50 წლისთავი შ. კალანდაძე – ივერია #14 1971 პარიზი

ლოგო

…მავანსა და მავანს, უკეთუ იმდენი ვაჟკაცობა არ აღმოაჩნდება, რომ გულწრფელად იყოს! – ნამუსი მაინც აღმოჩენოდეს იმდენი, რომ არ იცრუოს!

მუხრან  მაჭავარიანი.

„ლიტ. საქ. „მხოლოდ ამნაირად“ 1.1.71.

სახელმწიფოთა ურთიერთობაში კეთილსინდისიერება და სათნოება იშვიათი ხილია, მაგრამ მსოფლიო ისტორიაში დიოგენის სანათურით საძიებელია მეორე მაგალითი, რომ დახმარებისა და კაცთმოყვარეობის სამოსელში იმდენი მზაკვრობა, ღალატი და ვერაგობა მოთავსებულიყოს, რამდენიც რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებაში 250 წლის მანძილზე დაგროვდა.

1801 წელს ფიცისა და ნამუსის გატეხით, საქართველოში შემოჭრილ მეფის რუსეთს ქართველები აჯანყებებით შეხვდნენ. ხოლო 120 წლის შემდეგ წითელი რუსეთის შემოსევას ქართველმა ერმა ომითა და ოთხი აჯანყებით უპასუხა. პირველ შემოსევას წინ უსწრებდა ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება. რუსეთი საქართველოს დაცვისა და მფარველობის პირობასა და აღთქმას იძლეოდა. კომუნისტური რუსეთის შემოსევასაც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიის ხელშეუხებლობის პირობა. მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში ეს პირობა ორივე რუსეთმა დაარღვია. აქ ნათლად გამოჩნდა რუსული პოლიტიკის ბუნება, მაგრამ ასევე ნათლად – ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი ლტოლვა დამოუკიდებელ ცხოვრებისაკენ. ასე რომ აქ რაიმე ბუნდოვანი, გაუგებარი და გამოურკვეველი არაფერია დარჩენილი – ყველაფერი გარკვეულია და ცხადი, მაგრამ ცხადზე-უცხადესია ის, რომ საქართველოს არ სურს ვინმეს ყმობა, რომ უცხო უღლის გადასაგდებათ მუდამ იბრძოდა, იბრძვის და მუდამ იბრძოლებს.

უკვე ნახევარი საუკუნეა – რაც საქართველო კომუნისტურმა რუსეთმა დაიპყრო. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს საჭეთმპყრობელნი ამ დაპყრობას რევოლუციას უწოდებენ. განსაკუთრებით მტვერ-ბუქი და ფუქსავატი ჭექა-ქუხილია ატეხილი საქართველოს დაპყრობის 50 წლისთავის შესრულებასთან დაკავშირებით. ქარხვეტია ჟურნალისტია ის, თუ ოფიციალური ისტორიკოსი – ყველა იმის მტკიცებაშია, რომ 1921 წლის თებერვალში ქართველი ხალხი აუჯანყდა მის მიერ არჩეულ მთავრობას და რუსეთი მოიწვია დამხმარე ძალათო. განა საჭიროა იმის თქმა რამდენი სიბინძურეა ამ გაცუღლუტებულ მტკიცებაში და რა ზედმიწევნილობით გვიხატავს ამ უცნაურ ჯიშის ხალხს, მათ ზნეობრივ ავლა-დიდებას, კადნიერებას, თავგასულობას და უპატიებელ საქციელს?

მართალ საქმეს ყვირილი და დაფა ზურნა არ ესაჭიროება – ის თავისთავად ღაღადებს. დიახ, საქართველოში აქა-იქ ადგილი ჰქონდა „აჯანყებებს“, რომელსაც რუსეთიდან შემოზიდული ფულით ახდენდნენ. ამ ფულის წყალობით თითო-ოროლა გარეწარსაც ჰპოულობდნენ. მერე რა? აყვა ხალხი ამ გარეწრებს? რასაკვირველია, არა. და როცა აქედან არაფერი გამოვიდა მოსკოვმა საქართველოს დაპყრობა გადაწყვიტა. ამისათვის კი საჭირო იყო საპატიო საბაბი და ასეთ საქმეებში მოსკოვის დახელოვნებულმა ოსტატებმა ის ადვილად გამონახეს: საქართველოს მთავრობა, თითქოს, სისტემატიურად არღვევდა 1920 წლის მაისში დადებულ ხელშეკრულებას და ეხმარებოდა თეთრგვარდიელების გენერლებსა და ანტანტას, ე.ი. ინგლისელ ოკუპანტებს ბათუმში. ინგლისელებმა მართლაც მოახდინეს ბათუმის ოლქის ოკუპაცია, მაგრამ ამისათვის მას ჩვენ ვებრძოდით? საბჭოთა რუსეთმა ხელშეკრულება მაშინ დაგვიდო, როცა ჩვენში ანტანტა იყო – შემოგვესია კი, როცა მან ბათუმი დატოვა. არც თეთრგვადიელ გენერლების დახმარების საბუთი საბუთობს, რადგანაც ამ გენერლების ჭაჭანებაც არ იყო რუსეთის ტერიტორიაზე, როცა ჩვენ რუსეთი შემოგვესია. მოკლედ, საქართველო დაიპყრეს. ეს დაპყრობა რუსეთის გეგმაში შედიოდა, მაგრამ მისი განხორციელება თურქეთთან შეთანხმებას მოითხოვდა. ამ გეგმის ეჭვმიუტანლობაზე შემდეგი ფაქტი მეტყველებს: 1920 წლის ნოემბერს მოსკოვში პარტიულ კომიტეტების პასუხისმგებელ მდივნების თათბირზე ლევ ტროცკიმ თავის მოხსენებაში აღნიშნა: აზერბაიჯანისა და სომხეთის გასაბჭოების შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა, ალბათ, სულ მოკლე დროში ბაქოს ბათუმს დაუკავშირებთო. საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია ამ დროს სომხეთსა და აზერბაიჯანში იდგა. მოსკოვმა მის სარდალს გენერალ ჰეკერს ვრცელი დასაბუთებული მოხსენება მოთხოვა – თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოს დაპყრობა. ჰეკერმა მოახსენა მოსკოვს, რომ ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას თურქეთის დაყოლიება ესაჭიროებოდა. მოსკოვმა ამ უკანასკნელთან ადვილად მოაგვარა ეს საქმე და 11 თებერვალს 1921 წელს მეთერთმეტე არმიამ  საქართველოს საზღვრები გადალახა.

ამ ერთი წლის წინეთ რუსულ ენაზე გამოვიდა ვრცელი ნაშრომი – „ლენინი და ამიერ-კავკასიის ფედერაციის ჩამოყალიბება 1921-1923 წ.წ.“. გამოცემა „ჰაიასტანი“ ერევანი 1969 წ. შეკვეთა 1089 – ტირაჟი 7.000. ცხადია, ნაშრომის მცირე ტირაჟი მოწმობს იმას, რომ ის ფართო საზოგადოებრიობისათვის არ არის გათვალისწინებული. ხსენებულ ნაშრომის 57 გვერდზე ავტორი ს.ვ. ხარმადარიანი წერს:

„საქართველოს მშრომელების მოთმინების ფიალა აივსო და საბჭოთა ხელისუფლებისათვის ძლევამოსილი აჯანყებები ჯერ აღმოსავლეთ და შემდეგ დასავლეთ საქართველოს მოედვენ. საქართველოს მუშებმა და გლეხებმა 1921 წლის 16 თებერვალს ხელში აიღეს ძალა-უფლება.

ამ სულელური როშვისათვის ავტორი არ არის საყვედურის ღირსი, რადგანაც ის სხვა ადგილას გარკვევით ლაპარაკობს, თუ როგორ მზადდებოდა საქართველოზე თავდასხმა. ავტორი (56 გვ.) გვამცნობს:

„1921 წლის 26 იანვარს საქართველოს საკითხი განხილული იყო რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე. ლენინის რეზოლუციაში, რომელიც პლენუმმა მიიღო ნათქვამია: საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატს დაევალოს საქართველოსთან ურთიერთობის შეწყვეტის ჯერჯერობით შეჩერება და მიეცეს დირექტივა კავკასიის ფრონტის სარდლობას საქართველოსთან ომის დაწყების მზადებისათვის. 14 თებერვალს პოლიტბიუროსა და ცენტრალური კომიტეტის ორ ბიუროს გაერთიანებულ სხდომაზე დადასტურებული იყო ლენინის მიერ შედგენილი ტელეგრამის ტექსტი მეთერთმეტე არმიის სარდლობისადმი („წინააღმდეგი“ რადეკი, „თავი შეიკავა“ კრესტინსკიმ). ტელეგრამაში ნაბრძანები იყო საქართველოში შეჭრა და აჯანყებულ საქართველოსთვის დახმარება“.

„აჯანყებულ საქართველოსთვის დახმარება“ – მეთერთმეტე არმიის ჯარისკაცებისათვის იყო ჩაკვეტებული – პროპაგანდის მიზნით, რადგანაც ლენინმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საქართველოში არავითარ აჯანყებას არ ქონია ადგილი. ამას ადასტურებს თვით ლენინი. 1921 წლის 28 თებერვალს მოსკოვის საბჭოს პლენუმზე ლენინი თავის სიტყვაში ამბობდა: „ჩვენ ვიცით, რომ აჯანყება დაიწყო იმ ნეიტრალურ ზონაში, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის ძევს და შიგ სომხის და რუსის მცხოვრებთა ნაწილები მონაწილეობდნენ“-ო.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ეჭვმიუტანელი დოკუმენტი, რომლის ავტორი გახლავთ ცნობილი კომუნისტი ბესო ლომინაძე. ამ დოკუმენტში ზუსტად ასახულია საქართველოს დაპყრობის ამბავი. ქართველი ხალხის გულისწყრომა და აღშფოთება შემოსეულ მტრის მიმართ და მაშინდელ ქართველ კომუნისტების საქმიანობა. ეს რუსულ ენაზე დაწერილი 60 გვერდიანი ბროშურა გახლავთ. მისი სათაურია: „ტოლკო დლია ჩლენოვ კონგრესა“.

დამოუკიდებელი კომიტეტის წევრებმა მეტეხიდან ლენინის შრომები მოითხოვეს ნაციონალურ საკითხზე. სტუდენტების არალეგალურმა ორგანიზაციამ, რომელსაც ამ შრომებისა და სხვა მასალების მოგროვება და მეტეხის ციხეში შეგზავნა დაევალა ეს ბროშურაც მათ თან გააყოლა. ამ ბროშურის შოვნა არ იყო ადვილი, მაგრამ ის ერთ-ერთ ბოლშევიკ-უკლონისტის დახმარებით იგდეს ხელთ. დამოუკიდებელი კომიტეტის წევრებმა ეს დოკუმენტი ავტორის დაუსახელებლად ჩინებულად გამოიყენეს სასამართლო პროცესის დროს.

ბესო ლომინაძე დოკუმენტში ახდილად წერს, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნებს ქართველმა ბოლშევიკებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგანაც არავითარი შანსები არ გააჩნდათ არა თუ გამარჯვებისა, არამედ ერთი დეპუტატის გაყვანის იმედიც არ ჰქონდათო. ჩვენ, წერს ლომინაძე, მასები არ გვითანაგრძნობდნენ, მიუხედავად ამისა, აქა იქ უმიზნო აჯანყებებს მაინც ვაწყობდით, რაც წვრილფეხა ფართი-ფურთობას წააგავდა და არა რევოლუციონრების საქმიანობას, რისთვისაც არც თავი და არც ხალხი არ გაგვაჩნდა. ეს ცხადყო 1921 წელმა, როცა საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულების შედეგათ ბოლშევიკურმა პარტიამ ლეგალობა მოიპოვა ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელითო. რაც შეეხება წითელი არმიის საქართველოში შემოჭრას, ამ დროს ქართველ ბოლშევიკებს თითიც არ გაუნძრევიათ. ვიკვეხნით, ბევრს ვლაპარაკობთ რევოლუციაზე, სინამდვილეში 1921 წელს საქართველო რუსის ჯარმა დაიპყრო და ჩვენი მოწინააღმდეგენი ცამდე მართალნი არიან – როცა ამ ჯარს მომხდურ და დამპყრობ ჯარად აღიარებენ“.

