წინასაარჩევნო სატყუარები საზოგადოებისთვის

ჯემალი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელმა  პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს თავის მართლება ამომრჩეველთა წინაშე და სხვისკენ თითის გაშვერა ქვეყანაში დაკანონებული უსამართლობის  გამო. წინასაარჩევნოდ ხომ თავი უნდა წარუდგინონ ამომრჩევლებს, როგორც „პოზიტიურმა წარმონაქმნებმა“.

ორიოდე დღის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა, ქართულ საზოგადოებას განუცხადა: რესპუბლიკელები არასოდეს ვყოფილვართ კოჰაბიტაციის მომხრე და „ოცნება“ რატომღაც ჩვენ გვაბრალებსო.

ამის მთქმელს, ეტყობა, უნდა საზოგადოებას დაავიწყოს თინა ხიდაშელის ნათქვამი, კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის შეკვეთა იყოო. ასევე, დავით უსუფაშვილის სიტყვები – “ნაც-მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანაა” და “სამართლიანობა ძვირი ჯდება და ჩვენ იძულებულნი ვართ არჩევანი სახელმწიფოსა და სამართლიანობას შორის, სახელმწიფოს სასარგებლოდ გავაკეთოთო”. ბერძენიშვილების გამონათქვამთა ციტირებებზე დროის დახარჯვაც არ ღირს.

“თავისუფალ დემოკრატებს” მხოლოდ კაბელების საქმისა და ფარული კადრების გავრცელების შემდეგ გაახსენდათ, რომ სამართალის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს.

ასევე აუცილებლად გასახსენებელია „ეროვნულ ფორუმელთა“ თავგამოდებული მატროსოვისებური ამბრაზურაზე თვითგადაფარებები ნაციონალთა დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის შეკვეთა სწორედაც რომ დანაშაულებრივი რეჟიმისა და დამნაშავეთა გასამართლება იყო.

ყოველივე ამის შემდეგ, ზემოთხსენებულ და სხვა არხსენებულ პოლიტიკურ ძალებს დეკლარირებული პროდასავლურობის მიუხედავად, უნდა შევახსენოთ, რომ დასავლური ღირებულებები  ემთხვევა ქართველი ხალხის შეკვეთას – ესაა სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა. საქართველო დღეს, მასში ამ ძალთა აქტივობის გამო, ძალიან სახიფათო ზღვარზე იმყოფება შემდგარი და ვერშემდგარი სახელმწიფოს მდგომარეობას შორის, რაც ბუნებრივად ქმნის საერთაშორისო თუ ადგილობრივი საზოგადოების თვალში საქართველოს სრული   უუნარობის (უძლურების) შთაბეჭდილებას,

არსებულ წინასაარჩევნო რეალობაში, ცალკე აღნიშვნის ღირსია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართულ;ი ოცნების“ საეჭვოდ თანხვედრილი სვლები: როცა ერთის მხრივ ნაციონალები მკვეთრად გამოხატულ პროვოკატორებად გვევლინებიან, ხოლო მეორე მხრივ, ქართული ოცნება ნეტარების განცდით  ყლაპავს მისთვის გადაგდებულ სატყუარას. მაგრამ ამ, თითქოსდა, მაზოხისტური გადახრის უკან ადვილი გასარჩევია ტრადიციული ქართული პოლიტიკური ინტრიგა, რომლის არსი მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო გარიგებაა ადმინისტრაციული რესურსის გადასანაწილებლად. პარალელურად ხორციელდება ორივე ძალისთვის უკიდურესად საჭირო „შუა გაკრეფის“ პროცესი. ორივეს სურს პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ნაცისა და ქოცის ასპარეზობა შესთავაზოს ამომრჩეველს.

გარანტირებული კვალიფიციური უმრავლესობა (2/3-ზე მეტი) პარლამენტში მათ ჰყავთ ამ ორი ძალის წევრთა ჯამის სახით. ამ ჯამური უმრავლესობის შენარჩუნება ორივე პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რაც, თავისთავად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განვითარების გზას უკეტავს და არასამართლებრივ გარემოში  ჩარჩენას უქადის.

წინასაარჩევნო რიტორიკა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართულად მიჰყავთ საზოგადოებრივი აზრი იქითკენ,  ვითომ, მხოლოდ ამ ორ უვარგის ძალას შორის არის გასაკეთებელი არჩევანი.

ნუ მივიღებთ მათ დაგეგმილ თამაშში მონაწილეობას!

საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ერთგული, მომზადებული და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანების მოყვანა, საქართველოს ეროვნულ ძალთა და მთლიანად ქართული საზოგადოების მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

ადამიანები, რომლებიც ასეთად მოიაზრებენ თავს, ვალდებულნი არიან საკუთარი შესაძლებლობების  სრული მობილიზაცია მოახდინონ და დაამტკიცონ, რომ აქამდე დიდი ძალისხმევით მოტანილი დამოუკიდებლობისა და პროგრესისკენ სვლის სურვილი უაზრო და უტოპიური ქიმერა არ არის.

ჯემალ გუნდიშვილი. სახალხო პარტიის ადამიანთა უფლებათა კომისიის თავმჯდომარე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress