ჩვენსა მამულს, სისხლით ნამულს,
ვინც შავი დღე მოაჩვენა
თეთრი რუსი და წითელიც
ორივ ღმერთმა შეაჩვენა.
გაზეთ „სამშობლოს“ 1970 წლის აპრილის ნომერში მოთავსებულია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის გიგლა ჯანგველაძის წერილი „დამსხვრეული ილუზიები“. კითხულობ კაცი ამ წერილს და გიკვირს, გენანება, გეცოდება; გულწრფელია მისი ავტორი? კარნახით არის დაწერილი? უვიცობაა? უპასუხისმგებლობაა?
ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოვალეობაა პასუხი გავცეთ.
წერილის ავტორი თითქოს პატრიოტულ სამოსელში გვევლინება და არაპატრიოტულ საქმეს კი აკეთებს. მაშ რა ჰქვია ფრიად პატივცემულ მწერალ ქალზე ღვაწმოსილ ქ-ნ თამარ პაპავაზე თავდასხმას და მისი წიგნის „გაბნეული საფლავები“-ს ასე უდიერად მოხსენიებას?
რას უსაყვედურებს მეცნიერების ეს კანდიდატი ქ-ნ თამარ პაპავას? იმას რომ ქ-ნმა პაპავამ უცხოეთში გაბნეული ქართული საფლავები პატივისცემით მოიხსენია. დიახ, ბატონო გიგლა ჩვენ უცხოეთში გარდაცვლილ ქართველთა საფლავებს პატივს ვცემთ. და საერთოდ მიცვალებულთა გინება ავად ხსენება და საფლავიდან ამოთხრა, საბჭოეთში მიღებული, უღირსობაა. და თქვენ რა უფლება გაქვთ რა დამსახურება და რას წარმოადგენთ, რომ ჩვენთვის სათაყვანებელ საფლავებს უდიერად იხსენიებთ?
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნოე ჟორდანია, ირ. წერეთელი და სხვებიც რუსეთის სოც.-დემოკ. პარტიას ეკუთვნოდენ მაგრამ ამ პარტიის ყოფილ წევრთა შორის ჟორდანია ცნობილია როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი და ქართველთა დიდი უმრავლესობის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და თქვენ გაშფოთებთ, რომ ჩვენ მის საფლავს პატივსა ვცემთ, მაგრამ სრულიად არ გაშფოთებთ, რომ სხვა ყოფილ სოციალ-დემოკრატის, მახარაძის საფლავი დღეს გვირგვინებით არის შემკული. ჟორდანია და მახარაძე ერთ დროს ორივე ერთს პარტიას ეკუთვნოდენ მაგრამ მათი გზები გაიყარა და თქვენ გინდათ თქვათ, რომ მახარაძე ქვეყანას ემსახურა და ჟორდანია ქვეყნის მტერი იყო? ვაი თქვენს კაცობას და თქვენს მეცნიერებას.
ჩვენი დიდი მწერალი გრიგოლ რობაქიძე ფაშისტების მეხოტბე კი არ იყო არამედ საქართველოს დაუღალავი მეხოტბე იყო სიკვდილამდე. იგი სწორედ იმიტომ მოხვდა უცხოეთში, რომ იქ დარჩენილს მას ან მტრის მეხოტბეობა უნდა გაეწია ან დადუმებულიყო, არა და ცხელი ტყვია ელოდა როგორც ტიციან ტაბიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს და პაოლო იაშვილს. პოეტი და მწერალი ხარაზი ან მეჩექმე ხომ არ არის რომელსაც შეკვეთით და ფეხის ზომაზე ფეხსაცმელს უკვეთავენ. ზეცით მოვლენილი მუზა ბუნების მოვლენილი არის და ამიტომ ვერც ფაშისტური, ვერც პროლეტარული დიქტატურა მას გეზს ვერ შეაცვლევინებს.
ასევე შემაძრწუნებელია თქვენი კადნიერი და თავხედური ცრუ ბრალდება ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მიმართ. „ნიკოლოზის პოლკოვნიკი“-ო. ნუთუ ამით ფასდება ადამიანი? განა შეუძლებელია მტრის სამხედრო ფორმა გეცვათ, გული კი სამშობლოსათვის გიძგერდეთ? ან ქართულად მოკაზმული იყო, გული კი მოღალატისა გქონდეს? რაღას უცდით ამოყარეთ საფლავიდან ალ. ჭავჭავაძე, გრიგ. ორბელიანი, დავით კლდიაშვილი; დასწამეთ გარუსება. განა მათ არ უტარებიათ ნიკოლოზის ჩინები და მენდლები?
„თავადი კნიაზი“ როგორც თქვენ ბრძანებთ, პირდაპირი შთამომავალი იყო კახეთის გმირის საქართველოსთვის თავდადებულის ბიძინა ჩოლოყაშვილის, მისდევდა შეურყევლად მის კვალს, უყვარდა თავისი ერი. თავის წოდებას და თავის ჩინებს ფიანდაზად უშლიდა მას ფერხთქვეშ, უყვარდა და პატივს სცემდა გლეხობას, მის დღეში მას არ უამაყნია თავის თავადობა-კნიაზობით, თავის საყვარელ ძმა სიკოთი, გლეხებში იყო გაზრდილი. ძალას კეთილს მშობილურს, ქართველურს სიბრძნეს, სიმამაცეს იგი მხოლოდ და მხოლოდ ამ პატიოსანს გლეხობაში ჰპოვებდა, და განსაკუთრებით კი თავის სოფელ მატანში, მათთან ილხენდა, მათთან იბრძოდა და მათთან სიკვდილს ნატრობდა; უყვარდა ქაქუცას ფშავ ხევსურნი, თავისუფალი მთის არწივნი. არ ერიდებოდა და არც გაურბოდა მათ, ღარიბ ქოხებს იზიარებდა მათთან ერთად; მათ მიერ ნაცარში გამომცხვარს ქერის ხმიადს და ერბო კალტს (ერბო და ხაჭო არეულ). ქონება მას დიდი არას დროს არ ჰქონია, და თუ გააჩნდა მცირე სახნავ-სათესი მიწა, იგიც მან სოფელს მიუძღვნა. ქორწილებში, თუ დღეობებში, ყველგან სიხარულით იყო მიწვეული: უმრავლესობასთან ნათელ მირონობა ჰქონდა დამკვიდრებული. იგი არ ივიწყებდა არც ცოცხალს და არც მიცვალებულს. მისი სოფელში ჩამოსვლა მუდამ, დიდს სიხარულს იწვევდა. დღეობებში, ჭიდილში თუ ჯირითში სოფლის ფალავნად ითვლებოდა. დიახ, გლეხობა ამაყობდა ქაქუცათი. ხშირად მის არ ყოფნის დროსაც, კარგს მოჭიდავეზე იტყოდნენ გლეხები „აბა, აბა შეჰხედე, ქაქუცასავით არ წამოიღო მოგვერდზე“-ო, ან მოჯირითეზე – „გახე, გახე, ქაქუცასავით არ მოახტა ცხენსა“ო. სოფელში დაბრუნებული ქაქუცა, მყისვე, იხდიდა სამხედრო ტანისამოსს, იცვამდა გლეხურს ჩოხას, ერეოდა მათში, სიმინდის თოხნაში და ყანის მკაში მესვეურობდა მათ; და ეს ყანის მკის სოფლის მეთაური, მტერთან ბრძოლაში მათ მეთაურად იქცა. უყვარდა გლეხობას ქაქუცა, უყვარდა და ამაყობდა მით.
გარემოებამ მაიძულა მისი დახასიათება, თორემ ამ სათნო ადამიანს ჩვენი დაცვა არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ ეხლაც მთელს საქართველოში და განსაკუთრებით თავის საყვარელს კახეთში, მის სახელს კიდევ იხსენიებენ, როგორც გმირისას, მგრძნობიარედ, და მის სადღეგრძელოს უჩუმრად სვამენ ახალგაზრდა ქართველები. თქვეი თქმით, მისმა მოთარეშე რაზმმა, დიდი ზიანი მიაყენა ერს. დამისახელეთ ბატონო, რომელ ქართველ მამულიშვილს გამოსჭრა ქაქუცამ ყელი? რაც შეეხება სისხლის ღვრას, უდანაშაულო და პატიოსანი ხალხის თავის შეწირვას, ნუთუ მეხსიერება გაკლიათ? ან შესაძლებელი არის, არც იცით, თუმცა ეს ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატისთვის დაუჯერებელი არის. დღიდან საქართველოს დაპყრობისა რუს გამხეცებულ ბრბოთა მიერ, უდანაშაულო ქართველთა სისხლის ღვრა არ მოსპობილა. ნუთუ თქვენ გჯერათ, რომ ეს სისხლის ღვრა მოხდა ქაქუცას მიერ?! მთელს საქართველოში იხვრიტებოდა ქართველობა, ირწყვებოდა არემარე ხელებშეკრულ დახვრეტილთა სისხლით. საქართველოს ისტორიაში, მგონი არ უღვრია ამდენი საქართველოს სისხლი, არცერთ ურჯულოთა ურდოების, შემოსეულს მტერს. აყრა და გადასახლება, ქართველთ ოჯახთა დაწიოკება, და სამღვდელოების, და განსაკუთრებით კი, პატიოსან გლეხობის, და შრომის მოყვარული მუშის. აღელვებულს, რუსთა მიერ შეწუხებულს გმირს ქართველს ერს, სათავეში ჩაუდგა ყველასაგან საყვარელი გმირი ქაქუცა, და თავის მოთარეშე (თქვენის თქმით) თავდადებული ერთი მუჭა ქართველობით შეებრძოლა შემოსეულს, გამხეცებულს, ადამიანთა წითელ სისხლით შეღებილს და თვით წითლად მონათლულს რუსეთის უშველებელ ვეშაპს. ერს ანაცვალა, თავისი საყვარელი ოჯახი, თავის პირადი სიკეთე და ცხოვრება, გაიჭრა ტყეში და იწყო უთანასწორო ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ.
სამი წლის განმავლობაში, უოჯახოდ, უსახლკაროდ, ხშირად მშიერ-ტიტველნი, მაგრამ მამულისშვილურად აღტაცებით, წმინდა და უანგარო სულისკვეთებით, სამშობლოსადმი თავის დადებით, თავ-ზარიც დასცა მტერს მისმა მოქმედებამ. მან კვლავ ჩაუნერგა იმედი განწირულს ერს.
თანამედროვე ხელისუფლება, სცდილობდა, ყოველ მხრივ მის მოსპობას, მზაკვრული პროპაგანდით მის გასვრა-დაცემას; მონათლული იქნა, დამცემ-მცარცველად, ბანდიტად და ხალხტა სისხლის მსმელად. ამაო იყო ყველაფერი ეს! ერს უყვარდა გმირი ქაქუცა. ცილის-წამებამ მისი პრესტიჟი ვერ დასცა. არც გამოინახა ხალხში იუდა გამცემელი, და მოღალატე, მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაპირებულ ჯილდოსი. იგი ებრძოდა მტერს პირდაპირ ახდილად, იარაღით ხელში ვით თვისი წინაპარი ბიძინა ჩოლოყაშვილი.
არც ქაქუცას და არც ჩვენ, მის პატივის და თაყვანის მცემლებსაც, რუსი არასდროს გვყვარებია, არც თეთრი და არც წითელი. რუს იმპერატორთა დინასტია ლექავდა და ანიავებდა ქართველ ერს, და უღკვეთავდა ყოველგვარ თავისუფლებას, და წითელი რუსეთიც მის გზას და პოლიტიკას დაადგა, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, ცარიზმის რუსეთი აპატიმრებდა, ასამართლებდა და თოკით ახრჩობდა ან და ასახლებდა ცივს ციმბირში, ათეულობით, საქართველოს ერის საყვარელ შვილებს და წითელი რუსეთი კი გაუსამართლებლად ასახლებდა და ხვრეტდა ათასობით უდანაშაულო მამულიშვილთ. და, თქვენ დღეს ქაქუცას უსაყვედურებთ ნიკოლოზის პოლკოვნიკობას?! ბატონებო! თქვენს მხედრობას, თქვენს პოლიტრუკებს, თქვენს კომისრებს, ვისი ეპოლეტები აკერიათ? ვისი ფორმა აცვიათ? ლენინის ორდენები რომ უმშვენებთ გულმკერდს, ვისთვის იბრძვიან? კვლავ ვეშაპივით ხახა-დაღებულ რუსეთისთვის, და ნუთუ თქვენ სხვას აყვედრით ნიკოლოზის რუსეთისთვის სამსახურს? არა ბატონო, დაიჯერეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, თავისი სამშობლო, ჩინ-მენდლებზე არ გაუცვლია. თავის კეთილი და მყუდროდ ცხოვრებას, ტყეში გაჭრა, წვიმა და ნიაღვარი, სიცივე, შიმშილი და წყურვილობა ამჯობინა, რომ დაეცვა საქართველო მტერთაგან და უთანასწორო ბრძოლის შემდეგ იძულებული გახდა შეჰპაროდა უცხოეთის მიწას. და იქაც თავისი ფაქიზი გრძნობით, პირში მთქმელობით, იშვიათი სიპატიოსნით, კეთილი რჩევა-დარიგებით იყო განთქმული. ცრუთა და გამყიდველთა მტერი ყველასგან სიყვარულით და პატივისცემით ცნობილი იყო ჩვენი საყვარელი ქაქუცა.
მიესვენა იგი უცხო მიწას და თან წამოღებული საქართველოს ერთი მუჭა მიწა მიაყარეს უცხო მიწასთან ერთად, სპეტაკს და უშიშარს საქართველოს გმირის გულს.
ბატონო გიგლა თქვენ ალბად ჯერ ახალგაზრდა ბრძანდებით და მიუხედავად თქვენი მეცნიერული ხარისხისა გამოცდილება გაკლიათ. ჩვენ აქ მყოფი ქართველები მთელ ჩვენს იმედს ქართველ ახალგაზრდობაზე ვამყარებთ და მათი წარმატებით ვხარობთ. ნუღარ ჩაიდენთ საძრახ საქციელს და ნუ შეგვიგინებთ ჩვენს წმინდა საფლავებს. და ამ წერილის დასამთავრებლად ამას გეტყვით:
ჩვენსა მამულს, სისხლით ნამულს,
ვინც შავი დღე მოაჩვენა
თეთრი რუსი და წითელიც
ორივ ღმერთმა შეაჩვენა. ელიზბარ მაყაშვილი