ნაც-ქოცური წაჯექ-უკუჯექობანი, ანუ

gerbebi_Page_6

იკვეთება სურათი   _ ქოცები  ვითომ “ებრძვის” ნაცებს, ნაცები ვითომ “ებრძვის” ქოცებს, სინამდვილეში ერთად ააფეთქეს საყდრისი – ერთად ებრძვიან საქართველოს მომავალს.

საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ ვითარდება. ამ დიდი ვნებათაღელვის პროცესში მრავალი სახელმწიფოებრივი  პრობლემა გამოიკვეთა. ბოლო წვეთი ნავთი ცეცხლზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში დაასხა.  პრემიერმა ღარიბაშვილმა არაკომპეტენტურობის  და მიკერძოებულობის სამაგალითო ნიმუში გვაჩვენა და მარნეულში უნიჭოდ დაწერილი სცენარის მიხედვით, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის პრემიერაზე მიიპატიჟა ქართული საზოგადოება.

მოქმედება საბჭოთა –ბოლშევიკური დროისთვის დამახასიათებელი სტილით განვითარდა: გვახსოვს მაშინ  მშრომელთა კოლექტივების ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილებების ინიციატორად გვევლინებოდნენ, ახლაც  პრემიერს მარნეულის ცენტრში დახვდნენ RMG-ის წარმომადგენლები და კატეგორიულად მოთხოვეს “ნაცებისგან” საწარმოს და შრომის უფლების დაცვა_ მუშაობაში ხელს გვიშლიან და ან თქვენ მიხედეთ ან ჩვენ  თვითონ მივხედავთო.  პრემიერმაც არ დააყოვნა და წელში გამართულმა, როგორც ძალაუფლების მპყრობელმა და თავის სიმართლეში დარწმუნებულმა, რიხიანი ხმით დაამშვიდა მშრომელები _ არავის მივცემ უფლებას მუშაობაში ხელი შეგიშალოთ და სამიათასი (?!) ოჯახი სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე დატოვოსო. იქვე დაურთო საყდრისის ძეგლის განადგურებას მხოლოდ ნაცები, მათ მიერ დაქირავებული სატელიტი ორგანიზაციები და საეჭვო წარმომავლობის მქონე ექსპერტები აპროტესტებენო.

ჩვენი პოზიცია საყდრისთან დაკავშირებით ცნობილია და აქ აღარ შევეხებით, საზოგადოების ყურადღება პრობლემის სხვა ასპექტზე გვინდა გავამახვილოთ.

“ნაცმოძრაობა”  რომ ცდილობს ერის ინტერესების დამცველებად მოგვევლინოს და ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა თუ დანაშაული გამოაშკარავოს ეს ბუნებრივი პოლიტიკური საქციელია, ეს ყველა ქვეყანაში ოპოზიციის პირდაპირი მოვალეობაცაა. უბრალოდ, მათ ამის პოლიტიკური, სამართლებრივი თუ მორალური უფლება უნდა ჰქონდეს!  არაბუნებრივი   და სახელმწიფოებრივად საშიში კი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს მისგანვე “კრიმინალურ ბანდად” წოდებულ ჯგუფს პოლიტიკურ წარმოჩინებაში.

დიდი ხანია ნაცბანდის წარმომადგენლები ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე მთავარი ოპოზიციური ძალის სახელი დაიმკვიდრონ, მიუხედავად მათ მიმართ ქართველი ხალხის აშკარად გამოხატული სიძულვილისა. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებისთვის  მიუღებელი და უარყოფილი პარტიის მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენა ხელისუფლებისთვის  კომფორტულია, მის ფონზე საზოგადოების მხარდაჭერა გარანტირებულია, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთოდ ატროფირებული აქვს სახელმწიფო და ადამიანური ღირებულებების განცდა. დანაშაულებრივ ჯგუფს პოლიტიკაში უქმნის სასათბურე პირობებს და სასიცოცხლო სივრცეს უსპობ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს და ამასთანავე  ნაც-მოძრაობის “მარაქაში” გაიგივებით შეურაცხყოფას აყენებ იმ ხალხს ვინც საკუთარ თავზე ყველაზე მეტად იწვნია “ნაცმოძრაობის” მართველობის სისასტიკე და რეპრესიები  და,  დღესაც აგრძელებენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, მათ შორის, საყდრისის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის  ჭირისუფლობას. მათი  “დაქირავებული სატელიტ ორგანიზაციებად, საეჭვო წარმომავლობის მქონე ექსპერტებად  და ნაცების მიერ მოსყიდულებად”  მოხსენიება სხვა არაფერია თუ არა  ეროვნული ინტერესების დამცველთა საერთოდ კეთროვნებად გამოცხადება, ამით კი დღევანდელი ხელისუფლებისათვის ვითომ საძულველი ნაციონალებისათვის კიდევ ერთი მაშველი რგოლის გადაგდება.

პრემიერს ჩვენც ვეთანხმებით იმაში, რომ საყდრისის თემა მრავალი მედროვესთვის გახდა “საინტერესო და მიმზიდველი”, მაგრამ მათი გამოვლინება, ჯანსაღი სპექტრიდან გამოცალკავება და მხილება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ისევე, როგორც მდგრადი და კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი გარემოს შექმნა.

პოლიტიკურად “მოუმწიფებელი” ხელისუფლებისგან ყველა სუბიექტის ერთ ტაფაში მოქვევა, შეიძლება, გულუბრყვილო ადამიანს მხოლოდ  მასაზე გათვლილ მარტივ პოლიტიკურ ინსინუაციად ან იაფფასიან სპეკულაციად მოეჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ გვეხება, ჩვენც არ გავამახვილებდით ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღებას, რომ არა ის მაღალი პასუხისმგებლობა რომელიც გაგვაჩნია.

“ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ამ წაჯექ-უკუჯექობაში უფრო შორს მიმავალი გეგმები იკვეთება. სინამდვილეში მარნეულის სიუჟეტი თითქმის  სამი წლის განმავლობაში(!) მიმდინარე ყბადაღებული კოჰაბიტაციის თავისებური გაგრძელებაა.

ხელოვნური “პოლიტიკური ორპოლუსიანობა”,   ანუ მართვადი ქაოსის შექმნა,  საქართველოს   ამყოფებს ანარქიის მდგომარეობაში და,  მიმართულია იქითკენ, რომ ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა  ვერ შეძლოს კონსოლიდირება!   სამყაროს მიმდინარე გლობალური გადანაწილების დროს საქართველომ ვერ დაიცვას თავისი სტრატეგიული ინტერესები, რაც  ხელისუფლების პერმანენტული სიბრიყვის ფონზე უდიდეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

“ქართული ოცნებისათვის” ისევ ღირსების საკითხად რჩება, როგორც თავის დროზე უსუფაშვილმა ბრძანა “ნაცმოძრაობის” გადარჩენა. თავის მხრივ, “ნაცმოძრაობა” თავისი წვრილმანი ინტრიგებით და საზოგადოებისთვის  მიუღებელი თოქ_შოუების ორგანიზებით  “კეთილსინდისიერად უბრუნებს ვალს” და ამ “დაპირისპირების” ფონზე უზრუნველყოფს მმართველ ძალას ზოგადად ოპოზიციური აზრის საწინააღმდეგო “არგუმენტებით”. დასადგენია ეს პროცესი შიდაქართული დაუწერელი შეთანხმებებით ხდება თუ საქართველოს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებს ინსტრუქციების სახით ცალ-სალკე უგზავნიან მონაწილე სუბიექტებს.

ამ სიტუაციაში ქართული საზოგადოება დგება არჩევანის წინაშე: აიძულოს ხელისუფლება ნაციონალებთან კოლაბორაციის კურსი შეცვალოს საკუთარ ხალხთან თანამშრომლობის კურსით ან ორივე პოლიტიკურ ძალას ერთი და იგივე განაჩენი გამოუტანოს გასაჩივრების უფლების გარეშე.

მამუკა  გიორგაძე, ჯემალ გუნდიშვილი, მიხეილ ჯიბუტი   06.04.2015

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress