რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? 21.10.2009

SONY DSC

ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი.

საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად გაუმართლებელი, თანამედროვე მეცნიერულსა და ჰუმანიტარულ ცოდნასთან შეუთავსებელი წარმოდგენა ადამიანის რაობასა და ბუნებაზე. ადამიანი არის გონიერი და თავისუფალი არსება (ერთადერთი სულდგმულებს შორის). მის ამ თვისებას _ თავისუფლებას_ ეკრანი გვიხატავს უმართებულოდ გაღატაკებული სახით, სახელდობრ, როგორც საკუთარი ნებისმიერი სურვილისა და მიდრეკილების დაუბრკოლებლად დაკმაყოფილების თავისუფლებას _ ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხელფეხის ქნევისა და ბღავილის, არაფრით არ რეგულირებული სექსუალური ქმედების (პრომისკუიტეტის, `უმცირესობითი~ ორიენტაციის და ა.შ.) თავისუფლებას. მაყურებელს უმალავენ, რომ ადამიანის უმთავრესი თავისუფლება არის გარესამყაროს თავისი შეხედულებისამებრ მართვის თავისუფლება, ანუ სამყაროსთვის იმ სახის მიცემისა, რომელსაც ამ ადამიანს მისივე აზრი და გონება ყველაზე საუკეთესოდ უხატავს ყველა შესაძლებელთა შორის.  
ადამიანის სწორედ ეს თვისება იგულისხმება ბიბლიურ ფორმულირებაში, რომ ადამიანი შექმნილია `სახედ და ხატად ღმრთისა~. მისი ამ თვისებიდან გამომდინარეობს მისი პასუხისმგებლობაც ყველაფერზე, რაც დედამიწაზე ხდება, პირველ ყოვლისა _ თავისი ოჯახის, თავისი სამშობლოს და ა.შ. ბედზე. (თუ ქვეყანა დამექცა, თუ მეზობლის შვილი გამილოთდა, თუ ჩემს სოფელში უსამართლობა ხდება, ამაზე მეც პასუხისმგებელი ვარ). ადამიანის ეს უძირითადესი თვისება _ თავისუფლება და სამყაროზე პასუხისმგებლობა _ ქართველს ეკრანზე დანახული სულისკვეთების მიხედვით, ამპუტირებული აქვს. ანუ ნების მხრივ იგი ნახევარადამიანის _ ადამიანობამდე ვერ განვითარებული ინდივიდის_ დონემდეა ჩამოყვანილი. ქრისტიანული რელიგიისათვის, პირიქით, ყოველი ინდივიდუალური ადამიანი უსასრულო, აბსოლუტურ ღირებულებას წარმოადგენს. ადამიანები თანასწორნი ვართ იმაში, რომ სიკეთე-ბოროტების გარჩევის უნარი და ამ ორს შორის ჩვენი გზის ჩვენი ნებითვე განსაზღვრის უნარი გვაქვს. ადამიანის ეს კონცეფცია (გაგება) შეუთავსებადია იმასთან, რისკენაც მას, სამწუხაროდ, ეკრანი უბიძგებს. ამიტომ ეს უკანასკნელი ქრისტიანულ ეკლესიას თავის მტრად თვლის.
ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელსაც დიდი წვლილი უდევს საქართველოს ხელისუფლების აპარატში დღეს მაღალ თანამდებობებზე მყოფი ქართველი ახალგაზრდების `მომზადებაში~, თავისუფლების ცნების ხსენებული შინაარსი არ იცის.
საქართველოს ხელისუფლებაში და ტელეეკრანზე გაბატონებული იდეოლოგია იწვევს ადამიანის ინტელექტუალურ დეგრადაციასაც, სულ ცოტა ¬_ მისი ინტელექტუალური წინსვლის სტაგნაციას მაინც. მისი გავლენით მსმენელი მოცილებულია ე.წ. ბუნებრივი ადამიანის პოზიციას, რომელიც ამბობს `ერთგულება, ღარიბის დახმარება, დედაბრისთვის ტროლეიბუსში ადგილის დათმობა კარგია, ამის საპირისპირო მოქმედება კი ცუდია~. მას შექმნილი აქვს ილუზია, რომ ადამიანთა ეს ტრადიციული რწმენები მეცნიერებით ვერ მართლდება და რომ მათი დარღვევა, უფრო მეტიც _ მათთან ბრძოლა თანამედროვე მეცნიერების დონეზე დგომას ნიშნავს. სინამდვილეში თანამედროვე მეცნიერებამ იცის (კანტის დროიდან მაინც), რომ ადამიანის შიდასამყარო, როგორიც იგი არის _ მისი აზროვნებისა და გრძნობის წესი და შინაარსი _ თვითონ მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია. მეცნიერება, რომელიც მას სწავლობს (ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ეთიკა, ე.წ. სიღრმის ფსიქოლოგია და ა.შ.) თვით არის ე.წ. მკაცრი მეცნიერება, როგორიც მათემატიკა ან ქიმიაა, და ადამიანის შინაგანი ცხოვრების კანონზომიერებები სინამდვილის ისეთივე ობიექტური, მეცნიერულად შესწავლადი ნაწილია, როგორც ფიზიკის ობიექტები. ეს რომ ასეა, ჩანს წეღან მოყვანილი მაგალითიდან: `ბუნებრივ პოზიციაში~ მდგომი ადამიანი ამბობს `ეს კარგია, ეს ავია~. სწავლადაწყებული, მაგრამ ვერნასწავლი ადამიანი მას ეუბნება: `არა, შენ ღარიბის დახმარება კარგი გგონია მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ გეშინია გაღარიბებისა და გინდა სხვა დაგეხმაროს. შენს ცნობიერებას შენი სოციალური ყოფიერება განსაზღვრავს.~ თანამედროვე მეცნიერება კი ეუბნება: `არა. მართალია, იმის გადაწყვეტაში, თუ რა ჩათვალოს კარგად და რა _ ავად, ადამიანი თავისი რეალური სოციალური ამოცანებისა და ჩვევების გავლენას განიცდის. მაგრამ ის, რომ ადამიანს აქვს თავისთავად კარგის (სიკეთის) და თავისთავად ავის (ბოროტების) იდეა და ცნება, ვერანაირად ვერ აიხსნება მისი რეალური ყოფიერების გავლენით. ეს მისი თანდაყოლილი, ინტუიციური იდეა და რწმენაა და ვისაც უნდა გაიგოს ადამიანი, ადამიანთა საზოგადოება, ისტორია და ა.შ., ის ამ ფაქტს უნდა დაემყაროს თავის მსჯელობაში~. ქრისტიანული მიდგომა, რომელიც ადამიანის სულში უსაზღვრო სიღრმეს ხედავს და მასში უძლეველ კეთილ საწყისს ცნობს, შეურიგებელია ხსენებული ნახევარცოდნით მართულ იდეოლოგიასთან. შეურიგებელია იგი ასევე, ამ ნახევრად ცოდნაზე, ნახევრად უმეცრებაზე დამყარებულ ღირებულებათა შკალასთან, რომელიც, მაგალითად, `ელიტად~ რაცხს ფულიან ადამიანთა წრეს, და არა გონებით, ცოდნითა და ენერგიით გამორჩეულებს, როგორც მთელი კულტურული მსოფლიო. ხელისუფლებაც, შესაბამისად, შეურიგებელია ქრისტიანული სულისკვეთების მიმართ.
მეორე სიმახინჯე ხელისუფლებისა და ეკრანის იდეოლოგიისა არის ეროვნული ნიჰილიზმი. რაში მდგომარეობს იგი, საზოგადოებამ იცის. ქრთული სამოციქულო ეკლესია თავს ყოველთვის თვლიდა და თვლის ერის მწყემსად და ერზე პასუხისმგებლად. ამ მიზეზითაც ხელისუფლება შეურიგებელია ეკლესიასთან, თუმცა ამის შენიღბვას არ იზარებს.
ამ კამპანიის მსვლელობაში საზოგადოების წინაშე წამოიჭრა (მახინჯი ფორმით) სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მორალის ურთიერთობის თემა. არ ვკამათობთ, რომ ქ-ნ თეა თუთბერიძეს ან მის მსგავს რომელსამე უსწავლელ ხელისუფალს აქვს სრული უფლება, თქვას, რაც უნდა, და, თუ ტყუილი გამოუვიდა, ცილისწამებისთვის დაისაჯოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს შემდეგი: დასავლური ცივილიზაცია (ქართული ცივილიზაციაც ტიპოლოგიურად ამ უკანასკნელს ეკუთვნის), რომელიც კაცობრიობის დღევანდელ კულტურულ სახეს განსაზღვრავს, შექმნილია და ჩამოყალიბებულია საკუთარ სიტყვასა და ნაწერზე საზოგადოების ინტერესთა წინაშე პასუხისმგებლობის პირობებში. თანამედროვე ხუნვეიბინებისათვის (ორივე სქესისა) ეს წესი უცნობია: ისინი ამბობენ და აცხადებენ ყველაფერს, რაც მათს განუვითარებელ გონებაში ჩნდება, და უკმაყოფილონი რჩებიან, თუ ვიღაცამ `არადემოკრატიულად~ გალანძღა ისინი მათი ამა თუ იმ ნათქვამისთვის. ეს ულოგიკობაა. ასეთი რეაგირება მათი მხრიდან მხოლოდ განათლების დეფიციტის შედეგია. ის, რომ ცივილიზაცია იქმნება და ვითარდება საკუთარი ნათქვამის შინაარსზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის პირობებში, მათთვის უცნობია. რაც შეეხება მათ მიმართებას ჩინელ ხუნვეიბინებთან (რომლებიც ისტორიას ჩაჰბარდნენ), განსხვავება მხოლოდ ნეგატიურია უკანასკნელთა სასარგებლოდ: ჩინელი ხუნვეიბინები ჩინეთიდანვე იმართებოდნენ, ხსენებულ ქართულ ფსევდოიდეოლოგიას კი უცხო ძალა, სახელდობრ, რუსეთი მართავს, რომლის დავალებაში შედის, რომ საქართველოს ძირის თხრის პოლიტიკა `დასავლური ღირებულებების~ სახელით ტარდებოდეს.
რაც შეეხება ვითარების პოლიტიკურ მხარეს, იგიც, ჩვენი აზრით, ნათელია: ანტიეკლესიური კამპანიის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკლესიას განზრახვა შეატყეს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრაქტიკული ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში (რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა). იქიდან, რომ ეკლესიის ეს განზრახვა ხელისუფლებისთვის ყველა სხვაზე უფრო მიუღებელია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.
მამუკა გიორგაძე
21.10.2009

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress