„ქართული პალტფორმის“ განცხადება
მიუხედავად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, დღემდე გაურკვეველია, როგორი საარჩევნო სისტემით აპირებს მის ჩატარებას კოალიცია „ქართული ოცნება“. ნიშანდობლივია ისიც, რომ ისევ აქილევსის ქუსლად რჩება საარჩევნო სიების დაზუსტება-მოწესრიგების პრობლემაც, რაც მმართველ ძალას არჩევნების ტოტალურად გაყალბების საშუალებას აძლევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: სახელმწიფო სტატისტიკა დღემდე „ამუშავებს“ 2014 წლის ნოემბრის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელი ხელისუფლების არაეფექტიანობას და უპასუხისმგებლობას.
ლოგიკურად ისმის კითხვა: როგორ აისახება საარჩევნო სიებში ის 730 ათასი კაცი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიბარა (ანუ, არჩევნებში „იღებდნენ“ მონაწილეობას) და არჩევნების შემდეგ გაქრნენ?
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერით (ჩატარდა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნომებრის ჩათვლით. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2013 წლის რაოდენობაზე (4 490 500 კაცი) 760 865 კაცით ნაკლებია.
აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს ლეგიტიმური ეჭვი უჩნდება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც სიებით მანიპულირება ისევ გაგრძელდება, რაც არჩევნების გაყალბების მყარ საფუძველს იძლევა!
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის გარკვეული, საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს მიერ მუნიციპალიტეტების, როგორც მაჟორიტარული არჩევნების კრიტერიუმის უარყოფის შემდეგ არჩევნები ტრადიციული (მაჟორიტარულ-პროპორციული) სისტემით ჩატარდება, თუ ძალაში დარჩება ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროექტი, სადაც მაჟორიტარული არჩევნები ტარდება არა ტერიტორიული (მუნიციპალიტეტების) პრინციპით, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით.
„ქართულ პლატფორმას“ მიაჩნია, რომ მაჟორიტარული არჩევნების ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით (ერთ ადგილზე 50000 ამომრჩეველი) ჩატარება კატეგორიულად მიუღებელია. წარმოიდგინეთ: თუ ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს (დავუშვათ ჩხოროწყუს ან ჩოხატაურს) არ ჰყავს 50000 ამომრჩეველი (და ეს ასეა), მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა წარადგინოს ერთად აღებულმა რამდენიმე მიმდებარე მუნიციპალიტეტმა, რაც ნონსენსია.
მეორეც, რამდენად იქნება სამართლიანი, რომ ორ ან სამ ტერიტორიულ ერთეულს ერთი საერთო მაჟორიტარი ჰყავდეს, ხოლო დედაქალაქს, რომელსაც ასეულობით ათასი ამომრჩეველი ჰყავს, იმაზე მეტი, ვიდრე ერთად აღებულ ნახევარ საქართველოს?!
თუ კრიტერიუმებზეა საუბარი, რაოდენობასთან ერთად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის სიმჭიდროვეც, რომ ამომრჩეველს გაეწიოს ერთი და იგივე სტანდარტის მომსახურება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებზე 1000 კაცის სადეპუტატო მომსახურება უფრო ადვილია, ვიდრე იგივე დონის მომსახურების გაწევა 100 ამომრჩეველზე, რომელიც მიმოფანტულად ცხოვრობს კილომეტრებით დაშორებულ ტერიტორიაზე.
მეორეც, ხელისუფლების მიერ ინიცირებული მაჟორიტარული არჩევნების პრინციპით, თბილისის ერთ კვარტალში მცხოვრები ამომრჩეველთა რაოდენობა შესადარისია ერთად აღებული სვანეთის, ფშავ-ხევსურეთის და რაჟის ამომრჩეველთა რაოდენობასთან. ეს პირდაპირ პარადოქსია, რომ არაფერი ვთქვათ სამართლიანობის პრინციპის პატივისცემაზე!
„ქართული პლატფორმისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ჯგუფის ინიციატივა ორდონიანი პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე.
ეს არაფერია, თუ არა სწრაფვა ფედერალიზაციის იდეის დამკვიდრებისკენ (ეს იდეა ჯერ კიდევ „თვითმმართველობის კოდექსის“ მიღების პროცესში რეგიონების სახით იყო „შემოპარებული“, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გავიდა). ამ იდეაში, სურთ თუ არა ეს მის ავტორებს, არის იმ ძალების წისქვილზე წყლის დასხმა, რომლის მიზანი საქართველოს პოლიტიკურად დაქუცმაცება და მისი საბოლოო დასუსტებაა!
ლოგიკურად ისმის კითხვა: როგორი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს რეალურად საქართველოში? ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს საარჩევნო სტანდარტი, რომლის მორგება ყველა სახელმწიფოსთვის იქნება შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს საარჩევნო სისტემა მოარგოს საკუთარი (და არა რომელიმე ჯგუფის, ან პარტიის) ინტერესებს და შეიმუშავოს ოპტიმალური ვარიანტი.
საქართველოს შემთხვევაში საარჩევნო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის წარმომადგენლობა.
2. არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა ქვეყანაში დასრულდეს ტოტალურად გაყალბების მავნე ტრადიცია (იმის გათვალისწინებით, რომ 750 ათასი ადამიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაქრა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიც შეიძლება გაყალბებულად ჩაითვალოს, მაგრამ, რადგან საზოგადოებისთვის მისაღები აღმოჩნდა ამ არჩევნების შედეგები, ამაზე დღეს ყურადღებას არავინ ამახვილებს).
საარჩევნო სიების დაზუსტებასთან ერთად სავალდებულოდ მიგვაჩნია ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყანაში საფუძველს ჩაუყრის მტკიცე პოლიტიკური სუსტემის ფორმირებას.
ხმამაღლა ვაცხადებთ: „ქართული პლატფორმისთვის“ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი საარჩევნო სისტემა არ არის მისაღები. პირველი (ხელისუფლების მიერ ინიცირებული) არ ასახავს რეალურ წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო თანაბარი მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, ხოლო, მეორე ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკურ დაქუცმაცებას და კიდევ უფრო დასუსტებას!
ყოველივე აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია: საქართველო გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომლის დროსაც არჩევნებში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს კენჭი ეყრებათ მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამისა და იდეოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით. ამით ხელს შევუწყობთ პროფესიული პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას და კონკურენტული გარემოს შექმნასაც.
ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია საარჩევნო ბარიერის დაწევა 2-3 პროცენტამდე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის თავმოყრას საკანონმდებლო ორგანოში და კოალიციური დაჯგუფებების არსებობას, რაც თავის მხრივ უფრო ცოცხალს და საინტერესოს გახდის საპარლამენტო საქმიანობას. მეტიც, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშეც!
„ქართული პლატფორმა“ გამოდის ინიციატივით საარჩევნო სისტემასთან და ზოგადად საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება მალე, რომ ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს ხმა მისცეს არა რომელიმე პარტიას პარტიული ლიდერებსადმი პიროვნული სიმპათია-ანტიპათიით, არამედ პოლიტიკური პარტიების პროგრამულ და იდეოლოგიურ პალტფორმას.
პროცესის დაჩქარება ხელს შეუწყობს პარლამენტში მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსაც გონივრულ ვადაში წარმოადგინონ საკუთარი პროგრამა და იდეოლოგიური მიმართულებები.
„ქართული პლატფორმა“