“ივერიონს“ ესაუბრა “სახალხო პარტიის “ლიდერი მამუკა გიორგაძე
-ბატონო მამუკა, რას ნიშნავს ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ქართული პოლიტიკური პარტიების ფორმირებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ?
-უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ქვეყანას თავისი განვითარების მოდელი აქვს, რომელიც მისაღებია მისთვის თავისივე გენეტიკური, პოლიტიკური თუ კულტურული განვითარების მიხედვით. რომელიმე ქვეყნის მოდელის ბრმად გადმოღება, მით უმეტეს, მისი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ელემენტისა, არ გამოდგება!
საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როცა გერმანულ მოდელზე ესაუბრებიან, რადგან, ის მოდელი, მხოლოდ გერმანიასაა მორგებული. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განუსაზღვრეს გერმანიას, როგორც მომავალში ფედერაციულ რესპუბლიკას კიდევ ვიმეორებ: ეს კანონი მიღებულია 60 წლის წინ და მხოლოდ გერმანიისთვისაა მისაღები. ანუ, იმ ქვეყნისთვის, სადაც არჩევნების კულტურაც განსხვავებულია და გაყალბების ან ფალსიფიცირების ტრადიცია არ არსებობს!
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ე.წ. გერმანული მოდელით პროპაგანდირება და ამ “პანაცეათი“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ვიტყვი პირდაპი: ეს მოდელი საფრთხის შემცველიცაა, რადგან, მას ქვეყანა ფედერაციულ მოწყობაზე გადაჰყავს, რაც დამღუპველია.
გავიხსენოთ: რუსეთი ცდილობდა გერმანელი ექსპერტები მოეწვია საქართველოში, რადგან გერმანული მოდელის საქართველოში განხორციელება მისაღები იყო მისთვის ბოდენს ჩამოჰქონდა საქართველოში პრიმაკოვის გეგმის გალამაზებული ვარიანტი და ითხოვდა არა მართვის დეცენტრალიზაციას, რაც მისაღებია ჩვენთვის, არამედ, ტერიტორიულ დეცენტრალიზაციას, რაც სახიფათოა!
„ნაციონალურმა მოძრაობა“, დამატებით 2 მანდატი რომ მიიღოს, მაოხრებელი გზირივით ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს. ჯერ ე.წ. რეგიონული სიები შემოაგდო, მერე გერმანული მოდელი, რომლის მსგავსი მეთოდებითაც ცდილობს საქართველოში საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ისინი ცდლლობდნენ კანონში რეგიონალიზმის დაკანონებას, რასაც პატრიარქმა შეუშალა ხელი. ის, რაც დამარცხებულ გერმანიას ძალადობით მოახვიეს თავს, არ შეიძლება ჩვენ ნებაყოფლობით მივიღოთ.
-როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, დაშლილია? საინტერესოა, ვიხილავთ თუ არ არასაპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტში?
-უნდა დასრულდეს მონოპოლიზაციისა და ერთი ბელადის ირგვლილ გაერთიანების ტენდენცია. გაურკვეველი წარმომავლობის პარტიები და პოლიტიკური სახეები ისე ექცევიან საქართველოს, როგორც მისი დამამარცხებლები.
“ ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაპორტირებული წევრებითაა შევსებული. მის უმრავლესობას ქმნის ნაციონალური მოძრაობიდან გადმოყოლილი დეპუტატები და დღეს ქვეყანას ამ მოძრაობის უმრავლესობა მართავს.
ნამდვილმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ ეს შანსი და შევიდნენ პარლამენტში, რაც მათ სახელებით და გვარებით, ცოდნით, პოლიტიკურად განვლილი გზითა და შრომით მოიპოვეს. თუ ამას გააცნობიერებს ქათული საზოგადოება, საქართველო გამარჯვებს ამ არჩევნებში!
2012 წლის არჩევნების შემდეგ დავა არ წყდება იმის შესახებ, გავა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მოედნიდან, ხოლო „ნაციონალები“ იმაზე დაობენ, ივანიშვილი წავა თუ დარჩება. ეს უნდა დასრულდეს.
ჩვენს გარშემო, მეზობელ ქვეყნებში ფიზიკური ომია გაჩაღებული და ჩვენ ამ სისულელეებით ვართ დაკავებული. “ ქართული ოცნების“ წევრები კი ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ, ივანიშვილის სიაში აღმოჩნდნენ. ვინც ვერ მოხვდება სიაში, ლანძღვას დაიწყებს და თუ სიაში მოხვდა, გაყუჩდება!
-თქვენი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე ფართხა-ფურთხით რატომ ტოვებენ მისი წევრები?
-ეს ხალხი, თავის დროზე, საერთო ღირებულებას არ გაუერთიანებია. “ქართულ ოცნებასაც“ ტოვებენ „რესპუბლიკელები“, „ეროვნული ფორუმი“ და აღმასრულებელ საბჭოში მყოფნი, რათა პრაგმატული პოზიცია მოიპოვონ. გადიან , რადგან თავიანთ ახალ ადგილს ეძებენ პარლამენტში.
მას შემდეგ, რაც “სახალხო პარტია“ არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დარეგულირების კონცეპტუალური განხილვა არ ყოფილა. დიცში საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ, რაც მეტყველებს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან.
-როგორ შეაფასებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს?
-ჩვენ გერმანული მოდელის მიღება-არმიღებაზე ვდაობთ და ამ დროს ამომრჩეველთა სიები განუსაზღვრელია. სააკაშვილის დროინდელი სიები გვაქვს, რომლებიც მაშინდელმა ოპოზიციამ “ გააპრავა“. დღეს ის “ოპოზიციონერები“ საარჩევნო პროცესებზე საუბრობენ.
2 წლის წინ ჩატარებული აღწერის მონაცემები უცნობია. რატომ არ ემთხვევა ერთმანეთს აღწერის მონაცემები და ამომრჩეველთა სია?
რატომ არის ჩასმული საარჩევნო სიაში 80 000 საზღვარგარეთ მყოფი და არა მილიონი? არალეგალურობის გამო თუ ვერ მონაწილეობენ არჩევნებში, სხვა სიაში რატომ არ არიან?!
ქვეყანაში თუ მხოლოდ 300 000 უმუშევარია, მაშინ რატომ გვყავს სოცილურად დაუცველთა სიაში 500 000 უმუშევარი? !
სად არის ის 2 ფაქტი, რომლებიც უკანონო პირადობის მოწმობებს ეხებოდა, რატომ არავინ დაიჭირა დამნაშავე? განადგურდა ის თუ ისევ მოქმედებს? აქედან გამომდინარე, გერმანულ მოდელს კი ნუ ვეძებთ, ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ ვართ ის ხალხი, ვინც ქვეყნის ბედი უნდა გადავწყვიტოთ.
გასარკვევია, ექნებათ კი პარტიებს ერთნაირი სასტარტო პირობები წინასაარჩევნოდ, თუ ისევ პრივილეგირებული პარტიების იმედზე უნდა იყოს საზოგადოება, რომლებიც უკანონო ფულის ტრიალსაც არ ერიდებიან?
აი, ესაა იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რაც სასწრაფოდ მოსაგვარებელია.
ესაუბრა ია ჯღარკავა