გამოხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე რუსეთის აგრესიის გამო

gerbebi_Page_6

მამუკა გიორგაძე

თენგიზ დიხამინჯია

პაატა კოღუაშვილი

ნოდარ ნათაძე

01.12.2014      ”რეზონანსი”

 ბატონო პრეზიდენტო,

1. რუსეთის მიერ ლეგიტიმური ტერიტორიული ბაზის მოპოვება კავკასიონის ქედის სამხრეთით, ანუ მისი იურიდიულად დასაბუთებული (ან დასაბუთებადი) ტერიტორიული მფლობელობის გაჩენა ამიერკავკასიაში, რაც მას ერთ-ერთ ამიერკავკასიურ ქვეყნად აქცევს, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და, მით უმეტეს, ამიერკავკასიის სტრატეგიულად ცენტრალურ სახელმწიფოს, შემდგომი არსებობის პერსპექტივა აღარ აქვს.

2. რუსეთის რეალური სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესია საქართველოს, როგორც ქმედითი ნებით აღჭურვილი გეოპოლიტიკური ერთეულის, მოსპობა (თუნდაც დროებით), რაც ტოლძალია რუსეთის გაბატონებისა სამხრეთ კავკასიაში, როგორც მონოპოლიური ძალისა. საქართველოს პარალიზაციის შემთხვევაში ამიერკავკასია იქცევა გაუვალ ზღუდედ დასავლეთსა და შუა აზიას შორის, რაც რუსეთისათვის არის მიზანი #1 მის გეოსტრატეგიულ ბროლაში დასავლეთთან.

თქმულიდან გამომდინარე, რუსეთი თავისი აგრესიული პოლიტიკის ჯერჯერობით მოპოვებულ შედეგს – საქართველოს ჩრდილო ტერიტორიების დე ფაქტო დასაკუთრებას – ნებით არ დათმობს. ამ ფაქტის მიუხვედრილობის სიმულაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან (ასევე – რუსეთის ქართული “კოლონების” მხრიდან, რომელთა ყველაზე მკაფიო მაგალითია ნ. ბურჯანაძის პარტია), სხვა არა არის თუ არ საბაბის ძებნა რუსეთის მორიგი დავალების – ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რუსეთის მცოცავი ექსპანსიის ხელშეწყობის – შესრულება. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა დღეს და განჭვრეტად მომავალში მხოლოდ რუსეთის დამარცხებაზე გადის.

3. რუსეთის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური დამარცხება განჭვრეტად მომავალში, გარდუვალია (ფაქტორებს არ ვასახელებთ. მათი ჩამონათვალი ცნობილია). ამავე დროს, ისტორიის გამოცდილებიდან, აგრეთვე მორალისა და საერთაშორისო ურთიერთობათა მაფორმირებელი ადამიანური (ჰუმანიტარული) სამართლიანობის პრინციპებიდან ცნობილია, რომ სხვისი ხელით მოგებული ომით არც ერთი ერის, მით უმეტეს – მცირის ეროვნული ინტერესების გადარჩენა არ ხდება. შესაბამისად, საქართველო ვალდებულია (და მომავალ თაობათა ინტერესების ძალით იძულებულია) აგრესიული რუსული იმპერიის მოთოკვის ამ დიდ საკაცობრიო მისიაში საკუთარი ძალისხმევა დააბანდოს, ანუ საკუთარივე ინტერესების კარნახით, სამართლიანი პროპორციით, შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში კოლექტიური დაცვის მიზნით აამუშაოს ის შესაძლებლობები, რასაც მისი ადამიანური და გეოგრაფიული რესურსი იძლევა. სახელდობრ, საქართველო ვალდებულია:

ა. მოითხოვოს ოფიციალური პროცედურის სრული დაცვით გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევის დღევანდელი (აფხაზეთის ანექსიის პროცედურების დაწყების) მცდელობის აღსაკვეთად;

ბ. მიმართოს სათანადო საერთაშორისო სასამართლოს;

გ. დაუყოვნებლივ შეუერთდეს რუსეთის მიმართ არსებულ სანქციებს და მოითხოვოს მათს მოტივაციაში რუსეთის ახალი აგრესიის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულის, შეტანაც, იმ აუცილებელი პირობით, რომ წინასწარ გათვლილი და შეთანხმებული იქნება პირობები საქართველოსთან საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოების სოლიდარობისა ანუ განსაზღვრული იქნება ზომა და ფორმები ჩვენს პოტენციურ მოკავშირეთა შეიარაღებული და დიპლომატიური თანადგომისა ამ ბლოკადის რეალიზაციის საქმეში. საქართველომ უნდა შესთავაზოს დასავლეთს მოკავშირეობა სანქციების პოლიტიკაში: საქართველო არ მოხსნის თავის სანქციებს მანამდე, სანამ რუსეთი უკან არ დაიხევს ევროპაში და ევროპა არ მოხსნის თავის სანქციებს მანამდე, სანამ რუსეთი უკან არ დაიხევს საქართველოში.

დ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთ-საქართველოს აგრესიულ ომს, როგორც უკვე მიმდინარე გეოსტრატეგიულ შეიარაღებულ კონფლიქტს (“მესამე მსოფლიო ომს”), დიდხანს გაგრძელების გარდუვალი პერსპექტივა აქვს, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა აამუშაოს ისტორიულმასშტაბიანი თავდაცვისათვის აუცილებელი თვითმობილიზაციის პროგრამა.

თავდაცვის სახელმწიფო დოქტრინა უნდა მოიცავდეს (ერთ-ერთ ორიენტაციად) იმას, რომ მოკავშირედ იგულისხმებოდეს არა მხოლოდ ნატო, არამედ ნატოს შემადგენელი ქვეყნებიც ინდივიდუალურად ან ჯგუფებად, რომლებშიც ნატოს ყველა წევრი არ შედის.

თეორიულად გათვალისწინება იმისა, რომ საქართველო იზოლირებულია და მარტოს უწევს მოგერიება ყველა მეზობლისა ერთობლივად. ასეთ შემთხვევაში საქართველო მზად უნდა იყოს თავისი დამოუკიდებელი სტატუსის და ტერიტორიის ყრუ დაცვისთვის იურიდიულ სფეროში, ანუ იმ ნაბიჯების გადადგმისათვის, რომლებიც დაიცავს საქართველოს ამ სტატუსს და ტერიტორიას იურიდიული ხელყოფისაგან ამჟამად და მომავალში (ასე ხელყოფას რუსეთი ცდილობდა 1921 წელს იმ მიმართულებით, რომ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლებისათვის გამოეძალა კაპიტულაცია და კონსტიტუციის შეჩერება (ვერც ერთი ვერ შეძლო), და ამასვე ცდილობს დღესაც საქართველოს “კონფედერირების” სახით და არაერთი შესაძლებელი სხვა სახითაც). ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უნარიანი და ერთგული წარმომადგენლები უნდა ჰყავდეს.

4. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია სისხლის სამართლის საქმე აღძრას ოსური და აფსუური სეპარატისტული მოძრაობების წინააღმდეგ, რათა განსაზღვროს მათი სტატუსი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებისა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხების მუხლით, უცხო ქვეყნის (რუსეთის) აგენტურული სამსახურის მუხლით, მასობრივი მკვლელობის (გენოციდის) მუხლით, ეთნიკური წმენდის მუხლით და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მუხლით, რითაც კანონგარეშე დააყენებს ხსენებულ პირებს და რუსეთისგან მათს გადმოცემას მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით.

5. საქართველო ვალდებულია დემონსტრატიულად გაატაროს რუსეთის მოქმედებასთან აბსოლუტური შეურიგებლობის პოლიტიკა პრინციპით: “სანამ ოკუპანტებად რჩებით და ჩვენს ტერიტორიებს დამოუკიდებლად აღიარებთ, ჩვენ შორის მოციქული მხოლოდ ტყვიაა”. ეს დემონსტრაციული შეურიგებლობა მსოფლიოს თვალწინ საქართველოს სათავდაცვო პოლიტიკის ერთ-ერთი მიუცილებელი ელემენტია.

6. რაც მთავარია, საქართველო ვალდებულია მსოფლიოს წინაშე და თავის მოქალაქეთა წინაშე (აფხაზეთის მთელი მოსახლეობის ჩათვლით), მაგიდაზე დადოს გეგმა აფხაზეთის მომავალი (იდეალური) სტატუსისა და პოლიტიკური მოწყობისა, რომლის განხორციელება მის გამჭოლ მიზანს შეადგენს. ამ გეგმის პრინციპებია:

ა. საქართველოს სახელმწიფოს უფლება საკუთარი იურისდიქციის რეალიზაციისა აფხაზეთში უპირობოა. ამ უფლების საფუძველია ის, რომ ქართველი მოსახლეობა მთელი ამ ტერიტორიის ერთადერთი ავტოხთონური მოსახლეობაა, ანუ ის, რომელმაც ეს მიწაწყალი ისტორიულად ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან გადაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში. ამ მოსახლეობის თვითცნობიერება, სახელდობრ, მისი ეთნიკური თვითიდენტიფიკაცია იგივეობრივია არგონავტიკაში ასახული საუკუნეებიდან დღემდე (მ-არგ-ალი და მისი კანონზომიერი შესატყვისი მ-ეგრ-ელ-ი რომ გემის სახელის “არგო” წყაროა, ამაზე შეეჭვება დღეს შეუძლებელია).

ბ. “აფსუა”-დ წოდებული ტომების შემოსახლების შემდეგ ფეოდალურ ქვეყანაში – “აფხაზეთად” წოდებულ ქართულ პროვინციაში (რის გამოც ამ ტომს “აფხაზები” დაერქვათ), – სადაც ცხოვრების ფეოდალური წესი იყო გაბატონებული, ამ მოსახლეობას გამოუმუშავდა ახლებური, სახელდობრ, შინაარსით ეროვნული ცნობიერება (რაც, ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, აბსოლუტურად ბუნებრივია). დღეს აფსუა ტომს თავი “აფხაზ ერად” მიაჩნია და საქართველოს სახელმწიფო, ისევე როგორც ქართველი ერი, მის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა (ენის მოჩლექით მეტყველება, მოგეხსენებათ, პოლიტიკაში არც სავალდებულოა, არც მიზანშეწონილი) – სახელდობრ, იმისა, რომ აფხაზმა ერმა თავისი ძველი ადიღეური თვითცნობიერება (როგორც ერთ-ერთი ადიღე ტომისა) აღიდგინოს და საბაბად გამოიყენოს საქართველოში ჩრდილოეთიდან ახალ ადიღეთა შემოსახლებისათვის.

დ. საქართველოს სახელმწიფოს გეგმა (ჩვენი ქვეყნის, ერთგული ყველა მოქალაქის თვალში) ისაა, რომ შექმნას ურყევი კონსტიტუციური ბერკეტები იმისა, რომ აფსუა მოსახლეობა იქ, სადაც იგი კომპაქტურად ცხოვრობს (ამ პროცესის დეტალებზე აქ არ ვმსჯელობთ), დაუბრკოლებლად აშენებდეს თავის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი მონაცემების, კულტურის, გემოვნებისა და მიდრეკილებების მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის პრინციპული დებულებების ფარგლებში. ეს უფლება ემატება იმ სპეციფიკურად ეროვნული ინტერესებისა და უფლებების უზრუნველყოფის საერთო სტანდარტს, რომლებიც საქართველოში მოსახლე ყველა ეთნიკურად არაქართველ პიროვნებასა და ჯგუფს ეკუთვნის: რაც, ჯამურად, გამოიხატება პრინციპით “ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე”. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წიაღში შემუშავებული ამ პრინციპის რეალიზაციის კონსტიტუციური ფორმაა აფხაზეთის, როგორ მთელის, ავტონომიური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში, რომელშიც (ამ სტატუსში) განსაზღვრულია უფლებამოსილებათა განაწილება არა მხოლოდ თბილისსა და სოხუმს შორის, არამედ აგრეთვე სოხუმსა და აფხაზეთისავე სხვა რეგიონებს შორის.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, გაცხადებული ჰქონდეს აფხაზეთის, როგორც მთელის, იდეალური მოწყობის შემდეგი პრინციპი: აფხაზი (“აფსუა”) ერის, როგორც ერის გადარჩენა არის საქართველოს პოლიტიკის აბსოლუტური, არცერთ სხვა ინტერესზე არ გასაცვლელი ამოცანა. ეს არის ჩვენი მოვალეობა ჩვენი საკუთარი სახელმწიფოებრივი ღირსების წინაშე და კავკასიელ ერთა ოჯახის წინაშე, რომელსაც ვეკუთვნით ქართველებიც და აფხაზებიც.

აფხაზეთში დღეს არსებობს სამი პოლიტიკური ნება: ქართველი მოსახლეობის (რომელიც უმრავლესობაა) ნება მარადიული თვითრეალიზაციისა ამ მიწაზე; აფსუა (“აფხაზი”) მოსახლეობის ნება მარადიული თვითრეალიზაციისა ამ მიწაზე; ყველა მოსახლის ნება ბედნიერი და დემოკრატიული ცხოვრებისა. ეს სამი ნება ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ჰარმონიზებადია, მით უმეტეს, რომ შესაბამისი რესურსი ამ მიწას ჯერჯერობით საკმარისი აქვს. ეს ჰარმონიზაცია სახელმწიფოს უმაღლესი მიზანია.

ეს პროგრამული პრინციპები (გაშლილი სახით) ჩვენ, საქართველოს ეროვნულ (და, მაშასადამე, ჭეშმარიტად დემოკრატიულ) პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დღეს გვაქვს, რადგან ჩვენი ინტერესები ქვეყნისა და კაცობრიობის ინტერესებს ემთხვევა. სხვას საქართველოში არავის იგი არა აქვს, რადგან სხვა ამგვარ ორგანიზაციათა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, რუსეთის მიერ მართულია და, ამგვარად, გულწრფელი და პატიოსანი (ერთგული) ერთდოულად ვერ იქნება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress