თამარ ნინიძე ”ახალი თაობა” 13.10.2014
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ ნატოს საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსებას უკვე გამოხმაურა რუსეთი და გააპროტესტა, ხომ არ გამოიწვევს ამ ბაზის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან ახალ პროვოკაციებს?
_ ქართული საზოგადოება ღიზიანდება იმით, რომ დასავლეთიდან მას ვინმე ჭკუას ასწავლის და ისეთ რეკომენდაციებს აძლევს, რომელიც ქართული სახელმწიფოს მშენებლობას ნამდვილად გამოადგება. იგივე განწყობა რატომღაც არ არის, როცა რუსეთიდან თითის დაქნევას ან მუქარას ვისმენთ, რატომღაც მიჩნეულია რომ რუსეთს აქვს ამის უფლება, ჭკუა გვასწავლოს, დაგვემუქროს თუ საჭიროა თავში წამოგვარტყას, ტანკებითაც გადაგვიაროს. ეს სამუდამოდ უნდა დამთავრდეს არანაირი უფლება რუსეთს არ უნდა მივცეთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის.
_ ევროსაბჭოს რეზოლუციამ დიდი ხმაური გამოიწვია, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ითქვა, რომ რეკომენდაციები შეიძლება ყურად ვიღოთ, მაგრამ მისი შესრულება აუცილებელი არ არის, თუ ეს რჩევები არ შესრულდება, რა შედეგს მოგვიტანს ეს პოზიცია?
_ იმ შედეგს მოგვიტანს, რომ ევროპა დაინახავს, ჩვენ რომ არ გვსურს მასთან ურთიერთობა, მასაც გაუქრება ჩვენი დახმარების სურვილი. მეორე მომენტია რატომ მივიყვანეთ საქმე აქამდე? რატომ არ ავუხსენით ევროპას ჩვენი პოზიცია მკაფიოდ? ქართველი ხალხი ევროპასთან ერთად ითხოვს, რომ დამნაშავე გასამართლდეს. არა თითიდან გამოწოვილი მცირე დანაშაულისთვის, არამედ იმისთვის, რაც ჩაიდინეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. უნდა გასამართლდეს აგვისტოს ომის გამო, მილიარდნახევრიანი შეირაღების უცებ აორთქლების გამო, ვერავინ ნახა მისი კვალი, მკვლელობებზე და სხვა მძიმე დანაშაულებებზე უნდა გასამართლდეს. ჩვენ კი ვასამართლებთ, იმისთვის როგორ გამოიყენა პარტიული მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსები. როცა ახალაიას შვიდი და რვა წარდგენილი ბრალიდან ექვსი უკვე მოეხსნა, ეს ყველა ადამიანში გამოიწვევს შეშფოთებას. რა ხდება ქვეყნაში? თუ ვერ უმტკიცებ დანაშაულს, მაშინ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე. იქმნება შთაბეჭდილება რომ ხელისუფლება სამართლიანობის დამკვიდრებაზე კი არ მუშაობს არამედ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიმართულებით, ცდილობს, დამნაშავეები გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დატოვეს დანაშაულებრივი ბიზნესსტრუქტურული სქემები, რაც იყო სააკაშვილის დროს, უბრალოდ მუშობა მიდის იმაზე, რომ ნაციონალებს ჩაენაცვლონ ამ სქემებში ფულის საკეთებლად `ქართული ოცნების~ წევრები. ამას ხედავს ევროპაც და ქართველი ხალხიც. რეგიონულ ენათა ქარტიაზე იყო საუბარი რეზოლუციაში, ე.წ.თურქი მესხების ჩამოსახლებაზე იყო საუბარი, ამას ნაციონალებმაც და ოცნებელებმაც იგნორირება გაუკეთეს, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემებია ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფოებრივ საკითხებზე მეტად აღელვებთ პარტიული და პირადი საკითხები. ევროპარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს და იქაც იგივე პრობლემები დადგება. ისევ ვიხილავთ სპექტაკლებს ე.წ. დაპირისპირებაზე ნაციონალებსა და ოცნებელებს შორის. საზოგადოება არ უნდა დაკმაყოფილდეს ამ სპექტაკლების ყურებით და უნდა მოსთხოვოს პასუხი ამ ადამიანებს.
_ ითქვა, რომ ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაცია არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, არ იყო კარგად მომზადებული, დელეგაციის შემადგენლობა ხომ არ იყო არასწორად შერჩეული?
_ დელეგაციის შემადგენლობაც და მთავარია დამოკიდებულება თვითონ ხელისუფლებაში. არ აინტერესებთ ამათ, როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველო ამ უმაღლეს ტრიბუნაზე, უმაღლეს ორგანოებში. ნაციონალებს აინტერესებთ, როგორმე შეინარჩუნონ მეორე ადგილი და გარანტირებული მდგომარეობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ფული, რაც იშოვეს, და `ქართულ ოცნებას~ კი აინტერესებს აიღოს მართვის სადავეები პირადი კეთილდღეობის განსამტკიცებლად. ყველა ფიქრობს, როგორ მოაწონოს თავი ივანიშვილს, ზოგი ოცნებელი საერთოდ არ დასწრებია ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როცა ვალდებული იყო რომ დასწრებოდა. ერთი ადამიანის ხათრით ვირჩევთ სხვა სტრუქტურებს, და მერე ეს სტრუქტურები ერთი ადამიანის მიმართ არიან ლოიალურები და ქვეყნის ბედი არ აღელვებთ. როცა გუდურასავით მიგიტანენ და ჩემოდანივით დაგდებენ პარლამენტში, მერე ასეთი ადამიანებისგან ინიციატივას არ უნდა ველოდოთ.
_ ნაციონალები გამოცოცხლდნენ და აგრესიული გახდნენ, არის რაღაც რებრენდინგზე საუბარი და მაჭავარიანი ზურაბ ჯაფარიძემ შეცვალა პოსტზე, ჯაფარიძე უფრო აგრესიულია და თავს ესხმის ხელისუფლებას, რატომ შეიცვალა უფრო აგრესიულობისკენ ნაცმოძრაობა?
_ იმიტომ, რომ ამის საშუალებას აძლევს `ქართული ოცნება~. ასევე ნაციონალებმა იგრძნეს, რომ ოცნებას სურვილი აქვს ოცპროცენტიან სივრცეში დატოვოს ნაცმოძრაობა, ოცნებასაც აწყობს ასეთი დისკრედიტირებული ოპოზიცია. ნაცმოძრაობასაც აწყობს ასეთი ხელისუფლება. ქართველი ხალხის გასაბითურებლად ეს სპექტაკლი გრძელდება. მხოლოდ პწკენენ ნაციონალებს. ახალაიასათვის სამი წელი ციხეში ყოფნა ბაირამობაა, რაც მან იშოვა და ჩაიდინა ნებისმიერი ადამიანი დათანხმდება ამ პირობებში ციხეში ჩაჯდომას თუ, მას ის შერჩება, რაც ჩაიდინა. Mეტიც, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს სასამართლოზე, ბლეფია, თითქოს იზღუდება ნაცმოძრაობა. გარიგებული არ არიან მაგრამ ორივე ძალას აწყობს შექმნილი ვითარება. თუ `ქართული ოცნება~ კონკურენტულ გარემოს შექმნის და კარს გაუღებს ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს საუკეთესო შანსი იქნება ქვეყნისთვის, მისთვისაც და სხვა პარტიებისთვისაც, მაგრამ ეს მას არ უნდა. უახლოეს ხანს საზოგადოება ამის შედეგებს იწვნევს და სჯობს დროზე გამოფხიზლდეს. მოითხოვოს ღია საჯარო სივრცე კონკურენტული გარემო, პოლიტიკური დებატები სხვა ოპოზიციის მონაწილეობით.
_ არა ერთხელ მოგვისმენია ჭიკაიძისგან განცხადება, რომ ნაცმოძრაობა მაიდანს აწყობს, ხუთასკაციან მობილურ ჯგუფებს ქმნისო, 2003 წლის ნოებმრამდე პერიოდში არსებული პირობები და ახლა 2016 წლამდე არსებული რეალობა იძლევა იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სურათია და ნაცები ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას?
_ ნაცმოძრაობას არაფერი შეუძლია და არც მაშინ შეეძლო. 2003 წელს მას შეუქმნეს პირობები, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში და ეს არ იყო ამ ჯგუფის დამსახურება, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ხელშეწყობილი აქცია, რასაც მხარი დაუჭირა საერთაშორისო თანამეგობრობამ. სხვა დანარჩენი იყო ანტურაჟი _ ბოთლების სროლა ბოლნისში, გაბრაზებული ხალხი და სხვა. ერთ ორ ცემას ხაბაზმა უნდა გაუძლოს.
_ ნაციაონალები ადასტურებენ, რომ `თავისუფალი ზონა~ მათი მხარდაჭერილი არასამთავრობოა, მაგრამ იქვე ხელს იშვერენ `თავისუფალი თაობისკენ~ და ამბობენ, რომ ეს ორგანიზაცია კრემლმა და პუტინმა შექმნეს. სხვა ვერსიით იგორ გიროგაძეზეც კი საუბრობენ, რომ მას აფინანებს. ვის ინტერესებში შედის ამ ორ ორგანიზაციას შორის დაპირისპირება?
_ მე ვფიქრობ ორივე ორგანიზაციის ინტერესებში. ევრ მოხდება სპექტაკლი დრამატიზების გარეშე, არ იქნება საინტერესო. რეჟისორისთვის მთავარია სპეკტაკლი შედგეს. შეიძლება სისხლიანი დრამაც აღმოჩნდეს. ასე სახელმწიფო ვერ აშენდება.
_ მერიაში სახელფასო დანამატების დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღეს, ახალ წლამდე, გარდა დიდი ხელფასებისა მერიის რიგი თანამდებობის პირები დანამატებსაც მიიღებენ, ეს მაშინ, როცა უსინდისოდ ხდება საუბარი და ვაჭრობა იმაზე, გაუზარდონ თუ არა ათი ლარით პენსია ადამიანებს. თქვენი აზრი როგორია ამაზე?
_ როგორც ბიუჯეტიდან ვიცით ეს პენსია არ მოიმატებს ათი ლარით, საფინანსო დოკუმენტში ასე წერია, ჩემთვის ეს მიუღებელი და გაუგებარია. შეურაცხმყოფელი ახსნა გვესმის, რომ თურმე ოცდაოთხი საათი მუშაობენ, ბატონებო, ჩვენ ეს ხალხი მხოლოდ რვა საათით დავიქირავეთ. საქმე გააკეთონ რვა საათში. რატომ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ `ქართული ოცნების~ და ნაცმოძრაობის ხალხია კვალიფიციური. გამოაცხადონ ღია კონკურსი და დანამატების გარეშე ბევრი პროფესიონალი წავა და საქმეს გააკეთებს, ვის ამადლიან თავს? უმუშევრად დარჩენილი უამრავი პროფესიონალია. ორი ათას ლარზე აუცილებლად მივა და მეტს არ მოითხოვს. ცინიზმს თავი დაანებონ, ის მაინც თქვან რომ გვინდა და ვიწერთ ამ პრემიებსო.