რესპუბლიკელები ადგილზე დასვეს, თუმცა, მათ ხელს უწყობენ სახის შენარჩუნებაში

SONY DSC

„პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ არ უნდა დავუშვათ, რომ შუა გაიკრიფოს“

მარიამ მჭედლიშვილი “ახალი თაობა” 5-6 მარტი 2016

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ რესპუბლიკურ პარტიასთან ვერ დაასრულა პროცესები, რომელიც მრავალპარტიულ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  გაურკვევლობაში არიან თუნდაც იმის გამო, რომ არ იციან, მოხვდებიან თუ არა საარჩევნო სიაში ანუ, მომავალ პარლამენტში. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია შედგება ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

მამუკა გიორგაძე:

_ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა ისევე არ იციან, იქნებიან თუ არა წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, როგორც მათ ეს არ იცოდნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ადგილებს და კვოტებს პირადად ბიძინა ივანიშვილი გაანაწილებს. 2012 წლამდე ამ პოლიტიკოსების უმრავლესობა მოშორებული იყო მთავარ პოლიტიკურ პროცესებს. ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ე. წ. რვიანის, შემდეგ კი ექვსიანის ფორმატში და გარკვეული ფორმით თანამშრომლობდნენ სააკაშვილთან. მათი რეპუტაცია შერყეული იყო. ეს ხალხი შეკრიბა ბიძინა ივანიშვილმა და შეიყვანა პარლამენტში. ახლა „ქართული ოცნების“ კოალიციაში შიდა ბრძოლებია. ბევრს უნდა, გარანტირებული გახადოს თავისი ყოფნა ხელისუფლებაში. მიმდინარეობს ბრძოლა უკეთესი სასტარტო პირობებისათვის.

_ რესპუბლიკელები ამისათვის განსაკუთრებულად იბრძვიან?

_ რესპუბლიკურ პარტიას არცერთ არჩევნებში არ მიუღწევია შედეგისათვის დამოუკიდებლად. რესპუბლიკელები სხვის ზურგზე ხვდებიან ხელისუფლებაში და სხვის ხარჯზე ტივტივებენ. მათ იციან, რომ  დამოუკიდებლად გამარჯვებას ვერც მომავალში შეძლებენ. ამიტომ, რესპუბლიკელები კოალიციას ცოცხალი თავით არ ტოვებენ. ორი კაციც რომ დარჩეს გაერთიანებაში, ისინი არ წამოვლენ.

_ პრემიერის განცხადებებმა შეცვალა სიტუაცია?

_ რასაკვირველია. გიორგი კვირიკაშვილმა რესპუბლიკელებს გამოაცალა მთავარი კოზირი. რესპუბლიკელებს თავი მოჰქონდათ იმით, რომ საქართველოში ლამის ერთადერთ პროდასავლურ ძალას წარმოადგენდნენ. რესპუბლიკელი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აკეთებდა ხმამაღალ განცხადებებს იმაზე, რომ მისი ოპონენტები ებრძვიან არა პირადად მას, არამედ, დასავლეთს. პრემიერმა რესპუბლიკელების ასეთი განცხადებები გააბათილა. ფაქტობრივად, მან რესპუბლიკელები ადგილზე დასვა.

_ რას ნიშნავს რესპუბლიკელების შეთავაზებები პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე?

_ ეს, პრაქტიკულად, არის სახის შენარჩუნების მცდელობა. რესპუბლიკელები ადგილზე მოსვეს, მაგრამ მათ ხელს უწყობენ სახის შენარჩუნებაში. კვირიკაშვილსაც არ უნდა, რომ „ქართული ოცნების“ სუბიექტები  მთლად განადგურდნენ.

_ წესით, რესპუბლიკელებს ძალიან დიდი ამბიციები აღარ უნდა ჰქონდეთ?

_ მათ მოუწევთ ამბიციების მოთოკვა. ცოტა ხანში ივანიშვილს რესპუბლიკელების ყოფნა მმართველ კოალიციაში შეიძლება აღარ დასჭირდეს. თავის დროზე რესპუბლიკელები ჭაობიდან ამოათრია ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი ახლანდელი შიდა ბრძოლების წინააღმდეგიც არაა, იმიტომ რომ დაპირისპირების შედეგად ზედაპირზე ამოდის მეტი ჭუჭყი და ხდება პოლიტიკოსებისა და პარტიების დისკრედიტირება. ისე, რესპუბლიკელების პროდასავლურობაზე ლაპარაკი ღიმილს იწვევს.

_ რატომ?

_ სად გაგონილა, რომ დასავლურ პარტიას ბელადი ჰყავდეს, ის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდეს, ან შიდა კლანური გარჩევებით იყოს დაკავებული? რესპუბლიკელებისა და ნაციონალური მოძრაობის „სანიმუშო“ მოქმედებების წყალობით ნახევარ საქართველოს დასავლეთზე გული აუცრუვდა. დასავლურობა რიტორიკაში კი არ უნდა გამოიხატოს, არამედ, მოქმედებებში.

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ხელისუფლება საკუთარ იდენტიფიკაციას ახდენს სახელმწიფოსთნ. ასეთი აზროვნება საბჭოთა გადმონაშთია. ხელისუფლება არის არა სახელმწიფო, არამედ, ხალხი, რომელიც დროებით, 4 წლის ვადით აირჩიეს. ეს ვერ შეიგნო ვერც ნაციონალურმა მოძრაობამ და ვერც „ქართულმა ოცნებამ“.

_ შესაძლებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ცვლილებების შედეგად რეიტინგი გაეზარდოს?

_ სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ძალების მდგომარეობა მხოლოდ რეიტინგზე არაა დამოკიდებული. საუბედუროდ, ბევრი რამ მიბმულია იმაზე, თუ რა პოლიტიკურ კონფიგურაციას შექმნიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები. ამიტომ, წინასწარ რაიმეს განჭვრეტა ძნელია. არჩევნების შედეგებზე მოქმედებს ხოლმე ქვეყანაში ასევე ემოციური ფონიც. პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველაფერს ორი გარედან მართვადი სუბიექტი არ განაგებდეს.

_ „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა?

_ დიახ. ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ შუა გაიკრიფოს. პარლამენტში უნდა იყვნენ სხვა ძალებიც, რომ ქვეყანამ რაღაც პროგრესს მიაღწიოს და ხალხისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress