ტრაგი-კომედია პირობითი სახელწოდებით _ “სიტყვის თავისუფლება თუ სამართლიანობის აღდგენა”.

ლოგო

განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა ცხადად დაგვანახა, რომ  ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია, თავის სატელიტ პოლიტიკურ, არასამთვრობო თუ მედია ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ქართველი ხალხი მოწყვიტონ რეალურ პრობლემებს, ქმნიან ხელოვნურ დაძაბულობას და ცდილობენ ამ ფონზე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი, ანუ განიმტკიცონ ძალაუფლება, გავლენა და უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა, ისევ ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე – რომელიც, როგორც ყოველთვის, დაზარალებულის როლში აღმოჩნდება.

“ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ტანდემში მოღვაწეობა დაიწყო   2012 წლის ოქტომბერში, როდესაც  ქართულმა ოცნებამ არ გაასაჩივრა და არ იბრძოლა გაყალბებული საარჩევნო ოლქებისა და უბნების შედეგების გაბათილებისათვის, რითაც მოწინააღმდეგე ძალას მისცა ერთადერთ ოპოზიციად გაფორმებისა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებით მანიპულირების საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა შედეგებს აპროტესტებდა და მოითხოვდა მის გადახედვას.

სამართლიანობის აღდგენისა და წინა დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლების ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამარჯვებულმა “ქართულმა ოცნების” პოლიტელიტამ ჯერ “ნაც-მოძრაობის” გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენასთან გააიგივა, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ჩამოიშლებოდა.

საზოგადოებისთვის  მიუღებელი და უარყოფილი პარტიის მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენა ხელისუფლებისთვის კომფორტულია, მის ფონზე საზოგადოების მხარდაჭერა გარანტირებულია (სამი წელი მაინც).

პროცესიც შესაბამისადად განვითარდა _ თავიდანვე “კოაბიტაციის” საფარქვეშ ამკვიდრებდნენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ნიჰილიზმს,  ერთი მხრივ, “ქართული ოცნებიდან”  ისმოდა ქუჩური ჟარგონით “ნაც-მოძრაობის” ლანძღვა, მის დანაშაულებრივ ჯგუფად გამოცხადება და ა.შ., და, მეორე მხრივ,  ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის იმიტაცია.

პოლიტტექნოლოგიებში გარკვეული ადამიანისათვის ადვილად დასანახია, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ვითომ ოპოზიციას შორის შიდა კლანურ გარჩევებს და გავლენის სფეროების გადანაწილებას. პროცესი მიმდინარეობს  ტრაგი-კომედიული სპექტაკლის ფონზე, რომლის  დღევანდელი პირობითი სახელწოდებაა _  “სიტყვის თავისუფლება თუ სამართლიანობის აღდგენა”. 

დღეს, რუსთავი 2  ჩაგრულის სამოსში გადაცმული დგას საზოგადოების წინაშე და მისი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს ასევე, ვითომ ჩაგრული, ნაციონალური მოძრაობა თავის ძველ თუ ახალ სატელიტ პოლიტიკურ ძალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვაი-ექსპერტებთან და, კიდევ უფრო უარესი, პრეზიდენტთან  ერთად, ამ უკანასკნელის განცხადება პროფესიონალი პროვოკატორის ქმედებაა. ისინი “ამაყნი” არიან, “იცავენ”  სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიას (ხელისუფლებამ აქამდე როგორ უნდა მიიყვანოს საქმე, ამასაც ხომ მოხერხება უნდა!).

ხელისუფლების მხრიდან კი ფორსირებულად ხდება საზოგადოების მიზანმიმართული აჟიტირება რუსთავი 2-ისა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ (პრემიერი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა როცა განაცხადა: “მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში”),   როდესაც რეალურად პასუხი არავის მოუთხოვია არც “ნაც-მოძრაობისთვის” და არც ამ ვითომ ობიექტური მედია- საშუალებისთვის წლების განმავლობაში სიცრუის ტირაჟირების გამო. მათ მიერ მომზადებული რეპორტაჟებისათვის, რომელთა საშუალებითაც წინა ხელისუფლება ახდენდა თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გათეთრებას, ამ ქმედებების შედეგი ხომ ათასობით ნაწამები და დაღუპული ადამიანი, დანგრეული და განადგურებული ოჯახი, გაჩუქებული ტერიტორიები,   წართმეული და ძალით დათმობილი ბიზნესი თუ ქონებაა.

ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ორივე მხარის მიერ ღიად ხდება შუღლისა და სიძულვილის პროპაგანდა, ძალადობის სტიმულირება (რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა) და საზოგადოების პოლარიზაცია. ემოციური ფონის ხელოვნური გაზრდა საკუთარი მომხრეების მობილიზაციის უზრუნველსაყოფად.  მათ კარგად იციან საკუთარი რეიტინგი და ცდილობენ  სხვა, მით უმეტეს, დამოუკიდებელმა და მათგან არამართვადმა ძალამ არ დაურღვიოს მათ “აწყობილი სამყარო” ანუ შუა კვლავ უნდა გაიკრიფოს!

ხელოვნური “პოლიტიკური ორპოლუსიანობა”, ანუ მართვადი ქაოსის შექმნა,  საქართველოს   ამყოფებს ანარქიის მდგომარეობაში,  მიმართულია იქითკენ, რომ ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა  ვერ შეძლოს კონსოლიდირება!   რეგიონში მიმდინარე გლობალური გადანაწილების დროს საქართველომ ვერ დაიცვას თავისი სტრატეგიული ინტერესები, რაც  ხელისუფლების პერმანენტული სიბრიყვის ფონზე უდიდეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

დასადგენია ეს პროცესი შიდაქართული დაუწერელი შეთანხმებებით ხდება თუ საქართველოს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებს ინსტრუქციების სახით ცალ-ცალკე უგზავნიან მონაწილე სუბიექტებს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ეს აურზაური მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია არ შეასრულოს, ყველა მოსალოდნელ შედეგზე პასუხისმგებელი გახადოს ხალხი.

რეალურად სახეზეა შიდაკლანური გარიგების პოლიტიკურ პაექრობად გასაღების მცდელობა, რამაც საბოლოოდ, ისედაც სუსტი სახელმწიფოებრიობის დასამარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, არსებულ და მოსალოდნელ კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოების შეგნებული ნაწილი ვალდებულია რეალურად შეაფასოს მდგომარეობა, მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მობილიზება და თვითონ გაავლოს გამყოფი ხაზი, ერთის მხრივ ქვეყნისა და ერის ინტერესებს და, მეორე მხრივ, ფსევდოპოლიტიკოსთა მერკანტილურ ქმედებებს შორის. რაც უფრო გადაიწევს ეს პროცესი დროში, მით უფრო რთული იქნება დადებითი შედეგის მიღწევა.

ამ სიტუაციაში ქართული საზოგადოების წინაშე დგას ამოცანა: აიძულოს ხელისუფლება მიუჩინოს “ნაც-მოძრაობას” მისი კუთვნილი ადგილი პოლიტიკური და სამართლებრივი საშუალებებით და უზრუნველყოს ჯანსაღი და კონკურენტული საჯარო სივრცის არსებობა. მან უნდა იცოდეს, რომ სამართლის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება.

 

სახალხო პარტია  22.10.2015

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress