მამუკა გიორგაძე: “ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის”
ახალი თაობა #305 25.12.2014
შორენა კოწოწაშვილი
რატომ შეიყვანეს საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფში ფე-ეს-ბეს აგენტი და რატომ აიგივებენ ივანიშვილის პირად ინტერესებს საქართველოს ინტერესებთან, ამ საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ფაქტია, საკამოდ უარყოფითად ფასდება ხელისუფლების ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამის მიუხედავად, რატიფიციურებულია ასოცირების ხელშეკრულება. რა შეგიძლიათ თქვათ, ხელისუფლების დასავლეთთან ურთიერთობაზე და საერთოდ, პოლიტიკურ პროცესზე?
_ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უფრო მეტად ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურობის შედეგია, ვიდრე ქართული პოლიტიკის ლოგიკური ნაბიჯი. ვიცით, რომ წელიწადნახევრის შემდეგ უნდა ყოფილიყო როგორც პარაფირება, ასევე რატიფიკაცია, მაგრამ მათ გადმოწიეს ვადა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ შესაძლებელია საქართველო კიდევ ერთხელ თავისი ბუნებრივი განვითარების გზიდან გადავიდეს და გაუთვლელი და გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად კვლავ აღმოჩნდეს იმ დახურულ სივრცეში, რასც აღმოსავლური ტირანია ჰქვია. ეს არამარტო ეხება იმას, რომ საქართველო აღმოჩნდება რუსული პოლიტიკის გავლენის ქვეშ, არამედ იმასაც, რომ საქართველოს შიგნით მართვის ფორმები იქნება ბოლშევიკური; იქნება აგებული ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის პირად ინტერესებზე; იქნება მორგებული მხოლოდ მმართველი კასტის ინტერესებზე. შესაბამისად, მოქალაქე იქნება დაუცველი იმ პრობლემების წინაშე, რომელიც მას დაუდგება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ საქართველო რუსული გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, არამედ იმაზე, რომ მართვის ფორმით საქართველოში არ დამაყრდება დემოკრატიული პროცესი. განვილი 25 წელი ამის დადასტურებაა. დასავლეთი ცდილობს გვაგრძნობინოს, უნდა ჩვენთან თანამშრომლობა და მზად არიან იმისთვისაც, თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრება გვექნება, თუნდაც ევროკავშირის ხელმძღვანელთა ის განცხადებები, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის აკვანია და ა. შ., გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ისინი ჩვენში პარტნიორს ეძებენ, რომელიც გააზრებულად იქნება ცივილიზებული პოლიტიკის მომხრე და რომელსაც შეეძლება თავისი კერძო ინტერესების დაცვაც. ევროკავშირთან ასოცირება ამის საშუალებას გვაძლევს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.
_ ანუ დასავლეთმა დაინახა საფრთხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება რუსული კურსი აიღოს და ამიტომ დააჩქარა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება?
_ დასავლეთი ბოლო წლების განმავლობაში ამ საფრთხის შესახებ მიგვითითებს. როგორ გგონიათ, საყდრისის აფეთქება, თუნდაც უძველესი ყორღანების განადგურება, ამ ფორმით ჩატარებული არჩევნები ან მართვის ის ფორმა, როდესაც უმაღლესი პირი გასულია სამართლებრივი სივრციდან, თუნდაც გასული წლების მოვლენები, თუნდაც სხვა რამ, ამის ნათელი დადასტურებაა. ზოგ შემთხვევაში დასავლეთმა ზეწოლა განახორციელა და აგვარიდა ზოგ რამეში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ გაიგო დღევანდელი ვითარებისა და საზოგადოებისთვის შეიძლება გაუგებარი ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ ეს ყოველივე მიმართულია იქითკენ, რომ ხელი შეეწყოს ქართულ საზოგადოებას, რათა ის ჩამოყალიბდეს, როგორც ცივილიზებული სახელმწიფოს შემქმნელი მოქალაქეთა ერთობლიობა. სამწუხაროდ, სასურველი შედეგი დღეს არ ჩანს. ორი პრობლემა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. თავისთავად ის, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდებით, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგრძელდება მართვის ის ფორმა, რომელიც დამკვიდრებულია. ანუ კასტის კეთილდღეობაზე მორგებული პოლიტიკა. ამ საფრთხეს ყველა ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანი ხედავს. შესაბამისად, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, ქვეყანა ამ პრობლემებს აარიდოს. თუ არადა, რა შეფასება შეიძლება მივცეთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას დაღუპულ ქართველ მებრძოლთან მიმართებაში. სხვაგვარად ამას ვერ შევაფასებთ. რა შეფასება უნდა მივცეთ ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებებს, სახელისუფლო დეპუტაციას ვგულისხმობს, რომლებმაც თქვეს, რომ ხელისუფლება მზად არ არის პუტინთან შესახვედრად. თუ მზად არ ხარ, ხელისუფლებაში რატომ მოდიხარ? ასე ხომ თავის თავს შიფრავენ. რა ძნელი სათქმელია, რომ მხოლოდ დეოკუპაციის პროცესში შეიძლება რაიმე წარმატებული დიალოგის წარმოება. ამ განცხადებებით კი მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ უუნარო ხალხი ვართ?!
_ ანუ ოცნების ხელისუფლება ყოველდღიურად ახდენს უუნარობის დემონსტრირებას?
_ რა თქმა უნდა. Aაგერ, ღიად გამოჩნდა, კაცი გეუბნება შემხვდი, საჩხუბრად ხომ არ გიწვევს. ან მიგაჩნია, რომ ის არის შენი უფროსი და არ ხარ მზად უპატაკო დავალების შესრულება, ჯერ არ ხარ მზად აფხაზეთი ჩააბარო, ანდა უნდა შეხვდე და თუ ხარ ქართული ინტერესების გამტარებელი, პირში უნდა უთხრა სათქმელი. გვახსოვს, სოხუმის შტურმის წინ რუსეთმა შემოგვთავაზა შემოდით დსთ-შიო. შევარდნაძემ მკაფიო უარი განაცხადა. მაგრამ როდესაც ტრაგედია დატრიალდა, სოხუმი დავკარგეთ და სამეგრელოში ასეთი ტრაგედია იყო, შევარდნაძე გამოვიდა და თქვა მნიშვნელოვანი ფრაზა: ,,მაშინ არ ვიყავით მზად დსთ-ში შესასვლელად, ახლა მზად ვართო.” ეს ფრაზა დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერებული, იგივე ასოციაციას იწვევს. გამოდის, ხელისუფლება არ არის მზად, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქართველი ხაკლხი ამისთვის მოამზადოს და მერე შეხვდება პუტინს? აი ეს ასოციაციები ქართული პოლიტიკისა, ძალიან პესიმისტურ განწყობაზე გვაყენებს ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან ერთგულების თაობაზე. აი ეს არის პრობლემა, თორემ როგორ შეიძლება ხელისუფლებამ თქვას, არა ვართ მზად პუტინთან შესახვედრადო. ყოვლად მიუღებელი პოზიციაა.
_ პრობლემა რა არის, ქვეყნის საგარეო კურსი ამ დრომდე გამოუკვეთავია?
_ პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს განვითარებას აბამს თავის პირად კეთილდღეობას. ამიტომ არ იცის, ჯერ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და შესაბამისად, საქართველოს აყენებს დარტყმის ქვეშ, მაგრამ დარტყმას არიდებს საკუთარ კეთილდღეობას. აი ამასთან გვაქვს საქმე. ამ ტიპის ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტულია რუსულ გარემოში ცხოვრება იმიტომ, რომ ეს ხალხი უფრო ახლოს არის რუსულ ბიზნესთან, უფრო ახლოსაა, ასე ვთქვათ, უკანონო ბიზნესთან, სახელმწიფო კაპიტალის ხარჯზე ცხოვრებასთან და უფრო ახლოსაა ადამიანის უფლებების დარღვევასთან. შინაგანად ეს ხალხი რუსეთუმეები იმიტომ კი არ არიან, რომ იდეოლოგიურად რუსეთისკენ გაურბით თვალი, იმიტომ არიან, რომ საბჭოთა მმართველობის სტილში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე დასწრებამ. რა სიგნალი იყო ევროპის სახალხო პარტიის მიერ სააკაშვილის მიწვევა ევროპარლამენტში?
_ პოლიტიკურ ცხოვრებაში ასე ხშირად ხდება. როდესაც რომელიმე მხარე არ არის დარწმუნებული მისი პარტნიორის კეთილსანდოობაში, ბუნებრივია ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს მისი მხრიდან ქვეყნის მონოპოლიზების საშუალება. სააკაშვილის მიწვევა იქ ნიშნავს იმას, რომ ეჭვის ქვეშ დგას საქართველოს დღეავანდელი ხელისუფლების სანდოობის საკითხი. სააკაშვილი რაც არის, დასავლეთში ყველამ კარგად იცის. ეს იმითაც დასტურდება, რომ მის დასაცავად თავის დროზე თავი არავინ გამოიდო. როგორც უკრაინაში კარგად იცოდნენ ვინ არის ტიმოშჩენკო, იანუკოვიჩს მონოპოლიზების საშუალება რომ არ ჰქონოდა, მაქსიმალურად ხდებოდა ტიმოშჩენკოს დაცვა. იგივე თურქეთის მაგალითი ავიღოთ, ამერიაკში იმყოფება ერდოღანის დაუძინებელი მტერი გიულენი. ამერიკამ ძალიან კარგად იცის, რომ გიულენი უფრო მეტად რადიკალი ისმალისტია, ვიდრე ერდოღანი, მაგრამ მას სჭირდება იმისთვის, რომ არ მოხდეს თურქეთში პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზება. სხვა ოპონენტი, გაცილებით მისაღები დღეს თურქეთში გამოკვეთილი არ არის, ისე როგორც საქართველოში არ არის გამოკვეთილი. ამიტომ ხელისუფლება თუ უნდა, რომ სააკაშვილი აღარ იყოს ბერკეტი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა გახსნას საჯარო სივრცე და როგორც კი გამოჩნდება ჯანსაღი ოპონენტი ხელისუფლებისა, ავტომატურად სააკაშვილს მოაკლდება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება. მაგრამ რადგან ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ეს იმას ნიშმნავს, რომ მას აწყობს სააკაშვილის წარმოჩინება. იმიტომ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ სააკაშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, ქართველი ხალხის ნდობას ვერ დაიბრუნებს, ის, როგორც იტყვიან, გაჭრილი კარტია. ამიტომაც აწყობს ,,ოცნებას” ნაცმოძრაობის არსებობა. დისკრედიტებული ძალის არსებობა ხელისუფლებას აწყობს; და მეორე _ ამ ხელისუფლებას სურს სააკაშვილს გაუკეთოს იდენტიფიცირება დასავლურ ღირებულებებთან, არადა ერთი დასავლური ღირებულება მაჩვენონ, რომელიც სააკაშვილმა საქართველოში დაამკვიდრა: ან ათი წლის განმავლობაში ერთი ბოლომდე განხორციელებული რეფორმა, რომელიც ჩვენ დასავლურ ცივილიზაციასთან დაგვაახლოვა. ამ ხელისუფლებას აწყობს, საქართველოს სახალხო პარტია ან ეროვნული მოძრაობის წარმომადგნელები კი არ იყვნენ იდენტიფიცირებული ოპონენტობასთან, რეალურ ძალობასთან, ან თუნდაც დასავლურ ღირებულებებთან, არამედ უკვე რეიტინგდაკარგული ნაცმოძრაობა და სააკაშვილი. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა.
_ ვადამდელი არჩევნების კონტურები თუ იკვეთება? ფაქტია ოპოზიციის ნაწილი ამის აუცილებლობაზე საუბრობს.…
_ ამაზე კომფორტულ მდგომარეობას ხელისუფლება ვერ მოძებნის. რასაც უნდა, იმას აკეთებს, წინ აღმდგომი არავინ ყავს.
_ გასაგებია, მაგრამ როცა კოალიციაური მთავრობა უუნაროდ მოიხსენიება, ეს მის მომყვანს _ ივანიშვილს, რომელმაც თავის დროზე პასუხისმგებლობა აიღო, არ ადარდებს? ანუ მის იმიჯზე უარყოფითად არ მოქმედებს?
_ უარყოფითი საქართველოსთვის არის, თორემ ივანიშვილის სურვილების ასრულებისთვის ეს ხელისუფლება მზად არის მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ოდიშარია კულტურის მინისტრობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ის შეჭოჭმანდა გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ დანიშნეს მიხეილ გიორგაძე, რომელიც არ შეჭოჭმანებულა და თქვა თანხმობა საყდრისის აფეთქებაზე. ამიტომ უუნარო ეს ხალხი საქართველოსთვის არის, თორემ პირადი კეთილდღეობისთვის კი არა. ივანიშვილის ინტერესების მომსახურებისთვის უნარიანები არიან. მას სწორედ ასეთები სჭირდება. ეს ხალხი სათითაოდ შეარჩია თვითონ ივანიშვილმა, მისთვის არავინ არავის შეუჩეჩებია. კონსტიტუციის შემმუშავებელ ჯგუფში დეპუტატ ნანა ყეენიშვილის ქმარი ვინმე ქარქუსოვი, რომელიც თვითონვე ადასტუირებს, რომ ფე-ეს-ბეს აგენტი იყო, არის შეყვანილი, მაგრამ არც ერთი წევრი ამ ჯგუფისა, არ არის ეროვნული მოძრაობიდან. როგორ ფიქრობთ, ეს უნიათობით მოუვიდათ? არა ბატონო, ხელისუფლებას აწყობს, რომ სწორედ ქარქუსოვი იყოს საკონსტიტუციო ჯგუფში, რომელმაც რამდენმე წლის წინ თვითონ აღიარა, რომ ფე-ეს-ბეს აგენტი იყო, მისი ცოლი კი დეპუტატთა სიაშია და პარლამენტში ,,ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. როგორ გგონიათ, ეს შემთხვევითია, ანდა ეს უნიათობა ვისზე აისახება? ანდა დავუშვათ თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრად. ადამიანი, რომელიც ნახევარ საათში იცვლის გადაწყვწეტილებას, იმისდა მიხედვით ნიშნავენ თუ ატოვებინებენ თანამდებობას, როგორ დაიცავს ის საქართველოს საგარეო ინტერესებს? მაგრამ ასეთი მინისტრი ივანიშვილს აწყობს. ამიტომ გავმიჯნოთ ჩვენ ივანიშვილი და საქართველო ერთმანეთისგან. საქართველოს დაცვა უნდა გახდეს ჩვენთვის პრიორიტეტი და არა ივანიშვილის ინტერესების. არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის.