ინტერპარატიული ჯგუფი ქვეყნის დაშლას ცდილობს

giorgadze-1

“ჩვენ მოვითხოვოთ ერთნაირი სასტარტო პირობები ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის”
საარჩევნო ცვლილებები ისევ აქტუალურია. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს ინტერპარტიული ჯგუფი. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ ეს ჯგუფი არ გამოხატავს საზოგადოებისა და მთლიანი პოლიტიკური სპექტრის ინტერესებს. გარდა ამისა, ინტერპარტიული ჯგუფი მოითხოვს, რომ მაჟორიტარულის ნაცვლად დამკვიდრდეს სამხარეო-პროპორციული სისტემა. რაც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მამუკა გიორგაძე: ეს ე.წ. ინტერპარტიული ჯგუფი მოითხოვს რეგიონულ-პროპორციული წესის შემოტანას. ეს ძალიან საშიშია და საქართველოს დაშლისკენაა მიმართული. რატომ? მაგალითად, პარლამენტში აღარ იქნებიან ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარები, სამაგიეროდ, იქნებიან გურიიდან არჩეული პირები. პარტიების ლიდერებს შეეძლებათ, რეგიონების სახელით, ვინც უნდათ, ის შეაპარონ საკანონმდებლო ორგანოში. თავისთავად, ეს სისტემა გამოიწვევს საქართველოს დაშლასა და დაპირისპირებას. პოლიტიკურ სივრცეში. როგორ შეიძლება, პარლამენტს ჰყავდეს გურიის, სამეგრელოს, კახეთის და ა.შ. დეპუტატები? ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე აღარ ვსაუბრობ, ვინც ეს მოიფიქრა, ის საქართველოზე არ ზრუნავს. მას მხოლოდ საკუთარი და პარტიული მიზნები ამოძრავებს. იმის მაგივრად, რომ უმთავრესი საარჩევნო საკითხები წამოსწიონ, სამხარეო-პროპორციულ არჩევნებზე ეწევიან აგიტაციას. ამას ემატება საეჭვო განცხადებები “ქართული ოცნებისა” და ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე. _მთავარი საარჩევნო საკითხები რომელია? _თუნდაც საარჩევნო სიები. გაყალბებულ საარჩევნო სიებზე, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს აქტუალური იყო, ხმას აღარ იღებენ. მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა მოვითხოვოთ _ ესაა თანაბარი სასტარტო პირობების მიცემა ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის. ეს ინტერპარტიული ჯგუფი არ გამოხატავს საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს. მასში ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა მონაწილეობდეს. ამ ჯგუფში არიან ისეთებიც, რომლებიც ნდობას არ იმსახურებენ. კერძოდ? საუბედუროდ, ინტერპარტიული ჯგუფი, ორიოდე გამონაკლისის გარდა, დაკომპლექტებულია ნაცმოძრაობის ნარჩენებითა და სატელიტებით. ამ ჯგუფში არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე “გააპრავეს” სააკაშვილის ყალბი საარჩევნო სიები. დღეს ამომრჩეველთა სიებზე აღარ საუბრობენ. აღარავის ახსოვს ბათუმსა და თბილისში აღმოჩენილი ყალბი პირადობის მოწმობები. არც ის აინტერესებთ, რა აჩვენა მოსახლეობის აღწერამ. შუქდება სამხარეო-პროპორციული თემა და ამ თემაზე შეხვედრები პრეზიდენტთან. _ეს ყველაფერი რაზე მიანიშნებს? _ეს ყველაფერი არაჯანსაღი პოლიტიკური სიტუაციის მაჩვენებელია. ჯერ ერთი, პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა სხვისი ხათრით აირჩია, ასე ცდილობს თავისი მდგომარეობის გამყარებას. იგი საზოგადოებასთან ვაჭრობს. მეორეც, ისევ აქტუალურია ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგი “შუა უნდა გაიკრიფოს”. _როცა ეს ითქვა, მაშინ ერთმანეთის პირისპირ ფაქტობრივად მარტო “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა იდგნენ. _ახლაც გარიყული ვართ პროცესებიდან დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფები. ვისაც კონცეფციები და ხედვები გვაქვს, გვებრძვიან. უნდათ პოლიტიკაში მარტო ისინი იყვნენ, ვისთვისც პოლიტიკური საქმიანობა ბიზნესია. არის მცდელობა, რომ საერთოდ ჩამოაცილონ პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი და პროგრამების მქონე სუბიექტები, ხალხში კი ნიჰილიზმი დათესონ. Aარადა, მთავარი უნდა იყოს კონცეფციები, ხედვები. არჩევანი ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს. ლიდერებიც ასე უნდა გამოიკვეთონ. კარგად შეფუთულ პოლიტიკურ ლიდერებს უცხოეთი არ უნდა გვასვამდეს თავზე! “ოცნება” ნაცმოძრაობას სჯობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგია. _ისევ პარლამენტის არჩევის წესს შევეხოთ. თქვენ იმის მომხრე ხართ, რომ პარლამენტი მთლიანად პროპორციულად აირჩიეს? _რა თქმა უნდა. იმ ავადსახსენებელ სამხარეო-პროპორციულ სისტემასაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და პროპორციულსაც. ორივეს ერთნაირი ენერგია და პროცედურა ესაჭიროება. ადგნენ ეს პარტიები და მხოლოდ პროპორციული სისტემა მოითხოვონ! _”ქართული ოცნება” მოახლოებული არჩევნებისთვის მაჟორიტარულ სისტემას არ აუქმებს. _დიახ. მთავარია, ყველა ჯგუფს ჰქონდეს ერთნაირი სასტარტო პირობები. არჩევანი ხალხმა გააკეთოს. თუ ეს თანასწორობა არ დამკვიდრდა, მაშინ არაჯანსაღი გზით მოსული ძალები გააგრძელებენ არაჯანსაღ პროცესებს, ქვეყანას კი დაღუპვამდე მიიყვანენ.

ახალი თაობა 29.01.2015  ინტერპარატიული ჯგუფი  ქვეყნის დაშლას ცდილობს

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress