თავს ვალდებულად ვთვლით გამოვხატოთ საკუთარი აზრი დღეს მოფუნქციე ერთ-ერთი მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილის _ ანტისაელმწიფოებრივი გამოსვლის გამო „მაესტროს“ ეთერში.
1. მინისტრი ცრუობს, როცა აცხდებს, რომ ქართველ და აფსუა („აფხაზ“) ხალხს არასოდეს უცხოვრია ერთ საზოგადოებად, გარდა საბჭოთა წლებისა.
ეს ერთობლივი ცხოვრება უფრო ინტენსიური იყო დამოუკიდებელი საქართველოს წლებშიც (1918-1921) და მანამდისაც მრავალი საუკუნის განმავლობაში. ქართველი ერი აფხაზეთის დღევანდელი ტერიტორიის ავტოხთონური მოსახლეობაა, ანუ ის მოსახლეობა, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან მიიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობამდე. რუსეთის მიერ საქართველოს მეორე ანექსიის მომენტისთვის ეს ტერიტორია იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არშედავებადი და არავისგან არშედავებული ნაწილი (რუსეთისგანაც აღიარებული).
შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს უფლება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის განხორციელებისა უპირობოა. ქართული სახელმწიფო, მოვალეა ღმერთისა და კაცობრიობის წინაშეც, და დანარჩენი მოძმე და ჩვენი სისხლით მონათესავე კავკასიის წინაშეც, რომ მცირერიცხოვანმა აფსუა („აფხაზმა“) ხალხმა საქართველოს სახელმწიფოში იცხოვროს უსაფრთხოდ, თანასწორად და თავისი სპეციფიკურად ეროვნული განვითარების უკლებლივ ყველა საშუალება ჰქონდეს.
შინაარსობრივი აბსურდი სეპარატისტების პოზიციისა, რომლითაც რუსები ხელმძღვანელობენ, მდგომარეობს მათი ერთადერთი არგუმენტის(!) აბსურდულობაში, რომელსაც ემყარება მათი პრეტენზიაც და აფხაზეთის შიგნით მათი ეთნოკრატიული ბატონობის პრეტენზიაც საერთოდ. ეს არგუმენტი შინაარსით ისტორიულია (ისტორიოგრაფიულია): „ჩვენ, აფსუა ხალხი, რომელსაც ქართულად „აფხაზები“ გვეწოდება მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთად წოდებულ ნაწილში ვსახლობთ, ხოლო სხვა ენებზე იმიტომ, რომ ასე გვეწოდება ქართულად, აქ XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილოკავკასიიდან მოსული ტომი კი არა ვართ, არამედ ავტოხთონური, თანაც _ ერთადერთი ავტოხთონური მოსახლეობა ვართ, აქ VIII საუკუნეში საკუთარი სახელმწიფოს, „აფხაზეთის სამეფოს“ დამაარსებელნი“. ისინი არად აგდებენ იმას, რომ ისტორიულ მეცნიერებაში არანაირი ნიშანი ამ სამეფოს „აფსუურობისა“, მისი ამ მახასიათებლის მაჩვენებელი რაიმე მატერიალური ან სიტყვიერი ნაშთის სახით არ არსებობს. საპირისპირო საბუთები კი, დიახაც, მრავალი არსებობს, რომელიც მრავალჯერ თქმულა და ახლა მათზე არ შევჩერდებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ნებისმიერ ისტორიულ უზუსტობას ან ფაქტებით მანიპულირებას განსაკუთრებული პოლიტიკური და იდეოლოგიური დატვირთა აქვს! ასეთ ვითარებაში ოფიციალური პირის მიერ შეგნებულად თუ შეუგნებლად გამოთქმული, თუნდაც, ზოგადი მოსაზრება უმნიშვნელოვანესი არგუმენტი ხდება საინფორმაციო ომში!
2. მინისტრი ავლენს თავისი რუსეთიდან დავალებული პოზიციის პოლიტიკურ უსუსურობას, როცა აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის განხორციელებისთვის „რუსული გზის“ პროპაგანდირებას ეწევა.
ამ „გზის“ ერთად-ერთი პუნქტია: „მოველაპარაკოთ რუსეთს“ (რაზე არ კონკრეტდება). ეს ყალბი წინადადებაა: რუსეთის თვით საარსებო ინტერესი მოითხოვს, ჯერ ერთი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიას რუსეთის მიერ, რათა რუსეთი ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო გახდეს, აქედან გამომდინარე, ყველა უფლებით. მეორეც, რუსეთის რეალური ინტერესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივი განადგურება, როგორც რეალური გეოსტრატეგიული სუბიექტისა, რადგან უამისოდ იგი ვერ განახორციელებს თავისა და ჩვენი ორიოდე სხვა დიდი მეზობლის გეოსტრატეგიულ უტოპიურ განზრახვას _ დასავლეთისთვის გზის გადაკეტვას შუა აზიისაკენ. ამავე უსუსური ტყუილით უმასპინძლდება თავის რუსოფილურ აუდიტორიას ნინო ბურჯანაძე „მაესტროს“ ეთერის იმავე გადაცემაში. ზოგადად, დღევანდელი რუსული აგენტურის მუშაობა საქართველოში თავისი იდეოლოგიური შინაარსით ემყარება ერთ მთავარ სიცრუეს _ იმის დამალვას, რომ საქართველოს ტერიტორიის დაბრუნების გზა რუსეთთან „კაპიტულაციაზე“ კი არ გადის, არამედ მხოლოდ რუსეთის დამარცხებაზე, მის ბრძოლაში შავი ზღვა-კავკასია-კასპიის რეგიონში თავისი იმპერიული პოზიციების აღსადგენად.
არც ამ პოზიციათა აღდგენა, არც რუსეთის საკუთარი ნებით შერიგება ამ მარცხთან არ მოხდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის დამარცხებას, ერთი ფორმა _ სამხედრო დამარცხების ფორმა _ არა აქვს. მას აქვს უომარის ფორმაც. რუსული იმპერიის საგარეო ინტერესთა მდგომარეობა ყველასთვის ცნობილია და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ, ქართული სახელმწიფო, მოლაპარაკებას უნდა ვაწარმოებდეთ_ რუსეთთან, როგორც ოკუპანტთან, და მსოფლიოსთან, როგორც არბიტრთან, ამ ტერიტორიის დეოკუპაციის ოპტიმალურ გზათა შესახებ და_ აფხაზ მოსახლეობასთან, როგორც დაინტერესებულ მხარესთან, აფხაზეთის მოწყობის ოპტიმალური რაგვარობის შესახებ და არა მისი დეოკუპაციის თვით აუცილებლობის შესახებ (ეს უკანასკნელი დავას არ ექვემდებარება). ამ მოლაპარაკებაში ვგულისხმობთ ქართველი მოსახლეობის მონაწილეობას. ამავე დროს იმედით შევყურებთ მოლაპარაკებას უშუალოდ ქართველ და აფხაზ მოსახლეობას შორის, საიდანაც მოველით რეალურსა და ქმედით წინადადებებს.
3. მინისტრი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მხოლოდ „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს გამოქვეყნებული აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის საკუთარი გეგმა.
მას გამოქვეყნებული აქვს გაზეთ „24 საათში“ არა საკუთარი გეგმა, არამედ რუსეთის დაზვერვის წარსულში ერთ-ერთი პროტაგონისტის, ევგენი პრიმაკოვის გეგმა, რომელიც შინაარსით წარმოადგენს კონფედერაციის გეგმას, ანუ საქართველოს გარანტირებული დაშლისთვის უტყუარი იურიდიული ფორმის დღესვე შექმნისას. ამ ფაქტში კომენტარს საჭიროებს ერთადერთი პუნქტი: ამ გეგმის ხელმომწერთა შორის ფიგურირებს _ დავით ბაქრაძე, რომელიც ამ ხელმოწერისთვის „ნაცების“ მიერვე დაჯილდოვდა პარლამენტის სპიკერის თანამდებობით. ეს იმას მოწმობს, რომ საქართველოს ღალატი სამ კონკრეტულ პარამეტრში _ აფხაზეთის საკითხში _ ნაცები და ქოცები, ფარულად, ერთი გუნდი არიან. მათ განგანსხვევებული საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გამომხატველი რეალისტური პროგრამა (პრინციპების ფორმით) გამოქვეყნებულია საქართველოს სახალხო პარტიისა და საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ. საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას რუსეთის იმპერიისგან საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის განთავისუფლების მიზანი ჰქონდა მუდამ და დღესაც აქვს. აფხაზეთის, როგორც საქართველოს ნაწილის, და აფსუა („აფხაზი“) ხალხის, როგორც საქართველოს მოსახლეების, რომელსაც არსად სხვაგან სამშობლო აღარ აქვს, საქართველოში მდგომარეობისა და უფლებამოსილებების იდეალურად სამართლიანი განსაზღვრის მიზანიც და ამ განსაზღვრების რეალიზაციის კონკრეტული გეგმაც ჩვენს მოძრაობას თავისი შობის დღიდან აქვს. ეს გეგმა ვერ დაირღვევა და არ დაირღვევა იმის გამო, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ქართველთა გენოციდი, ამ გზით ქართული მოსახლეობისგან ამ ტერიტორიების „წმენდა“ და რუსეთმა ცნო ამ რეგიონების “დამოუკიდებლობა”.
4. მინისტრი ცრუობს, როცა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აცხადებს, რომ საქართველოს, ფედერალიზაციის გარდა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის რეალიზაციის სხვა საშუალება არა აქვს!
იგი ცრუობს ორმაგად: ჯერ ერთი, მალავს, რომ ფედერალიზაცია არის ნაბიჯის გადადგმა არა წინ, არამედ უკან: სეპარატისტებისთვის ეს არის პოზიციის რადიკალური გამაგრება, ხოლო საქართველოს დანარჩენი ნაწილისთვის _ სახელმწიფოებრივი და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიური დეზინტეგრაცია, ეროვნული ერთიანი თვითცნობიერების გარდუვალი დაშლა პროვინციულ, კუთხურ თვითცნობიერებათა ჯამად. მეორეც, საქართველოს აქვს სულ სხვ გზა თავისი მიწის დაბრუნებისა: ეს არის შეუვალი დაცვა პოზიციისა, რომ საქართველოს მიწათა ცნობა დამოუკიდებელ ერთეულებად რუსეთის მიერ არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირ საწინააღმდეგო და ამდენად, იურიდიულად მიუღებელი აქტი, რომელსაც არასოდეს და არავითარ პირობებში არ დაეთანხმება და არ შეურიგდება საქართველოს სახელმწიფო.
ჩვენ სრული უფლება გვაქვს მიგვაჩნდეს, რომ მინისტრი ზაქარეიშვილი რუსეთის იდეოლოგიური და საინფორმაციო დივერსიული გეგმების პირდაპირი შემსრულებელია საქართველოში, და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას საზოგადოების წინაშე.
მისი შემდგომი ყოფნა საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას და ამხელს დღევანდელი ხელისუფლების საქართველოსადმი ერთგულების ხარისხს!
„სახალხო პარტია“ 3.12.2015