(გზა #45 7.11.2013)
`ჩვენს ვაჟებს განსაკუთრებით, დედა ეამაყებათ~
მათი სიყვარულის ამბავი 1979 წლის 14 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დანახვისთანავე შეგიყვარდათ? _ ვეკითხები ბატონ ავთო ანთიძეს, რომელიც კითხვაზე ასე მპასუხობს: _ `არა, იმ დღეს თბილისში სიყვარულზე ფიქრის დრო არ იყო, რადგან საოცრად უჩვეულო ამბები ხდებოდა. ერთი რამ კი ფაქტია, მარიკა პირველად იმ დღეს ვნახე და დანახვისთანავე, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. მას შემდეგ ჩვენ არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს~.
ცნობილი დისიდენტი, ქალბატონი მარიკა ბაღდავაძე ახლა 5 მამაკაცის _ მეუღლისა და ოთხი ვაჟიშვილის მზრუნველობის ობიექტია. მედნიერი ქალია-მეთქი, _ ვფიქრობ, მაგრამ ამ ბედნიერებას დიდი სევდაც ახლავს _ ქალბატონი მარიკა ათი წელიწადია, საწოლს არის მიჯაჭვული.
დეა ცუცქირიძე
_ ბატონო ავთო, ახალი თაობის გასაგონად ვიტყვი, რომ 1979 წლის 14 აპრილს ანუ იმ დღეს, როცა მომავალი მეუღლე გაიცანით, თბილისში კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხო მანიფესტაციები იყო დანიშნული, თორემ თაობას, რომელიც ამ ყველაფერს მოესწრო, არასდროს დაავიწყდება ის დამუხტული, დაჭიმული, რაღაც საშინელი მოლოდინით სავსე დღე.
_ მოლოდინი მართლაც, დიდი იყო, ჩვენ კი აქტიური თაობა ვიყავით და ბუნებრივია, იმ მოვლენებს ვერ გამოვაკლდებოდით. ალბათ ამიტომ 53-ე სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, თავისი ბავშვები მოსალოდნელი აქტიურობისგან ჩამოეშორებინა და სკოლის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა. მარიკა ბაღდავაძისა და მისი მეგობრების სკოლაში გამოკეტვის ამბავმა ლოტკინამდეც მოაღწია და ჩვენ, ლოტკინელი ბავშვები დავირაზმეთ 53-ე სკოლის მოსწავლეების გასათავისუფლებლად.
_ გამოდის, ნაცნობობის პირველი ნაბიჯი მის გასათავისუფლებლად გადაგიდგამთ.
_ ნაბიჯი კი გადავდგით, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავაწყვეთ. ისევ მარიკამ ივაჟკაცა: მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხიც მოიტეხა. სხვანაირად ალბათ ვერ მოიქცეოდა, რადგან ის იმ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მერე მთელი დღე მოტეხილი ფეხით იარა. აზრადაც არ მოსვლია, სახლში წასულიყო.
_ თუ გახსოვთ, როგორ ჩამოყალიბდა მაშინ ის ანტისაკონსტიტუციო მოძრაობა?
_ ძალიან სპონტანურად, სტუდენტების, მაღალკლასელებისა და პროფესორ-მასწავლებლების წრეში. მერე ამ ჯგუფებიდან დიდი ტალღა აგორდა და შედეგიც მოჰყვა.
_ იმ დღევანდელ მოვლენებს დიდი რეზონანსი ჰქონდა და ალბათ ეროვნული მოძრაობის დასაწყისადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს გახლდათ სააშკარაოზე პირველად გამოტანილი მღელვარება, რომელიც კომუნისტური რეჟიმის მხრიდან უპრეცედენტო დათმობით დამთავრდა.
_ ის დღე მართლაც შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული მოძრაობის დასაწყისად. გარდა იმისა, რომ ქართულ ენას ვერ შეეხნენ, კარგი ის მოხდა, რომ ამ აბსოლუტურად სპონტანურად შეყრილმა, ემოციებით დახუნძლულმა ხალხმა ერთმანეთი გაიცნო და მათ განწყობას მიმართულებაც მიეცა. ეს მუხტი რომ გაენეიტრალებინათ, მთავრობამ უცნაური გამოსავალი იპოვა: გადაწყვიტეს, კაკო ბაქრაძისთვის ოფიციალურად მიეცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალი ლექციების კურსის წაკითხვის უფლება. პირველივე ლექციამ საოცარი ფურორი მოახდინა. მთელი უნივერსიტეტი მის მოსასმენად მიდიოდა. ბატონი კაკო თავიდან ხელოვნებაზე საუბრობდა, მაგრამ მერე და მერე ლექციებმა ეროვნული ხასიათი მიიღო. მაშინ და იმ პირობებში გავიცანი ჩვენი ასაკის მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.
_ და სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა დისიდენტი გოგოების ჯგუფიც, არა?
_ დიახ. თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე, მარიკა ბაღდავაძე, მარიამ კოშკაძე ძალიან აქტიურები იყვნენ…
_ მაგრამ ეს არ იყო შემთხვევითობა _ მათ ზურგს უკან მათივე ოჯახები იდგნენ.
_ ასე იყო. მარიკას აზროვნებაც მისმა ოჯახმა განსაზღვრა. ის ტიციან ტაბიძის შთამომავალია. მისი ბაბუა სიმონი და ტიციანი ალალი ძმები იყვნენ. ასე რომ, დედის მხრიდან ამ ოჯახში ტიციანის, გალაკტიონის კულტი ბუნებრივად იყო. მარიკას აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს დეიდებმაც _ ნიტა და ზეინაბ ტაბიძეებმა. მარიკა ნიტას წრეში ტრიალებდა, სადაც მხოლოდ კარგი ადამიანები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, ხელოვანები იყრიდნენ თავს. მარიკას საოცარი ბავშვობა ჰქონდა და არ შეიძლებოდა, ამ ყველაფერს თავისი კეთილი კვალი არ დაეტოვებინა.
_ დისიდენტურმა მოღვაწეობამ პირველი ნაყოფი იმით გამოიღო, რომ ქალბატონი მარიკა თამრიკო ჩხეიძესთან ერთად, გადაასახლეს.
_ ეს მათ დაპატიმრებამდე მოხდა. რაკი ვერაფრით აიძულეს, აქტიური მოღვაწეობისთვის თავი დაენებებინათ, გოგონები თბილისს გაარიდეს და დავითგარეჯის მონასტერთან, სოფელ უდაბნოში, ვითომ სამუშაო ვიზიტით მიაბრძანეს. იქ მეცნიერ-თანამშრომლები ერქვათ, საცხოვრებელი პირობებიც ასატანი ჰქონდათ და არც არავინ არაფერს უშავებდათ, მაგრამ უდაბნოდან წამოსვლის უფლება არ ჰქონდათ და ამას მათი დაცვა უზრუნველყოფდა.
_ გამოდის, რომ სახელმწიფო საკმაოდ იხარჯებოდა და ირჯებოდა მათ `მისახედად~…
_ დაცვა, თვალთვალი მათთვის ერთგვარი ტრადიცია იყო. უდაბნოს ამბებიდან ერთი კურიოზი მახსოვს: როცა მარიკა და თამრიკო უდაბნოში ჰყავდათ გამოკეტილი, იქაური რაიკომის მდივანი მედიკო მეზვრიშვილი გახლდათ, ლევან თედიაშვილი კი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ჰოდა, ყოველ შაბათ-კვირას მედიკოც და ლევანიც თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ, გოგონებისთვის მიეხედათ და დიდი პურმარილით სტუმრობდნენ ხოლმე. ერთი-ორჯერ მე, მამუკა გიორგაძე და გია ჭანტურია შევეცწარით ამ ამბავს და მივხვდით, რომ ეს სისტემატურად ხდებოდა. ჰოდა, გოგონების მოსანახულებლად შაბათ-კვირას ვირჩევდით ხოლმე. მარიკა და თამრიკო არც სასმელს აკარებდნენ პირს და არც _ ხორცეულს, ხორც საერთოდაც, ლეშს ეძახდნენ, ჰოდა ვქეიფობდით ბიჭები… ასე გაგრძელდა 1981 წლის სვეტიცხოვლობამდე. მაშინ თამრიკო და მარიკა უდაბნოდან გამოიპარნენ, მცხეთაში მანიფესტაცია მოაწყვეს და ხალხს ხელი მოაწერინეს პეტიციაზე, რომელიც დღევანდელი გაგებით, უმნიშვნელო საკითხს, დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმეს ეხებოდა, რაც ანტისაბჭოთა გამოვლინებად და საშინელ ნაციონალიზმად ჩაითვალა. მახსოვს, იმ დღეს ზვიად გამსახურდია მოვიდა. ჩვენამდე არც შემოუშვეს, ისე ეცნენ პოლიციელები და დააკავეს. ატყდა ერთი ამბავი, მუშტებით ჩხუბი, ყვირილი. ზვიადი მანქანაში ჩასვეს, დააკავეს გოგონებიც, მაგრამ მარიკა გადარჩა… და რაღა უნდა ექნა მარტოს? ადგა და ჩაუწვა ამ მანქანას ბორბლებში. ერთი კვანტალიანი იყო და მისი ხმა გავიგონე: `გადაუარე, მაგისი დედაცო!~ აი, მაშინ იყო, როცა პირველად დავარტყი მაღალჩინოსანს… მარიკა ვახტანგ გვარამიამ გადაარჩინა, ფაქტობრივად დაძრულ მანქანას გამოსტაცა. ისიც პოლიციელი იყო, მაღალჩინოსანი. იმ დღეს ბევრი ადამიანი დააპატიმრეს. მერე უმეტესობა გამოგვიშვეს, მაგრამ ირაკლი წერეთელი, ნანა კაკაბაძე, თამრიკო ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე და მარიკა კოშკაძე გაასამართლეს და თითოეულს პირობითი 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს.
_ როგორი იყო დისიდენტური მოღვაწეობა?
_ დაფარულად ვმოქმედებდით. გვქონდა კონსპირაციული ბინები, რომელსაც გამოაშკარავების შემთხვევაში ვიცვლიდით. ვბეჭდავდით ლიტერატურას და ვავრცელებდით. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ისეთი პრიმიტიული ხერხებით კეთდებოდა, რომ მარიკას ხელები სულ მელნით ჰქონდა დათხუპნილი და ამიტომაც, ზამთარ-ზაფხულ ხელთათმანებით დადიოდა, თან გაიძახოდა, _ მცივაო.
_ გართობა თუ გახსოვდათ?
_ ჩვენთვის ერთადერთი გასართობი ადგილი `თავისუფლების კუნძული~ ანუ სიონის ეზო იყო. იქ შეკრება ჩვენთვის გართობაც გახლდათ და სულიერი საზრდოც. პატრიარქის პირველი სტიქაროსნები ჩვენ ვიყავით. სხვათა შორის, ახალ წევრს როცა `ვამუშავებდით~, პირველ რიგში, სუფრაზე გამოვცდიდით ხოლმე. ბოლოს ისე მოხდა, რომ გამოცდილ გადამბირებლებად გადავიქეცით და ადამიანს ფსიქოლოგიურ ტესტირებასაც ვუტარებდით. ვგულისხმობ მარიკას კი არა, `ედპ~-ის ბიჭების მუშაობას. დასავლეთში იყო ასეთი ორგანიზაცია, ანტისაბჭოთა `ენ-ტე-ესი~, რომლის წევრები ხუთეულებისა და ათეულებისგან შედგებოდნენ. ეს 5-10 კაცი ერთმანეთს იცნობდა მხოლოდ, ხუთეულის უფროსი კი უშუალოდ, თავის ხელმძღვანელს. ჩვენ ამ ორგანიზაციის წესები გადმოვიღეთ, რამაც გაამართლა _ ვერც ეთი ვერ აგვიყვანეს. ჩვენი მთავარი ფიგურა მამუკა გიორგაძე იყო, რომელიც სხვების თვალში მოქეიფე, მხიარული და იდიოტი ბიჭის რომლ თამაშობდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა როლი ითამაშა მაშინ ჩვენზე რეიგანის გაპრეზიდენტებამ და მისი სიტყვების მოსმენამ. ჩვენ გვესმოდა, რას ნიშნავდა ბოროტების იმპერიად კურთხევა, ავღანეთის ბოიკოტი, ოლიმპიადის ბოიკოტი… ბავშვები ვიყავით, მაგრამ კი არ გვრძნობდით, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, არამედ ამის გვჯეროდა! ინფორმაციის მიღებაში გვეხმარებოდა ის ფაქტი, რომ რეზო ჩხეიძე ცეკას წევრი იყო. მან შეიძლება, არც იცის, მაგრამ ჩვენ ვსარგებლობდით მისი ავტორიტეტით და დაცული ფონდებიდან წიგნები გამოგვქონდა. უფრო სწორად, ამისთვის თამრიკო გამოვიყენეთ. სხვათა შორის, ლიტერატურის მუზეუმიდანაც გამოგვქონდა მასალები. მერე ხალხს ვასწავლიდით `დიდებას~, ვკერავდით დროშებს. მაშინ ხალხმა ისიც არ იცოდა, რა დღე იყო 26 მაისი… მცხეთის ამბების მერე ძალიან დიდი ზეწოლა იყო მარიკაზე. მამამისს უბრძანეს, _ შენი შვილი გააცერეო და სანაცვლოდ, ბინძური გარიგება შესთავაზეს. მაშინ ბატონმა ლევანმა პოლიციელი გალახა და დაიჭირეს კიდეც. მარიკამ მაშინ შიმშილობა გამოაცხადა. ეს იყო შიმშილობის პირველი პრეცედენტი, რომელმაც 32 დღე გასტანა, მაგრამ შედეგი გამოიღო: 32-ე დღეს მამამისი გაათავისუფლეს.
_ მაგრამ სულ მალე მარიკა ისევ ჩაუვარდათ ხელში…
_ 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საწინააღმდეგო მანიფესტაციაზე ბევრი ადამიანი დაგვაპატიმრეს. მაშინ ლუიზა საკიაშვილმა ცოტნე დადიანისეული საქციელი ჩაიდინა და ერთი ამბავი ატეხა: ბავშვებს რას უკეთებთ? თუ ესენი დაიჭირეთ, მეც დამიჭირეთო და ვიდრე ტელევიზიიდან ცეკას შენობამდე მივიდა, სადაც ტრანსპარანტით აპირებდა დადგომას, დაიჭირეს კიდეც. ეს იყო ძალზე რთული წლები მარიკას, ქალბატონი ლუიზას, თამრიკოს ცხოვრებაში, ისინი ხომ ორი წლის განმავლობაში `ადინოჩნი~ კამერებში იხდიდნენ სასჯელს.
_ გამოდის, რომ 1985 წელს ნაციხარი ქალი შეირთეთ ცოლად, არა?
_ ასეა. გურულები თავში იცემდენ ხელებს, _ დიდუ, ავთოიამ ნაციხარი ქალი შეირთოო… 1988 წლამდე ჩვეულებრივ დევნაში ვიცხოვრეთ. კვირაში ერთხელ მაინც ჩხრეკდნენ ჩვენს ბინას და ქუჩაშიც დაგვყვებოდნენ. მათ ვეუბნეოდი ხოლმე: ტაქსის ფული არა მაქვს და ბარემ, მანქანით ხართ, თქვენ გაგვიყვანეთ-მეთქი. თავიდან _ არა, მაგრამ მას მერე, რაც `პერესტროიკა~ შევიდა ძალაში, იმათი მანქანებითაც დავდიოდით ხოლმე.
_ ქალბატონი მარიკა არ ნერვიულობდა ან სხვა გოგოებს არ ჰქონდათ სისუსტის წუთები? მათ თვალებზე ცრემლი არასდროს შეგინიშნავთ?
_ არა, ისინი ჩვენზე მაგრები იყვნენ, დედალი მგლები. ამ ჩხრეკას, დევნას, შევიწროებას ყოველთვის ცინიზმით იღებდნენ.
_ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ბევრი წარმომადგენელი ახლა ეკლესიაში მოღვაწეობს, არა?
_ ვერ გეტყვით… პირადად მე, როცა ეკლესიაში პირველად მოვხვდი, ჩამოყალიბებული ანტიკომუნისტი, მაგრამ უკიდურესი ექსტრემისტიც ვიყავი; ნებისმიერ მომენტში შემეძლო რაღაც ამეფეთქებინა, ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ… მერე შემთხვევით, ბედმა გია ჭანტურია და მამუკა გიორგაძე შემახვედრა…
_ ისინი გაწონასწორებულები იყვნენ?
_ არა, დალაგებული არც ერთი არ ვიყავით. ისე, ჩვენ შორის ყველაზე გაწონასწორებული მამუკა იყო. მან თომას აქვინელის შრომები, ტრაქტატები მომცა, _ წაიკითხეო. მაშინ პირველად დავფიქრდი რაღაცებზე და ჩემი ტემპერამენტი, აგრესია სულ სხვა კალაპოტში გადავიდა. მერე დავიწყეთ მონასტერში სიარული. ჰოდა, ამან სხვა რეალობა დამანახვა. 1978 წლის მერე ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ ჰიპოდიაკვნები გავხდით, ეკლესიაში ახალგაზრდობის მასობრივი მოზღვავება დაიწყო, მერე ამ ყველაფერმა არაჯანსაღი ხასიათიც მიიღო და ფარისევლობისკენ გადაიხარა, ამიტომაც მოვშორდით დიდ ტაძრებს და პატარა ბაზილიკებში ვართ.
_ 1987 წელს პირველი ვაჟი გეყოლათ… ახლა ქალბატონ მარიკას ოთხ ვაჟთან ერთად უვლით. იქნებ მისი დაავადება იმ წლების გამოძახილიც არის?
_ მარიკა 10 წელიწადია, წევს. გაფანტული სკლეროზი აქვს. ამ დაავადებას `ლამაზი ქალების დაავადებასაც~ ეძახიან. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს მის ცხოვრებასაც დააბრალო, მაგრამ დანამდვილებით ვერაფერს იტყვი. ფაქტი ასეთია: ახლა მარიკას ინტერვიუს მოცემაც არ შეუძლია.
_ ბატონო ავთო, როდესაც ქალბატონი მარიკას დისიდენტური მოღვაწეობა დასრულდა, რაიმე თანამდებობაზე არ გიფიქრიათ?
_ არა, რას ამბობთ, მარიკა ყველა შემოთავაზებაზე უარს ამბობდა. ის პრინციპულია და შეუვალი! ჩვენ გვისაუბრია ამაზე და ორივე ერთ პოზიციაზე ვიყავით. ვამბობდით, რომ არც დეპუტატები გავხდებოდით და არც სხვა დიდ თანამდებობას მოვირგებდით. საჩუქრების მიღებაზეც უარს ვამბობდით!
_ მაგალითად, როგორი სახის საჩუქრებზე ამბობდით უარს?
_ ბინაზე, მანქანაზე… იცით, ახლა ცოტა არ იყოს ვნანობ, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე არ ვიფიქრეთ, იმდენი გარეწარი მოვიდა ხელისუფლებაში. არადა, საქართველოს განათლებული, ჭკვიანი, პატიოსანი ადამიანების რესურსი ყოველთვის ჰქონდა.
_ არ შემიძლია არ ვახსენო სამოქალაქო ომის პერიოდი…
_ ჩვენ მაშინ არაფერში ჩავრეულვართ. ერთადერთი, ზვიადთან მივედით, მის კაბინეტში შევედით და მარიკამ უთხრა: ხომ არ გადარეულხარ? გოგა ხაინდრავა, მამუკა გიორგაძე და გია ჭანტურია რამ დაგაპატიმრებინა, ახლავე გამოუშვიო! _ ეს იყო ერთადერთი ჩვენი აქტიურობა იმ პერიოდში, მეორე კი, როცა `კა-გე-ბე~-ს შენობა იწვოდა, მამუკა გიორგაძე გამოვიყვანეთ ციხიდან. ტყვიების ზუზუნი მაშინ უკვე დაწყებული იყო.
_ სახალხო დამცველის აპარატში ქალბატონი მარიკას მუშაობის პერიოდზეც მიამბეთ.
_ სახალხო დამცველის აპარატი როცა შეიქმნა, მარიკამ დათო სალარიძის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. ამაზე ვიცინოდით, რადგან დათო სარალიძე თავის დროზე პოლიციის გენერალი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალაქის სამმართველოს უფროსი გახლდათ და გოგოებს სწორედ მისი უწყება იჭერდა… მაგრამ დათო ძალიან კარგი ადამიანი იყო. მისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობოდა. სხვათა შორის, როცა გვიჭერდნენ, პოლიცია პატივისცემით გვექცეოდა და დათო სალარიძესთან, რომან გვენცაძესთან, ვახტანგ გვარამიასთან თავისებურად ვმეგობრობდით კიდეც. მარიკამ ამ უწყებაში მანამდე იმუშავა, ვიდრე სუბარს დანიშნავდნენ და შეიძლება ითქვას, რომ იმ წლებში ხალხისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა. ის ყველა გაჭირვებულისა და უპატრონოს `დედა~ გახლდათ. ერთი კურიოზიც მახსოვს: მონიტორინგს ატარებდა ციხეში და ქალებთან ერთი პატარა, ანგელოზივით ფეხმძიმე გოგო ნახა… მერე მიყვებოდა, ძალიან შევწუხდი, როცა მითხრეს, რომ მეხუთე შვილზეა ფეხმძიმედო. მივედი და ვკითხე: შვილო, რაზე ზიხარ-მეთქი? თურმე, თოხით მოუკლია დედამთვილი… ეგ რომ გავიგე, პირველი, რაც წარმოვიდგინე, ჩემკენ მომართული ოთხი თოხი დამიდგა თვალწინო. იმ გოგოს ამბებს დიდხანს იკვლევდა. მერე აღმოჩნდა, რომ ის მკვლელობა თავდაცვა იყო და მთელი სოფელი თავდებში ედგა იმ საცოდავს…
_ ამბობენ, რომ მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ. თქვენი დახასიათებით და იმ ადამიანების სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ვინც ქალბატონ მარიკას იცნობს, გამოდის, რომ ის ძალიან ძლიერი, სამართლიანი, მტკიცე ქალია… ოღონდ _ თქვენ შეშინებულს სულაც არ ჰგავხართ…
_ შიშის რა გითხრათ, მაგრამ ამაზე მეღიმება… მარიკა ძალიან ფიცხია. მეც ცოფიანი გურული ვარ, მაგრამ ეგ ჩემზე უარესი იყო. პირველ წლებში ხშირად ვჩხუბობდით და მერე დუდუკების, მუხამბაზების წყალობით ვრიგდებოდით. ერთხელ რაღაცაზე ვიკამათეთ და სახლიდან გამექცა. მერე მირეკავს: მაგარი გადარჩენილი ხარ. ისე დავიღალე, რომ მინდა, ჩქარა მომაკითხო და სახლში წამიყვანოო… თურმე, 5 კაპიკიც არ ჰქონდა, ავტობუსში რომ ჩამჯდარიყო.
_ შვილები არ გეკითხებიან, ამდენი რისთვის იწვალეთო?
_ თანამედროვე ბავშვები ძალიან პრაგმატულები არიან და ასეთ კითხვას მისვამენ ხოლმე. თუმცა, სიამაყის განცდაც აქვთ, განსაკუთრებით კი დედიკო ეამაყებათ… არასდროს არაფერი მინანია, მაგრამ ერთ მომენტზე ხანდახან ძალიან მწყდება გული: როცა მარიკა ავად გახდა, მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი ერთი ამპულა წამალი 300 დოლარი ღირდა და ამიტომ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, გავყიდეთ. ბოლოს ღეროვანი უჯრედებიც გადავუნერგეთ, მაგრამ ჩვენი მილიონად შეფასებული სახლი, ბანკმა 82 ათას დოლარად წაიღო… მაშინ გავიფიქრე ლოტკინურ დიალექტზე: ნეტავ, ცოტათი `ხიშნიკი~ ვყოფილიყავი-მეთქი…
_ წლებია, ექთანის დახმარების გარეშე უვლით მეუღლეს. ამას როგორ ახერხებთ?
_ ცოლქმრობა მარტო ბედნიერი ცხოვრება ხომ არ არის? ის უპირველეს ყოვლისა, საკურთხეველთან მიცემული ფიცია.