კაცობრიობის დღესდღეობით ყველაზე ავტორიტეტიანი და ოფიციალურად გავლენიანი კორპუსის – გაეროს გადაწყვეტილება, რომ ჰომოსექსუალობა„გადახრა არ არის, არამედ ნორმაა“ _ არის ბუნებისმეტყველური შინაარსის დებულება, მაგრამ იგი კაცობრიობას დღეს მიეწოდება ყოველგვარი ბუნებისმეტყველური დასაბუთების გარეშე.
iverioni.com.ge 11 მარტი 2016
კაცობრიობის ძირითადი ნაწილი, თავისი გონებრივი ელიტის სახით არც დღეს, არც განჭვრეტად მომავალში ასეთი სახით მიწოდებულ დებულებას არ მიიღებს. ანუ: მანამდე, სანამ მეცნიერებას ამ თეზისის საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტაცია არ წარედგინება, იგი ჩათვლის, რომ ეს, შესაძლებელია, გადახრაა, შესაძლებელია, ნორმაა, და, შესაბამისად, ამ მოვლენისადმი ლმობიერი დამოკიდებულება გვმართებს, ან, პირიქით, იგი გარყვნილებაა, და, შესაბამისად, ნეგატიურად უნდა მივუდგეთ!
ასევე, ის, ვინც თეზისს – რომ ეს მოვლენა არის არა გადახრა, არამედ ნორმა, ბრმად არ ღებულობს, უსათუოდ მონდომებული იქნება, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ჰქონდეს იმაზე, თუ სად არის და რა კრიტერიუმებით შეიტყობა ამ მოვლენაში ზღვარი მის ერთის მხრივ ხსენებულ უმცირესობაში მყოფთა ბუნებითვე განსაზღვრულ განსაკუთრებულობასა და მეორეს მხრივ სუბიექტის მიერ საკუთარი ნებით მოწონებულ ან დაწუნებულ გზას, ანუ, სხვა ტერმინოლოგიით, გარყვნილებას შორის.
მეცნიერულად გაუშუქებელ ანუ შემეცნების თანამედროვე დონეზე დაუსაბუთებელ რეკომენდაციებს პრაქტიკული ყოველდღიურობისთვის კაცობრიობის გონებრივი ელიტა არც ღებულობს და, მაქსიმალური ალბათობით, არც ოდესმე მიიღებს.
ამიტომაც ის ვერ გახდა საერთო ღირებულება და ყველა ქვეყანაში დარჩა როგორც ნაწილის ან პიროვნებათა ჯგუფის (შეიძლება ძალიან ცნობილის) ხედვად…
ხსენებული ელიტისთვის მიუღებელია, ადამიანის მიერ უარის თქმა იმაზე, რომ მის სიმპათიას ან პატივისცემის ზომას ამა და ამ პირისადმი, ჯგუფისადმი ან მოვლენისადმი მას გარეგანი იძულება უსაზღვრავდეს (კანონისმიერის ჩათვლით) არ არის და ვერც იქნება სიძულვილის სინონიმი!
იურიდიული აბსურდია (ზოგად-ჰუმანიტარული აბსურდია) აზრი, თითქოს ერთნაირსქესიან „ოჯახთა“ მიერ ბავშვის შვილად აყვანის თემა განიხილებოდეს, როგორც „მშობელთა“ უფლების საკითხი:მოქმედების ობიექტი _ ბავშვი _ თვითონ არის უფლებათა და ინტერესთა სუბიექტი, რის გამოც მისი ამგვარ ოჯახში მიშვილების თემა პირველ ყოვლისა მისი ინტერესების დაცვის თემაა.
ევოლუციის დღევანდელი ეტაპი არის „გცემ პატივს განურჩევლად შენი ორიენტაციისა ამ სფეროში“. ეტაპამდე „ვცემ პატივს თვით ამ თვისებას, იგი საამაყოდ მიმაჩნია“ არც ხსენებული ელიტა, არც მოსახლეობის ე.წ. უმრავლესობა არასოდეს მივა. შესაბამისად, ჯამურად არც საზოგადოება მივა.
გეი-მოძრაობის უკიდურესი ფორმები, როგორიცაა:ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების ფეტიშიზაციის იდეა, გეი-პარადების პრაქტიკა, საპირისპირო პოზიციის „ჰომოფობიად“ წოდება და დემოკრატიის მტრობად მიჩნევა, კაცობრიობის ევოლუციის თვალსაზრისით უპერსპექტივო მოვლენებია და, ამდენად, წარმავალიც.
ხსენებულ უკიდურესობებს კაცობრიობა, ჯამში, არ მიიღებს (თუ მას თვითლიკვიდაცია არ აქვს გადაწყვეტილი).
ქორწინება არის სოციალური ინსტიტუტი, რომელიც კაცობრიობის ძალიან დიდ უმრავლესობას უღირს, როგორც ურთიერთობის ფორმა და როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ურთიერთბმულობით აღბეჭდილი შიდაჯგუფის (ოჯახის) შექმნის საშუალება.
ამ ცნების შინაარსის შეცვლის მცდელობას „უმრავლესობა“ არ ღებულობს (მაგალითად, არ სურს „ოჯახის“ ცნებიდან იმგვარი არსებითი ნიშნების ამოგდება, როგორიცაა: ორთა ურთიერთშემავსებლობა). ამიტომ „გეი-მოძრაობის“ შეპასუხება „თქვენ თუ გინდათ ოჯახი, ჩვენც გვინდა“ ადამიანურად გასაგებია, მაგრამ ცალსახად სამართლიანი არ არის!
ქუჩის აქციათა თავისუფლების პრინციპი ვრცელდება საკანონმდებლო მოთხოვნებზე, მაგრამ არ შეიცავს საკუთარი პრაქტიკის _ ყველას მიერ არმოწონებულის და მრავალთათვის ბიოლოგიურად ამაზრზენის _ საჯარო დემონსტრირების უფლებას.ფორმა „პარადი“, ანუ აღლუმი (ძალთა დემონსტრირება) გულისხმობს იძულების მომენტს, რასაც დემოკრატია არ გულისხმობს და არც იგუებს.
მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც ამ „მოძრაობაში“ ამა თუ სახით თავის ინტერესს დებს და ინტერესს პოულობს, ამ ცხრა მეათედად მოგონილ „პრობლემაში“ თვითონ გაერკვევა, ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის მონაწილეობის გარეშეც.
ყოველივე, როგორც იტყვიან, მშვიდობიანად დაბრუნდება თავის ბუნებრივ პროპორციებში. მით უმეტეს, რომ იმ ქვეყნებში ამ თემას პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.
ჩვენი მდგომარეობა ითხოვს, რომ ამ ფსევდო-პრობლემას ენერგია არ დავახარჯოთ _ მძაფრი რეაგირებით მტერთა პროვოკაციაზე ჩვენს ქვეყანას სირთულეები არ შევუქმნათ და ამ მხრით ინტენსიურად მიმდინარე პროვოცირების მცდელობებს არ ავყვეთ.
ქართველი ერის მენტალიტეტი, ისტორიულად, დემოკრატიულია. ვმონაწილეობდით ისტორიულ პროცესებში, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, და არ ავითქვიფეთ სხვებში, მათ შორის – ჩვენზე გაცილებით ძლიერებში. შევინარჩუნეთ და განვავითარეთ საკუთარი პოლიტიკური ეროვნული მეობა და ღირებულებათა სისტემა.
ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალია. ზოფადად: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვ.
ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში შემუშავებულ ღირებულებათა სისტემის ელემენტებია!
საქართველო არის ტრადიციულად დემოკრატიული ქვეყანა (მისი დიდი მეზობლებისგან განსხვავებით). საქართველოსა და ქართველ ერში არსებობს საზოგადოების ყველა წევრისთვის პირადი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობის ცნობიერება, რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის მკვიდრი მორალური საფუძველია.
ქართველ ერში ტრადიციულად ეროვნული და დემოკრატიული სულისკვეთება ერთია და მას, სხვა ცოცხალ წყაროსთან ერთად, პირველ ყოვლისა, მისი მშობლიური სარწმუნოება ასაზრდოებს!
საქართველო თავისთავს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად უთვლის სხვა ქვეყნებთან შედარებით განსაკუთრებით დიდი რელიგიური შემწყნარებლობის ფაქტს, ქართველი ერი, ისტორიულად, უნიკალური სარწმუნოებრივი ტოლერანტობის მატარებელია (ამაზე დღეს სერიოზულ ადამიანთა შორის დავა აღარ არსებობს).
ამ ზოგად ისტორიულ ფონზე ბუნებრივია, რომ საქართველოს ისტორიაში სქესობრივი უმცირესობისადმი დამოკიდებულებაში არც რაიმე განსაკუთრებული ექსცესი ჩანს, არც მაინცდამაინც გამოკვეთილი სიმკაცრის ნიშნები.
ძუნწი ისტორიული ცნობები ამ სფეროში მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ჩვენმა ისტორიამ იცის პეროდები, როცა მოვლენა შეფასდა (რუის-ურბნისის კრება და სხვ.), მაგრამ არ იცის შემთხვევა რაღაცა მკვეთრი მოქმედებისა „სექსუალური უმცირესობის“ რომელიმე წარმომადგენლის მიმართ (განსხვავებით მრავალი სხვა ქვეყნისა). ასე, რომ საქართველოში „სოდომის ცოდვისადმი“ დამოკიდებულების საკითხი “სასიცოცხლო” პრობლემად არასდროს გამხდარა და არც უნდა გახდეს.
სქესობრივი „უმცირესობისა“ და „უმრავლესობის“ იურიდიული, სოციალური, მორალური და ყველა სხვა სახის ურთიერთმიმართების თემატიზაცია, ანუ მისი ქცევა მწვავე განსჯის საგნად, არც ამ ურთიერთობის რადიკალური რეფორმირების იდეა საქართველოში მისი საზოგადოების ბუნებრივ შინაგან ევოლუციას არ მოუტანია. ცხოვრების ამ სფეროში ქართულ მენტალიტეტს, რომელიც დღეს სავსებით იგივეობრივია ცივილიზებული ქრისტიანული დემოკრატიული დასავლეთის მენტალიტეტისა, დღევანდელ პირობებში თავისი მოქმედი კანონმდებლობის რეფორმირების მოთხოვნილება არ გააჩნია.
საქართველოს სავსებით აკმაყოფილებს ამ მიმართულებით მისი კანონმდებლობის დღევანდელი მდგომარეობა: „უმცირესობა“ კანონის მიერ არ იდევნება, მოქალაქეთა დისკრიმინაცია სქესობრივი ორიენტაციის ნიშნით პრინციპულად აკრძალულია.
მოვლენათა განვითარების ამ ხაზის შეცვლა საქართველოს არ სჭირდება. იმ განსაცდელში, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება, ამ თემისაკენ თავისი ენერგიისა და ძალისხმევის მიმართვა მისთვის ისეთი ფუფუნებაა, რომლის უფლება, ვიმეორებთ, არა აქვს.
საქართველოს, ისტორიულად, არასდროს ჰქონია იმის ფუფუნება, რომ თავის მოქალაქეთა შორის, ავი ისტორიული ბედის მიერ უკვე მოტანილთა გარდა, კიდევ ახალი განხეთქილებების ღვარძლი გაეხარებინა. ამ ძალიან ფართოდ დაფინანსებულმა და პროპაგანდირებულმა მოძრაობამ, რომლის უკან არა ერთი და ორი, არამედ მრავალი პრაქტიკული ინტერესი დგას (მათ შორის ეთნიკურიც კი), ვერ უნდა შეძლოს ჩვენს საზოგადოებრიობაში თუნდაც ერთი, თუნდაც სულ ოდნავ მინიშნებული ბზარის შეტანა.
მიუხედავად ზემოთთქმულისა და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სამთავრობო ტრიბუნიდანაც გაისმის სიმართლე, მაგალითად, “ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი, ვერც ასოცირების ხელშეკრულება, ვერც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო, ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერ გვექნება. სტრასბურგის სასამართლოც კი ამბობს, რომ ეს ისეთი თემებია, რომელიც საზოგადოების შიგნით უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყანაში” (თეა წულუკიანი), პრობლემას ქმნის ხელისუფლების დანაშაულებრივი დემონსტრაციული უმოქმედობა ღიად და ფარულად სტიმულირებული დაინტერესებული მცირე ჯგუფების აგრესიული შეტევის ფონზე.
სამწუხაროა, რომ ქრისტიანული რელიგიისა და ქართველი ერის ძირეულ ღირებულებათა დაცვის წმინდა საქმეს, გულწრფელად აღშფოთებულ ადამიანთა გარდა, გვერდით უდგებიან შემთხვევითი ადამიანები, რომელნიც ცდილობენ ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე სპეკულირებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას (ზოგისთვის აგენტურული დავალებაა).
ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხს დაბლა წევს, საზოგადოების დიდ ნაწილში გაუგებარი და მიუღებელი ინიციატივები _ ე.წ. “ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, დაწყებით კლასებში საგნის “მე და საზოგადოება” შემოღება და სხვა, რაც საზოგადოებაში დაუცველობისა და უპერსპექტივობის განცდასა და მძიმე ემოციურ ფონს ქმნის და აიძულებს მას კანონის დარღვევის ზღვარზე იმოქმედოს.
საქართველოს მმართველნი, პრივილიგირებული მედია და ე.წ.“არასამთავრობო სექტორი” სიტყვაშეუბრუნებლად ეთანხმებიან იმ აბსურდებს, რომელთაც მათ, მათს მიუხვედრელობაზე დაიმედებით, სახელმძღვანელო პრინციპებად სთავაზობენ.
ვითარებას განუზომლად ამძიმებს ის, რომ საზოგადოების მკაფიოდ გამოხატულ საერთო აზრზე _ რომ საქართველოს არც კანონმდებლობას, არც საზოგადოებრივ „ამინდს“ არ სჭირდება არც არსებითი ცვლილებები, არც კორექტივები „გეი-მოძრაობის“ სასარგებლოდ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოვლენა არ არის _ ზეწოლა, პროვოკაციების ჩათვლით, ხდება იმ ფართოდ პროპაგანდირებული ვერსიის ფონზე, თითქოს გეი-პარადისადმი სიმპათიზირება, გეი-პრაქტიკის ქუჩაში გამოფენისადმი მოსახლეობის კეთილმსურველი დამოკიდებულება, ხსენებული მოძრაობის „გვირგვინის“ ერთნაირსქესიან ქორწინებათა დაკანონების პრაქტიკა და ამ დაკანონების მიჩნევა საზოგადოების დემოკრატიულობის საზომია, ხოლო საპირისპირო პოზიცია ჰომოფობიაა (რადგან ეს, თითქოს, ამა თუ იმ ფორმით „დადგენილია“ და გადახედვას აღარ ექვემდებარება არასოდეს), თითქოს ეს აბსურდული პოზიცია ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე თავსმოხვეულია აღმატებული ძალის მიერ.
ამ უკიდურესად სახიფათო ვერსიის ზურგია ის (ასევე, ფართოდ პროპაგანდირებული თეზისი), რომ ამას ჩვენგან „მოითხოვენ“ და თუ ჩვენ, ქართველმა ერმა, არ დავთმეთ, ამით დავკარგავთ დემოკრატიული მსოფლიოს თანადგომას რუსეთის აგრესიისგან დაცვაში.
კამპანიის მსვლელობაში საზოგადოების წინაშე წამოიჭრა (მახინჯი ფორმით) გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მორალის ურთიერთობის თემა.
ჩვენი აზრით, დღეს მიმდინარე ლაშქრობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და ქართველი ერის ტრადიციული და თანამედროვე ღირებულებების წინააღმდეგ თავისი სულისკვეთებით, პრინციპებით, იდეოლოგიითა და ზოგადი მიზნებით ეწინააღმდეგება ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ჭეშმარიტ სიღრმისეულ ბუნებას.
იგი ამავე პარამეტრებში, აგრეთვე თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
იგი თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ ადამიანურ უფლებათა იმ ნაწილს, რომელიც უკვე კოდიფიცირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილსა და საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტებში.
აქედან გამომდინარე, თავისი ქვეყნის შიგნით ქართველ ერს მართებს დაცვა თავისი საჯარო სივრცის ყოველგვარი უკიდურესობებისგან, ყოველგვარი ძალდატანების მცდელობებისგან საკანონმდებლო სფეროში და ყოველგვარი პრაქტიკული პროვოკაციებისგან, რომელთაც მიზანად აქვთ:
_ ქართველ ერში განხეთქილების დათესვა;
_ გადარჩენისთვის მებრძოლ ერში დაბნეულობის დათესვა ზოგადად პოლიტიკური და ზნეობრივი ორიენტაციის სფეროში;
_ ერისა და ქვეყნის საერთაშორისო იმეჯის ხელყოფა. მსოფლიოს წინაშე ქართველი ერის დაბეზღების _ მისთვის „ბარბაროსული არშემწყნარებლობის“ მიწერით;
_ მითის გავრცელება (ტელეეკრანის სრული მონოპოლიზაციის პირობებში), თითქოს ქართული შეგნებული სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წინააღმდეგობაშია თანამედროვე დემოკრატიის პრინციპებთან და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლი თავის მოქმედებაში ღალატობს რელიგიური შემწყნარებლობის (ტოლერანტობის) პრინციპებს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ “ერთნაირსქესიანთა ქორწინების” თემამ ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, დაგვავიწყა ტერიტორიებოკუპირებული და გაუსაძლისი სოციალური ყოფის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების სხვა პირველხარისხოვნად მნიშვნელოვანი პრობლემები და მათ მოგვარებაზე დასახარჯი ენერგია და დრო წაიღო (რითაც ხელისუფლებამ მრავალი არასასურველი საკითხი გადაფარა), სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა კი ისარგებლეს რეგიონში მიმდინარე განსაკუთრებული მოვლენების ფონზე.
ამიტომაა, რომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ამ პერმანენტული შემოტევისგან საქართველოს დაცვა და ჩვენს თანამემამულეებსაც მოვუწოდებთ ამ დაცვაში აქტიურობისკენ. სახელდობრ:
_ კანონმდებლობაში (განსაკუთრებით კონსტიტუციაში) დაუყონებლივ ყველა იმ ცვლილებისა და დამატების შეტანა, რომელიც უზრუნველყოფს დღეს და გათვლად მომავალში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მდგრადობას.
_ არ უნდა დაიშვას არავითარი გეი-აღლუმი (ძალის დემონსტრაცია) ამ მიმართულებით. ისედაც დაშვებულია (თუ ვისმე ჰსურს) დემონსტრაცია ნებისმიერი კანონის მიღების მოთხოვნით, მაგრამ არა მოსახლეობის თვალსაზრისით უჯერო ქცევის „უმცირესობითი“ პრაქტიკის დემონსტრირების სახით (მამაკაცთა თავდავიწყებული ურთიერთკოცნა და ა.შ.) ქუჩაში დასაშვებია მხოლოდ პოლიტიკური დემონსტრაცია, ანუ ისეთი, რომელიც თავის ნებას სიტყვებით გამოხატავს და არა ანტიპედაგოგიური და მოსახლეობისათვის გამომწვევი პრაქტიკით.
ხელისუფლება, ვალდებულია პოლიტიკურ ცხოვრებაში განახორციელოს მკაფიო და მკვეთრი საკანონმდებლო და პრაქტიკული ქმედებები საზოგადოებაში შფოთისა და განხეთქილების აღსაკვეთად.
ხელისუფლება, რომელიც დართავს გეი-აღლუმების ჩატარების ნებას, ხელს შეუწყობს შეგნებულად არასწორი, პოლიტიკურად და მეცნიერულად არაარგუმენტირებული ინფორმაციის ტირაჟირებას, ფაქტობრივად, სტიმულირებას უწევს პროვოკატორთა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებებს.
საზოგადოება უფლებამოსილია მოითხოვოს ხელისუფლებისგან ღია, საჯარო და კონკურენტული სივრციის უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.
საზოგადოება ვალდებულია ყველას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მათ ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება!
მარიამ ბაღდავაძე
მამუკა გიორგაძე
პაატა კოღუაშვილი
ნოდარ ნათაძე
მიხეილ ჯიბუტი
ზაურ ნაჭყებია