აჭარის დედა-სამშობლოში დაბრუნებისთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის გახსნის გამო

gerbebi_Page_6

    მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ჯიბუტი
სამშობლოს დაცვა ადამიანის წმინდა მოვალეობათა რიცხვს ეკუთვნის. სამშობლო, ანუ თავისი ერის სახელის მატარებელი ქვეყანა, რომელშიც ხორციელდება და უნდა ხორციელდებოდეს ამ ერის მარადიული თავდამკვიდრება, როგორც წარსული და მომავალი ისტორიის პრინციპულად თანასწორუფლებიანი სუბიექტისა და როგორც კაცობრიობის ერთობლივი სადღეისო სისტემის მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტისა, ადამიანისათვის ერთ-ერთი ე.წ. აბსოლუტური, ანუ სხვა ღირებულებებზე არდახურდავებადი ღირებულებაა და ასეთად დარჩება მუდამ. ბედნიერებაა, როცა ადამიანს საშუალება აქვს, რომ სამშობლოსათვის თავისი სიცოცხლის გაწირვის აქტი, რომელიც მისგან გარემოებების მიერ შექმნილმა საჭიროებამ მოითხოვა, მარგი ქმედების ასპროცენტიანი კოეფიციენტით შესრულოს: იბრძოდეს საკუთარი სამშობლოს შეარაღებულ ძალებში და საკუთარი სამშობლოს პირდაპირი, ღია ინტერესის სახელით. ამ ადამიანს ის ბედნიერება აქვს, რომ მისი დაღვრილი სისხლი მთლიანად მისი სამშობლოს საქმეს ჰხმარდება. მაგრამ მცირე ერთა შვილები, რომელთაც მოცემულ მომენტში საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნიათ, ამ ფუფუნებას ბევრჯერ მოკლებულნი არიან. მათ უხდებათ სიცოცხლის დადება ისეთ ბრძოლაში, რომელშიც, მოგების შემთხვევაში, ხდება არა სამშობლოს ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლება მტრის ხელიდან, ერთხელ და სამუდამოდ მოგერიება სამშობლოზე იერიშით წამოსული მტრისა და ა.შ., სადაც მამულიშვილის სისხლი საკუთარი მამულის დროშის ქვეშ იღვრება, არამედ გამარჯვების. მიზანი და ეფექტი მხოლოდ ისაა, რომ მიიღწევა სამშობლოს გადაყვანა უარესი, უფრო სასიკვდილოდ საშიში მდგომარეობიდან შედარებით ნაკლებ საშიშსა და, სამომავლო პერსპეტივის თვალსაზრისით, უფრო მომგებიან მდგომარეობაში.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერია ტიპიური აღმოსავლური დესპოტიის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენდა. ამ იმპერიას უკვე არაერთხელ ჰქონდა გამოვლენილი თავისი რეალური პოლიტიკის კურსი საქართველოს მიმართ: ეს კურსი იყო საქართველოს თანდათანობით გამორიცხვა და გამოდევნა ცოცხალ ერთა სიიდან, მისი დემოგრაფიული განადგურებიდან დაწყებული, რაშიც გამოიყენებოდა არა მოლოდ რუსებით მისი კოლონიზაცია, არამედ ნებისმიერი სხვითაც, ვინც კი ქართველი არ იყო, და მისი ეკონომიკური, კულტურული და ფსიქოლოგიური, ხელოვნური დანგრევით დამთავრებული. საკმარისია ითქვას, რომ 1829 წლის ომის შემდგომ, რომელიც რუსეთმა მოიგო ქართველი მოხალისე მილიციის უზარმაზარი ღვაწლით, ახალციხე-ახალქალაქის მხარეში რუსეთის ხელისუფლებამ იქიდან გახიზნული მუსლიმანი მესხები მათს მიწაზე აღარ შემოუშვა და იქ მათ ნაცვლად უცხო ხალხი _ სომხები შემოასახლა (რაზეც ქართველი საზოგადოებრიობის უშუალო რეაქცია 1832 წლის შეთქმულება იყო). მაგრამ ქართველი ერი, რუსეთის კოლონიურ ერად ქცეული, იბრძოდა და მის ამ უთანას¬წორო ბრძოლაში აქა-იქ გამარჯვებებიც ერია. საქართველოში იქმნებოდა ახალი მძლავრი მხატვრული ლიტერატურა, მწიფდებოდა და ვითარდებოდა პოლიტიკური აზრი, არაოფიციალურად წინ მიდიოდა განათლება, მზადდებოდა ძალები შემდგომი გადამწყვეტი შეტევისთვის იმპერიულ ბორკილთა დასამსხვრევად. საქართველო რეალურად არსებობდა როგორც საქართველო და ისტორიულ მომენტს ელოდა. ეს მომენტი მოვიდა კიდეც და დღეს საქართველო გაეროს წევრი სახელმწიფოა. ოსმალეთიც _ ოტო-მანური იმპერია _ მაშინ ტიპიური აღმოსავლური დესპოტია იყო. მის სახელ-მწიფოში მყოფი ქართველი ხალხი _ თავისი მიწის ერთადერთი და უდავო ავტოხთონი _ ოფიციალური პოლიტიკის თანახმად სრული დექართველიზაციისათვის იყო განწირული. ქართველი მამულიშვილები, რომელნიც იბრძოდნენ, რათა ამ ქართველებისა და მათი მიწაწყლის ნაწილი მაინც საქართველოს ამ ხილულად ქართულ ნაწილში დაბრუნებულიყო _ მის ერთადერთ იმ დროს მებრძოლ ნაწილში _ საქართველოს არანაკლები ღვაწლით შემოსილი გმირები არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვანი რომელთაც საქართველოსთვის თავის დადება უფრო ბედნიერ პირობებში _ ქართული დროშით ბრძოლის პირობებში _ მოუხდათ. იმ ქართველთა შთამომავლობა, რომელნიც მათმა ღვაწლმა საქართველოს იმ დროს მებრძოლ ერთადერთ ნაწილს დაუბრუნა დღეს გაეროს წევრი საქართველოს მოქალაქენი არიან.
ჩვენ თაყვანს ვცემთ და პატივს მივაგებთ ოსმალთა 300-წლოვანი უღლისგან აჭარის განთავსუფლებისა და მისი დედა-სამშობლოში დაბრუნებისთვის თავდადებულ გმირთა მარადიულ ხსოვნას და მივესალმებით მათი უკვდავყოფის მემორიალის დადგმას.

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ჯიბუტი.
8 ოქტომბერი, 2015, თბილისი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress