პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან იდევნებიან

gerbebi_Page_6

პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან იდევნებიან

„სახალხო პარტია“ მხარს უჭერს პოლიტპატიმართა სამართლიან მოთხოვნას

ჩვენ, პოლიტპატიმრები, ვადანაშაულებთ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნასა და ჩვენი უფლებების პერმანენტულ დარღვევაში. ჩვენი საქმეების არგანხილვა და დაუსრულებელი გამოძიებები, უფლებას აძლევს ნებისმიერ პროვოკატორსა თუ ავანტურისტს,  პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულები მუდმივად მოგვიხსენიონ უარყოფით კონტექსტში. ეს ხდება მიზანმიმართულად, სწორედ რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ.

სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში, სოციალურ ქსელებში, საპარლამენტო ტრიბუნიდანაც კი ხშირად ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი მისამართით. ამ დროს, ყველა სხვა მოქალაქისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს კანონიერი უფლება პასუხი მოვითხოვოთ ამ ზიზღისა და სიძულვილის ნიაღვრისთვის, ვინაიდან ჩვენს მიმართ გამოტანილი განაჩენები დღესაც ძალაშია და კანონიერადაა აღიარებული.

პოლიტიკურად რეპრესირებულებს კარი ჩაკეტილი აქვთ ნებისმიერი საქმიანობისთვის და თუ შემთხვევით სადმე დაიწყეს მუშაობა, მათი სამუშაო გარემო იმდენად მძიმდება, რომ იძულებულნი ხდებიან თავადვე წამოვიდნენ სამსახურებიდან, თუნდაც ეს იყოს საჯარო სამსახურები. სახელმწიფოს არ სურს მათი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა.

არსებული ხელისუფლების ამდაგვარი მოქმედების თვალსაჩინო მაგალითია იური ვაზაგაშვილის და ბესიკ ხარძიანის მკვლელობები. ცხადია, რომ ეს მკვლელობები პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია დამნაშავეეთა დასაფარად და სხვების დასაშინებლად.  ეს შედეგია ყოფილი და ახალი ხელისუფლების კოლაბორაციონისტული ქმედებისა, როცა ერთი მხარე „თავს იცავს“ და მეორე მხარეს არ სურს რეალურ დამნაშავეთა გამოვლენა. შედეგად, ორივე ხელისუფლებას ამ ადამიანთა სისხლში აქვს ხელები გასვრილი.

არსებული ხელისუფლების ხელში მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია არა დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად, არამედ, ჩვენი უფლებების გასათელად.

ამავე დროს, დიახ, პოლიტრეპრესირებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც, შესაძლებელია, დაარღვიეს კანონის ჩარჩოები, მაგრამ ამ ადამიანთა ქმედებები განპირობებული იყო სწორედ იმ პოლიტიკურ ძალთა უმოქმედობითა და ნაციონალურ მოძრაობასთან დანაშაულებრივი კოლაბორაციონიზმით, რომლებიც დღეს მრავლად არიან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციაში. აღნიშნულ პირთა ეს ქმედება უნდა შეფასდეს როგორც გამოუვალ მდგომარეობაში აუცილებლობით გამოწვეული თავგანწირვა, რისი საბოლოო მიზანიც ცივილიზებული სამყაროს მხრიდან ყურადღების მიქცევის მცდელობა იყო.

ეს არ ეხება პოლიტპატიმართა მცირე ჯგუფს, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო არ არის დაინტერესებული საკუთარი საქმეების გადახედვით და საბოლოო გამართლებით.

დროა, კანონით პოლიტპატიმრებად აღიარებული ადამიანები მიხვდნენ, რომ არავის დაუმსახურებია მათი პერმანენტული მადლიერება, ვინც არ უნდა იყოს ის, პიროვნება თუ პარლამენტი. ჩვენ თავისუფლება თვითონ მოვიპოვეთ, როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებით, უსამართლობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლით. ჩვენ არ განგვიცხადებია თანხმობა მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საპრეზიდენტო შეწყალებაზე. პირიქით, დღეს ხელისუფლებაში მოხვედრილ ადამიანებს მართებთ ჩვენს მიმართ მადლიერების გამოხატვა, ჩვენი კანონიერი უფლებების აღდგენით, რადგან სწორედ ჩვენი დაღვრილი სისხლით და დამტვრეული ძვლებითაა მოფენილი ის გზა, რომელმაც ხელისუფალნი სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მიიყვანა.

ხშირია საუბარი იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ არ აასრულა დანაპირები. მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის დაპირება აქ არაფერ შუაშია – სამართალი უნდა აღსრულდეს იმისდა მიუხედავად, სურს ეს ვინმეს თუ არა. ზუსტად ესაა სახელმწიფოს მოვალეობა და ის არავის პოლიტიკურ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

შერჩევითი სამართალი, რომელიც გამოიყენება ჩვენს წინააღმდეგ, საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ – ეს ხელისუფლება გვდევნის პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულ და დაზარალებულ ადამიანებს, რითაც ეჭვქვეშ აყენებს მითს იმის შესახებ, რომ  საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგა. თავადვე აცხადებენ საკუთარ თავს წინა ხელისუფლების მემკვიდრედ და მათსავით აიგივებენ თავს სახელმწიფოსთან. უარს ამბობენ წლების განმავლობაში თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიების დამთავრებაზე. ყველა ხერხით ცდილობენ უსამართლობის გამართლებას.

ჩვენ არ ვართ საჯარო პირები და არ გვაქვს თმენის ვალდებულება საზოგადოების წინაშე. დგება მომენტი, როცა ყველა სხვა პრობლემა უკანა პლანზე გადადის და მხოლოდ პროკურატურაში შეტანილი უამრავი, რეაგირების გარეშე დარჩენილი განცხადებით ვეღარ შემოვიფარგლებით. რადგან ეს პოლიტიკური დევნა ავტომატურად აისახება ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე, რომლებიც იზრდებიან დამთრგუნველ გარემოში. ისევე როგორც პოლიტიკურად რეპრესირებულნი, არც ისინი არიან დაზღვეულნი პროვოკატორთა გამოხდომებისგან.

იმის გამო, რომ სამართლის პოვნის ყოველგვარი იმედი დაგვიხშეს, თუნდაც იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული ფსევდორეფორმებითა და იმ ადამიანთა წახალისებით, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტრეპრესირებულთა წამებასა თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, ასევე, პროვოკატორები, რომლებიც, თავის დროზე კუდის დავალებით ახდენდნენ ამ ადამიანთა კომპრომეტირებას, დღეს არა თუ განთავისუფლებულები არიან სამსახურებიდან, არამედ, პირიქით, დაწინაურებულნი არიან. ზოგიერთმა მათგანმა შსს-ს მინისტრის მოადგილისა და მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტსაც კი მიაღწია, იძულებულნი ვართ მივმართოთ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, საელჩოებს, საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებს და განვაცხადოთ – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა  და მათი ოჯახის წევრთა მიზანმიმართული დევნა-შევიწროვება, რაც გამოიხატება ჩვენი სამოქალაქო უფლებების ფაქტობრივ აყრაში და მიზანმიმართულ დამცირებაში.

პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულნი:

ჯემალ გუნდიშვილი, ვახტანგ მაისაია, რამაზ ღვალაძე, გოჩა აფრასიძე, ნიკოლოზ გოგუაძე, შმაგი აფრასიძე, ბადრი ჩიგოგიძე, ბაქარ ჩიგოგიძე, ირაკლი ჩარბაძე, დავით ჩიტრეკაშვილი, ზურაბ ჩიტრეკაშვილი, მახარე სისაური.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress