მარიამ მჭედლიშვილი “ახალი თაობა” #218 17.09.2015
სამი წლის წინ ის მოქალაქეები, რომლებიც დიდ იმედს ამყარებდნენ პირადად ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ შექმნილ “ქართულ ოცნებაზე”, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 2015 წელს ქვეყანა ამდენი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა.
არადა, დაპირების მიხედვით, ყოველი მომდევნო წელიწადი უკეთესი უნდა ყოფილიყო, დენის ტარიფი და სხვა კომუნალური გადასახადები უნდა შემცირებულიყო, წინა ხელისუფლების მიერ უსამართლოდ დასჯილ და დაჩაგრულ ხალხს სამართალი უნდა ეპოვა, უნდა შეცვლილიყო მანკიერი სისტემა.
_ დენი 17 კი არა 7 თეთრი უნდა ღირდეს,_უხსნიდა წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ქართული ოცნების კოალიციაში ახლად შესული ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი საამაყო საქმე აგრალური სექტორის მიხედვა იყო. ამ დარგში გადაიდგა ნაბიჯები, ვაუჩერებისა დამ იწის მოხვნით დაწყებული, მევენახეობის სუფსიდირებითა და რუსეთის ბაზრის დაბრუნებით დამთავრებული.
თუმცა, ამ ხელისუფლებამ ხალხის პროტესტი სწორედ მევენახეებისგან იწვნია. 2012 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები, ფაქტობრივად არ გამართულა. ხალხის სერიოზული მობილიზება თავის აქციებზე ვერ შეძლო დიდი ფინანსებისა და საორგანიზაციო შესაძლებლობების მქონდე ყოფილმა ხელისუფლებამ – ნაციონალურმა მოძრაობამაც კი.
ახლა კი ნაციონალები ახალ საპროტესტო მოძრაობას აანონსებენ. მევენახეების აქციებში ნაციონალური მოძრაობის ღია და ფარული ჩარევის ნიშნებიც ჩანს. ამაზე ღიად საუბრობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც. თუმცა, ეს ჩარევა იმ პრობლემების შედეგია, რომლებიც ახალი ხელისუფლების შეცდომებმა გამოიწვია.
ლარის გაუფასურება და პროდუქციის დიდი ნაწილის გაძვირება გრძელდება. წლის ბოლოსთვის თითო სამ-ოთხსულიანი ოჯახის ხარჯი დაახლოებით 300 ლარით მოიმატებს. დედაქალაქელების ცხოვრებას გააუარესებს ისიც, რომ თბილისში კომუნალურ ვაუჩერებს ყველა ვეღარ მიიგებს. ვაუჩერებს ჰპირდებიან მხოლოდ მათ, ვინც უმწეოთა ბაზაშია შეყვანილი, ეს სია კი საგრძნობლად შეთხელდა.
ამ ფონზე ,,ქართული ოცნება” საკუთარი რიგების გადახალისებას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციებით, ხან რომელ პოლიტიკურ ჯგუფს აგდებენ კოალიციის რიგებიდან და ხან რომელს. საუბარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებაზეც. ითვლება, რომ საარჩევნოდ ,,ქართული ოცნების” კოალიციაში შეყვანილი ნაკლებად რეიტინგული და ხალხისაგან დაშორებული პოლიტიკოსებისა თუ საქმოსნების გაქაჩვა ისევ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.
რა იკვეთება ხელისუფლების მმართველობის 3 წლისთავზე? ამ თემაზე “ახალ თაობასთან” საუბარში თავის მოსაზრებების გამოთქმას სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე
მისი აზრით, მთავარი, რაც გამოჩნდა, უპერსპექტივობაა.
_ ამ 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ გაუჩინა პერსპექტივა ვერც მთლიანობაში სახელმწიფოს და ვერც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. იმედი არ ჩანს სახელმწიფოს განვითარების არც ერთი მიმართულებით . ყველაფერი ბედის ანაბარაა დატოვებული, -აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.
მისი თქმით, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა განუხორციელებელი რეფორმები, მონოპოლიზებული საბჭოთა ტიპის ეკონომიკა. ეს ყველაფერი აისახება ისეთ დარგებზეც, როგორებიცაა, მაგალითად, მევენახეობა- მეღვინეობა და ენერგეტიკა.
როცა ხელისუფლება ხალხის მოლოდინს არ ამართლებს, ნორმალურ ქვეყნებში ამომრჩევლებს მისი გადარჩევის უფლება აქვთ. მამუკა გიორგაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა და მხოლოდ ამომრჩეველი ბევრს ვერაფერს გახდება.
მისი აზრით საქართველოში, ისევე როგორც, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში არჩევნები მანკიერად ტარდება. არჩევები მიმდინარეობს ემოციურ ფონზე, დრამატული მოვლენების თანხლებით. არჩევნების შედეგები, როგორც წესი დაკავშირებულია შეთანხმებებთან და გარიგებასთან.
_ეს იცის მმართველმა ძალამ. მოსახლეობის აზრი მათ არ აინტერესებს, რეალური პოლიტიკური ოპონენტი კი არ ჩანს, ამიტომ, არიან მშვიდად _ასკვნის მამუკა გიორგაძე