„არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს“- აღნიშნული განცხადება, „ივერიონის“პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის საშინაო აქტუალური პრობლემების განხილვისას,„სახალხო პარტიის“ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გააკეთა. 11-12-2015
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს:
„არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს. ეს უბრალოდ სჭირდებათ პიარისთვის და დაძაბული სივრცის შესაქმნელად. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, თუ როდის და რა უნდა გამოიყენოს. ბუნებრივია, როცა მას დაჭირდება თავისი ინტერესების რეალიზაციისათვის, მაშინ გაახსენდება თუნდაც 20 წლის წინ ნათქვამი მოვლენა და ფაქტი.
ასე, რომ ეს ადამიანები საშიში არიან იმდენად, რამდენადაც ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას უშლიან ხელს.
თინა ხიდაშელი კი ამ განწყობის მქონე ადამიანია, იგივე პაატა ზაქარეიშვილიც. მათთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არაა ღირებულება, მათ შეუძლიათ განიხილონ საქართველო აფხაზეთის გარეშე. ასეთი ადამიანების თავდაცვისა და ინტეგრაციის სამინისტროებში ყოფნა საშიშია. ასეთი ადამნიანები განაპირობებენ იმას, რომ დასავლეთი გრძნობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სახელმწიფოს სწორად წარმართვა და მაქსიმალურად უფუჭდებათ განწყობა ჩვენი დახმარებისათვის!
საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენს მაგივრად კი სხვა რომ არ იომებს, ამას რად უნდა თქმა. ადგილობრივი პოლიტიკური სუბიექტები ისე წარმოუჩენენ საზოგადოებას თითქოს ამერიკა ვალდებულია გვარჩინოს, დაგვიცვას და იზრუნოს ჩვენს კეთილდღეობაზე. ჩვენი განწყობაა არასწორი, ვუყურებთ არა როგორც პარტნიორს, არამედ, როგორც პატრონს!“- განაცხადა მამუკა გიორგაძემ.
„სახალხო პარტიის“ ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომთინა ხიდაშელის ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, მასობრივად რუსეთის მოქალაქეებისთვის არის ანტიქართული განწყობების გამღვივებელი.
„ასეთი განცხადებები რუსეთს უზრუნველყოფს საბაბით, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის. მაშინ როდესაც რეალურ ვითარებაში იგივე თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის ოფიციალური სტრატეგიაა – სტრატეგიული მოქმედების პოლიტიკა. ჩვენთან ქადაგებენ სტრატეგიული მოქნილობის პოლიტიკას, რომ არ უნდა წავიდეთ რუსეთის წინააღმდეგ, იქ კი უზრუნველყოფენ რუსეთს ამ საბაბით. სწორედ ასეთივე საბაბით უზრუნველყოფდა ხიდაშელი პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს, როდესაც ნატოს მიმართ შანტაჟის ენით საუბრობდა. ის ამბობდა, რომ მაპის გარეშე უნდა მოგვცენ ნატოში წევრობა, ამ დროს კი იცის, რომ რაც მაპი შემოვიდა ხმარებაში მას შემდეგ მაპის პროგრამის გარეშე არ მიუღიათ ახალი წევრები“- აცხადებს „სახალხო პარტიის“ ლიდერი.
მან ასევე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ვერ ვიმსჯელებთ დაბრუნდება თუ არა ის, ამას კონკრეტული ვითარება გვიჩვენებს:
„თუკი კოალიციას ივანიშვილის რეიტინგის გარეშე გაუჭირდება, ის დაბრუნდება. დღევანდელი სიტუაციით ვერ განვსაზღვრავთ მის დაბრუნებას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარება იქნება იმ კონკრეტულ მომენტში. დღეს შეინიშნება იმის ნიშნები, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ივანიშვილის სიაში ყოფნა, ამიტომაც გარკვეული მესიჯებით ავრცელებენ ინფორმაციას მის შესაძლო დაბრუნებაზე. ეს ტესტურ რეჯიმს ჰგავს. გვაჩვევენ ამ ყველაფერს“ - აღნიშნა გიორგაძემ.
მოამზადა კარინა გრიგორიანმა