სახელმწიფოს მდგრადობის და მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის უსაფრთხოება, რომლის არსიც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი – განმარტავდეს ინტერესებს, აყალიბებდეს ხედვას, განსაზღვრავდეს საფრთხეებს და ამ საფრთხეების რანგირებას, ადგენდეს უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. სამწუხაროდ, კორონაისტერიამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩინა პრობლემები სახელმწიფო უსაფრთხოებაში, მათ შორის მისი ერთ-ერთი მთავარი მდგენელის – სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, რომელზედაც, სხვათა შორის, ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“-ში. სასურსათო უსაფრთხოება არის არა სურსათის შემადგენლობითი და ხარისხობრივი უვნებლობის დადგენა(რაც უდავოდ მნიშვნელოვანია), არამედ სასურსათო დამოუკიდებლობა! საქართველოს აქვს უნიკალური, ღვთითნაბოძები ნიადაგი, კლიმატი, გამრჯე და მცოდნე ადამიანური რესურსი, რათა მოიყვანოს და აწარმოოს სურსათი იმ რაოდენობით, რომ იყოს არა მხოლოდ თვითკმარი(!), რაც ცალსახად განსაზღვრავს სასურსათო დამოუკიდებლობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობასაც შესთავაზოს ჯანსაღი პროდუქტი. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ნება(რომელიც არცერთ ხელისუფალს არ გამოუხატავს დამოუკიდებელ საქართველოში) და სურვილი – საქართველო გადაიქცეს სხვათა წარმოებული, ხშირ შემთხვევაში საეჭვო ხარისხის პროდუქტის მომხმარებელ-გამსაღებლიდან, მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციის მწარმოებლად!
მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ეროვნული სასოფლო-სამეურნეო სივრცის დაცვა ინტერვენციის მსურველთაგან და საკუთარი მოსახლეობის დაინტერესება და წახალისება:
- საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს სოფლის სტატუსი და დამკვიდრდეს რეალური თვითმმართველობა;
- სასოფლო-სამეურნეო მიწები სიმბოლური იჯარით გადაეცეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ფერმერებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ და რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები სულ მცირე 15 წელი.
- სახელმწიფო არ უნდა დაელოდოს ინვესტირებას ამ მიწებზე, გადამამუშავებელ, შემნახველ, ან სამაცივრო საწარმოებზე, არამედ თავად შესთავაზოს სუბსიდირების პროგრამები, იქნება ეს გრანტები, თუ გრძელვადიანი კრედიტები სიმბოლური საპროცენტო განაკვეთით;
- სახელმწიფომ უნდა შექმნას პროგრამების მაკოორდინირებელი ორგანო; საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება დარგის გამოცდილ სპეციალისტთა კონსულტაციებით;
- სახელმწიფო უნდა გახდეს არარეალიზებული პროდუქციის შესყიდვის გარანტი.
ეს საშური საქმეა, რომელსაც სასურსათო უსაფრთხოების მიღმა, მოჰყვება ეკონომიკური ზრდა, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება სოფლის გაცოცხლება-გაძლიერების პროცესი, განიტვირთება ქალაქები და ამაღლდება ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი.
ზაზა მგალობლიშვილი
სახალხო პარტია 31.03.2010