20 წელი გავიდა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტიდან, რომლის შედეგადაც იგი და მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. ეს იყო არა მარტო პარტიისა და ეროვნული მოძრაობის ტრგედია, არამედ ქვეყნისათვის მიყენებული უმძიმესი დარტყმა.
იგი მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი. საქართველოში არ კავებია რაიმე პოლიტიკური თანამდებობა.
თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები თითქოსდა `დაისაჯნენ~ კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ, მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გვაქვს. თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები, კერძოდ, მამუკა გიორგაძე და სხვები, არ დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის “მსჯავრდებულ პირთა” სწრაფმა შეწყალებამ პოლიტიკური თავხედობის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი, რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა (როგორც გამოჩენილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა განაცხადა, გიასთან ერთად საქართვერლოს მომავალი მოკლეს) და ვინ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, განახორციელეს რიგითმა კრიმინალებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ჰქონიათ გიორგი ჭანტურიასთან.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წარსულისა და მომავლისათვის, მისი პირდაპირი თუ იდეურ-პოლიტიკური შთამომავლებისათვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას. ყველა, ვინც გია ჭანტურიას პირადად იცნობდა, იტყვის, რომ 35 წლის ასაკში მოკლული ლიდერი პოლიტიკაში “ბინძურ თამაშებს” ეწინააღმდეგებოდა და პირდაპირობას არჩევდა.
გია ჭანტურიას მკვლელობა სახელისუფლებო ელიტის იმ ნაწილის ინტერესში შედიოდა, რომლისთვისაც გიას ეროვნული, დემოკრატიული, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული დასავლური ღირებულებები მიუღებელი იყო! სახელისუფლებო ელიტის ამ ნაწილისა და კრემლის ინტერესების თანხვდენამ დღის წესრიგში ჭანტურიას ლიკვიდაცია დააყენა.
აღსანიშნავია, რომ გია ჭანტურიას მკვლელობა, პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი დაუფარავი პოლიტიკური მკვლელობა იყო. მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გია ჭანტურია გზიდან არ გადაუხვევია, _ “პოლიტიკა ბინძური არ არის, პოლიტიკა ბინძური მაშინ ხდება, როცა მას ბინძური ხალხი აკეთებს”, _ ამ ფრაზას გია ხშირად ამბობდა.” გია ჭანტურია ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
გიას მოკვლით იმას მიაღწიეს, რომ კარგა ხნით გადაიდო საქართველოს მდგრადი სახელმწიფოებრივი განვითარება, ეროვნული ფასეულობების სრული დაცვით მისი ინტეგრაცია ევროპაში; განხორციელდა ტერიტოროების ოკუპაცია და მიმდინარეობს ანექსიის ლეგალიზაციის პროცესი…
გია ჭანტურიას იდეალების წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც გრძელდება!
ამ ოცი წლის მანძილზე არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა ამ საქმის ბოლომდე გამოძიებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას და ხელისუფლებას მთლიანად, ჩამოიღოს თაროზე შემოდებული საქმე და განაახლოს ძიება. არავის არ ეგონოს, რომ წლებთან ერთად გიას მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას დაგვავიწყდება ბურუსით მოცული საქმე და გავჩერდებით.
გია ჭანტურია მომავლის პოლიტიკოსი გახლდათ. გია ჭანტურიას, როგორც პოლიტიკოსის და პიროვნების დაფასება მომავალი თაობის პრეროგატივაა! და როცა ამას მივაღწევთ, ყველას მოეკითხება და მათ შორის ამ ხელისუფლებასაც ასეთი საეჭვო პასიურობის გამო!
20 წლის წინ საქართველოს გია ჭანტურია მოუკლეს…
გია ჭანტურიას, როგორც გამოძიებით დადგინდა, რამდენიმე სნაიპერი ესროდა. 300 ტყვიიდან ჭანტურიას, მინიმუმ, 150 მოხვდა. Mმისი დაფლეთილი სხეული და უკვდავი სული დღესაც მოგვიწოდებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. Mმას სჯეროდა და ჩვენც გვჯერა, რომ ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება!
სახალხო პარტია 3.12.2014