შრომის კულტურა ალ. ასათიანი 1917წ

ასათიანი

 ალ. ასათიანი  “საქართველო” 1917წ. 1 თებერვალი   # 25

ძველთაგანვე შეამჩნევდით, რომ სიზარმაცე ყოველგვარი ბოროტების ბუდეა. ჩვენი დროის სასამართლოთა მატიანე ხომ ამას სავსებით ადასტურებს. სხვადასხვა ბოროტებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეთ უმთავრესად ის წრე იძლევა, რომელშიაც უსაქმურობას მტკიცედ აქვს მოდგმული ფეხი.
ადამიანი, რომელიც ცხოვრებისთვის ყოველგვარ საღსარსა და მათთან ერთად შრომა-ჯაფის უნარსაცაა მოკლებული, ავკაცობისთვის კარგს მასალას წარმოადგენს. მას ძარცვა-გლეჯვა, მკვლელობა თუ სხვა ასეთი ბოროტების ჩადენა უფრო ეადვილება, ვინემ მყუდრო და მშვიდობიანი შრომა. მაგრამ ასეთს ბოროტებას მხოლოდ უსახსრობის მიზეზითაც არ სჩადიან. საზოგადოების უმაღლეს წრეებშიც ხშირად სიმდიდრესა და ფუფუნებასთან ერთად ბოროტებაც ჰბუდობს. აქ თავდასხმისა და გაძარცვის მოწყობას უკვე სიღარიბე და გასაჭირი არ უდევს სარჩულად. ის ერთგვარი გასართობია, სპორტი, უმთავრესად უსაქმურ ცხოვრებისაგან წარმოშობილი. საზოგადოების ეს ორი, ქონებრივად უმდაბლესი და უმაღლესი კიდეც გვაწვდის ბოროტმოქმედთა უდიდეს ნაწილს. ჯაფას გადაჩვეული, მშიერი, მოხეტიალე და მუქთა-ხორობაში აღზრდილი რომელიც გასართობად სახიფათო საქმეში ძალუმ განცდას ეძებს, ერთგვარად მადლიანი ნიადაგია დანაშაულისა და ბოროტებისათვის.
სტატისტიკამ ეს სავსებით დაგვიმტკიცა და ამით აიხსნება, რომ ზოგიერთ ქვეყანების კანონმდებლობა სახელმწიფოს ფარგლებში ცხოვრების ნებას არ აძლევს იმათ, ვისაც არსებობისათვის საღსარი არ მოეპოვება და ან რამე შრომას არ ეწევა.
მაგრამ ასეთი ზომა სავსებით მიზანს ვერ აღწევს და ყველა დაწინაურებული ერებს მოეპოვება საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქარი არამზადათა და მუქთახორათა, რომელნიც ყოველგვარ შრომას გაურბიან და ბოროტმოქმედებით უნდათ თავი ისაზრდოვონ. ასეთი ვითარების წინააღმდეგ უფრო რთული საზოგადოებრივი რეფორმები თუ გამოიღებს სასურველ ნაყოფს. უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, რომ შეუქმნას საზოგადოებას კარგი პირობები ეკონომიური საქმიანობისათვის. ადამიანის ბუნება მრავალფეროვანია და მიწათმოქმედება ან რაიმე ხელოსნობა ყველას ვერ მიიზიდავს. მხოლოდ იქ, სადაც ეკონომიური საქმიანობისა და კულტურული მუშაობის ყოველგვარი დარგი განვითარებასა და აყვავებას განიცდის, ყველას ეძლევა საშუალება თავისი ნიჭისა და ბუნების შესაფერისი შრომა გასწიოს. აქ ზოგი მეურნე იქნება, ზოგი ვაჭარი და მრეწველი და ზოგი კიდევ მასწავლებელი, ინჟინერი, თუ მხატვარი და მსგავსნი. ისეთს ქვეყნებში კი, სადაც, მაგალითად, ჩვენში, ცხოვრება ერთფეროვანი და მოდუნებულია და არ არის აღმოცენებული მეურნეობისა, აღებ-მიმცემობისა და ხელოსნობის მრავალგვარი საქმიანობა, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ პოულობს თავისი ბუნების შესაფერ შრომას და თანდათანობით უსაქმურთა და პარაზიტთა რიცხვში ექცევა.
საღი და გონიერია ის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც თვით ხალხის თანხმობასა და შემოქმედებას არ უცდის და თვით ამრავალფეროვნებს საზოგადოებრივ ცხოვრებას ახალის და ხალხისთვის უცნობ ხელოვნებათა გადმონერგვითა და გავრცელებით. ამით სახელმწიფო ცხოვრებას უახლოებს იმ იდეალურ მდგომარეობას, როდესაც საზოგადოების ყოველი წევრი მოქმედებს და მოძრაობს რომელიმე ასპარეზზე, ამით რაიმე ღირებულებას ჰქმნის და საზოგადოებას სარჩენ ტვირთად არ აწევს.
ჩვენს ცხოვრებას, უწინარეს ყოვლისა, ასეთი მნიშვნელობა და პოლიტიკა ესაჭიროება. ჩვენ რომ რაიმე სტატისტიკა მოგვეპოვებოდეს ეკონომიური ცხოვრებისა, უთუოდ ნათლად ვნახავთ, რომ ქართული საზოგადოებას მეტად მრავალრიცხოვანი, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის სრულიად გამოუსადეგარი და მისი სარჩენელი ლაშქარი ჰყავს. საზოგადოების მშრომელი ნაწილი ამათს გამოკვებას უნდება და ამით აიხსნება ის, რომ ჩვენ ეროვნულ სიმდიდრესა და დოვლათს ვერ ვაგროვებთ, ეს უკანასკნელი კი, პირდაპირი მიზეზია იმისა, რომ ჩვენი თაობა ვერც ხელოვნებისა და ვერც შემოქმედების სხვა სფეროში დიდს რასმე ვერ ჰქმნის და მხოლოდ წინაპრისაგან აგებული ძეგლებით მოაქვს თავი.
შრომა ადამიანს ფიზიკურადაც აჯანსაღებს, სოფლის მეურნენი, რომელნიც ხშირად მძიმესა და დაუცხრომელ შრომას ეწევიან, საზოგადოების ყველაზე უფრო საღ ნაწილს წარმოადგენენ. სიცოცხლეს მოძრაობა წარმოშობს და ადამიანთა არსებობისათვის კუნთების ვარჯიშობის მნიშვნელობა ძველთაგანვე შეგნებული ჰქონდათ კულტურულ ერებს. ვინც ფიზიკურ შრომას არ ეწევა, სხვადასხვაგვარი სპორტით სცდილობს სხეულის ამოძრავებას. ასეთი ვარჯიშობები ძველად ჩვენშიც ფრიად განვითარებული იყო და მხოლოდ უკანასკნელ ხანებში გადაგვარდა.
ქართველი, როგორც აღმოსავლეთის შვილი, ბუნებით ზანტია. ის მუდმივ ჯაფას ვერ უძლებს. ხანგრძლივი და მუყაითი საქმიანობა ჩვენში იშვიათი მოვლენაა ცხოვრების ყოველ ასპარეზზე. საზოგადოებრივი ზნეობაც შეეგუა ამ მოვლენას და ქართული მორალი სრულადაც არ აღიარებს სავალდებულო წესად, რომ ყოველი წევრი საზოგადოებისა ცხოვრებაში რაიმე დანიშნულებას ემსახურებოდეს და თავის არსებობას ამართლებდეს. ჩვენში უჭირდებათ შრომითა, კანონიერ საქმიანობითა თუ ბოროტმოქმედებით შეძენილი კეთილდღეობა ერთი მეორისგან გაარჩიონ.
დახარჯულ ენერგიასაც გონიერი გამოყენება უნდა და ჩვენდა სავალალოდ, ქართული შრომა აქაც ნაკლებად ნაყოფიერია. მას აკლია მუყაითობა, ბეჯითობა, გამძლეობა. მუყაითობა კი, როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, ადამიანის ერთადერთი და უპირველესი ნიჭია. ევროპის მოწინავე ერების _ ინგლისელებისა თუ გერმანელების ეროვნული დიდება და ძლიერება სწორედ ამ ნიჭის შექმნილია. არა შექსპირის, გიოტესა თუ ბისმარკის გენიოსობამ აღმოაცენა ამ ერთა ყოველმხრივი კეთილდღეობა, არამედ უწინარეს ყოვლისა, საუკუნეთა განმავლობაში განმტკიცებულმა ხალხის გონიერ შრომისა და ჯაფის კულტურამ. ამ ხალხმა მწირ და უნაყოფო ქვეყნებში დააგროვა აუარებელი სიმდიდრე და შექმნა ერტის ქონებრივი და სულიერი კეთილდრეობა. მაშინ, როდესაც მრავალი სხვა ერი ნაყოფიერსა და უხვ ქვეყნებში ყოველგვარ სიღარიბესა და არარაობას განიცდის.
შრომის კულტურის განმტკიცება ჩვენის ეროვნული ცხოვრებისათვის უპირველესი საზრუნავია. აქედან უნდა იწყებოდეს განახლება და აღორძინება ჩვენის ვითარებისა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress