ხელი უშვით ჩვენს მარადიულ სამკვიდრებელს!

gerbebi_Page_6

05.03.2015 
მოსაზრება “რეზონანსი” 05.03.2015
ქართველი ერის სიცოცხლე განუყოფელია საქართველოს მიწისგან. ვერც დიასპორის სახით, ვერც საკუთარ ქვეყანაში უმცირესობის სახით ქართველი ერი ვერ იარსებებს. ამას ობიექტური მიზეზები აქვს:
|. ქართველმა ერმა იცის, რომ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მისი სამოსახლო მიწა-წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მის სამეზობლოში კი – საუკეთესო. ეს ქართველს ანიჭებს იმის განცდას (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი ამ მიწის შესანარჩუნებლად უაზრო არ არის: იგი თავის შთამომავლობას დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ ასეთი მოარული ფრაზები როგორიცაა “მშვენიერი საქართველო”, “ტურფა საქართველო”, “ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო”, “ქართულზე უკეთეს ხილს ვერსად შეჭამ”, “აქაურზე უკეთეს წყალს ვერსად დალევ”, “ჩვენზე უკეთესი საღვინე ყურძენი არსად მოდის” და ა.შ. მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ქართველმა კაცმა ისტორიულად იცის, რომ საქართველოს მიწის დაკარგვით იგი და მისი შთამომავლობა მომავალს კარგავენ.
||. ქართველმა კაცმა იცის, რომ საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, ზოგადად – მოსახლეობის ხარისხის თვალსაზრისით, აგრეთვე საკუთარი ცხოვრების მოწყობის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი უჭირავს. ქართველმა იცის (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მისი ერის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მისი ქვეყნის ბუნებრივი მახასიათებლებით (მაგალითად, ყველას ესმის, რომ ადამიანი, რომელსაც მთაგორიან რელიეფში უწევს ცხოვრება, უფრო მეტად არის აღჭურვილი წარმოსახვითა და აქტიური აზროვნების უნარით, ვიდრე ის, ვინც ტრამალში ცხოვრობს).
აზროვნების აქტიურობა, რაც ადამიანს ბავშობიდან უნვითარდება, როგორც ცნობილია, დიდი ფაქტორია მისი შემოქმედებითი აქტიურობისთვის, შრომისა და შემოქმედების ყველა დარგში.
|||. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის მრავალგვარობა ქართველ კაცს (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც) ანიჭებს იმის განცდას, რომ მასაც და მის მოდგმასაც უნარი აქვთ სრულფასოვნად იშრომონ და იბრძოლონ ყველანაირ ექსტრემალურ პირობებში, სიცხეშიც და ყინვაშიც, მთაშიც და ბარშიც, წყალშიც და ხმელეთზეც. ამდენად, საქართველოს მიწა-წყალი ქართველს უღირს სხვა ყოველივესთან ერთად – საქართველოს ბუნება ადამიანს არც ანაზებს, არც გაუსაძლისი პირობებით ჩაგრავს. იგი მას განვითარების საუკეთესო პირობებს უქმნის.
საქართველოს კანონმდებელს არ აქვს უფლება ქართველი ერის (საქართველოს მოქალაქეთა კრებულის) ამ ბედნიერ მემკვიდრეობას, მის წინაპართა სისხლით დაცულს თუნდაც ერთი გოჯი მოაკლოს. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, როგორც საცხოვრისის ისტორიულად ჰარმონიზებული ერთიანი სისტემა ვერ იმუშავებს მისი ნაწილ-ნაწილ ხელყოფის (გასხვისების) შემთხვევაში.
ზ.თ. კანონპროექტი “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისშესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში ქართული საზოგადოების “ზურგს უკან შევიდა”. მისი საჯარო განხილვა არ მომხდარა. საზოგადოებამ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი ტექსტი საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ გვერდზე დაიდო. კანონპროექტმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მასზე არც ერთი დადებითი გამოხმაურება არ ყოფილა საჯარო სივრცეში.
სიტუაციის გადარჩენა, ეტყობა, “თავის თავზე აიღო” საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ და მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე დღეში შეიქმნა ე.წ. “ალტერნატიული ვარიანტი”. ჩვენ ხელთ არ გვაქვს ამ უკანასკნელის ოფიციალური ვერსია (თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ამ “ალტერნატიულ ვარიანტში” ჩანს მთავრობის ხედვა და სტრატეგია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმართ. ასევე არ ჩანს ანალიზზე დაფუძნებულ რა გამოწვევებს პასუხობს იგი. კანონპროექტი უნდა ემსახურებოდეს ხედვის, სტრატეგიისა და დასახული მიზნების განხორციელებას). სამუშაო ვერსიის საფუძველზე, ბუნებრივია, განხილვას ვერ შევთავაზებთ მკითხველს, თუმცა ერთის თქმა კი შეგვიძლია: თუ ბატონი ტყემალაძე ეცდება ის სულისკვეთება გადაიტანოს ოფიციალურ ვერსიაში, რომელიც სამუშაო ვარიანტშია და რომელიც იურიდიული პირების ინტერესების ლობირებითაა გაჟღენთილი და პარლამენტს შესთავაზოს როგორც ალტერნატივა – ეს იქნება ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა. ეს არ გამოვა! ჩვენი ვალია აკადემიურად გავაფრთხილოთ იგი, რომ ქართული მიწის განიავების ხელშეწყობის შემთხვევაში, ბატონი ტყემალაძე პერსონალური პასუხისმგებლობით წარსდგება სასამართლოს წინაშე.
- მიწა ერისთვის მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად, წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.
- თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან, მაშინ უყოყმანოდ იწირება თეორის მოთხოვნა. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ.
- ქვეყნის რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა;
- ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა;
- მიწა არა მხოლოდ პროდუქციის წარმოების წყაროა, არამედ ქართული მოდგმისა და ერის განმტკიცების ფაქტორიც;
- ქვეყნის სიძლიერე გლეხკაცის მიწასთან მარადიულ კავშირშია;
- გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელია;
- მიწისაგან გლეხკაცის მოწყვეტა გამოიწვევს, სოფლის, როგორც ეროვნული კულტურის საძირკვლის, ყოფაცხოვრების წესის შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლას.
- სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხკაცი თავის პირად მამა-პაპურს “მამულსაც” იცავდა. სხვა სიტყვით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამულის – სახელმწიფოს – დაცვის სახით იცავდა. ეს ფსიქოლოგიური კანონზომიერება მარადიულია.
ამ სასიცოცხლო თემაზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს შემდეგი:
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნო-ფსიქოლოგიური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.
მიწა, საკუთრების სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, წარმოების საშუალებას და სახელმწიფო ტერიტორიასაც. ამდენად, მიწის საკუთრებას, გარდა ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვისა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. ესაა სახელმწიფო ტერიტორიული შეუვალობა, ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი).
ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის (ერის) საკუთრებაა. ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბიექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ არც ერთ თაობას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას.
ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე – მისი პოტენციური მყიდველი, მომხმარებელი, მფლობელი და გაჭირვების გამო გამყიდველი – დღეს არაკონკურენტუნარიანია უცხოელებთან მიმართებაში.
ფართოდ უნდა გაცხადდეს საქართველოს საზოგადოების ერთობლივი აზრი, რომ ხელისუფლების განზრახვა უცხოელებისთვის ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიწის მიყიდვისა, არის კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებულის გაყიდვა და რომ ასეთი ნასყიდობა გაუქმდება. მოსახლეობის ეს ნება და ეს აზრი, გაფრთხილების ფორმით უნდა მიეწოდოს შემოსახლების მსურველებს, როგორც გაფრთხილება ნაქურდალის ყიდვის გამო აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ქართულ საზოგადოებას მოქმედება უსწრაფესად მართებს!
საზოგადოების `საქართველოს მიწის გუშაგი~ სახელით: გიორგაძე მამუკა, გოგოხია რევაზ, კოღუაშვილი პაატა, მაქაცარია გურამ, ნათაძე ნოდარ, რამიშვილი ბადრი, ქეშელაშვილი ომარ, ცნობილაძე პაატა, ჯიბუტი მიხეილ, ჯინჯოლავა ზაურ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress