიგ კრიზისში არ აღმოვჩნდეთ ჩაძირული დღეს უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
უშუალოდ პანდემიის შეკავების/აღკვეთის პარალელურად ჩნდება ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტის შანსი. ხალხური გამონათქვამის პრინციპით („ზოგი ჭირი მარგებელია“), Covid -19 -მა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს მთავარი პრობლემები და განგვისაზღვრა მოქმედების ძირითადი მიმართულებები:
- ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ნდობის მაღალი ხარისხის მიღწევა
- თვითმართველობების უფლებების და პასუხისმგებლობლობების ამაღლება (თუნდაც, მუნიციპალური საავადმყოფოების დეფიციტი სახეზეა);
-სახელმწიფომ უნდა გაინაწილოს მოსახლეობის პრობლემები და დროში გაწერილი პროგრამით გამოასწოროს მძიმე სოციალური ფონი
- არ კმარა განაცხადო “დარჩით სახლში” და „დაიკეტოს ობიექტი“, აუცილებელია მოსახლეობისა და ბიზნესის ეკონომიკური სტიმულირების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება. მკაფიოდ უნდა იქნეს შეთავაზებული კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე, უნდა ამაღლდეს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
- ელემენტარული ყოველდღიური საჭიროების ნივთების (მაგ. პირბადე და სხვა) წარმოება ორგანიზება; ადგილობრივ და იმპორტირებულ პროდუქციას შორის პირველის წამახალისებელი საგადასახადო რეჟიმის განსაზღვრა
- საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარი მიმართულებად უნდა იქცეს (მაგ. მინისტრმა თურნავამ 8 წლის(!) შემდეგ აღიარა, რომ „პრობლემები იმიტომ შეგვექმნა, რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვსო“)
- სოფლად მცხოვრები ან სოფელში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისთვის მთავრობის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამული დახმარების გაწევა, სტიმული გახდება მიტოვებული სოფლების გაცოცხლებისა
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა მდგომარეობის მონიტორინგი და მათი დახმარების პროგრამების ამუშავება სასიკეთოდ აისახება ქვეყნის მომავალზე
- და სხვა…
ხელისუფლებას გაუჩნდა უნიკალური შანსი, პრობლემებზე კომპეტენტური, დროული, დამაჯერებელი და ეფექტური რეაგირებით სძლიოს გამოწვევებს, დაამტიცოს მისი ქმედითუნარიანობა და ერთიანი სულისკვეთებით შეკრას ერი.
ეს ის შემთხვევაა, როცა სახალხო პარტია გუწრფელად უსურვებს წარმატებას და თანადგომას უცხადებს ხელისუფლებას საქართველოსთვის ყველა აუცილებელი საკითხების მოგვარებაში.
„სახალხო პარტია“ მამუკა გიორგაძე
19.03.2020