ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს !

SONY DSC

საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი.
სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა), რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს, ერთი მხრივ, ,,ნაცმოძრაობას” აძლევს საშუალებას, ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და, მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში.
არ მახვილდება ყურადღება სააკაშვილის ძირითად დანაშაულზე _ როდის, სად და რა ვითარებაში დაუშვა მან ტყვიის გავარდნა, რომელზეც არა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, არამედ, სააკაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერსონალურად უნდა აგებდნენ პასუხს.
ასევე, განხილვისა და პარლამენტში კამათის საგანი გახდა საკითხი _ ომის დროს რომელი ქართველი ჩინოვნიკი გარბოდა ქვეყნიდან და ამ პირთა ისედაც ყველასთვის კარგად ცნობილი სიის გამოქვეყნება.
და ეს ხდება მაშინ, როდესაც უამრავ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. სააკაშვილის ხელისუფლების მრავალი საეჭვო ქმედება საჭიროებს შეფასებას, მათ შორის:
1. საქართველო არ გამოიყვანა დსთ-დან, როცა ეს საქართველოს ინტერესებს სჭირდებოდა და გამოიყვანა მაშინ, როცა საქართველოს დსთ-ში ყოფნა რუსეთის მხრიდან ვერ იქნებოდა გამოყენებული და მხოლოდ პუტინსა და სააკაშვილს შეუქმნიდა დსთ-ის ერთობლივი ღონისძიებების დროს დისკომფორტს;
2. არ გააუქმა რუსეთის სამშვიდობო ჯარების მანდატი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;
3. მოახდინა 2004 წლის სამარცხვინო მოვლენების პროვოცირება, დამარცხებისა და სტრატეგიული პოზიციების მტრის ხელში გადასვლის;
4. განაიარაღა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა კოდორის ხეობასა და ცხინვალის რეგიონში;
5. კოდორის ხეობას მიანიჭა ახალი სახელი _ ზემო აფხაზეთი;
6. აღადგინა ე.წ. ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ ავტონომია და აშკარად რუსეთის აგენტურის ხელმძღვანელობით შექმნა ადმინისტრაცია ახალგორში (რომელიც მანამდე არ შედიოდა კონფლიქტის ზონაში);
7. გამოთქვა მზაობა, ,,სამხრეთ ოსეთის” ,,გარანტად” აღიაროს რუსეთი, ანუ, რუსეთს მიანდოს საქართველოს საშინაო საქმეებში მრავალმხრივი, მათ შორის, შეიარაღებული ჩარევის უფლება;
8. 2008 წ. 8 აგვისტომდე ოფიციალურად არ წაუყენა ბრალი რუსეთს, რომ ის აგრესიულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ (მანამდე აცხადებდა, რომ ქართული სოფლების წინააღმდეგ სროლას და სამხედრო ნაწილების მანევრს ახორციელებდა გაურკვეველი ოსური ბანდფორმირებები);
9. 6 და 7 აგვისტოს ოფიციალურად არ განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო პირდაპირი შემოტევა საქართველოზე ჯარის მანევრის სახით: დაიკავა სტრატეგიული პოზიციები საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინა თავის შეირაღებულ ძალთა კონცენტრაცია, რითაც, პრაქტიკულად, მოაგებინა ომი 7 აგვისტოს დღის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ, 8 აგვისტოს გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება რუსეთის მიერ დავალებული მიმართულებით (მოსახლეობისგან წინასწარ დაცლილი ქალაქი ცხინვალი და არა როკის გვირაბი) და რუსეთის მიერ მითითებული იარაღით;
10. არ გაითვალისწინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ადმინისტრაციების ღია ძალისხმევა, რომ საომარი მოქმედებები აეცილებინა თავიდან;
11. ისეთ ვითარებაში დაუშვა ცხინვალის რეგიონში ტყვიის გავარდნა, როდესაც რუსულ შენაერთებს, როგორც სამშვიდობო ჯარებს, მისგანვე ჰქონდათ მინიჭებული საპასუხო სროლის უფლება;
12. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, დაუშვა ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაცია ისეთ ვითარებაში, როცა ჰაერში განუყოფლად ბატონობდა მოწინააღმდეგე, რითაც გამოწვია უზარმაზარი მსხვერპლი;
13. ომში რამდენიმესაათიანი დაზავებით, მისცა რუსეთს როკის გვირაბში თავისი დამატებითი შეიარაღებული ძალების დაუბრკოლებლად გამოტარების საშუალება და არ იზრუნა ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის საომარი ზონიდან გამოყვანაზე;
14როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, საშუალება მისცა სამოქალაქო პირებს, მონაწილეობა მიეღოთ შეიარაღებული ძალების მართვაში;
15. რუსეთის პროპაგანდისტული ინტერესების შესაბამისად, ისიმულანტა ომის დაწყების ინიციატივა რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ორი დღე-ღამით უფრო გვიან, რითაც მოუსპო საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს საქართველოს ქმედითი დახმარების საშუალება _ მათ მხოლოდ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში შეეძლოთ აგრესორისთვის ბრალის დადება;
16. უბრძოლველად ჩააბარა რუსეთს ამერიკული სამეთაურო სპეცტექნიკით აღჭურვილი ტექნიკის, დიდი რაოდენობის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალა;
17. ასევე, კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარა და სხვა.
დიდია საზოგადოების ინტერესი, იცოდეს სიმართლე. საზოგადოება ითხოვს ამ და სხვა დადასტურებული ფაქტების შეფასებას, რაც არა მარტო წინა ხელისუფლების რაობის შესახებ მოგვცემს სრული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, არამედ, დღევანდელი ხელისუფლების ამ მიმართულებით უმოქმედობის მიზეზებსაც ახდის ფარდას !

მამუკა გიორგაძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress