საქართველოს ტერიტორიაზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების კერძო ქონების შესყიდვა ან თითქმის იმდენივე თანხის დაბანდება კარგა ხანია, ნებისმიერ უცხოელს აძლევს საშუალებას, რომ ინვესტორად მოინათლოს და ბინადრობის უფლება მიიღოს. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ჩათვლით, ბინადრობის უფლება 100 000-მა ადამიანმა მიიღო და ისიც გაირკვა, რომ ერთი უძრავი ქონების ყიდვით, ანუ ერთჯერადად 35 000 აშშ დოლარის დახარჯვით, უცხო ქვეყნის, მინიმუმ, 15 მოქალაქე იღებდა ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას, მეტად მარტივი მაქინაციის მეშვეობით: თითქოს ერთმანეთს მიჰყიდიდნენ იმ ერთ უძრავ ქონებას 15-ჯერ და ბინადრობის 15 მოწმობაც გარანტირებული ჰქონდათ. დაახლოებით, იგივე სქემა მუშაობდა ვითომ ფულის დაბანდების შემთხვევაშიც, თანხის ერთჯერადი გაცემით ინვესტორად რამდენიმე ადამიანი ირიცხებოდა. ქართველი კანონმდებელი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ღია კარის პოლიტიკა ქაოსურ შემოდინებად იქცა და რეგულაციების გამკაცრებას დაგვპირდა: კერძოდ, ზემონახსენები 35 000 დოლარის (შეძენილი უძრავი ქონების ღირებულების) 100 000 დოლარამდე გაზრდას, ხოლო ინვესტიციის მინიმალურ ზღვრად 300 000 დოლარის დაწესებას. თუმცა ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას: ღირდა თუ არა ის 35 000 დოლარი იმ შედეგად, რაც მივიღეთ, რაზეც „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან, მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– თავის დროზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მიიღო ეს წესი თითქოს ინვესტორთა მოსაზიდად და საქართველოში უძრავი ქონების გასასაღებლად და ამჟამინდელი კი ექვსი წლის განმავლობაში განაგრძობდა. გაამართლა ინვესტორთა მოზიდვის ამ მეთოდმა?
– ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეს იმთავითვე იყო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მარტივი ლოგიკაა: საქართველოში ბინადრობისთვის ძირითადად ის ადამიანები ჩამოვლენ, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში გარკვეული პრობლემები აქვთ – ჭარბმოსახლიანობა, წყლის დეფიციტი, არასტაბილურობა, სანქციები. განვითარებული ქვეყნებიდან საქართველოში შეიძლება, თითო-ოროლა ადამიანი ჩამოვიდეს, რომლებსაც მოსწონთ ეგზოტიკა, ქართული გარემო. ამის მაგალითებიც გვაქვს, მაგრამ ძალიან ცოტა და მათი მხრიდან რამე ინვესტიციაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამდენად, თავიდანვე ჩანდა, რომ ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებდნენ ადამიანები პრობლემური ქვეყნებიდან. მეორე მომენტი: ეჭვი მეპარება, ხალხს, რომლებიც საქართველოში ბინადრობისთვის ჩამოდიან, იმდენი ფული ჰქონდეთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში წავიდნენ. აქ ჩამოვლენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს რესურსით უნდათ სარგებლობა. ამიტომ იმთავითვე შეიძლებოდა ამის გათვლა. ამას გარდა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ჭარბმოსახლიან ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ირანი სპეციალური პროგრამები აქვთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ მათი მოსახლეობის მიგრაციას სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ისინი შედგომ თავიანთ ქვეყნებს პოლიტიკურად მოუმაგრებენ ზურგს. როდესაც შაჰ-აბასმა ქართველები გადაასახლა და ავღანეთის საზღვართან ჩაასახლა, რომ მათ მტრებისგან დაეცვათ ირანი, იმავდროულად, 200 000 თავისი მოსახლე ჩამოასახლა საქართველოში, რითაც ბუნებრივია, თავის მოკავშირეებს ზრდიდა. ეს ტაქტიკა მეოცე საუკუნეშიც გრძელდება და ის ქვეყნების სტრატეგიის ნაწილია. მაგალითად, ბათუმს მაქსიმალურად ეტყობა თურქული ბიზნესის წარმომადგენლების ხელი, რომელბსაც თითქმის არანაირი მოგება არ აქვთ, მაგრამ თურქეთის სახელმწიფო მათ ხელს უწყობს, რომ მომრავლდნენ და მომძლავრდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
– და ეს, სულაც, ვერ იქნება თურქეთზე განაწყენების საფუძველი, თუ მისცემ ამის საშუალებას, რატომ არ გამოიყენებს?
– თუ პრეტენზიას არავინ წაუყენებს, რატომ არ უნდა მიამატოს ადამიანმა თავის ეზოს მეზობლის ეზო?! ეს არის ქვეყნებს შორის ბუნებრივი ინტერესი და ისინი ამას აკეთებენ. ცხადია, რუსეთი დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს საქართველოში სხვა ეთნოსების შემოსახლებას. ვიცით, რომ თავის დროზე საქართველოში თურქეთიდან და ირანიდან ძალიან ბევრი ეთნიკურად სომეხი შემოასახლეს.
– მაჰმადიანი მესხები გაასახლეს ჯავახეთიდან, მათ ნაცვლად კი ოსმალეთის შორეული ვილაიეთებიდან ეთნიკური სომხები ჩამოასახლეს.
– ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს შორის ძალიან ბევრი ეთნიკურად ქართველი მუსლიმანი იყო, მათ ნაცვლად კი შემოასახლეს სხვა ეთნოსი. იგივე ხდებოდა, როდესაც ჩამოასახლეს ბერძნები, გერმანელები, მალაკნები… მაგრამ მაშინ ქართველმა ხალხმა შეძლო ამ ადამიანებთან ინტეგრირება და ისინი ჩვენი ყოფის ბუნებრივ ნაწილად იქცნენ. აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: საბჭოთა რუსეთს აღარ ჰქონდა ინტერესი, ამას მხოლოდ კომუნიზმის, ინტერნაციონალიზმისა და ათეიზმის მიმართულებით იყენებდა და ეს საკითხი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, მაგრამ რატომ აკეთებს იმავეს ხელისუფლება?! თვით აშშ-სა და ევროპაშიც ნომერ პირველ პრობლემად მიგრანტთა პრობლემა იქცა. ამიტომ სახელმწიფო, ჯერ ერთი, ვალდებულია, აღკვეთოს დემოგრაფიული ვითარების ხელოვნური ცვლილება და ისეთი რეგულაციები განახორციელოს, რომ არც საქართველო დაზიანდეს და ამ ხალხის ინტეგრირებაც მოხდეს, მაგრამ ეს იმდენად უხეში ფორმით ხდება, რომ ქვეყანაც ზარალდება და ამ ადამიანების მიმართ ზიზღი და უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება, რაც საზოგადოებრივ დაძაბულობას ქმნის. ეს პრობლემა ხელოვნურად იქმნება და სოციალური ქსელებიდან თუ ტელევიზიებიდან გვესმის ისეთი მოწოდებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ჩრდილს აყენებს საქართველოს, მეორე მხრივ კი, ძაბავს სიტუაციას და დამატებით სიძნელეებს ქმნის.
– ამ გადაწყვეტილებით რა ხეირი იმ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო და იმასაც, რომელმაც ეს პოლიტიკა ექვს წელს განაგრძო?
– ზუსტად ის ხეირი, რა ხეირიც ჰქონდა რუსეთის იმპერიას.
– რუსეთის იმპერიისთვის სულ ერთი იყო, ვინ დასახლდებოდა ქართულ მიწაზე, პირიქით, რაც მეტი არაქართველი, მით უკეთესი, მაგრამ ქართული ხელისუფლებისთვის რატომ უნდა იყოს სულერთი?
– საქმეც ესაა: სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ხედვა ემთხვევა რუსეთის ხელისუფლების ინტერესს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი პოტენციური ამომრჩევლები ესენი იქნებიან, იმას გარდა, რომ ჯიბის ფულსაც გააკეთებენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითი შეგვიძლია, მოვიტანოთ: წინა პრემიერ-მინისტრმა, „სოციალ-დემოკრატმა“ შრიოდერმა რამდენიმე მილიონ თურქს მისცა მოქალაქეობა და იმ ადამიანთა უმეტესობა მისი ამომრჩეველი გახდა. მას სულაც არ უფიქრია, რომ ეს ანტიგერმანული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ახლა შრიოდერი ჩრდილოეთის ნაკადის კონსორციუმის გენერალური დირექტორი გახდა, ანუ გერმანიის ყოფილი კანცლერი რუსული კომპანიის დაქირავებული თანამშრომელია. აი, სწორედ ასეთი ადამიანები განაპირობებენ ამგვარ პროცესებს. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ქართული სახელმწიფო, ისინი ცდილობენ, ფული იშოვონ და ისეთი ბერკეტები შეიქმნან, რომლებიც უზრუნველყოფს მათ დიდხანს ყოფნას ხელისუფლებაში.
– მაგრამ ეს პოლიტიკურ პრობლემასაც ხომ ქმნის? იმ ქვეყანამ, რომელიც უშვებს თავის მოქალაქეებს დესანტად, შესაძლოა, უკარნახოს მათ პირობები ამ თავიანთი მოქალაქეების მეშვეობით, ანუ მათი მძევლები გახდნენ?
– ეს არ აინტერესებთ. იგივე ხდება თურქეთთან მიმართებაშიც. მე არ ვარ ანტითურქული ისტერიის მომხრე და თურქეთი პარტნიორად მიმაჩნია, მაგრამ პარტნიორთანაც ხომ უნდა დაიცვა შენი უფლებები?!
– ცოლ-ქმარს შორის ფორმდება საქორწინო ხელშეკრულება.
– რა თქმა უნდა. სულაც არ არის საჭირო ბევრი წივილ-კივილი, რომ თურქეთი ოკუპანტია. ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიკმაყოფილოთ და თუკი საქართველოს ეკლესია პრინციპულად იცავს იმ პოზიციას და ახერხებს, სახელმწიფო მას გვერდით უნდა დაუდგეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქი უდიდესი ავტორიტეტია მართლმადიდებელ სამყაროში, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიები ოფიციალურად არსებობს. თუ ეკლესიამ ამას მიაღწია, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ თურქულ მხარესთან, რომ ჩვენი შესაბამისი ინტერესები განხორციელდეს. პარტნიორებს შორის კი არა, ძმებს შორისაცაა გასარკვევი საკითხები. მაგალითად, მამის დანატოვარი ქონების განაწილებას სჭირდება საუბარი, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ამას ჩხუბი უნდა მოჰყვეს. ასევე, პარტნიორსაც უნდა ვაგრძნობინოთ, სად მთავრდება მათი და სად იწყება ჩვენი ინტერესი. მაგალითად, ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, რომ ნოე ჟორდანიას დათმობები „დაშნაკ ცუტუნთან“ ქართულ-სომხურ ომში გადაიზარდა და ეს ძალიან მტკივნეული ფაქტია ჩვენი ქვეყნების ისტორიაში და თუ არ გვინდა, რომ მსგავი რამ განმეორდეს, ჩვენმა ხელისუფლებამ სტიმული არ უნდა მისცეს ასეთ პროცესებს. იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამას იოლად არ გაატარებს. ჩვენი ინტერესი უნდა დავიცვათ საღად, ისტერიკის გარეშე, მაგრამ შენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორიოდ თეთრი იშოვოს და თავისი პოტენციალური მხარდამჭერები გაზარდოს. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ეს ხალხი ვის დაუჭერს მხარს?! ანტიქართულ, ფსევდოლიბერალურ ჯგუფებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და არა ეროვნულ, ჯანსაღ ძალებს. სწორედ ამის გამოხატულებაა მარიხუანის თემა. გაწვევის აკრძალვა და მრავალი სხვა.
– პირადად მე, როგორც იქნა, მივიღე პასუხი კითხვაზე, თუ რატომ და ვისთვის შენდებოდა ამდენი სახლი-კოლოფი თბილისში. ჩვენ მხოლოდ ხელისუფლებებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ არც ბიზნესი, სამშენებლო კომპანიები, აკლებს ხელს ამ პროცესს.
– მარტივი არითმეტიკაა და მივხვდებით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შენდება. ერთი მხრივ, მათ მორალური პასუხისმგებლობა აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ხელისუფლება ნერგავს ანტისახელმწფიოებრივ ფსიქოლოგიას ქვეყანაში, ხელს უწყობს მსგავსი ქმედებების განხორციელებას, ბუნებრივია, ინდივიდების კეთილგონიერების ამარა ვერ დავრჩებით. ხელისუფლებაში მომსვლელებისა და ბიზნესის უმეტესობას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც არსებული ვითარებით მოხვდნენ ამ მდგომარეობაში. ისინი განსაკუთრებული უნარ-ჩვევების გამო კი არ არიან, სადაც არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ არა მხოლოდ თვალი დახუჭონ სახელმწიფო ინტერესებზე, არამედ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ეს მათი ერთადერთი უპირატესობაა.
ყვარყვარე ამბობს ასეთ ფრაზას: მეც ვისწავლი ლამაზად ლაპარაკს და მერე მიფრთხილდიო. ზუსტად ასეა, ისწავლეს ლამაზად ლაპარაკი, მისაღები ტერმინების ფრქვევა და ამ ტერმინებში მალავენ მარტივ ინტერესს, როგორ იშოვონ ფული ქვეყნის ხარჯზე და ამას გვასაღებენ ჩვენზე ზრუნვად, როგორც საბჭოთა კავშირში გვეუბნებოდნენ, რომ, თურმე, ხალხზე ზრუნვითა და მოთხოვნით ძვირდებოდა პროდუქტი; ოღონდ მეტი რაკეტა ჰქონდეს საბჭოთა კავშირს და ჩვენ უნდა ავიტანოთ შიმშილი.
ნინო ხაჩიძე 24/08/2018 12:16 ”თბილისელები”