ერთობ მძიმე დავალება თავს მომახვია „ივერია“-ს რედაქტორმა: ვაუწყო ჩვენს მკითხველებს ზოგი რამ ცნობები საქართველოს ეკლესიაზე და დამატებით მის ამჟამინდელ ყოფაცხოვრებაზე. ძველი თაობა ჩემზე ნაკლებათ არ არის ჩახედული ამ საკითხში, ამიტომ ჩემი ნაწერი მას არაფერს შესძენს და არც თუ ისე გამოადგება. ვფიქრობ, რომ რედაქციას მხედველობაში ჰყავს მოზარდი თაობა – მოწყვეტილი და აშორებული სამშობლო კერას, ზერელეთ მცნობი ჩვენი ქვეყნის წარსულისა და თავგადასავლისა, ხოლო უმეტესათ მისი ეკლესიის მნიშვნელობისა და ღვაწლმოსილობისა სახელმწიფოსა და ხალხისათვის. ამის გამო დავალების უკუგდება უკადრისობათ ჩამეთვლებოდა… და უკეთუ ჩემი ეს მოკლე ზეპირნაწერი ფიქრებს აღუძრავს ჩვენს ახალგაზრდებს, შეაწევს ზოგიერთ მისთვის უცნობ ამბავს, მეც კმაყოფილება მომენიჭება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულთასწორის ნინოს სახელთან არის განუყრელათ შეკავშირებული. ამ კაპადოკიელმა ქალწულმა მოგვცა, გრიშაშვილის ნათქვამით რომ ვისარგებლო, „რჯული ღვთივმშვენიერი და კერპშომონი დაგვაწყევლინა“. წმინდა ნინოს ჯვარი მისივე თმებით გადაბმული ასვენია სიონის ტაძრის კანკელზე (ბერძნულათ – იკონოსტას). ქართველთა ამ უდიდესი სიწმინდის გამოსვენება ტაძრის შუაში ხდებოდა წელიწადში ერთხელ 14 იანვარს – ნინოობას. ამ დღეს მოზღვავებულ მლოცველთ ხანდასმული, საქართველოს შვებათა და ჭირთა მოწმე, სიონი ძლივს იტევდა. რუს-ეგზარხოსების დროს ამ დღეს სიონში ღვთისმსახურებას ასრულებდნენ მხოლოდ ქართველი ეპისკოპოსები და სამღვდელოება ქართულათ. ამავე დღეს შემკრებილობითმა სულიერმა აღფრენამ გრიშაშვილს შემდეგი სტრიქონები გამოაქარგვინა:
წმიდაო ნინო! როცა თენდება
და ცა ირთვება შვინდისფერ ისლით,
შენი სიონი გამახსენდება…
მოვდივარ შენსკენ სიდარბაისლით,
და როგორც ქარი ვარდს მიაქანებს,
მეც მოვქრი შენსკენ, და ფილაქანებს
ვნესტავ მონადენ ცრემლის არხებით…
რუსეთის სინოდისმიერ მიტაცებული თვისთაოსნობა (ბერძნულით – ავტოკეფალია) საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა ერთი წლით ადრე ვიდრე ჩვენმა სახელმწიფომ იმავე რუსეთის მიერ ასევე წაგლეჯილი სუვერენობა (12 მარტი 1917; 26 მაისი 1918). ადვილი არ იყო მიღწევა და განაარსება ამ მიზნისა, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ საერთო აღრევასა და პირველყოვლის იმ გარემოებას, რომ რუსები ყველა მიმართულებისა და წოდებისა უსაზღვრო მტრულათ ეპყრობოდნენ (და ეს არც ეხლა შეცვლილა!) ყოველგვარ ქართულ წამოწყებას, როცა კი შეჰნიშნავდნენ „მთლიანი და განუყოფელი რუსეთის“ შებღალვის ნიშნებს…
ასეთივე მიმართება გამოიჩინეს მათ საქართველოს ეკლესიისადმი. რუსეთის სინოდი და ობერპროკურატურა იმაზე კი არა ზრუნავდა, რომ გადაესინჯათ 1811 წლის საეკლესიო კანონთა დამფუშავი, უძველესი ეკლესიის თვითმყოფობის მოსპობის ძალმომრეობითი აქტი, არამეთ მთლიანი თავისი მოქმედებით ადასტურებდნენ საუკუნის წინათ ჩადენილ უსამართლო საქციელს. ცნობილია, როგორი უკმეხი „შთაგონებითი ეპისტოლეთი“ მიჰმართა მოსკოვისა და სრულიათ რუსეთის პატრიარხმა ტიხონმა მიტროპოლიტ ლეონიდეს (შემდგომ კათოლიკოსი) მცხეთის სამეუფეო ტაძარში ერთსულოვნათ მიღებულ დადგენილებისა გამო: პატრიარხი ტიხონი დაჟინებით მოითხოვდა, რათა ქართული ეკლესიის ყოველი საკითხი შეტანილი ყოფილიყო განსახილველათ რუსეთის სინოდში და მუნ გარდაწყვეტილიყო მისი ბედიღბალი. ცნობილია აგრეთვე დასაბუთებული დარბაისლური პასუხიც მიტროპოლიტ ლეონიდესი (ტექსტი შედგენილია აწ განსვენებულ კათალიკოს კალისტრატის მიერ – იმ ხანებში მმართველი საკათოლიკოსო კანცელარიისა), რომელშიაც შემოწმებული ისტორიული ფაქტებით დამტკიცებული არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალი წყობილება, და რუსეთის ეკლესიის მიერ უფლებათა უკანონოთ მითვისება (იხილე ჟურნალ „სამშობლო“-ს მე-9 და მე-10 ნომრებში ეს ეპისტოლე და ჩემი წინასიტყვაობა).
რუსეთის ეკლესიამ იცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოთ მაშინ, როცა მოსკოვის პატრიარხმა სერგიმ შეიტყო, რომ უძველეს აღმოსავლეთის პატრიარხებმა – კონსტანტინოპოლისამ, ანტიოხიისამ, ალექსანდრიისამა და იერუსალიმისამ ავტორიტეტულათ დაამოწმეს თავისი ისტორიული მოძმის კანონიური მართებლობის განახლება. საყურადღებოა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია მეცხრე საუკუნემდის ანტიოხიის პატრიარხის ნომინალ ზედამხედველობაში იმყოფებოდა, გარნა ეს საპატრიარხო აროდეს ერეოდა საქართველოს ეკლესიის შინაგამგებლობაში. ნომინალი სახელწოდება დღესაც შერჩენილი აქვს ანტიოხიის პატრიარხს: პატრიარხი სრულიათ აღმოსავლეთისა, ივერიისა… და სხვა.
რაკი შევეხე ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ეპოპეიას, ზედმეტათ ნუ ჩამეთვლება, რომ აღვნიშნო დაუღალავი და თავგამოდებითი ღვაწლი და პრაქტიკული ღონისძიებანი ქართველ მორწმუნეთა ჯგუფისა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის თანხმობითა და მეშვეობით უადვილებდა საკათოლიკოსო ხელისუფლებას ეკლესიის უძრავ და მოძრავ სამკვიდრებელის ყოფილ საექსარხოსოდან მიღებას. იყო არაერთი შემთხვევა, როცა რუსის „ჩერნოსოტენცები“ „დუბინებითა“ და იარაღით ხელში იცავდნენ მითვისებულ შენობებსა და ქონებას. ამ საშიშ „ოპერაციებში“ სახელი მოიხვეჭეს და ეკლესიის მადლობა და კურთხევა დაიმსახურეს: დღეს ჩვენ შორის მყოფ დათა ვაჩნაძემ და ჩვენგან უდროოთ განშორებულებმა – ალექსანდრე ასათიანმა, შალვა ამირეჯიბმა, შალვა ქარუმიძემა და ირაკლი წინამძღვრიშვილმა: იდღეგრძელოს პირველმა, საუკუნო ხსენება განსვენებულთ!..
აღდგენილი ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე აღყვანილიქმნა, როგორც მოსალოდნელი იყო, ღვაწლშემოსილი ეპისკოპოსი კირიონი. კათოლიკოსების სიის გაგრძელებით მას ეწოდება კირიონ მეორე: კირიონ პირველი კათოლიკოსობდა მეექვსე საუკუნეში. რუსული ეკლესიის ქვეშყოფობის პერიოდში კირიონს აკრძალული ჰქონდა სამსახური სამშობლოში; ის მღვდელმთავრობდა რუსეთში, საიდანაც დაბრუნდა საეკლესიო კრების მოწვევის წინადღეებში (ენკენისთვე 1917). კათოლიკოს კირიონს დიდი პატივი ჰქონდა მოხვეჭილი ქართველ საზოგადოებაში, რაიცა მან ერისკაცობიდანვე დაიმსახურა. 48 წლისა იყო, როცა ბერათ აღიკვეცა; წინათ დირექტორობდა გორის სასულიერო სასწავლებელში „სტატსკი სოვეტნიკის“ ხარისხით. კათოლიკოსი კირიონი იყო მეცნიერი აგიოლოგი, საეკლესიო ისტორიკოსი და ლიტერატორი. როცა ბერათ შესდგა, სწერდა ე. კ. (ეპისკოპოსი კირიონი)-ს ინიციალებით. კირიონის რუსულმა წიგნმა „კულტურნაია როლ ივერიი ვ როსიი“ (1911) აღტაცებული გამოძახილი ჰპოვა ქართველებში. რუსულ წრეებში კი ჭმუნვა და უკმაყოფილება: წიგნში ნათლათა სჭვივის ქართული კულტურის პრიორიტეტი…
ჩვენი ეკლესიის თანამედროვე ვითარება? თავისთავათ ცხადია, რომ ვერც ის გადაურჩებოდა ყველა იმ შეიწროებასა, გამუდმებულ შეურაცხყოფასა და ამათუიმ სახის დევნას, რაიცა კომუნისტურ სამფლობელოში წილათა ჰხვდა ყოველ აღსარებათ, ხოლო საზღვარუდებ უშვერობითა და სიმძიმით მართლმადიდებელ ეკლესიას.
ბოლშევიზმის მთლიანათ აღებულ გეზს მონური ქვეშევრდომობით მისდევს მოსკოვის საპატრიარხო, რომელსაც ფაქტიურათ ხელმძღვანელობს ანაფორაში ამოფარებული, ჩეკის აგენტი, კრუტიცკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. მოსკოვის საპატრიარქო გულმოდგინეთა და გატაცებით მისდევს იმ შემაძრწუნებელ „ფორმულას“, ოციოდე წლის წინათ პატრიარხმა სერგიმ რომ გადაისროლა სამღვდელოების საყურადღებოთა და სახელმძღვანელოთ: „საბჭოთა ხელისუფლების სიხარული – ჩვენი სიხარულია, მისი მწუხარება – ჩვენი მწუხარება“! იმ დღიდან მოყოლებული და ასე გასწვრივ, ეს „ფორმულა“ მიღებული არის „სოვეტურ“ ეკლესიაში, ვითარცა სახელმძღვანელო და აღსასულებელი იმპერატივი!..
საქართველოს ეკლესიას ამჟამათ განაგებს მხცოვანი მოხუცი კათოლიკოსი მელქისედეკი (ფხალაძე), ძველათ დამსახურებული პედაგოგი დასავლეთ საქართველოს სასულიერო სასწავლებლებში, თვითონ სწავლადამთავრებული კაზანის სასულიერო აკადემიაში.
მუხრუჭდადებულ საქართველოის მარიონეტული „მთავრობა“ ყურმოჭრილათ ასრულებს ყველაფერს, რასაც მისი მოსკოველი ბატონები განუმარტავენ და უბრძანებენ ცნობა არა მაქვს, რომელი გვამი „ობერპროკურორობს“ ჩვენში, ის კი უნდა ვიგულისხმოთ, რომ ასეთი ფუნქციების მქონე ვერ გადაუხვევს მოსკოველ „ობერპროკურორის“, ჩეკიდან მივლენილ კარპოვის „საეკლესიო“ ხაზს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ჩვენ შევიძინეთ ნაციონალურ-რევოლუციური გზითა, ზომებითა და გარჯით. როგორიც უნდა იყოს მისი აწინდელი მდგომარეობა – ის კი მწუხრის კაეშანით გარსშემორტყმულია – ქართველობა ერთობლივათ არის და იქნება მის გვარდით და მის სამსახურში. განვლენ ბოროტი დღენი! ქართველი ერი განიბღერტავს მისდამი მოდებულ კომუნისტურ ჭუჭყს, და კვლავ აღიმართება ქართველთა თავმომყრელი – დიდებისა და შვების, დღეს დაფხრეწილი – დროშა!..
ვერიდებოდი მაგრამ მაინც ვიიძულები ამ ნაწერს post scriptum-ის სახით დაურთო ქვემო ნაწერი: მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენთვის არ უნდა იყოს მხოლოთ კატეგორია მამაპაპეული რჯულისა, რომელსაც ჩვენ უნდა მივდევდეთ ტრადიციულათ, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობითი შეცნაურებითა, ჩვეულებითა და აყოლით. მამაპაპეულობა ბევრ შემთხვევაში არ არის წარსაზიდი, პირიქით ხშირათ დასაწუნიც არის და უკუსაგდებიც. ხოლო მივდევთ ჩვენს ეკლესიას და დაუბრკოლებლათ ვემსახურებით მას მხოლოთ იმიტომ, რომ მას ვგულისხმობთ სარწმუნოებრივ თვალსაზრისით ისეთ ფენომენათ, რომელიც უცთომელადა, გადაუხრელათა და შემტკიცებით ინახავს და იცავს ოთხთავ სახარებაში მოცემულ მაცხოვრის მცნებასა, მოციქულთა და ეკლესიის დიდ მოძღვართა სწავლებას.
ცნობები მოდის, რომ ზოგიერთნი ქართველ მორწმუნე გადმოხვეწილთა შორის „რელიგიურ ძიებაში“ არიან, ეჭვით შეპყრობილნი „მამაპაპეულ“ სარწმუნოებისადმი. სულიერ მოთხოვნილებას ასეთები თურმე იმგვარ სიძლიერით გაუტაცნია, რომ მათ ხელთუღიათ „შედარებითი მეთოდი“, „მამაპაპეულობა“ აუწუნებიათ და დაუგმიათ, ხოლო უპირატესობა სხვა აღსარებათათვის მიუკუთვნებიათ. მე – ცოდვილს – ეჭვი მეპარება, რომ „მაძიებელნი“უზომოთ ჩახედულიყვნენ რელიგიურ დისციპლინებში და აქ, საზღვარგარეთ ხელთეღოთ აპოლოგეტური თეოლოგიის შესწავლა!..
კათოლიკოს ანტონ პირველის (1744-1755; 1763-1788) მაგალითით ნურავინ ინებებს წახალისებას: ეს დიდი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი მათემატიკოსი, აპოლოგეტი, ლოგიკოსი და ფილოლოგი (მისი „ქართული ენის გრამატიკა“ დღესაც მიჩნეული არის სანიმუშო თხზულებათ; ისიც დავიხსომოთ, რომ ჩვენი ისტორიკოსები მეთვრამეტე საუკუნეს ანტონ კათოლიკოსის საუკუნეს უწოდებენ) მცირეხნის განდგომის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა „მამაპაპეულ“ რჯულს. როცა ანტონ კათოლიკოსის მოწინააღმდეგე თეიმურაზ მეორე (1733-1762) გარდაიცვალა, ერეკლე მეორემ (1762-1798) რუსეთში გახიზნული კათოლიკოსი გამოიწვია და ანტონ პირველი აღსრულებამდის ბრძნულათ განაგებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას: SAPIENTI SAT, ამბობს ლათინური თქმულება – ბრძენთათვის საკმარისია!..
რ. ინგილო.