ასეთია სინამდვილე. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ისტორიკოსები წარბ-შეუხრელად წერენ: მენშევიკთა დიქტატურის დამხობა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება გარედან თავს მოხვეულ აქტს კი არ წარმოადგენს – როგორც ამას ემიგრანტი მენშევიკები, ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები და მათი საზღვარგარეთელი პარტნიორები ამტკიცებენ, არამედ თვით საქართველოში შექმნილი ობიექტური ვითარებით ნაკარნახევი კანონზომიერი მოვლენა იყო. ნახევარი საუკუნეა ამ მაღალმყვირალა სიცრუეს არ ეშვებიან და ურცხვად უნერგავენ ქართველ ახალგაზრდობას. ერთი დიდი უპირატესობა აქვთ დიქტატორებს – რაც უნდა წერონ და თქვან – ენის შებრუნებას ვერავინ გაბედავს. ამით გაკადნიერებულნი ისეთ სიცრუესა და სიბრიყვეს ლაპარაკობენ, რომ ადამიანს ძარღვებში სისხლი ეყინება. აქ დარღვეულია მოკრძალეობისა და თავმოდრეკილობის ყველა სავალდებულო მიჯნა. არც ერთ ქვეყანაში გაშიშვლებულ კადნიერებასა და თაღლითობას უაღრესი ცინიზმის ზღურბლამდის მისულს, ასეთი მასშტაბები არასოდეს არსად არ ჰქონია. არც ერთ ქვეყანაში თავისი მშობელი ერის წარსულისათვის ასე უტიფრად და უკადრისად არავის მიუფურთხებია.

1921 წლის, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის აქტი უკვე შესულია ისტორიაში. ადრე თუ გვიან ქართველი ბოლშევიკების მიერ მოტყუებული თაობა ამას გაიგებს და მათ ამ მოღალატეობისათვის საკადრის მსჯავრს დადებს, მიუხედავად იმ „მონანიებისა“ და მსხვერპლისა, რომელიც ბევრ მათგანს ხვდა წილად. აღმოსავლეთში წმინდათა-წმინდათ არის მიჩნეული მამის საფლავი და მით ფიცულობენ. ამაზე არის ანდაზა: -„მამა მოვკალი, რომ მისი საფლავით დაფიცვა შემეძლოსო“. ეს ანდაზა ზეგამოჭრილია ქართველ ბოლშევიკებზე, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ. მათ დაკლეს და დაასამარეს საქართველოს დამოუკიდებლობა და შემდეგ დაიწყეს მონანიება, მაგრამ გვიანღა იყო თითზე კბენანი.

დღეს მტერი ამ დასამარებულ დამოუკიდებელ საქართველოს, ტყვედმყოფ და არათავისუფალ სამშობლოს 50 წლისთავის არსებობას ზეიმობს. საქართველოს ყოვლის მხილველ, ყოვლის გამძლე და ყოვლის ამტან მატეანესთვის ასეთი მწარე დრონი ცნობილია, მაგრამ ქართველი ერი მათ არასოდეს არ შერიგებია. არ შერიგებია იმიტომ, რომ მასში მარად და უხვად ჩქეფდა ეროვნული თავისუფლების, ეროვნული ღირსების, ამაღლებული ეროვნული თავმოყვარეობის აღდგენის წყურვილი.

1918 წელს 26 მაისს მთელი ერი მიენდო ერთობლივად, რადგან ეს იყო მისთვის აღდგენისა და სიცოცხლის მახარობელი. ის უჩვეულო ცხოველმყოფელი ძალით შეიჭრა ქართველი კაცის გულში და უხილავის ძალით მთლიანად დაეპატრონა მის გულისთქმასა და სწრაფვას. ის ჩვენი გზის მანათობელია, სადაც არ უნდა ვიყოთ, მშობლიურ მიწაზე თუ შორს, უცხოეთში. ის თავდები და საწინდარია იმისა, რომ გარეშე და შინაური მტრების მიერ მიყენებულ ჭირ-ვარამსა და სიავეს ქართველი ერი გადახარშავს და მოინელებს – „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან“.

შ. კალანდაძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress