რეზონანსი 25.02.2015
თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ კი, საკვები რესურსების შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. პირველ რიგში ეს ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება. თანაც ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე.
მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. დამახასიათებელია ამ მხრივ აფწ-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა.
სწორედ ამიტომ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა. სასოფლო ტიპის მიწის მოქალაქეობის არმქონე პირებზე განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება შეზღუდულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობებით.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს ქვეყნებში შეზღუდვა არსებობს იურიდიული პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზეც. აქ გვხვდება გარკვეული რეგულირება, წინაპირობები, რომელიც ართულებს ან გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს.
ზოგჯერ არსებობს სახელმწიფო ორგანოების მიერ სპეციალური, დამატებითი ნებართვის მიღების შემაფერხებელი პროცედურა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ქონების შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვა.
საზოგადოებას ვთავაზობთ ზოგიერთ მოსაზრებას 2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ კანონპროექტზე “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
- კანონის პროექტის განმარტებით ნაწილში არ არის გარკვეული თუ რატომ არის საჭირო მცირემიწიანი საქართველო თავის მიწას უცხოელებზე ყიდდეს. ნათელია, რომ ამისთვის კანონმდებლის ცნობიერებაში ან ქვეცნობიერებაში ერთადერთი მოტივი არსებობს: “ამას მოითხოვს დემოკრატიული ზრდილობა”. უკიდურესად არადემოკრატი კანონმდებელი ამით იმშვიდებს “სინდისს” და ამავე დროს მომგებიან იმიჯს იქმნის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ უცხოელებზე მიწის განუკითხავი გასხვისება სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით მიუღებელია (ამას მეტყველებს მაღალდემოკრატიული დასავლეთის მთელი საკანონმდებლო პრაქტიკა).
- კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული, დამუშავებულია თუ არა მიწა და ა.შ. ასევე, როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებისა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის.
- საინტერესოა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში და როგორია მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციების ოდენობა. ამით გავიგებთ, რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი;
- ზოგადად მიწით სპეკულაციის საშიშროება უფრო მეტად არსებობს იურიდიული პირების მხრიდან და შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შეზღუდვები უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, ძირითადად, მიმართულია იურიდიული პირების მიმართ, რაც ასევე არ ჩანს კანონში ცვლილებების პროექტში;
- მნიშვნელოვანია კანონში ცვლილებების პროექტი აყალიბებდეს/არეგულირებდეს მსხვილმასშტაბიანი მიწის მფლობელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთობებს. მისასალმებელი იქნება თუ მსხვილმასშტაბიანი მიწის მესაკუთრეს, გარდა ზოგადი ვალდებულებებისა სახელმწიფოს მიმართ (მიწის გადასახადი და სხვ.), ექნება ვალდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ (ინფრასტრუქტურის, განათლების, სოციალური და სხვა ღონისძიებების დაფინანსება). ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, მიიღოს არაპირდაპირი სარგებელი და ასევე ხელს შეუწყობს მათ კეთილგანწყობილ ურთიერთობებს, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.
- კანონმდებლობა ნათლად უნდა აყალიბებდეს თამაშის წესებს, რომლებიც გამორიცხავს არასწორი ინტერპრეტაციებისა და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას. თანამდებობის პირების მიერ (თუნდაც ჯგუფურად) არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროსთან თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას საბჭო, როგორც პოლიტიკის ნაწილი, თუმცა მისი მანდატი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, რათა არ დარჩეს სივრცე მიკერძოებული გადაწყვეტილებებისთვის.
- დასადგენია, რა მიზანს ემსახურება მინიმალური ზღვარის დაწესება (5 ჰა ფიზიკური პირისთვის და 20 ჰა იურიდიული პირისთვის). თუ მიზანია ის, რომ ნაკვეთების დანაწევრება არ მოხდეს, მაშინ მითითებული უნდა იყოს, რომ ნაკვეთის გაყოფა და ნაწილის შეძენა არ შეიძლება და ეს უნდა ეხებოდეს ასევე საქართველოს მოქალაქესაც. ამასთან, გაუგებარია როგორ მოხდება პირის მიერ ორი მომიჯნავე (მაგალითად, სამჰექტრიანი მიწის ნაკვეთის შეძენა), ანუ ეს ნაკვეთები ჯერ უნდა გაერთიანდეს და შემდგომ იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი?
- ასევე საკითხავია, რამდენად ეფექტური იქნება მიწით სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად ზედა ზღვარის დაწესება, რადგან კერძო ან იურიდიული პირის მიერ შესაძლებელია დაფუძნდეს რამდენიმე იურიდიული პირი და ისე იქნეს შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწა;
- საკითხავია თუ რამ განაპირობა შეზღუდვების გაუვრცელებლობა, კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე.
- გაუგებარია, რატომაა საჭირო უცხოელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ნოტარიუსის გარეშე დადოს გარიგება და ასევე უცხოელს არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისას არ მოეთხოვება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსთან.
- ასევე გაუგებარია მუხლი 1-12, რომელიც ეხება შეღავათს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს, თუნდაც ეს ეხებოდეს პირდაპირი მიყიდვის შემთხვევას.
სწორი ხედვის, სტრატეგიისა და შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელია კვალიფიციური ანალიზის გაკეთება. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს მიწის ეფექტურ გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვებით, არამედ მიწათსარგებლობის მონიტორინგის საშუალებით, რისთვისაც შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები იქნება საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მიწათსარგებლობის მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას, ასევე მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეფექტური სისტემის ფუნქციონირებას.
პროექტში მოცემული შეზღუდვები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი შესაძლებელია რეალურად მოქმედებდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი ინვესტორისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ შემუშავდება მიწის გამოუყენებლობისთვის სანქციები, მნიშვნელოვანია, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მიწის რეფორმის ფარგლებში პრივატიზებულ მიწებს.
სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვისადმი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამოცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთიანად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩართვის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას.
არ არის საკმარისი, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში შევიდეს, თანამედროვეობასთან მორგებულად ჩამოყალიბებული გრძელი რიგი ცვლილებებისა. აუცილებელია, რომ კანონში უკვე არსებული ძველი, სწორი განსაზღვრებები და ახალი, რომლებსაც დრო მოითხოვს, აიწყოს ახალ სისტემად, დასახულ ამოცანათა გადაჭრას სჭირდება, პრაქტიკულად, მიწათსარგებლობის ახალი კანონის (კოდექსი) მიღება და არა ძველის ჩასწორება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ ახალ განსაზღვრებათა შორის არის ის, რომ აუცილებელია დაწესდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული რეგულაციები (პროექტი მომზადებულია).
მისაღებია ნორმატიული აქტი “სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ”, რომელიც უნდა აისახოს კანონში და გავრცელდეს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (პროექტი მომზადებულია).
აგრეთვე ნორმატიულად უნდა განისაზღვროს “სოფლის სტატუსი” და დამკვიდრდეს სოფელში თვითმმართველობა, რადგან დღეს ქართული სოფელი, მხოლოდ გეოგრაფიული დასახელების ფუნქციის და არა ტერიტორიული და სოციალური ერთეულის მატარებელია (პროექტი მომზადებულია).
მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით აუცილებელია მიწათსარგებლობის მონიტორინგის დაწესება, რომელიც უნდა ფუნქციობდეს მიწის საინფორმაციო სისტემის შემადგენლობაში. მიწის საინფორმაციო სისტემა ქვეყანაში ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია.
სასოფლო-სამეურნეო მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში (ბრუნვაში) მოქცევის არა ერთი, არამედ, ორი გზა არსებობს: პირველი – მიწის კერძო საკუთრება და მეორე – მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.
ჩვენ პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, უცხოელების მიმართ, ძირითადად, ეს უკანასკნელი უნდა იქნეს გამოყენებული. ეს ფორმა იგნორირებულ იქნა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის გაუქმებით. ამისთვის კი საჭიროა, სასოფლო მიწის იჯარის შესახებ ახალი კანონის მიღება და მასში ნათელი და გამჭვირვალე ნორმების შეტანა.
სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა კანონმდებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეების, საზოგადოების, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ და მიწის სოციალური დანიშნულების ხასიათიდან გამომდინარე შეუზღუდოს უცხოელს ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.
მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა. ხელისუფლება კანონმდებლობას უნდა არეგულირებდეს იმდაგვარად, რომ დაცულ იქნეს, როგორც საქართველოს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, ასევე სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები და მათი ბალანსი.
ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს საშუალება მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი (კოდექსი), რომელშიც თანამედროვეობასთან მორგებულად ასახული იქნება ის რეგულაციები, რომლებიც ეხება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას და მხოლოდ ამის შემდეგ ავამოქმედოთ იგი.
საქართველოს გააჩნია იმის ინტელექტუალური პოტენციალიც, რომ პოლიტიკური ნების პირობებში, უმოკლეს ვადაში შექმნას მიწათსარგებლობის სრულფასოვანი კანონი (კოდექსი).
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას აგრარულ და მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეში თუ გაუჭიანურებლად იტყვის უარს წარმოდგენილ კანონპროექტზე, მიიღებს დროებით ნორმებს იმ უცხოელებთან დაკავშირებით, რომელთაც უკვე მოახდინეს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით აქტივობები. მთავრობა აიღებს ვალდებულებას 3-4 თვეში მიწის სრულფასოვანი კოდექსის პროექტის შესაქმნელად და გააპიროვნებს ვალდებულებას, პროექტის შემუშავების პროცესში ჩართოს მეცნიერები, სპეციალისტები, შემდგომ მოაწყოს პროექტის საჯარო განხილვა საზოგადოებაში, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში და ამის შემდეგ მიღებული კოდექსის საფუძველზე, რომელიც იქნება მის ირგვლივ საზოგადოების მაღალი კონსოლიდაციის საშუალებაც, მისი დანერგვით მიაღწიოს კონკრეტულ წარმატებას. სხვა გზა ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად მოლიპულია, ქვეყნისათვის კი – მავნე.
საზოგადოების “საქართველოს მიწის გუშაგი” სახელით
პროფესორები: თ. ჩხეიძე, გ. მარგველაშვილი, ა. ფირცხალაშვილი, დ. ჯულუხაძე, ნ. ქარქაშაძე, ო. ქეშელაშვილი, ლ. ფრუიძე, მ. ვაჩნაძე, ო. ჟორდანია, ვ. გურული, რ. გოგოხია, ი. ბაჩიაშვილი, გ. მაქაცარია, მ. ბოხუა, დ. ბახტაძე, პ. ცნობილაძე, ბ. რამიშვილი, ა. აბრალავა, ნ. ჩიხლაძე, მ. შალამბერიძე, გ. გოგიაშვილი, ზ. მიქელაძე, ქ. ფრიდონაშვილი, გ. თვალჭრელიძე, პ. გიორგაძე, ლ. ჩაჩუა, მ. გიორგაძე, ა. მესხიშვილი, გ. ზიბზიბაძე, ნ. ნათაძე, მ. ჯიბუტი, ზ. ჯინჯოლავა, პ. კოღუაშვილი