იძულებითი ერთა სოლიდარობა – ივერია #8 1956 პარიზი ს. ჭირაქაძე

gerbi axali 1

კომუნისტურმა პრესამ კვლავ დასვა დღის წესრიგში ერთა სოლიდარობის საკითხი. აქედან ნათლად სჩანს, რომ მათ მიერ მრავალჯერ დადასტურებული და დაკვეხნილი ერთა თანასწორობა და ინტერნაციონალური თანხმობა, ისეთივე მითია, როგორც ბევრი სხვა რამ. იმ წლის 20 სექტემბრის გაზ. „კომუნისტ“-ში დაბეჭდილია გ. ჟვანიას ვრცლი წერილი „ბრძოლა პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ლენინური პრინციპებისათვის“.

ისე როგორც ყოველთვის აქაც განზრახ დამახინჯებულია რუსეთის და კავკასიური ერების ურთიერთობის ისტორია, როგორც წარსულში – მეფის რუსეთის ხანის, ისე საბჭოთა რეჟიმის პერიოდის. თითქოს ისე გამოდის, რომ მხოლოდ კომუნისტური პარტია, ლენინი და სტალინი იყვნენ ერთა მშვიდობიანობის, მათ შორის კეთილმეზობლური განწყობილების მოციქულნი, სხვები, სხვა პოლიტიკური პარტიები, მხოლოდ იმისთვის იღვწოდენ, რომ ერთა შორის შუღლი და მტრობა დაეთესათ და ერთმანეთზე გადაეკიდებინათ.

აი, რას სწერს გ. ჟვანია: „ამიერ-კავკასიაში პროლეტარული ინტერნაციონალიზმის დიადი ლენინური პრინციპების დამკვიდრება და ამ პრინციპების სულისკვეთებით მშრომელთა აღზრდა დაკავშირებული იყო უდიდეს სიძნელეებთან“.

სხვა სიძნელეებთან ერთად მათ უხდებოდათ მეფის თვითმპყრობელობის და მის კავკასიელ სატრაპების წინააღმდეგ ბრძოლა სასტიკ არალეგალურ პირობებში. ამასთან ერთად: „საქართველოს და ამიერ-კავკასიაში არსებობდნენ მრავალრიცხოვანი ნაციონალისტური მიმდინარეობანი, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიდნენ ამიერ-კავკასიის მშრომელთა შორის ინტერნაციონალური კავშირის, ძმური მეგობრობისა და რევოლიუციური მოქმედების ერთიანობის დამკვიდრებას. ესენი იყვნენ ამიერ-კავკასიის ჩაგრულ ხალხთა ინტერესების გამყიდველები: ქართველი ნაციონალ-დემოკრატები, ფედერალისტები, მენშევიკები, დაშნაკები და სხვა წვრილბურჟუაზიული პარტიები“.

იქმნება ისეთი შთაბეჭდილება და მათი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ, არამცთუ ჩვენი მეზობელი ხალხების მოძულენი და მტრები, არამედ თვით ჩვენი ერის ინტერესების „გამყიდველები“ და მავნებლებიც კი ვართ.

ჯერ ერთი რათ დასჭირდათ ჩვენი ამ საკითხთან ასე უკუღმართად დაკავშირება, მეორეც – რა ისტორიულ საბუთებს ემყარება ავტორი? როდის იყო რომ ჩვენ ვებრძოდით რომელიმე ერს და მის წინააღმდეგ სიძულვილს ვქადაგებდით. აბა თუ ვისმეს გაუგონია, რომ ქართველ ერს რაიმე მტრული დამოკიდებულება ჰქონია მეზობელ ხალხებთან, შესეოდა მათ, დაეპყრო და აეოხრებია. ჩვენს ისტორიაში ამის მზგავსი მაგალითი არ მოიპოვება. პირიქით საქართველოში ოდითვე დამკვიდრებული სხვადასხვა ეროვნებათა უმცირესობანი მშვიდობიანად ცხოვრობდენ. არასოდეს, არც ერთ ერის შვილებს არ განუცდიათ დევნა და შევიწროება არც რელიგიურ, არც ეკონომიურ და მით უფრო არც პოლიტიკურ ნიადაგზე, როგორც ეს იყო ძველს რუსეთში და არის ახლაც საბჭოთა კავშირში. სომხები, ებრაელები, ოსები და სპარსულ-თურქულ მოდგმის ხალხის უმცირესობანი, ჩვენში ყოველთვის სარგებლობდენ შეღავათიან პირობებით და ეწეოდენ მშვიდობიან შრომას.

ხოლო როცა საქართველო დაპყრობილ იქმნა რუსეთის მიერ, გამარუსებელ პოლიტიკასთან ერთად, რათა დაერღვია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა და ამით შეესუსტებია მისი წინააღმდეგობა, ბრძოლა ეროვნულ თავისუფლებისათვის, ასახლებდა რუსებს, სომხებს, ოსებს და გერმანელებს და ამით ქმნიდა ხელოვნურ პირობებს დაენერგა ხალხთა შორის უთანხმოება და ამით თავის ბატონობა გაეძლიერებია.

მართალია 19 საუკუნეში ქართველ-სომეხთა დამოკიდებულება გამწვავებული იყო, ხოლო ამის მიზეზი იყო თვით რუსეთი და კავკასიაში მისი ადგილობრივი ადმინისტრაცია. თურქეთიდან დევნილ და გამოქცეულ სომხებს ასახლებდა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ისედაც მჭიდროთ დასახლებულ, უმიწაწყლო ქართველ ხალხს საარსებო სივრცეს უმცირებდა შინა იმიგრაციისათვის. ეს ბუნებრივათ იწვევდა ქართველთა უკმაყოფილებას. ხოლო ეს მაინც არ გამხდარა რაიმე სერიოზულ უთანხმოების საბაბი და ფიზიკურ შეჯახების. ქართულ პრესაში ამ ნიადაგზე დავა სომხებთან არასდროს ჩამოქვეითებულა ვიწრო შოვინისტურ ზოოლოგიურ ნაციონალიზმამდის. მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწენი ამ ჩვენთვის სახიფათო მოვლენას ობიექტურად იკვლევდენ და ცდილობდენ კეთილმეზობლურ ურთიერთობის შენარჩუნებას და მის განმტკიცებას.

ხშირად ამ დავას მწვავე ხასიათი ქონდა, ჩვენ ვიცავდით ქართველი ხალხის ინტერესებს და ვებრძოდით რუსეთის იმპერიალისტურ ბოროტ განზრახვებს და არა მათ მიერ ჩამოსახლებულ სომხებს. შემდეგ როცა ამან ფართო ხასიათი მიიღო და სომხებმა ვარანცოვ-დაშკოვის მფარველობით გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვეს თვით ჩვენს დედა-ქალაქ თბილისში, ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებში, რაც უდაოდ ჩვენთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან სომხეთის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეებს ამ პროვინციებზე პრეტენზია დაებადათ და მისაკუთრებას ლამობდენ, ამ ეროვნულ საფრთხი წინაშე დადუმება ნიშნავდა ქართველი ერის ღალატს და თუ ქართველი კომუნისტები ამ დავას გულისხმობენ ჩვენს  „ღალატათ“ ამას ჩვენ ვღებულობთ.

სხვა დავა და უთანხმოება სომხებთან ჩვენ არ გვქონია და არც მომავალში გვექნება. 1919 წ. სომეხ-ქართველთა ომის საბაბიც ეს პროვინციები იყო და აქაც ჩვენ დავიცავით საქართველოს მიწა-წყალი და არ შევსევივართ სომხებს მათი ტერიტორიის დასაპყრობათ. ყველასათვის ცნობილია, რომ ამ ომის წამქეზებელნი და ინსპირატორები იყვნენ ძველი რუსეთის ნაშთები ამიერ-კავკასიაში; არა ნაკლებ როლს თამაშობდა ბოლშევიკური რუსეთი საომარ ცეცხლის ასანთებათ. მათი სურვილი იყო ამით ესარგებლათ და კავკასიურ ერების დამოუკიდებლობისთვის ბოლო მოეღოთ. 1919 წელს ეს მათ ვერ შესძლეს, მაგრამ ადვილათ მოახერხეს შემდეგ წლებში და ერთი მეორეზე დაამხვეს კავკასიური ერების თავისუფლება.

სულ სხვა ხასიათი ქონდა სომეხ თათართა უთანხმოებას და ხოცვა-ჟლეტას, რასაც იგივე რუსეთის ფარული აგენტები აწყობდა, ხოლო არა სტალინი გამოდიოდა შუამავლად და შემარიგებლად, როგორც ამას გ. ჟვანია სწერს, არამედ ქართველი მოღვაწენი და ქართველი მენშევიკები. ეს ხომ ისტორიული ფაქტია, რომ ისიდორე რამიშვილმა და სხვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პარტის დავალებით, შეაჩერეს თათარ-სომეხთა ჟლეტა და კიდეც შესძლეს მათი დაზავება და მშვიდობიანობის ჩამოგდება. რა შუაშია აქ სტალინი და ერთი მისი საგაზეთო წერილი?

ბოლშევიკებს სიმართლე და ისტორიული ფაქტები არაფრად აინტერესებთ და ვერ მოვთხოვთ მიუდგომლობას; იქ ყველლაფერი ნავარაუდებია პროპაგანდული მოსაზრებით და არა ჭეშმარიტების დასაცავად. თუ ეს დაჩლუნგებული ხმალი პროპაგანდის კიდევ ერთხელ მოიქნიეს ჩვენსკენ, ალბათ რაღაც თავიანთი შინაგანი გასაჭირი და დაბრკოლება აქვთ და ეს სხვას ვინმეს უნდა გადააბრალონ.

გულმოდგინეთ ცდილობენ დამალონ, მაგრამ ყოველთვის ამის მიჩქმალვა არც ისე ადვილია. არ შეიძლება მტრული განწყობილება არ იყვეს საერთოდ საბჭოთა კავშირში ერთა შორის და კერძოთ საქართველოში, რადგან ის გამომდინარეობს თვით რეჟიმის, მისი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიური სისტემისაგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი და არაპირდაპირი ცნობები საქართველოს შესახებ, რომ იქ ძალზე გამწვავებული დამოკიდებულებაა ქართველებსა და ჩამოსახლებულ უცხოელთა შორის. ჯერ კიდევ ამას წინეთ დაბრუნებული გერმანელი ტყვე, რომელმაც იმუშავა თბილისში, რუსთავში, ჭიათურაში და ქუთაისში, თავის მოგონებაში აღნიშნავდა: ქართველ მუშებს კონკურენციას უწევს უცხოელები, უმთავრესად რუსები და სომხები, არის ისეთი შემთხვევები, რომ მათ შორის შეტაკებაც კი ხდება, რუსები შიშით ღამე ქალაქში ვერ გამოდიანო.

თბილისში და ყველგან საქართველოში რუსები, სომხები, აისორები, ოსები და აზერბაიჯანელები უფრო მეტად სჩანან, ვიდრე ქართველები. ასეთია ტურისტების და ახლახან დაბრუნებულ ჟურნალისტების შთაბეჭდილებანი: თბილისში პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მათ მიიღეს იყო გარეგანი ჩაცმულობა მაცხოვრებლებისა აღმოსავლური სტილისა, რაც მათ მიამგვანეს ბაბილონის გოდოლს (Tour de Babel), სადაც ქართველებში აღრეულია სომხები, თათრები, თურქები, ჩერქეზები, ქურთები და რუსები („Monde“ 30 სექტ. 1955 წ.).

ჩვენ შეგვეძლო მოგვეყვანა ამის დამამტკიცებელი ბევრი ფაქტი თვით საქართველოს ცხოვრებიდან, სადაც ხშირად იმართება მოხსენებები, ქართველ-უცხოელების საგანგებო „მეგობრული“ შეხვედრები, მათ შორის მტრული დამოკიდებულების შესანელებლად, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის და სიტყვიერ მეგობრულ გრძნობების გამოთქმის შემდეგაც მდგომარეობა იგივე რჩება.

გამარუსებელ პოლიტიკაში მეფის რუსეთს, არც მოსკოვის ბოლშევიკური რუსეთი ჩამორჩება. პირიქით ძველ ვოსტორგოვის ნაცოდვილარს დღეს ჩრდილს აყენებენ უფრო მოხერხებულად და თვალთმაქცურად ახალი ვოსტორგოვები. სახელმწიფო დაწესებულებანი, უმაღლესი და საშუალო სასწავლებლები და სხვა სამეცნიერო ინსტიტუტები სავსეა მეტად საეჭვო რასის პროფესორებით. ყველგან რუსული ენაა გამეფებული. ქუთაისში იმდენად დიდია რუსების რაოდენობა, რომ მათთვის ყოველდღიურ გაზეთსაც კი სცემენ რუსულ ენაზე, რასაც ძველი რუსეთის დროსაც კი არ ქონია ადგილი. წარმოიდგინეთ რუსი დეპუტატებიცკი ბევრია არჩეული საქართველოს უმაღლეს საბჭოში. ეს სულ უბრალოდ, რუსეთის ერთგულების დასამტკიცებლად და გულის მოსაგებათ.

ასეთ გარემოებაში ბუნებრივია ქართველ ხალხში თავი ეჩინა უკმაყოფილებას უცხოელების მიმართ. ქართველი კომუნისტები ცდილობენ ეს უკმაყოფილება შეანელონ ინტერნაციონალური სოლიდარობის ქადაგებით, ლენინის და სტალინის ციტატებით ჩაუნერგონ ქართველ რს დიდი რუსეთის სიყვარული და პატივისცემა.

გ. ჟვანია ასე ამთავრებს თავის წერილს: „ისე როგორც ლენინმა ჩაუნერგა რუსის ხალხს ამიერ-კავკასიის თავისუფლების მოყვარე ხალხისადმი მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობა, სტალინმა და მისმა თანამებრძოლებმა აღზარდეს ამიერ-კავკასიის მშრომელები დიდი რუსი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულის სულისკვეთებით“. ამას სრულიად ხელი არ შეუშლია არც ლენინისა და არც სტალინისათვის დაეპყროთ ხელმეორეთ ცეცხლით და მახვილით ეს თავისუფლების მოყვარე კავკასიური ერები და იქ საბჭოთა დიქტატურა დაემყარებიათ, მიუხედავათ ხალხთა ნება-სურვილისა.

„საქართველოს პარტიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ლენინური იდეების სულისკვეთებით მასების აღზრდის დიდი და სახელოვანი ტრადიცია, თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად თვლიდა და თვლის დღესაც საქართველოს მშრომელების აღზრდას პროლეტარული ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებით, დიდი რუსი ხალხისა და საბჭოთა ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის სულისკვეთებით“. ასე ასკვნის ხსენებული წერილის ავტორი, თვითონ მეტათ კმაყოფილი ქართველი ერის ხარჯზე და დიდი რუსეთის იდეიით შეპყრობილი, არავითარ სამაგიეროს არ მოითხოვს რუსეთისაგან, რომ ელემენტარული უფლებები მაინც იქნეს დაცული იმ ერის, რომელსაც ის ეკუთვნის.

ჩვენის ღრმა რწმენით იმისათვის, რომ დამყარდეს ერთა შორის მეგობრობა და მტკიცე კულტურულ-ეკონომიური ურთიერთობა, სრულებით საჭირო არ არის იძულებით და შიშით სიყვარულის შექმნა და ძალით თავზე მოხვეული თანამშრომლობა. არც ის არის საკმარისი, რომ ბოლშევიკურ რუსეთმა, ისე როგორც მეფის რუსეთმა აწარმოოს გამარუსებელი პოლიტიკა, პატარა ერები გადააქციოს კოლონიათ და სცარცვოს შეუბრალებლად მათი სიმდიდრე, სიტყვით კი იქადაგოს ერთა თავისუფლება და თანასწორობა, სინამდვილეში კი ყოველდღიურად ანგრიოს მათი ეროვნული ცხოვრება.

როცა საქართველოს დაპყრობის პირველ ხანებში, დამშეულ რუსეთიდან მოაწყდა უამრავი რუსი და სხვა ეროვნებათა კომუნისტები, რამაც ქართველ კომუნისტებს მეტად გაუძნელა თანამდებობის შენარჩუნება, რაც ერთ-ერთი მიზეზიც იყო უკლონისტური მოძრაობის, ერთ ძველ კომუნისტს – ნესტორ ცერცვაძეს კომუნისტურ პარტიის ყრილობაზე მწარე სიტყვები ათქმევინა: „მარქსი ამბობდა: პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით, მაგრამ მას ის არ უთქვამს ყველამ თავი თბილისში მოიყარეთო“. ნ. ცერცვაძის ამ ნათქვამმა, მაშინ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს საქართველოში, ამის თქმას ახლა ვერავინ გაბედავს. ამისათვის ერივნული თავმოყვარეობა და გამბედაობა არის საჭირო. თანამედროვე კომუნისტებს ასეთ გმირობას ჩვენ ვერ მოვთხოვთ.

გ. ჟვანია ამაოდ შვრება „დაამტკიცოს“ უსაბუთოდ, ვითომც ერთა შორის შური-მტრობა ბურჟუაზიულ ნაციონალურ პარტიების ბრალი იყვეს. არც ქართველი უკლონისტები და არც ნ. ცერცვაძე, არ იყვნენ არც ეროვნულ-დემოკრატები და არც მენშევიკები, ისინი ისეთივე კომუნისტ-ინტერნაციონალისტები იყვნენ, როგორც თვითონ არის, რუსეთის ერთგულებაში არც ისინი ჩამორჩებოდენ მას, ხოლო როცა დიდი ერი, თუნდაც კომუნისტური ყლაპავს სულიერად და ხორციელად პატარა ერს, მასში იღვიძებს ეროვნული ცნობიერება და იწყებს ბრძოლას ეროვნული თვითარსებობისათვის. ქართველი ერის ეს გაღვიძებული ეროვნული ცნობიერება ნაციონალურ ბოლშევიკურ რუსეთს მოსვენებას არ აძლევს. მხოლოდ სამწუხარო ის არის, რომ ქართველი კომუნისტები მათ სამსახურში იმყოფებიან და შეუგნებლად მათი მსხვერპლი ხდებიან.

დასასრულ, თქვენ ხომ მარქსისტები ბრძანდებით, მისი „მეცნიერული“ მეთოდით შეიარაღებული და ერთა სოლიდარობის, თუ ანტაგონიზმის მიზეზები უნდა ეძიოთ, არა სხვაგან, თქვენს გარეშე, არამედ თვით რეჟიმის სოციალურ ეკონომიურ სტრუქტურაში და თუ გნებავთ კიდევ მისს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციაში. სხვაგვარად თქვენი ვითომდაც ინტერნაციონალური ერთა სოლიდარობის ლენინური პრინციპები, მპყრობელ რუსულ ნაციონალიზმის სამსახურში, უფრო ამ იდეიის პროფანაცია არის, ვიდრე მისი რეალურად გამოყენება.

ერის ეროვნული თავისუფლება, კორდინაციაა და არა სუბორდინაცია. ერთა თანასწორობა და არა დიდი რუსეთის ბატონობა წარმოშობს ერთა სოლიდარობას. და თუ თქვენ ერთა თანასწორობის გულწრფელი მომხრე ხართ, თქვენი ფარ-ხმალიც სწორეთ იმისაკენ უნდა იყვეს მიმართული, ვინც ჩვენ ეროვნულად ჩაგრავს და მის ქონებას ანიავებს, და არა ჩვენს მიმართ.

ს. ჭირაქაძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress