ხელისუფლება პოლიტიკურ თაღლითობაშია შემჩნეული

giorgadze-1

ნაცმოძრაობა `ქართულ ოცნებას~ კომფორტული გარემოთი უზრუნველყობს
შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 03.04.2015
რამდენად სახიფათოა შიდა კლანური დაპირისპირება და რა პრობლემის წინაშე დგას ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზოვთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის თანამშრომლობას, რომელიც მმართველი კოალიციის მხრიდნ კრიმინალურ დაჯგუფებად იწოდება?
_ თუ ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური ბანდა, როგორც ამას პრემიერი და სახელისუფლო დეპუტატები აცხადებენ, გაგვაგებინონ, რატომ ზის პარლამენტში ეს კრიმინალური ბანდა. რატომ იკავებს ეს კრიმინალური ბანდა ასეთ ფართო მასშტაბით მიდიას; რატომ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, მიიღოს ვიზიტებისთვის დაფინანსება. ქონდეს შესაძლებლობა ყავდეს ცესკოში თუ სხვაგან წარმომადგენლები. თავისთავად აბსურდამდე არის ეს ყოველივე. რომ ერთის მხრივ, ჩვენ ამათ _ ნაცმოძრაობას წარმომადგენლები ჩავსვით ე.წ. საპარლამენტო ნდობის ჯგუფში, რომელსაც ყველა საიდუმლო უნდა ვუთხრათ, გივი თარგამაძე მყავს მხედველობაში და მეორეს მხრივ, ნდობის ჯგუფის შეკრებები არ იმართება იმიტომ, რომ არ შეიძლება თარგამაძემ იცოდეს ეს საიდუმლოებები. აი, ეს შეუსაბამობოები უნდა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ მიგვაჩნია ის, რომ ეს არის კრიმინალური ბანდა, ამ ბანდის ადგილი არის განსასჯელის სკამზე. სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შემდგომ, ეს ხალხი უნდა იჯდეს ციხეში და არა პარლამენტში. მაგრამ, რა ხდება? შესაბამისი ემოციური ფონი შექმნილია და საზოგადოებას ნაციონალების გინებით ამშვიდებენ, თანაც ეს ნაციონალები იღებენ პრემიებს, დანამატებს. ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. თავს კომფორტულად გრძნობენ პოლიტიკაშიც. ამასთან, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს საშუალება თქვას, ნაცმოძრაობის შეკითხვებს პასუხს არ ვცემო. Aამ ხმაურში იგნორირებას უკეთებს იმ ჯანსაღი ნაწილის შეკითხვებს, რომლებიც ხელისუფლების მოქმედებას ითხოვს. ეს უკვე პოლიტიკური თაღლითობაა.
_ ანუ ხელისუფლება პოლიტიკურ თაღლითობაშია შემჩნეული?
_ კი, პოლიტიკურ თაღლითობაშია შემჩნეული. როდესაც ქმნი სიტყვიერად ემოციურ ფონს და რეალურად დგამ საწინააღმდეგო ნაბიჯებს, აბა რა არის?! როდესაც გამოსვლებში ნათქვამს დოკუმენტში არ ასახავ. 3 წელი გავიდა ხელისუფლებაში ხარ, ნუთუ არ შეიძლებოდა, რომელიმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის ბოლომდე მიყვანა?! ეს თავისთავად მეტყველებეს იმაზე, რომ არ სურთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება. ტერმინებსა და ტერმინებს არსს შორის განსხვავება დიდია. სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება სამართლიანობის დამკვიდრების გარეშე. ერთი-ორი კონკრეტული შემთხვევა, თუნდაც დაზარალებულის დაკმაყოფილება, იმას არ ნიშნავს, რომ ორიენტირება ხდება აღდგენაზე. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხელისუფლება ცდილობს, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი რაც შეიძლება გაწელოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში სამართლიანობა არ დაამკვიდროს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მას პასუხს ვერ მოსთხოვენ. ჩვენ უკვე გვაქვს საყდრისის აფეთქების ფაქტი, ლარის მძიმე მდგომარეობა, ეკონომიური გაჭირვება, კიდევ სხვა თემები, საერთოდ, არცთუ ისე სახელმწიფოსთვის მისაღები პოლიტიკა. ყოველივე ეს ჩვენ შეიძლება არგუმენტად მოვიყვანოთ იმისათვის, რომ რადგანაც პასუხს სხვას არ თხოვენ, არ ქნიან ისეთ გარემოს, რომ მათაც მოსთხოვონ თავის დროზე პასუხი.
_ საქმე გვაქვს ნაციონალებსა და ხელისუფლებას შორის გარიგებასთან? რატომ უნდა აწყობდეს მმართველ გუნდს ასეთი დისკრედიტებული ძალა მთავარ ოპონენტად, რომელიც ქვეყნის გარეთაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის აქ კი სრულ კომფორტშია?
_ აქ ჩვენ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ხელისუფლების კომფორტი და ქვეყნის ინტერესები. ნაცმოძრაობა უზრუნველყობს `ქართულ ოცნებას~ კომფორტული გარემოთი. ძალაუფლების პყრობის საქმეში შექმნილია კომფორტული გარემო, რომ ცოტა ძნელად წარმოსადგენია იმაზე უარესი გააკეთოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ, ვიდრე ეს ნაცმოძრაობამ გააკეთა. ამიტომ, ამ ფონზე ის ყოველთვის იქნება უკეთესი, ვიდრე მეორე პარტიაა, როცა ეს მეორე პარტია არის ნაცმოძრაობა. შესაბამისად, ეს არის კომფორტული. კომფორტულია, როდესაც ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელსაც საზოგადოება სვამს, არის პასუხი `ქართული ოცნებიდან~, რომ ნაცმოძრაობა უარესს აკეთებდა, კომფორტულია ამის თქმა. ხოლო მეორეს მხრივ, როდესაც საუბარია ქვეყნის იმიჯის შელახვაზე და ა.შ., ეს ამ ხელისუფლებას ძალაუფლების პყრობაში დისკომფორტს არ უქმნის. ეს ქვეყანას უქმნის პრობლემებს. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია გონივრული ეჭვი გამოვთქვათ, როგორც ხშირად საუბრობენ სატელევიზიო ეთერიდან, რომ პირიქით, არც ანაღვლებს ამ ხელისუფლებას სახელმწიფოს იმიჯი საზღვარგარეთ. ბოლოსდაბოლოს, რა გახდა 3 წლის განმავლობაში, ჩადი და ამ ევროპის სახალხო პარტიას, დაელაპარაკე, აუხსენი ვითარება და დაუდე არგუმენტები. ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ მცდელობაც კი არ გვინახავს. მაშინ, როდესაც ამის გამოცდილება არსებობს და ამის მიღწევა თავისუფლად შესაძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხდება.
_ რას იტყვით, კრიმინალის ზრდაზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, ეს პრემიერის არასწორი მოღვაწეობის შედეგია? ხარძიანის მკვლელობის პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა, თითქოს მავანთ გუნდის შიგნითაც შეიძლება აწყობდეს ხმაურიანი მკვლელობები.
_ ხელისუფლების შიგნით, რომ შიდა კლანური დაპირისპირებაა, ეს აშკარაა. ის, რომ ყველა მინისტრს პირადი დაინტერესება აქვს, ესეც ჩანს. დღევანდელი მთავრობა რომ ერთიანი არ არის მსოფლმხედველობრივ შეფასებებში, ესეც ნათელია. შესაბამისად, რომ შიგნით ფეხის დადებები და ზურგს უკან ბრძოლები რომ მიდის, ესეც ყველასთვის ნათელია. თეორიულად ვერ გამოირიცხება ის, რომ ყველა ცდილობს ხელი ღარიბაშვილს შეაწმინდოს იმიტომ, რომ ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე ღარიბაშვილია პასუხისმგებელი, ხოლო მინისტრები მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე და მაქსიმალურად ცდილობენ აირიდონ მთლიანი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამიტომ ეს ყველაფერი ბუნებრივია ეკისრება ღარიბაშვილს და შესაბამისად, მთავრობაშიც კმაყოფილნი არიან. პერსონალურად მას არ ეხება არავინ და მთელი ლანძღვა-გინება მიდის ღარიბაშვბილის მიმართულებით. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ტიპის მთარობების დრო საქართველოში უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება ერთი მინისტრი იყოს კმაყოფილი იმიტომ, რომ ყველა უბედურებაში ბრალს მეორე მინისტრს სდებენ და მას არ ეხებიან. ერთიანობის შეგრძნება არ აქვთ. ეს მხოლოდ მაშინ დამკვიდრდება, როდესაც საერთო ინტერესი ექნებათ. როცა ყველა მინისტრს ერთიანი ამოცანა ექნება თავისი კონკრეტული ფუნქციით. დღეს ერთიანი ამოცანა არ არის. ამ ტიპის ხელისუფლებები ამიტომაც არ არიან ორიენტირებული აღმშენებლობაზე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress