აშშ_ს დაზვერვის სამსახურის შეფის მთავარ გზავნილს ყურადღება არავინ მიაქცია

SONY DSC

ქვეყანაში ქაოსი ხელოვნურად იქმნება -
მარიამ მჭედლიშვილი  17.02.1016
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე  ,,ახალ თაობასთან’’ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ ხდება ნეგატიური პროცესების ინსპირირება და არააქტუალური თემების წამოწევა, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.
_ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ ხელისუფლება არ აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ამასთან დაკავშირებით გაისმის განცხადებები მოსალოდნელ რევოლუციაზე. _ხელისუფლებას საარჩევნო პროცესი ძალადობისაკენ მიჰყავს, თუმცა, არც ის ოპოზიცია, რომელიც ინტერპარტიულ ჯგუფშია გაერთიანებული, აყენებს აუცილებელ საარჩევნო მოთხოვნებს. საარჩევნო სიები საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან. სია უნდა გასწორდეს აღწერის შემდეგ მიღებული შეცვლილი მონაცემების საფუძველზე, მაგრამ ეს არ ხდება. ამ ოპოზიციისგან არ არის მოთხოვნილი ასევე ერთნაირი სასტარტო პირობები საარჩევნო სუბიექტებისათვის. ჩვენ მოწმე ვართ საარჩევნო ადმინისტრაციების უზურპაციისა რეგიონებში. სიტუაცია მძიმეა, მაგრამ რევოლუციური არ არის. განცხადებები რევოლუციაზე ხელისუფლების ვითომ დასაშინებლად კეთდება. ასეთი განცხადებების ავტორები ვერ ახდენენ მოსახლეობის მობილიზებას, ორგანიზებას და სტრუქტურიზებას. ისინი ფსევდოოპოზიციური სივრცის მონოპოლიზებას ცდილობენ. ამ ოპოზიციონერების უდიდესი ნაწილი ინსტრუმენტია სხვა პოლიტიკური ჯგუფის ხელში.
_მდგომარეობა მაინც არასტაბილურია. _ქვეყანაში ქაოსი ხელოვნურად იქმნება. რატომღაც არავინ მიაქცია აშშ-ის დაზვერვის შეფის მთავარ გზავნილს. _კლაპერის განცხადებებს გამოხმაურებები მოჰყვა. _ძირითადად, გამოეხმაურნენ საგარეო ორიენტაციას და მისი შეცვლის თემას. აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა ხელისუფლება გააფრთხილა. მან განაცხადა, რომ არჩევნების წინ საქართველოში შეიქმნება ქაოსი. ამაში თავის როლს შეასრულებს ეკონომიკური მდგომარეობა. ფაქტია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს და რუსეთის აგენტებს საქართველოში ძალიან უნდათ ქაოსის მოწყობა. ხელისუფლებამ უნდა გაანალიზოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ეს განცხადებები, რომელიც ტყუილუბრალოდ არ კეთდება. სამწუხაროდ, ჩანს, რომ ხელისუფლებას არანაირი დასკვნები არ გამოაქვს. პირიქით, ის თავისი მოქმედებებით ხელს უწყობს ქაოსის შექმნას. ახლაც იგეგმება საკადრო კარუსელი და სპექტაკლები.
- შექმნილ სიტუაციაში ალბათ, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ეკონომიკას უნდა მიხედოს. გარკვეული ინიციატივები და ნაბიჯები ამ სფეროში არსებობს.
- ეს რეფორმები კი არა, ეპიზოდებია. გვეუბნებიან, ესტონური მოდელი გადმოგვაქვსო. სინამდვილეში, ამ მოდელიდან ერთ ნაწილს იღებენ. ამ ინიციატივებით მოსალოდნელია შემოსავლების შემცირება, ამიტომ ხარჯებიც უნდა შემცირდეს. თუ ხარჯებია შესამცირებელი, მაშინ ახლავე რატომ არ ზღუდავენ ადმინისტრაციულ ხარჯებს? ნახევარზომებს ატარებენ და იმიტომ!
- ანუ, რეფორმები არასრულყოფილია?
- რეფორმები არ ტარდება. ამიტომაა ასეთი მდგომარეობა ეკონომიკაშიც, სასამართლო სისტემაშიც. ამიტომ არ არის ნამდვილი თვითმართველობა. არც დასავლეთის ინსტიტუტებთან მუშაობაა. „ქართულმა ოცნებამ“ დღემდე ვერ მოაგვარა ლობისტური საქმიანობა და ვერ ააწყო ურთიერთობები ევროპის უმსხვილეს სახალხო პარტიასთან. მოსამართლეები ჩამოყალიბდნენ ერთ კასტად და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ყველაფერი მიდის საზოგადოების პოლარიზაციისა და ქაოსისაკენ. ხდება ხელოვნური და დამაპირისპირებელი თემების წამოწევა. ასეთებია: ერთსქესიანთა ქორწინებები, რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ კანონპროექტის შეტანა-გამოტანა, ასევე პირადი და ჯგუფური დაპირისპირებები.
- პირად და ჯგუფურ დაპირისპირებებში რას გულისხმობთ?
- თემებს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრებით დაწყებული, პოლიტპატიმრების საქმეებით დამთავრებული. რა გახდა რომ აქამდე ვერ გადახედეს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების არც ერთ საქმეს? ესეც ხომ ნახევარზომებია! არ ხდება დასავლეთის რეკომენდაციების გათვალისწინება რეფორმების, საჯაროობის მხრივ. ეს ყველაფერი ერთხელაც იფეთქებს და ზიანი მიადგება ქვეყანას.
- ამდენი პრობლემით ისედაც იქმნება ქაოსი. ამ პირობებში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე აქცენტის გაკეთება რას ნიშნავს?
- ამ ყველაფრით რუსეთისთვის ხელსაყრელი სიტუაცია იქმნება. რუსულმა პროპაგანდამ, მართლაც, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთოს? ქართული მედია კლანური გარჩევებითაა დაკავებული. ზოგ ტელეკომპანიას ხან ერთი მეწილე გამოუჩნდება, ხან მეორე. საქართველოს ხელისუფლება ყურს არ უგდებს დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებას. ერთხელ, 2008 წელს, ომის წინ, კონდოლიზა რაისმა, ვალტერ შტაინმაიერმა გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება. ახლა ისევ გვაფრთხილებენ.
- ანუ, სახიფათოა საქართველოში მიმდინარე პროცესები და არა ის, უყურებს თუ არა მოსახლეობის ნაწილი რუსეთის არხებს?
- ჩვენ ამ განცხადებებით დიპლომატიურად გვაფრთხილებენ. ხომ არ ეტყვიან საქართველოს ხელისუფლებას, ცუღლუტობა და რუსეთის წინაშე ერთი ადგილის თამაში შეწყვიტეთო! ამიტომ საუბრობენ რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და რუსული პროპაგანდის საშიშროებაზე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress