რეზონანსი (03.11.2014)
1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში გაბატონებული ორივე გუნდის პოლიტიკა – შევარდნაძისაც და სააკაშვილისაც – ორი მთავარი ელემენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო საქართველოს ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ “დასავლეთის” სახელით, რასაც “თანმხლებ პროდუქტად” დასავლეთისადმი სიძულვილის პროვოცირება ჰქონდა. მეორე იყო გზადაგზა, როგორც საქმე მოიტანდა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს სიმდიდრიდან და მისი სტრატეგიული პოზიციებიდან მსხვილ-მსხვილი ნაჭრების “მოტეხვა”.
შევარდნაძემ “მოტეხა” ის, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ფირმებს მიასხვისა, რუსები “მემშვიდობეებად” დაგვიკანონა, რუსებსვე აფხაზეთი ჩააბარა, ნიადაგი მოუმზადა მათთვის ცხინვალის ჩაბარებას, საქართველო შეათრია (გაყალბებული პროცედურით) “ესენგეში” და ა.შ.
სააკაშვილმა მიზანმიმართული წინასწარ მოლაპარაკებული ღალატით ჩააბარა რუსებს ცხინვალი და კოდორის ხეობა, მიზანმიმართულადვე დაანგრია განათლება და მეცნიერება, გააათკეცა საქართველოს ინფრასტრუქტურის რუსებისათვის მისხვისების მასშტაბი, ღია ბაზარში გაიტანა (ანუ საქართველოს წაართვა) სასოფლო-სამეურნეო მიწა, გაზრდილი მასშტაბით გააგრძელა შევარდნაძის პოლიტიკა ქართველი მოსახლეობის საემიგრაციოდ სტიმულირების და უცხოელი მოსახლეობის იმიგრაციის ხელშეწყობის საქმეში.
დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი ანონიმური მეთაურის ხელმძღვანელობით უკვე “ისახელა თავი” ისტორიის წინაშე იმით, რომ ანტისახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ იურიდიული ბაზა შეუქმნა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პარალიზაციას და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ფიქციად ქცევას. მიწის განიავების პოლიტიკაში იგი სრული სიზუსტით (და იმავე კრიმინალური პერსონაჟების გამოყენებით) აგრძელებს სააკაშვილის პოლიტიკას.
რუსეთის სასარგებლოდ მსუქანი “ნაჭრების” მიტაცების მრავალრიცხოვან ღონისძიებათა (ჯერჯერობით, ძირითადად, ვერ განხორციელებულთა) შორის დღეს მოქმედ პროგრამაში ლიდერობს დაღისტნიდან (ანუ რუსეთის ფედერაციიდან) კახეთში საავტომობილო მაგისტრალის გამოყვანა ყადორის უღელტეხილით, რასაც, რუსეთის გაცხადებული ჩააფიქრით, უნდა მოჰყვეს ამ მაგისტრალის მიყვანა ერევნამდე. უსუსურ არგუმენტად ამ გეგმის სასარგებლოდ საქართველოს ვაიადმინისტრაციის და ვაიპოლიტიკოსების “გათვლა” – საქართველოსთვის უფრო მოხერხებულია და ეკონომიკურად მომგებიანიაო რუსეთის მიმოსვლა ახალი გზით და არა დარიალით – პირწმინდად ყალბია. ამ გზის გამოყვანა მტრის ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში შეუთავსებადია საქართველოს საარსებო ინტერესებთანაც და ჩვენი რეგიონის დაცულობასთანაც რუსეთის მორიგი სრულმასშტაბიანი აგრესიისაგან, რომელსაც დღეს განხორციელების ძალიან დიდი ალბათობა აქვს. სახელდობრ:
1. დარიალის გზა ინტენსიურად ფუნქციობს და იფუნქციებს. მტრის მეორე არტერია საქართველოსკენ (ყადორის უღელტეხილი) კი არ ენაცვლება პირველს (დარიალისას), არამედ ემატება მას.
2. მეორე მაგისტრალი სტრატეგიულად უფრო სახიფათოა, ვიდრე პირველი, რადგანაც
- თუმცა რუსს ყაზბეგამდე (ანუ მთელი დარიალის ხეობის მანძილზე) თავისი შემოტევის გზა უკვე გაკაფული აქვს (სახელდობრ, საეჭვო უცხო ფირმის ხელით აგებს ფართო გვირაბს ვითომ დარიალჰესისათვის წყლის მისაწოდებლად, სინამდვილეში კი სამხედრო ძალის გასატარებლად. ამ გვირაბის ქცევას ჯავშანტექნიკის, საბრძოლო ტვირთებისა და ცოცხალი ძალის მოძრაობის ყოველმხრივ დაცულ კორიდორად სჭირდება ნახევარი საათი, რაც ჰყოფნის თერგის წყლის გადაგდებას თავისსავე ბუნებრივ კალაპოტში), ყაზბეგიდან უღელტეხილამდე შემომტევ ძალას ბრძოლით ამოსავლელი აქვს ოც კილომეტრზე მეტი აღმართი, ყადორის უღელტეხილზე კი რუსი უკვე დგას და ბრძოლით მოძრაობა უღელტეხილიდან კახეთის ბარამდეღა სჭირდება.
- დარიალის გზა გამოდის თბილისზე, რომელიც, თუ საქართველო ფეხზე ოდნავ მაინც იდგომება, დაუცველი არ დარჩება, ყადორის გზა კი გამოდის ყვარელი-საბუეს მონაკვეთში, რომელშიც თავდაცვითი ინფრასტრუქტურა არ არსებობს და კიდევ დიდხანს ვერ შეიქმნება.
- ყადორის გზა ამიერკავკასიაში შემოდის სწორედ მის ცენტრალურ ადგილას (სახელდობრ, მას ძალიან დადაბლებული კავკასიონის სიგრძის ნახევარი ურჩება აღმოსავლეთით, უფრო მაღალი ნახევარი კი დასავლეთით), ამდენად, ყვარელი-საბუეს მონაკვეთი რუსეთისთვის ყველაზე კარგი პოზიციაა მთიდან ამიერკავკასიაზე (და არა მხოლოდ საქართველოზე) გლობალურად მნიშვნელოვანი შემოტევისათვის დიდი ძალებით.
3. თემას, რომელსაც ვიხილავთ, სტრატეგიულის გარდა პოლიტიკური მხარეც აქვს. პუტინი არის დღეს მაქსიმალურად რეიტინგიანი ხელისუფალი თავისი ქვეყნისა, რომელიც მასში გამარჯვებულ დიქტატორს ხედავს, მაგრამ ხვალ და ზეგ იგი თავისი ამ რეიტინგის სრულად დაკარგვის უშუალო საშიშროების წინაშე დგას, უფრო ზუსტად, – მისი გარდუვალი დაკარგვის წინაშე. პუტინისთვის პირადი და პოლიტიკური ბედის საკითხია მკაფიო, თუნდაც სულ მცირევადიანი (რამდენიმე თვიდან ორიოდე წლამდე) წარმატების მოპოვება, რომელიც მას ქვეყანაში პრესტიჟს მოუტანს და, აქედან გამომდინარე, ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. ამიტომ იგი ყველა ავანტურაზე, პირველ ყოვლისა კი – საძულველი საქართველოს წინააღმდეგ ავანტურაზე – წასვლისათვის მუდმივად ფსიქოლოგიურ მზაობაში იმყოფება. მისი შემკავებელი მხოლოდ ნატოს უშუალო ძალის ფაქტორი იქნება (ანუ მას აკავებს ნატოს “სწრაფი რეგირების” ძალების უკვე ბალტიისპირეთში სამოქმედოდ დემონსტრირების მზაობის ფაქტი).
4. როგორც უკვე გამოჩნდა, დღეს მიმდინარე წინააღმდეგობაში რუსეთის გამომწვევად აგრესიული სტრატეგიის წინააღმდეგ დასავლეთს არჩეული აქვს არა “ცხელი”, არამედ “ცივი” მეთოდების გზა, სახელდობრ, რუსეთის ეკონომიკური იძულება (თუმცა “ცხელ” გზისათვისაც მზადყოფნაშია). ამიტომ პუტინისთვის აზრი აქვს კავკასიონის სამხრეთით სტრატეგიული პოზიციების მაქსიმალურად გაფართოებას თვით ამ ოპერაციის პერსპექტივაში წამგებიანობის პირობებშიც კი, რადგან ამ პოზიციების დაკავება მას დამატებით “სავაჭრო ქულებს” ანიჭებს შემდგომ მოლაპარაკებაში რეალურად მასზე უკვე გამარჯვებულ მოწინააღმდეგესთან.
5. უდავოა, რომ ხსენებული მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთს შორის დღეს მიმდინარე ჯერჯერობით ცივი ომის რომელსამე ეტაპზე გარდუვალად შედგება და რომ ეს მოლაპარაკება უხვად იქნება გაჯერებული ე.წ. “პოკერის ილეთებით”. უდავოა ისიც, რომ ამ მოლაპარაკებაში იფიგურირებს ფუნდამენტური მნიშვნელობის სტრატეგიული ინტერესებიც, რომლებსაც გამარჯვებული დასავლეთი არ დათმობს, და ნაკლებ მნიშვნელოვანიც, რომლებიც მოლაპარაკებაში იფიგურირებს ე.წ. ხურდა ფულის როლში. საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების რაღაცა ნაწილი, უდავოა, მოყვება არადათმობადთა რიცხვში, ნაწილი კი – დათმობადებისაში. ამიტომ საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელთა, ვითომხელმძღვანელთა და ვერ-ხელმძღვანელთა ხელშია დღეს არა მხოლოდ საქართველოს მომავალი მისი ტერიტორიული, უფლებრივი, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების სახით, არამედ ფიზიკურიც, იმ ზღვა სისხლის სახით, რომელიც ან დაიღვრება (ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეტევას შესაძლებლად ჩათვლის), ან არ დაიღვრება (თუ რუსეთს თავისი უღელტეხილზე დაკავებული პოზიციებიდან კახეთში დაშვების პერსპექტიული გზა არ მიეცა).
6. დღესდღეობით (და განჭვრეტად მომავალში) საქართველო-დაღისტნის საზღვარი ყოფს ორ რეგიონს, რომლებშიც დემოგრაფიული, ეკონომიკური და, შესაბამისად, სტრატეგიული წნევა არის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ანუ დაღისტანი, ზიარჭურჭლების კანონით, დაწოლას ახდენს საქართველოზე). ასეთ არათანასწორ წნევათა პირობებში მხარეებს მათი მაკავშირებელი კომუნიკაციური გზებისადმი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ (რაც ისტორიისა და სტრატეგიის ანბანია). დაღისტანს, რომელმაც თავისი ბარისა და მთისწინეთის სახით თავის მთავარი საკვები ბაზა სამი საუკუნის წინ დაკარგა (რუსეთმა წაართვა), მას შემდეგ საქართველოს ბარი ესახება თავის ყველაზე უკეთეს პოტენციურ საკვებ ბაზად (აქედან – ცნობილი “ლეკიანობის” ანუ საქართველოზე ლეკთა ლაშქრობების ფენომენი (ყქ||-ყქ||| ს.ს.). იგივე მიმართება წნევებისა დაღისტანსა და საქართველოს შორის არსებობს დღესაც და იარსებებს უახლოეს მომავალში მაინც. რუსეთმა ეს, რა თქმა უნდა, იცის და უდავოდ გეგმავს ამ ფაქტორის გამოყენებას საქართველოზე მუდმივი ბუნებრივი შეტევის ორგანიზებისათვის დაღისტნის მხრიდან.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფალნი საშვილიშვილო ღალატის ცდუნების წინაშე დგანან. თავისი ფართოდ გახმაურებული უუნარობის, უნიათობის, პასუხისმგებლობის დეფიციტისა და ერთგულების კიდევ უფრო დიდი დეფიციტის გამო მათ, შესაძლებელია, გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვან და დანაშაული ჩაიდინონ. ზერელე ფრაზებით დღეს არავინ მოტყუვდება. მათ არჩევანი აქვთ გონივრულ ერთგულ პოლიტიკასა და უგუნურ მოღალატეობას შორის. ხალხს, ყველა შემთხვევაში, სიფხიზლე გვმართებს.