სამშობლო# 14 1933 პარიზი
ამ ოციოდე წლის მანძილზე რომ მძლავრი გარდატეხები განიცადა კაცობრიობამ, ამის მსგავსი მას არასოდეს უხილავს თავის ისტორიის გრძელ მანძილზე. ხალხთა საშინაო ეკონომიური ვითარება, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობა, ფინანსები, კრედიტი, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, პიროვნული და საზოგადოებრივი მორალი გადასცდენ თავის ზღუდეებს, და ახალს ნიადაგს, ახალს კალაპოტს დაეძებენ.
მართალია, მსოფლიო ისტორიაში წინეთაც ჰქონია ადგილი ხალხთა ცხოვრების დიდს გარდაქმნებს. ქრისტიანობა, რომაული ცივილიზაციის დამხობა, აღორძინების ხანა საშუალო საუკუნოებში, საფრანგეთის რევოლუცია და სხ. დიდს გარდატეხებს ჰქმნიდნენ ხალხთა ცხოვრებაში. მაგრამ იმ დროინდელ პატრიარქულს ხანაში ასეთს გარდატეხებს არ ჰქონია ისეთი ღრმა და ფართე გასაქანი, როგორც ჩვენს დროში. იმ ხანებში მანძილსაც სხვა ძალა ჰქონდა და დროსაც, და ყოველივე ზანტად და ნელის ნაბიჯით მიმდინარეობდა. სულ სხვაა ჩვენს დროს, ამ რადიოსა და ავიონის ხანაში. ნიუიორკის, ლონდონის და პარიზის ბირჟას მთელი მსოფლიოს ეკონომიური ძაფები უჭირავს ხელთ და ჟენევის პოლიტიკური ბირჟაც, ნაციათა ლიგა, მსოფლიო პოლიტიკის ბარომეტრს წარმოადგენს. იქ ამტყდარი ქარიშხალი ელვის სისწრაფით ედება მთელს კაცობრიობას და ყველგან თავის გამოძახილს ჰპოულობს.
ბუნებრივია, რომ მსოფლიო ომის შემდგომი კაცობრიობის ეს ახალი მძლავრი შექანება დიდს გავლენას ახდენს ხალხთა პოლიტიკურს წყობილებებსა და აზროვნებაზე. ლენინიზმი, სტალინიზმი, ფაშიზმი, ჰიტლერიზმი და რუზველტიზმი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებია და ყოველივე ეს უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე წარმოიშვა! თვით ეს ფაქტი, რასაკვირველია საკმარისი საბუთია იმისა, რომ უდიდეს კრიზისს განიცდიან ის პოლიტიკური სისტემები და მსოფლმხედველობა, რომელნიც ამათ წინეთ იყვნენ გამეფებულნი. ამას ახდილად აღიარებენ თვით ლიბერალიზმისა და სოციალიზმის მრავალი მეთაურები. მაგრამ, როგორც ცალმხრივი, იყო ხშირად ძველი პოლიტიკური სისტემის დაფასება, ასევე ცალმხრივია მისი ეხლანდელი კრიზისის გაგებაც.
ლოიდ-ჯორჯი მართალი იყო, როდესაც სთქვა, რომ ლიბერალიზმი დიდს კრიზისს განიცდის, მაგრამ ეს არის კრიზისი მისი ტაქტიკისა და მეთოდების და არა მსოფლმხედველობისაო. ლიბერალური პოლიტიკა მოქალაქის თავისუფლებასა, თანასწორობასა და ერთობაზეა აშენებული, რაც საფრანგეთის რევოლუციის ქარტიდან არის ნასესხები. თავისუფლება და ერთობა უფრო მორალური მცნებებია. უფლებრივი შინაარსი აქვს მოქალაქეთა თანასწორობის მცნებას. შესაძლოა განსაკუთრებულ პირობათა მიხედვით, ამა თუ იმ ხალხმა დროებით ამ მცნებასაც არ მისცეს სრული განაღდება, მაგრამ აქედან ძნელია ისეთი დასკვნის გამოტანა, თითქოს ხალხთა პოლიტიკური ცხოვრების მოქალაქეთა არა თანასწორ უფლებებზე აგება უფრო ბუნებრივი იყოს და მიზანშეწონილი. ლიბერალური სისტემის გაკოტრებაზე რომ სწერენ, უმთავრეს არგუმენტად პარლამენტარული წყობის სუსტ მხარეებს იხსენიებენ. მათ ავიწყდებათ, რომ პარლამენტარიზმი სრულიად არ არის ლიბერალური სისტემის მიუცილებელი თვისება. ამის საბუთად საკმარისია ამერიკის შტატები და შვეიცარია, სადაც პარლამენტარული წყობა არ არსებობს. მაგრამ ლიბერალიზმის სრულს გაკოტრებაზე ლაპარაკი სავსებით სამართლიანი იქნება, უკეთუ სახეში გვექნება ის ლიბერალური დემაგოგიური დოგმა, რომელიც ზოგიერთმა ლიბერალიზმის მიმდევარმა შეთხზა. ამ დოგმატებში აღნუსხულია სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა წვრილმანები, რომელნიც მათ სავალდებულოდ მიაჩნიათ ყველა ქვეყნებისათვის და ყოველს პირობებში. ასეთს თეორიებში დავიწყებულია საზოგადოებრივი ცხოვრების რეალური პირობები და ამის გამო, ხშირად თავისუფლებისა თუ თანასწორობის უფლების ყოველგვარი საზღვრები იშლება. ასეთ მოვლენათა შესახებ ფრანგ-ფილოსოფოსს ბოსუეს აქვს მკვეთრად ნათქვამი სამასი წლის წინეთ: `სადაც ყველას შეუძლიან იმის გაკეთება, რაც სურს, იქ არავის არ შეუძლიან იმის გაკეთება, რაც მას სურს, სადაც ყველა ბატონია, იქ ყველა მონაა~. ჩეხო-სლოვაკიის პრეზიდენტმა მასსარიკმა სამართლიანი აზრი გამოსთქვა თანამედროვე დემოკრატიის კრიზისის შესახებ: დემოკრატიულს წყობას სრულებით არ ეწინააღმდეგება მაგარი ხელისუფლება და მტკიცე მმართველობა. უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ამის მაგალითები მრავალი იყო.
სოციალისტური პოლიტიკის მარცხიც არ არის სწორათ შეფასებული მათი მოწინააღმდეგეების მიერ. მართალია სოციალისტური დოგმის გაკოტრება დღეს ყველასათვის ნათელი გახდა, მაგრამ ეს დოგმა თავიდანვე გაკოტრებული იყო ყველა დაკვირვებულ მოაზროვნის თვალში. მარქსმა და მისმა მიმდევრებმა ამოკრიბეს სახარებიდან და ძველი უტოპისტების ნაწერებიდან მრავალი მორალური მცნებები და მას მეცნიერული სოციალიზმი დაარქვეს და პრაქტიკული პოლიტიკის გეგმათ დაისახეს. ამ დოგმის გარშემო სოციალისტებმა მრავალრიცხოვანი ძალები დარაზმეს და ზოგიერთს ქვეყნებში სახელმწიფოებრივი მმართველობაც ჩაიგდეს ხელში, მაგრამ თავის ხელით თავის პროგრამიდან თითქმის ვერაფერი ვერ განახორციელეს. ერთად-ერთი გამონაკლისია რუსეთი, სადაც ეს მარქსისტული პროგრამა სავსებით გაანაღდეს და მით სრულიად გაამჟღავნეს ამ დოგმის შეუფერებლობა ადამიანის ბუნებასთან და თანამედროვე ცხოვრების პირობებთან. მაგრამ სოციალისტური პროგრამა შეიცავდა ბევრს ისეთს მოთხოვნილებას, რომლის განხორციელება შესაძლებელიც იყო და სასარგებლოც. ყოველივე ეს გაანაღდეს ცხოვრებაში მათმა მოწინააღმდეგეებმა: ბისმარკმა, ინგლისის კონსერვატორებმა, საფრანგეთის რესპუბლიკანელებმა, იტალიის ფაშისტებმა, რუზველტმა და ჰიტლერმა. ამის გამო სამართლიანობა მოითხოვს აღვიაროთ სოციალისტების სანუგეშოთ, რომ, მართალია, მათი დოგმა და მათი მეთოდები სასტიკად დამარცხდა და სოციალისტური პარტიებიც დიდათ დასუსტდა ყველგან, მაგრამ ბევრი რამ მათი პროგრამიდან ხორციელდება ხალხთა ცხოვრებაში იმათ მიერ, ვინც ცხოვრებას დოგმის მიხედვით კი არ აშენებს, არამედ მისი ბუნებისა და რეალურ საჭიროებათა მიხედვით.
ასეთივე ბედი ეწვევა ფაშიზმს, უკეთუ ის დოგმათ იქცა. დოგმა პიროვნების შემმოქმედების ნაყოფია. მისი გრძნობების და ინდივიდუალური განყენებული აზროვნების შედეგია. პოლიტიკა კი _ ხალხის საზოგადო ცხოვრება, ხშირად მრავალ ათეულ მილიონთა ასეთ განცდებსა და აზროვნებას შეიცავს და კიდევ მეტს ისეთს მოვლენებს, რომლებიც ადამიანის ბუნების გარეშე იმყოფება. ადამიანი ვერასოდეს შექმნის ისეთს აპარატს, რომ ეს უამრავი, მუდამ მოძრავი და ცვალებადი ელემენტები ერთს სასწორზედ დადვას, იანგარიშოს, ერთი პიროვნების თავში ჩაალაგოს, ის პოლიტიკურ გეგმად აქციოს და შემდეგ ცხოვრების ცვალებადობა მას დაუმორჩილოს. ამის მიხედვით, იტალიური ფაშიზმის სწორად გაგებისათვის მასალად არ გამოდგება ის ფაშისტური ფილოსოფია, რომელიც მუსოლინის მიმდევრებს აქვსთ შეთხზული. ამ მასალების მიხედვით ძნელი გასათვალისწინებელია ხვალინდელი ფაშისტური პოლიტიკა და მის მიერ გადაჭრა მიმდინარე საშინაო და საგარეო საკითხებისა. ვისაც იტალიური ფაშიზმის სწორად გაგება სურს, მან უნდა გაეცნოს იტალიის ცხოვრების ნამდვილ ვითარებას და მუსოლინის ბუნებასა და თვისებებს. ასევე ითქმის ჰიტლერიზმსა, სტალინიზმსა და რუზველტიზმზე.
მუსოლინმა ბევრჯერ სთქვა, რომ ფაშიზმი საექსპორტოთ არ გამოდგებაო, მაგრამ ზოგიერთები ამას არ იჯერებენ და გადააქვთ სხვა ქვეყნებში და უცხო პირობებში და ამას იწყებენ ფაშისტური სალამისა და ჟესტების გადაღებით. შედეგი ყველგან ერთია. ეს უცხო ყვავილი გაფურჩქვნამდე ჭკნება უცხო ნიადაგზე.
და თუ ამ პოლიტიკურ-სოციალური სისტემების ბრმად მიბაძვას ასეთი შედეგები აქვს სხვა და სხვა ქვეყნებში, რასაკვირველია მას უფრო კარიკატურული სახე მიეცემა, როდესაც ამას ემიგრანტული წრეები შვრებიან. ემიგრაცია, რომელიც დაშორებულია თავის ქვეყნის რეალურს ცხოვრებას, მოკლებულია საშვალებას, რომ რეალურად შესცვალოს რაიმე სისტემა ახალით. ამას ის თავის ოცნებაში თუ მოახდენს და, რასაკვირველია, ამისთვის ბრძოლის ქარ-ბუქის ატეხა, მიწევ-მოწევა და ვითომც ახალი დარაზმულობების შექმნა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა, მავნე თავის მოტყვილება და მეტი არაფერი. უცხო უღლის ქვეშ მყოფ ერსა და მის ემიგრაციას ერთად ერთი რეალური პოლიტიკის საგანი აქვს _ საკუთარი პოლიტიკური არსებობის დაბრუნებისათვის ბრძოლა, და აქ არ არსებობს დემოკრატიული წყობის უვარგისი მხარეების რეალურად უარყოფის თუ კორპორატიული სისტემის შემოღების საკითხი. ყოველივე ეს ჩვენთვის შორეული საკითხია და მისთვის ეხლა თავის მტვრევა მეტად უსარგებლო საქმეა და მეტად მავნეც.
ემიგრანტულ ფაშისტებს და ჰიტლერისტებს უწინარეს ყოვლისა ამ უდავო ჭეშმარიტების შეგნება მართებსთ. ყოველგვარი პოლიტიკური სისტემა, ლიბერალური, ფაშისტური თუ სხვა, მხოლოდ რეალური ცხოვრების საფუძველზე შენდება და არა ამა თუ იმ პიროვნების ოცნებაზე. მაგრამ ემიგრაციაში ასეთს პრანჭიაობას შეიძლება სხვა ნიადაგიც ჰქონდეს, თავს თუ აქედანვე, ავანსად ფაშისტად გამოვაცხადებთ და ყაყანს ავტეხავთ, მუსოლინი და ჰიტლერი ღვიძლ ძმებად თუ არა, ბიძა-შვილებად მაინც მიგვიჩნევენ და გვერდში ამოგვიდგებიანო. ესეც რომ არ მოხდეს, საზოგადოება მაინც ასე იფიქრებს და მეტ ფასს დაგვდებს, ანგარიშში ჩაგვაგდებსო. ასეთი ანგარიშიც უიმედო საქმეა. ევროპის პოლიტიკოსები ასე გულჩვილი ხალხი როდია. ტკბილ სიტყვას და თანაგრძნობის გამოცხადებას ისინი არავის ამადლიან, მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, ისინი მუდამ ისეთ ძალებს დაეძებენ, ვისაც თავის ქვეყნის ცხოვრებაში მაგარი ძირები აქვს, ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ, და არა მხოლოდ ოცნებასა და სურვილებს.
პოლიტიკურ-სოციალური გარდატეხები, რომელსაც ამ ჟამად განიცდის კაცობრიობა, ფრიად რთული მოვლენაა, და ადამიანი, რომელიც თავის გრძნობებით ცხოვრობს და გონებას ნაკლებად ამუშავებს, ადვილად დაიბნევა მის ლაბირინტებში. პარლამენტარიზმს ებრძვიან მარჯვნივ და მას თავს ესხმიან მარცხნივაც, სოციალისტები. აქედან ბევრს ისეთი დასკვნა გამოჰყავს, რომ დემოკრატიული სისტემის საფუძვლები საბოლოვოდ წაქცეულია და კაცობრიობის პოლიტიკური ცხოვრება სულ ახალს, მის საწინააღმდეგო საფუძვლებზე აშენდება. ცხოვრებამ დაამარცხა სოციალისტური პოლიტიკა და სოციალისტური პარტიები. ამაზე ბევრი ისეთს დასკვნებს აკეთებს, რომ სოციალისტური პოლიტიკა სავსებით წარსულს ეკუთვნის. მაგრამ სინამდვილეში არც ერთი პოლიტიკურ-სოციალური წყობა არ უთმობს ადგილს მეორეს ისე, რომ დიდი ნაწილი თავის ელემენტებისა ახალს არ უანდერძოს. ეკონომიური ცხოვრების რეგლამენტაციის გეგმა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა წამოაყენა, სტალინის სიტემის ბევრ ელემენტებს შეიცავს. ამ სისტემამ რომ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და სტალინიზმმა მოახდინოს მცირე უკან დახევა ცხოვრების რეალურ მოთხოვნილებათა ზეგავლენით, ეს სისტემები ერთმანეთს შეხვდებიან. მით უმეტეს მოსალოდნელია ეს დემოკრატიულ და ფაშისტურ წყობათა შესახებ. განა იტალიური ფაშიზმი ის არის დღეს, რაც ათი წლის წინეთ იყო? მუსოლინი კიდევ ეხლა თავის ახალ გეგმებს ამჟღავნებს სოციალურს სფეროში. რუზველტის სისტემიდან ბევრი რამეს გადარებას გვპირდება და თვით სტალინის ექსპერიმენტებიდანაც. მაგრა ეს არ ესმის მათ ვინც ამა თუ იმ პოლიტიკურ სისტემაში მის გარეგნულ სახეს ხედავს და მის არსებით შინაარს ვერ ამჩნევს. ხოლო ვინც ამ შინაარს ჩაწვდება თავის გონებით, ის დაინახავს, რომ იტალიურ ფაშიზმს გაცილებით უფრო მკვეთრად აქვს დამყარებული ლიბერალური პოლიტიკის უმთავრესი საფუძვლები _ მოქალაქეობრივი თავისუფლება, უფლებრივი თანასწორობა და სოლიდარობა, ვიდრე დემოკრატიულ ჩილის, პარაგვაის, ურუგვაის, თუ ჩინეთს. ამ მხრივ ფაშისტური პოლიტიკა უფრო ახლოა, ვთქვათ საფრანგეთის და ინგლისის დემოკრატიასთან, ვიდრე მექსიკის და ჩინეთის დემოკრატია.
ამ დიდ მსოფლიო გარდატეხის დროს ჯერ-ჯერობით ყოველივე დუღილს განიცდის და ძნელი გასათვალისწინებელია მთელი სახეობა იმ პოლიტიკურ-სოციალური სისტემისა, რომელსაც ის დაამყარებს სხვა და სხვა ქვეყნებში. ერთი რამ უკვე ნათელია მომხდარ ცვლილებათა მიხედვით: როგორც მუდამ, ისევე ეხლაც ცხოვრება არ მისცემს რეალურ განაღდებას არც ერთ განყენებულს დოგმას და სისტემას, არამედ შეითვისებს და კიდევ უფრო საფუძვლიანად განამტკიცებს ლიბერალურ-დემოკრატიულ პოლიტიკის უმთავრეს საფუძვლებს, ისევე როგორც ფაშისტური და სოციალისტური პოლიტიკის ბევრ ახალ პოლიტიკურ და სოციალურ გეგმებსა და მოთხოვნილებებს.
ალ. ასათიანი.